ბოდენის გეგმა

კონფლიქტის დარეგულირების გეგმა

ბოდენის გეგმა, ბოდენის დოკუმენტი2001 წლის დეკემბერში გაეროს გენერალური მდივნის საქართველოში სპეციალური წარმომადგენლის დიტერ ბოდენის მიერ შემუშავებული გეგმა-პროექტი, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებას ისახავდა მიზნად. პროექტის სახელწოდება შემდეგნაირად ჟღერდა: „თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის ძირითადი პრინციპები“,[1] თუმცა იგი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა „ბოდენის გეგმის“ ან „ბოდენის დოკუმენტის“ სახელწოდებით. დიტერ ბოდენის ინიციატივა მხარდაჭერილი იყო გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2002 წლის 31 იანვარს მიღებული 1393-ე რეზოლუციით.[2]

ბოდენის გეგმის პუნქტები

რედაქტირება

სამშვიდობო გეგმა რვა პუნქტისაგან შედგებოდა.

პირველი პუნქტი

რედაქტირება

გეგმის პირველი პუნქტის თანახმად საქართველო წარმოადგენდა სამართლებრივ ნორმებზე დაფუძნებულ სუვერენულ სახელმწიფოს, რომლის სახელმწიფო საზღვრებიც დამტკიცებული იყო 1991 წლის 21 დეკემბერს და არ ექვემდებარეობდა არანაირ ცვლილებას საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის გარეშე.[1]

მეორე პუნქტი

რედაქტირება

გეგმის მეორე პუნქტის მიხედვით, აფხაზეთი წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოს შიგნით სამართლებრივ ნორმებზე დაფუძნებულ სუვერენულ წარმონაქმნს. მას გააჩნდა განსაკუთრებული სტატუსი, რომელიც ემყარებოდა ფედერაციულ შეთანხმებას და რომელიც განსაზღრავდა ზოგად უფლებამისელებებს, საერთო კომპეტენციის სფეროებსა და დელეგირებულ უფლებამოსილებებს.[1]

მესამე პუნქტი

რედაქტირება

მესამე პუნქტით განისაზღვრებოდა თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, რომელიც უნდა დამყარებოდა საკონსტიტუციო ძალის მქონე ფედერაციულ შეთანხმებას. აფხაზეთსა და საქართველოს სახელმწიფოს კეთილსინდისიერად უნდა შეესრულებინათ ის დებულებები, რომლებიც ფედერაციული შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. ასევე, ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ფედერაციული შეთანხმება შესწორებებსა და მასში დამატებების შეტანას, გაუქმებასა და ბათილად ცნობას ექვემდებარებოდა მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.[1]

მეოთხე პუნქტი

რედაქტირება

გეგმის მეოთხე პუნქტი განსაზღვრავდა თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსლიებათა გამიჯვნას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ 1994 წლის 4 აპრილის დეკლარაციის საფუძველზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოდენის გეგმის მიხედვით აფხაზეთის უფლებები და კომპეტენცია უნდა აღიარებულიყო უფრო მეტი მოცულობით, ვიდრე ეს იყო 1992 წლამდე.[1]

მეხუთე პუნქტი

რედაქტირება

მეხუთე პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია უნდა შეცვლილიყო ფედერაციული შეთანხმებით განსაზღვრული კომპეტენციის გამიჯვნის შესაბამისად. ყოველივე ამისათვის კი შესაძლებელი იყო გამოყენებულიყო ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების ღონისძინებათა შესახებ 1994 წლის 4 აპრილის დეკლარაცია, კერძოდ კი მე-7 პარაგრაფი, რომელიც ეხებოდა ერთობლივი ღონისძიებების უფლებებს. [1]

მეექვსე პუნქტი

რედაქტირება

გეგმის მეექვსე პუნქტი აცხადებდა, რომ აფხაზეთის კონსტიტუცია, რომელსაც შესაძლებელი იყო საფუძვლად დადებოდა 1994 წლის 26 ნოემბერს მიღებული აფხაზეთის კონსტიტუცია, უნდა შეცვლილიყო თბილისსა და სოხუმს შორის კომპეტენციათა გამიჯვნის შესახებ შეთანხების საფუძველზე, როგორც იყო ყოველივე ეს განსაზღვრული ფედერაციული შეთანხმებით. [1]

