საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია მისი შექმნით იწყება და მთავრდება საბჭოთა რუსეთის მიერ მისი ანექსიით.
შექმნა
რედაქტირება1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ამიერკავკასია ფაქტობრივად გამოეყო რუსეთს. 1917 წლის 11 ნოემბერს შეიქმნა ამიერკავკასიის კომისარიატი.[1] იფუნქციონირა 1918 წლის 15 თებერვლამდე, როდესაც მან რწმუნებანი ამიერკავკასიის სეიმს გადასცა. 1918 წლის 9 აპრილს სეიმის გადაწყვეტილებით შეიქმნა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა,[2] რომელმაც იარსება 1918 წლის 26 მაისამდე. ამავე დღესვე გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა.[3]
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნას საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტმა (დეკლარაციამ), რომელშიც ნათქვამი იყო: „1917 წლის რევოლუცია ისე განვითარდა, რომ სამხრეთის ფრონტი დაიშალა. რუსეთის არმიამ დატოვა ამიერკავკასია. პოლიტიკურმა პარტიებმა შექმნეს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები, მაგრამ შინაპოლიტიკური კრიზისისა და გარეშე სამხედრო-პოლიტიკურ ძალთა ზეგვლენით ამიერკავკასიის ერთა კავშირი (ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა) დაირღვა; ფედერაციული რესპუბლიკა დაიშალა. ასეთ პირობებში ქართველი ხალხის ინტერესი მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შექმნას, მისი მეშვეობით გარეშე ძალის მიერ დაპყრობის საფრთხე თავიდან აიცილოს და დამოუკიდებელი განვითარების მტკიცე საფუძველი შექმნას.“
ამის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ არჩეული საბჭო აცხადებს:
- ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულეფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
- დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.
- საერთაშორისო ომიანობაში საქართველო ნეიტრალური სახელმწიფოა.
- საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს.
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის პოლიტიკურ და სხვა უფლებებს.
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ეროვნებას.
- დამფუძვნებელი კრების მოწვევამდე საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნული საბჭოს წინაშე.
მხოლოდ ბოლშევიკებმა დაგმეს დამოუკიდებლობის დეკლარაცია და თავიდანვე შინაომი გამოუცხადეს საქართველოს რესპუბლიკის მართვა-გამგეობის ორგანოებს. სხვა პოლიტიკური პარტიები ეროვნულ ნიადაგზე დადგნენ, მეტ-ნაკლები აქტიურობით საქმიანობდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივი სტრუქტურების შექმნა-სრულყოფის სფეროში.
საქართველოს ეროვნულმა საბჭომ (პარლამენტმა) დასავლეთის დემოკრატიულ სახელმწიფოთა კონსტიტუციური ნორმების და პრაქტიკის შესაბამისად, ხელში აიღო საკანონმდებლო ორგანოს ყველა ფუნქცია: დამოუკიდებლობის აქტის გამოქვეყნებისთანავე ჩამოყალიბდა პარლამენტის წინაშე პასუხისმგებელი დროებითი მთავრობა. მის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს ნოე რამიშვილი (მანვე შეითავსა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა), სამხედრო მინისტრი გახდა გრიგოლ გიორგაძე, საგარეო საქმეთა — ევგენი გეგეჭკორი, იუსტიციის — შალვა ალექსი-მესხიშვილი, ფინანსთა — გიორგი ჟურული, მიწათმოქმედების — ნოე ხომერიკი, განათლების — გიორგი ლასხიშვილი, გზებისა და ტრანსპორტის მინისტრი — ივანე ლორთქიფანიძე.
პარლამენტსა და კოალიციურ მთავრობაში უმრავლესობა, მართალია, სოციალ-დემოკრატიას ეკუთვნოდა, მაგრამ სოციალისტ-ფედერალისტი (გიორგი ლასხიშვილი, შალვა მესხიშვილი), სოციალისტ-რევოლუციონერი (ივანე ლორთქიფანიძე) და ეროვნულ-დემოკრატი (გიორგი ჟურული) მინისტრები საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდნენ საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულების განსაზღვრაში.
