ალექსანდრე ანდრონიკაშვილი
ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (დ. 7 ოქტომბერი, 1871 — გ. 20 მაისი, 1923) — ქართველი მხედართმთავარი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი, ქართული არმიის გენერალი, გიორგის ჯვრის კავალერი, საქართველოს ეროვნული გმირი.[1]
ალექსანდრე ანდრონიკაშვილი | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 1871 |
გარდაცვალების თარიღი | 20 მაისი, 1923 |
გარდაცვალების ადგილი | ტფილისი |
კუთვნილება |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
წოდება |
გენერალ-მაიორი (რუსეთის იმპერია) გენერალი (საქართველო) |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიყო რუსეთ-იაპონიისა და პირველი მსოფლიო ომების მონაწილე. 1913-1917 წლებში იყო ალექსეევის სამხედრო სასწავლებლის მასწავლებელი. 1917 წლის ივნისიდან იყო საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი. პირველი მსოფლიო ომის დროს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. 1917 წლის ბოლოდან დაბრუნდა საქართველოში და მონაწილეობდა ეროვნული შეიარაღებული ძალების აღმშენებლობაში. 1918 წლის შემოდგომიდან 1919 წლის ზაფხულამდე იყო საქართველოს შეარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი. 1920 წლის მაისიდან 1921 წლის თებერვლამდე იყო ქართული სამხედრო სკოლის უფროსი. მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში, 1921 წლის თებერვალში იყო კოჯორ-ტაბახმელას ფრონტის სარდალი. 1921 წლის მარტში იყო დასავლეთ საქართველოს ჯარების სარდალი
1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ანდრონიკაშვილი გახდა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1922-1923 წლებში იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრი. 1923 წლის თებერვალში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრმა კ. მისაბიშვილმა გასცა სამხედრო ცენტრი. 1923 წლის 19 მაისს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი დააპატიმრეს. მასთან ერთად დააპატიმრეს სამხედრო ცენტრის წევრები: გენერალი კოტე აფხაზი (სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი), გენერალი ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი, პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი, პოლკოვნილი ალექსანდრე მაჭავარიანი, პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი, როტმისტრი ლევან კლიმიაშვილი, როტმისტრი სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, პოლკოვნიკი დიმიტრი ჩრდილელი, კაპიტანი ფარნაოზ ყარალაშვილი, იასონ კერესელიძე (გენერალ ლეო კერესელიძის უმცროსი ძმა), სიმონ ჭიაბრიშვილი, ივანე ქუთათელაძე და ნიკოლოზ ზანდუკელი. 1923 წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი „ვაკის პარკის“ ტერიტორიაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 27-28.
- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 46-47, ISBN 978-9941-0-7386-1.
- ჩაჩხიანი ა., დაშმაკთა ნაციონალისტურ-ექსპანსიონისტური იდეოლოგია და სომხეთ-საქართველოს 1918-1919 წლების ომიშ, თბილისი, 2007
- საქართველოს ს.ს. რესპუბლიკის საგანგებო კომისიისაგან. ინტერპარტიული კომიტეტის სამხედრო შტაბის აღმოჩენა. განაჩენი.- გაზ. "კომუნისტი", N 115, 1923 წ. 25 მაისი.
- საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ (საბრალმდებლო დასკვნა). ტფილისი, 1925.