მეშვიდე პუნქტი

რედაქტირება

მეშვიდე პუქტის თანახმად, აუცილებელი იყო როგორც საქართველოს კონსტიტუციაში, ისე აფხაზეთის კონსტიტუციაში ყოფილიყო ანალოგიური დებულებები, რომლებიც შეეხებოდა თითოეული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიებს. ამასთანავე, გამორიცხული უნდა ყოფილიყო ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დისკრიმინაცია. აღნიშნული იყო, რომ როგორც საქართველოს, ისე აფხაზეთის კონსტიტუციაში არაფერს არ უნდა დაერღვია ყველა დევნილისა და ადგილნაცვალი პირის უპირობო უფლება დაბრუნებულიყნენ თავიანთ სახლებში სრული უსაფრთხოების პირობებში და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. [1]

მერვე პუნქტი

რედაქტირება

ბოდენის გეგმის ბოლო, რიგით მერვე პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო და აფხაზეთი უნდა შეთანხმებულიყვნენ საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობასა და საქმიანობაზე, რომელსაც უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს კონსიტიტუციით, აფხაზეთის კონსტიტუციითა და ფედერაციული შეთანხმებით თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის ძირითადი საკითხების შესახებ.[1]

შედეგები

რედაქტირება

თავად ბოდენის მტკიცებით მისი ინიციატივა და შესაბამისად მასზე დაფუძნებული გეგმა არ გულისხმობდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაწყვეტის მზა გზებს. ინიციატივის მთავარ მიზანს წარმოადგენდა კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე მოეწვია მოლაპარაკეკების მაგიდასთან, რათა საბოლოოდ შეთანხმებულიყვნენ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე. ბოდენის განცხადებით აღნიშნული დოკუმენტის განხორცილებლის სრული ვალდებულება დამოკიდებული იყო ქართულ და აფხაზურ მხარეებზე. გაერთიენებული ერების ორგანიზაცია ჩართული უნდა ყოფილიყო როგორც მოდერატორი, გაეროს გენერალური მდივნის მეგობრების ჯგუფს კი საქართველოსათვის ხელი უნდა შეეწყო აღნიშნულ პროცესში. რაც შეეხება უშუალოდ დიტერ ბოდენს, იგი ცენტრალურ როლს თამაშობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესებში.[3]

იმ პერიოდისათვის არც აფხაზური და არც ქართული მხარე არ იყო მზად გამოეყენებინა ის შესაძლებლობა, რასაც მათ ბოდენის გეგმა სთავაზობდა. ყოველივე ეს პირველ რიგში გამოწვეული იყო იმით, რომ მათ არ გააჩნდათაღნიშნული გეგმის განხორცილების პოლიტიკური ნება. ამასთანავე, არც ერთ მხარეს არ სურდა კომპრომისზე წასვლა. აფხაზური მხარე მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც აფხაზეთს მოიაზრებდა საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში. მიუხედავად იმისა, რომ სოხუმში ვიზიტების განმავლობაში დიტერ ბოდენი და მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლები აქტიურად ცდილობდნენ აფხაზური მხარე დაეთანხმებინათ დაეწყოთ მოლპარაკებები ბოდენის გეგმის საფუძველზე, საბოლოოდ მათი მცდელობები უშედეგო აღმონჩდა. აფხაზები არ ენდობოდნენ გაეროს მიერ მხარდაჭერილ ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო პროცესს, რადგანაც გაერო აპრიორი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერდა მხარს. სწორედ ამიტომ, მათ გეგმის ტექსტიც მიღებაზეც კი უარი განაცხადეს. საბოლოო შედეგი იყო ის, რომ არც ერთმა მხარემ არ მიიღო დიტერ ბოდენის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა.[4][5]

ბოდენის ინიციატივის ჩავარდნამ ფაქტობრივად სათავე დაუდო იმ პერიოდს, როდესაც გაეროს მეთაურობით ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. შესაბამისად, ვერც გაერომ და ვერც ეუთომ ვერ მიაღწიეს წარმატებას კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის მიღწევის თვალსაზრისით.[3]