საქართველოს პარლამენტისა და დროებითი მთავრობის საქმიანობა (მაისი, 1918 — თებერვალი, 1919)
რედაქტირებასაქართველოს დროებითი მთავრობის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო გერმანიასთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება და მისი შუამავლობით ოსმალეთთან ზავის დადება. საზავო ხელშეკრულება მეტისმეტად მძიმე იყო (ოსმალთა სახელმწიფოს ბათუმის ოლქთან ერთად მიჰქონდა ახალციხე-ახალქალაქის მაზრები), მაგრამ თავიდან იქნა აცილებული აგრესიულად განწყობილი მეზობლის მიერ საქართველოს სხვა ტერიტორიების ოკუპაციის საფრთხე. გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის პირველი აქტი 1918 წლის 28 მაისს გაფორმდა. შეთანხმების თანახმად საქართველოში შემოვიდა 2 ბატალიონი, ხოლო თბილისში დამკვიდრდა გერმანიის სამხედრო-პოლიტიკური მისია — გენერალ ფონ კრესის მეთაურობით. ოსმალეთისთვის ტერიტორიების დათმობა დროებით აქტად იქნა მიჩნეული, ხოლო გერმანიასთან ხელშეკრულების დადება, მისი ჯარის ნაწილის საქართველოში შემოსვლა, საზოგადოების უდიდესი ნაწილმა შექმნილ სიტუაციაში აუცილებელ და დადებით მოვლენად აღიქვა. ამავე წლის 24 ივლისს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია გახდა.
მალევე გაუქმდა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები, მათი ადმინისტრაციული აპარატი. 1918 წლის აგვისტო-სექტემბერში გატარდა ცარიზმის დროს ოცნებად ქცეული საერობო რეფორმა. ყველა მაზრაში ჩამოყალიბდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები: ხალხმა საყოველთაო უფლებების საფუძველზე აირჩია სამაზრო საკრებულოები. გაუქმდა რევოლუციური ტრიბუნალები, სხვადასხვა საგამოძიებო კომისიები. 1918 წლის 24 სექტემბერს კანონის საფუძველზე განხორციელდა ძველი რეჟიმიდან მემკვიდრეობით მიღებული მომრიგებელი სასამართლოებისა და მომრიგებელ მოსამართლეთა ინსტიტუტის ძირფესვიანი რეორგანიზაცია. ჩატარდა სასამართლოს საგამომძიებლო ნაწილის რეფორმაც. 1919 წლის იანვარში იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილმა საკოდიფიკაციო განყოფილებამ გამოაქვეყნა ოფიციალური კანონებისა და მთავრობის განკარგულებათა კრებული.
ჯერ კიდევ 1917 წლის აპრილ-მარტში შეიქმნა სახალხო გვარდია (მოხალისეთა რაზმები), რომლის შეიარაღება-შენახვის ხარჯები ძირითადად კერძო შემოწირულობებით ფინანსდებოდა. უკვე 1918 წლის 2 ივლისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი შეიარაღებული ძალების შექმნის შესახებ, რომლის თანახმადაც სახალხო გვარდია გადაიქცა სახელმწიფო-სამხედრო ორგანიზაციად და მისი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტს დაეკისრა. თანდათან ჩამოყალიბდა გვარდიის არტილერია, ცხენოსანთა დივიზიონი, მეტყვიამფრქვევეთა რაზმი, საინჟინრო ნაწილი. მოქმედი გვარდიის პარალელურად არსებობდა 17 სარეზერვო ბატალიონი. მუდმივი ჯარის შემადგენლობაში თანდათანობით ჩამოყალიბდა სამი ქვეითი ბრიგადა, სანაპირო ჯარი, თბილისის ე. წ. სადარაჯო ათასეული, ავტომობილისტთა, საავიაციო და რადიოტელეგრაფისტთა რაზმები. საქართველოს შეიარაღებულ ძალთა უზენაეს ხელმძღვანელად გამოცხადდა რესპუბლიკის პარლამენტი.
მოსახლეობის მასიური შიმშილის, სასურსათო და სხვა პრობლემების თავიდან ასარიდებლად საქართველოს მთავრობა, მიიღო შემდეგი დადგენილებები:
- გამოცხადდეს საქართველოს საზღვრებში პურეულით თავისუფალი ვაჭრობა.
