ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი (აზერ. Bakı-Tbilisi-Ceyhan neft kəməri; თურქ. Bakü-Tiflis-Ceyhan Boru Hattı) — 1768 კმ სიგრძის ნავთობსადენი, რომლის დანიშნულებაა გადაუმუშავებელი ნავთობის ტრანსპორტირება კასპიის ზღვაში აზერბაიჯანის აზერი-ჩირაგ-გუნეშლის ნავთობის საბადოდან ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე. ის გადის ბაქოზე, თბილისსა და მთავრდება ჯეიჰანში, თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა პორტში. ეს არის მსოფლიოში სიგრძით მეორე ნავთობსადენი (პირველია დრუჟბას ნავთობსადენი, რომელსაც ნავთობი რუსეთიდან ცენტრალურ ევროპაში გადააქვს). ნავთობსადენის გამტარუნარიანობა არის 1.2 მილიონი ბარელი ნავთობი დღეში[1].
ნავთობსადენი ატარებს აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის სახელს[2]. ნავთობსადენის მფლობელი არის საერთაშორისო კონსორციუმი BTC Co და მისი პარტნიორები.
ისტორია
რედაქტირებანავთობსადენის პროექტის განხორციელება დაიწყო 1998 წლის 29 ოქტომბერს, როდესაც ანკარაში ხელი მოეწერა დეკლარაციას. ხელმომწერები იყვნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, ყაზახათის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, თურქეთის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი და უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი, აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის ბილ რიჩარდსონის თანდასწრებით[3]. ნავთობსადენის მშენებლობას სათავე დაედო 2002 წლის 18 სექტემბერს. ჰეიდარ ალიევმა, ედუარდ შევარდნაძემ და აჰმეთ ნეჯდეთ სეზერმა ჩაყარეს ქვები მილის ფუნდამენტში[4].
მშენებლობა
რედაქტირებაBTC არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მილსადენი მსოფლიოში. სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 2003 წლის აპრილში. მისი მშენებლობა საქართველოში 2005 წელს დასრულდა. ნავთობსადენის მშენებლობა დაჯდა 4 მილიარდი დოლარი[5]. საერთო საფინანსო კრედიტის ჯამმა კი შეადგინა 2.6 მილიარდი დოლარი. 2006 წლის 13 ივლისს თურქეთში გაიმართა ნავთობსადენის ოფიციალური გახსნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თურქეთის პრეზიდენტმა აჰმეთ ნეჯდეთ სეზერმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, კომპანია BP გენერალურმა დირექტორმა ჯონ ბრაუნმა, ასევე 20-ზე მეტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროების მინისტრებმა და ენერგეტიკის მინისტრებმა[6].
BTC მილსადენი სრულ ექსპლუატაციაში 2006 წელს იქნა გაშვებული. მილსადენში გატარებული ნავთობის ნაკადი სტაბილურად იზრდებოდა და გასულ წელს იგი დღეში დაახლოებით 800 000 ბარელ ნავთობს აწვდიდა მსოფლიო ბაზრებს. აღდგენითი და ლანდშაფტური სამუშაოები მილსადენის მარშრუტის გასწვრივ მაღალი სტანდარტების შესაბამისად შესრულდა.
2006 წელს ასევე დაიწყო დამატებითი ობიექტების მშენებლობა კოდიანას მთიან მონაკვეთზე მილსადენის ეკოლოგიური და ტექნიკური უსაფრთხოებისათვის. უსაფრთხოების ბაზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, იგი მუდმივი ობიექტის ფუნქციას ასრულებს, სადაც საცხოვრებელი ოთახები, ოფისები, ტექნიკური უზრუნველყოფის ობიექტები, ენერგოწარმოების, კანალიზაციისა და სასმელი წყლის სისტემები მოეწყო და ექსპლუატაციისათვის საქართველოს სამთავრობო სტრუქტურას - სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს გადაეცა (SPPD).
დასრულდა აგრეთვე ნავთობის ავარიული ჩამოსაცლელის (EDDF) მშენებლობა. ეს ობიექტი 8 500 კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარია, რომელიც მოთავსდა კიდევ ერთ ბეტონის მიწისქვეშა რეზერვუარში, სადაც ავარიის შემთხვევაში, კოდიანას მონაკვეთის ნებისმიერი ადგილიდან BTC მილსადენიდან დაღვრილი ნავთობი ჩაიცლება და შეინახება.
2006 წელს შეიქმნა მეორადი შემაკავებელი ობიექტების სისტემის პროექტები მილსადენის დაზიანების ნაკლებად სავარაუდო შემთხვევაში ნავთობის უსაფრთხოდ შესაკავებლად. თითოეული მეორადი შემაკავებელი ობიექტი მდინარის კალაპოტის ირგვლივ აშენებული დამბითა და შლუზებით აღჭურვილი სალექარი საგუბრებისაგან შედგება. ავარიის შემთხვევაში შლუზები დაიკეტება და შეაჩერებს ნავთობს იქამდე, სანამ ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ჯგუფი ნავთობის უსაფრთხოდ ლოკალიზაციას არ მოახდენს.
მილსადენის მშენებლობა განახორციელა პროექტის გაერთიანებულმა ჯგუფმა, რომლის ხელმძღვანელობით ნავთობსადენის პარალელურად სამხრეთ კავკასიური მილსადენიც აშენდა. მილსადენების სამშენებლო საქმიანობის ყველაზე ინტენსიურ ეტაპზე პროექტებში დაახლოებით 22 000 ადამიანი დასაქმდა, აქედან 6 000 საქართველოში. თურქეთში BTC მილსადენი BTC Co.-სახელით და ერთჯერადი ანაზღაურების ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია BOTAS-მა ააშენა.
