ვარდი
ვარდი (ლათ. Rosa) — მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ცნობილია დაახლოებით 400 ველური სახეობა (ასკილი), რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში 25-მდე სახეობაა. ვარდი მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 15 სმ-იდან 2 მ-მდე აღწევს. ზოგიერთ სახეობას გრძელი (10-12 მ-მდე) ხვიარა ტოტები აქვს, ღერო დაფარულია ეკლებით. ფოთოლი კენტფრთისებრია, ღეროზე მორიგეობით განლაგებული. ყვავილი მარტივია ან ბუთხუზა (2-15 სმ დიამეტრის), არომატული ან უსუნო; ფერად ვარდისფერი, წითელი, თეთრი, ყვითლი, ნარინჯისფერი ან იასამნისფერი. შეკრებილია ქოლგისებრ-საგველა ყვავილედებად ან ერთეულია. ნაყოფი ერთთესლიანი (ზოგჯერ რამდენიმეთესლიანი) კაკლუჭაა, რომელიც ხორცოვან ცრუნაყოფშია.
ვარდი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Rosa | ||||||||||||||
|
ვარდის გვარი იყოფა 4 ქვეგვარად, რომელთაგან ყველაზე დიდია ლათ. Rosa, იგი მოიცავს 192 სახეობას. აქედან განვითარდა შემდგომში ბაღის ვარდები. ბაღის ვარდების ბევრი ჯიში წარმოიშვა კვირტოვანი მუტაციისა და მათგან შერჩეული ძვირფასი სამეურნეო ფორმებისაგან. ვარდის ბევრი სახეობა ბუნებრივ პირობებში ადვილად ეჯვარება ერთმანეთს და წარმოქმნის სახეობათაშორის ჰიბრიდებს. ვარდების დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა აზია (ჩინეთი, შუა აზია, ამიერკავკასია), უფრო ნაკლებია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ცნობილია ვარდის 25 ათასი ჯიში და ფორმა, რომლებიც იყოფა 3 ჯგუფად, ესენია: მარადმწვანე ბუჩქები, ფოთოლმცვენია ბუჩქები და ლიანები.
ვარდი მრავლდება საკუთარ ფესვზე დაკალმებით, ამონაყარით, ბუჩქის დაყოფითა და გადაწვენით; ბაღისა და საპარკე ვარდების უმეტესობა — კვირტით მყნობით და კალმით. საქართველოში მყნობა ტარდება ივნისიდან-ოქტომბრამდე, ხოლო რგვა — გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მის მოსაშენებლად საუკეთესოა დაწრეტილი (დრენირებული) თიხნარი, ქვიშნარი, ქვიშიანი და თიხიანი ნიადაგები.
ვარდს იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში და ჰიბრიდიზაციისათვის. ზოგიერთი სახეობა (კაზანლიკური ვარდი) გამოიყენება ეთეროვანი ზეთების მისაღებად. ვარდისგან ამზადებენ აგრეთვე მურაბას. ბევრი სახეობის ცრუ ნაყოფის რბილობი შეიცავს C, ნაწილობრივ P ვიტამინს. საქართველოში ვარდი უძველესი დროიდანაა კულტივირებული. 1948 წლიდან თბილისის, ბათუმისა და სოხუმის ბოტანიკურ ბაღებში მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ვარდის ინტროდუქციასა და ჰიბრიდულ სელექციაში.
ვარდის გავრცელებული დაავადებებია: ნაცარი, ჟანგა, ნაცრისფერი სიდამპლე, ფოთლების შავი ლაქიანობა და სხვა. მავნებლებიდან ვარდს აზიანებს ბუგრი, ხერხია, ფოთლიხვევია და სხვა, რომელთაც ებრძვიან ბი-58 და ფოსფორორგანული პრეპარატებით.
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ექვთიმიშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 299.