- უცხოეთიდან ხორბლის შემოტანა გათავისუფლდეს ბაჟისაგან.
- გაუქმდეს ყველა სასურსათო კომიტეტი.
- დაევალოს შენაგან საქმეთა და სასურსათო საქმეთა მინისტრებს, იბრძოლონ სურსათის გადამალვისა და სპეკულაციის წინააღმდეგ.
აფხაზეთის საკითხი
რედაქტირება1918 წლის 7–8 ივნისს საქართველოს რესპუბლიკის სრულუფლებიანმა წარმომადგენლობამ აფხაზეთის სახალხო საბჭოს რწუმებულებთან გააფორმა შემდეგი ხელშეკრულება:
- საქართველოს მთავრობასთან მოიწვევა აფხაზეთის წარმომადგენელი, აფხაზეთის საქმეთა მინისტრი.
- აფხაზეთის შინაგანი მმართველობის ფუნქცია ეკისრებოდა აფხაზეთის სახალხო საბჭოს.
- რევოლუციური წესრიგის დამყარებისა და ხელისუფლების განმტკიცებისთვის აფხაზეთში გაიგზავნება საქართველოს სახალხო გვარდიის ნაწილი.
- აფხაზეთში სოციალურ რეფორმებს გაატარებს ადგილობრივი სახალხო საბჭო საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად და ადგილობრივ თავისებურებათა გათვალისწინებით.
- აფხაზეთის სახალხო ყრილობა მოწვეული იქნებოდა უახლოეს მომავალში და იგი განსაზღვრავს აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსს.
საქართველოს მთავრობა მზად იყო აფხაზეთისათვის მიეცათ ფართო თვითმმართველობა, ავტონომიაც კი, მაგრამ აფხაზთა სახალხო საბჭოს ლიდერებმა მეტი მოითხოვეს. მათ მიზნად დაისახეს თავიანთი უფლებამოსილების მაქსიმალური გაფართოება, სრული დამოუკიდებლობის მოპოვება. კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება ვერ მოხერხდა. გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა სახალხო გვარდია შეტევაზე გადაიყვანა და დაამარცხა სეპარატისტთა რაზმები. 1918 წლის 19 ივნისს ქართული ჯარი სოხუმში შევიდა, 22 ივნისს — გაგრაში, გვარდიამ წინსვლა გააგრძელა და 2 ივლისს აიღო ადლერი, 16 ივლისს — სოჭი, 26 ივლისს — ტუაფსე. ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ ტერიტორიების შემომატება საქართველოს მთავრობის გეგმაში არ შედიოდა და ტუაფსემდე მხოლოდ თავდაცვითი მიზნების გამო მივიდნენ.
საქართველოს ხელისუფლებას იარაღით დამყარებული მშვიდობა და წესრიგი არ აკმაყოფილებდა. მთავრობამ 1918 წლის 3 სექტემბერს მოისმინა აფხაზეთის საქმეთა მინისტრის მოხსენება და გამოაქვეყნა ინფორმაცია. მათ შორის:
- დაინიშნოს აფხაზეთის სახალხო საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევნები.
- არჩევნების ჩასატარებლად შეიქმნას კომისია ვარლამ და გიორგი შერვაშიძეების, ვაილ გურჯუას და ექიმ ფაშალიშვილის შემადგენლობით.
- არჩევნებამდე სოხუმის ოლქის დროებით უფროსად დაინიშნოს ბენიამინ ჩხიკვიშვილი, რომელსაც დაექვემდებარება ყველა ადგილობრივი სამთავრობო დაწესებულება.
1919 წლის გაზაფხულზე მოხერხდა არჩევნების ჩატარება. აფხაზთა საბჭოს ნაცვლად მოქმედება დაიწყო აფხაზეთის სახალხო საბჭოს ახალმა მრავალეროვანმა შემადგენლობამ. მალე მან შეიმუშავა „აფხაზეთის ავტონომიის აქტი“. იქ ნათქვამი იყო, რომ აფხაზეთი შედის საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში ავტონომიური ერთეულის სახით. 1919 წლის მარტში საქართველოს დამფუძვნებელმა კრებამ დაამტკიცა ეს აქტი და ამგვარად, არსებითად დამთავრდა აფხაზეთის ავტონომიის ჩამოყალიბების პროცესი.