BTC-ის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების 70%-ს მესამე მხარეები აფინანსებენ. BTC-თან დაკავშირებულ სესხებს, საექსპორტო კრედიტებს და რისკის დაზღვევას უზრუნველყოფს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და მსოფლიო ბანკის კერძო ქვეგანაყოფი საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), შვიდი ქვეყნის საექსპორტო საკრედიტო ორგანიზაციები და 15 კომერციული ბანკის სინდიკატი. დაფინანსების ხელშეკრულებები საბოლოო სახით 2004 წლის თებერვალში პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ორწლიანი კვლევისა და მონიტორინგის და საჯარო კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბდა. კრედიტორების მონაწილეობა აუმჯობესებს პროექტის გამჭირვალობას, საშუალებას აძლევს მათ ჩაერიონ პროექტების განხორციელების პროცესში და დახმარება გაგვიწიონ პროექტების განხორციელების პოტენციალის განვითარების საქმეში.
ჩაკეტილი კასპიის ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის დამაკავშირებელი პირველი BTC პროექტის მშენებლობა ეკონომიურად დადებითად იმოქმედებს რეგიონზე და გვერდს აუვლის თურქეთის სრუტეებში არსებულ ტრანსპორტის ინტენსიურ მოძრაობას.
2008 წლის 3 ნოემბერს ნავთობსადენით დაიწყო ყაზახეთის ნავთობის ტრანსპორტირება[7].
2010 წლიდან დაიწყო თურქმენეთის ნავთობის გატარება[8].
2011 წლისთვის ნავთობსადენით განხორციელდა 32,224 მილიონი ტონა ნავთბის ექსპორტირება, ხოლო 2012 წლისთვის ამ ნიშნულმა დაიწია 29,671 მილიონ ტონამდე[9].
2013 წლის პირველ ნახევარში მილსადენით 17 მლნ ტონა ნავთობი იყო გადაყვანილი, ხოლო ჯეიჰანის ტერმინალიდან გაგზავნილ იქნა 169 ტანკერი[10].
გეოპოლიტიკური მნიშვნელობა
რედაქტირებაგეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ნავთობსადენის მთავარი მიზანი იყო ის, რომ რუსეთისგან დამოუკიდებლად მომხდარიყო ნავთობის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან (შემდგომ ყაზახეთიდან) მსოფლიო ბაზარზე. ეს არის დსთ-ში პირველი ნავთობსადენი, რომელიც უვლის გვერდს რუსეთს ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის პირდაპირი მონაწილეობით. ვინაიდან, რადგან ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილის ტრასპორტირება ხდება რუსეთის ავლით, ეს ამცირებს მის გავლენას რეგიონში. ნავთობსადენის ექსპლუატაციამ საშუალება მისცა კასპიის აუზის რესურსების აქტიურ აღქმას. აზერბაიჯანში დაიწყო აზერი-გუნეშლის აღქმა, ხოლო ყაზახეთში - კაშაგანის.
თავდაპირველად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი ჩაფიქრებული იყო, როგორც პირდაპირი მილსადენი ბაქოდან ჯეიჰანში, რომელიც თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა გასულიყო სომხეთის გავლით. ჰეიდარ ალიევს იმედი ჰქონდა, რომ გამოეყენებინა ეს პერსპექტივა მთიანი ყარაბაღის დასაბრუნებლად. როდესაც ერევანმა უარი განაცხადა, აზერბაიჯანმა (თურქეთის მხარდაჭერით) გადაწყვიტა სომხეთს უარი უთხრას მონაწილეობაზე რეგიონალურ პროექტებში და ჩამოაშოროს თურქეთის გავლით დასავლეთის ბაზრებს. სომხეთი ასევე გამოირიცხა სხვა რეგიონალური პროექტებისგან, რამაც უფრო მეტად გახადა ის დამოკიდებული რუსეთისა და ირანის მხარდაჭერაზე[11].
2014 წელს კრწანისის სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში გაიმართა სამეთაურო-საშტაბო კომპიუტერული წვრთნები აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით. მოცემული სწავლების მიზანი იყო მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა სტრატეგიული მილსადენების დაცვას, პირველ რიგში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის[12].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Капзатраты BTC Co по проекту Баку-Тбилиси-Джейхан в I полугодии увеличились на 37,5%
- ↑ Нефтепровод Баку-Тбилиси-Джейхан им. Гейдара Алиева. Справка
- ↑ The Baku-Tbilisi-Ceyhan Pipeline: Implications for Turkey Zeyno Baran - PDF
- ↑ Нефтепровод Баку-Тбилиси-Джейхан им. Гейдара Алиева. Справка
- ↑ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-27. ციტირების თარიღი: 2018-03-23.
- ↑ BP Developments Tankers Finally Leave Ceyhan Port for World Markets - azer.com
- ↑ Нефтепровод Баку-Тбилиси-Джейхан им. Гейдара Алиева. Справка
- ↑ Капзатраты BTC Co по проекту Баку-Тбилиси-Джейхан в I полугодии увеличились на 37,5%
- ↑ Экспорт нефти по трубопроводу Баку-Тбилиси-Джейхан сократился на 2,5 млн. тонн
- ↑ Капзатраты BTC Co по проекту Баку-Тбилиси-Джейхан в I полугодии увеличились на 37,5%
- ↑ The Baku-Tbilisi-Ceyhan Pipeline: Implications for Turkey Zeyno BaranC - PDF
- ↑ თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივ შტაბს ქმნიან[მკვდარი ბმული]