ოსების საკითხი
რედაქტირება1918 წლის გაზაფხულზე მდინარე ლიახვის ზემო წელში აგრარული მოძრაობა დაიწყო, რომელსაც ბოლშევიკებმა პოლიტიკური მიმართულება მისცეს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ წარმართეს. კონფლიქტის ზონაში რესპუბლიკის მთავრობამ ჯარი გაგზავნა. ალექსანდრე კონიაშვილისა და ვალიკო ჯუღელის რაზმებმა ცხარე ბრძოლის შემდეგ ცხინვალი აიღეს, მაგრამ სეპარატისტი ოსების ანტიქართული მოძრაობა კიდევ დიდ ხანს გრძელდებოდა.
მესხეთის საკითხი
რედაქტირება1919 წლის იანვარში ანტიქართულმა ძალებმა გამოაცხადეს ე. წ. სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის დროებითი ეროვნული მთავრობის, იმავე ყარსის რესპუბლიკის შექმნა. მის დროებით მთავრობას სათავეში ჩაუდგა ჯიჰანგირზადე იბრაჰიმ ბეი. ჩამოყალიბდა 70-წევრიანი მეჯლისი. ამ სახელმწიფოში დიდი გავლენით სარგებლობდა სერვერ ბეგ ათაბაგი (სამცხე-საათაბაგოს მთავრების შორეული ჩამომავალი). 1919 წლის იანვარში სერვერ ბეგმა ანტიქართული აჯანყების ორგანიზება შეძლო, აიღო ახალციხე. ოსმალეთი და ბრიტანეთი თითქოს მხარს უჭერდნენ ამ ანტიქართულ მთავრობას, ამიტომ მას იმედი გაუჩნდა, რომ „პარიზის სამშვიდობო კონფერენცია“ ყარსის რესპუბლიკას აღიარებდა, ლეგიტიმურ საფუძველს შეუქმნიდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველოს ჯარმა დაამარცხა აჯანყებულთა ლაშქარი, ბრიტანეთმა პოზიცია შეიცვალა — ყარსის მეჯლისი დაითხოვა, მთავრობის წევრები კი კუნძულ მალტაზე გადაასახლა.
აჭარის საკითხი
რედაქტირებაბათუმის ოლქის მასშტაბით, ქართული ორიენტაციის ძალთა დამრაზმველის როლს, ჯერ კიდევ 1918 წლის მაისში ჩამოყალიბებული „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი“ ასრულებდა. მას მეთაურობდა მემედ აბაშიძე, გავლენიანი წევრები იყვნენ ჰაიდარ და ზია-ბეგ აბაშიძეები, ყადირ შერვაშიძე და სხვები. განმათავისუფლებელი კომიტეტი და მისი გაზეთი — „სამუსლიმანო საქართველო“ აქტიურ პროპაგანდას ეწეოდნენ მაჰმადიან ქართველთა ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობის ფაქტად იქცა, დასახელებული კომიტეტის თაოსნობით, 1919 წლის 31 აგვისტოს ბათუმში გამართული ქართველ მაჰმადიანთა წარმომადგენლების ყრილობა, რომელმაც დაადგინა ამ მხარის საქართველოსთან „სამარადისო შეერთების“, სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიური ერთეულის შექმნა. 1921 წლის კონსტიტუციით სამუსლიმანო საქართველოს ავტონომია ენიჭებოდა. მისი უფლება-კომპეტენცია სპეციალურ დებულება-კანონს უნდა განესაზღვრა.
საინგილოს საკითხი
რედაქტირება1918–1921 წლებში კიდევ უფრო გართულდა საინგილოს მდგომარეობა და მისი სტატუსის საკითხი. 1920 წლის 7 მაისს საზავო ხელშეკრულების ძალით რუსეთმა ზაქათალის ოლქი (საინგილო) საქართველოს კუთვნილ ტერიტორიად აღიარა, მაგრამ რაკი ეს მუხლი უკვე გასაბჭოებული აზერბაიჯანის მარიონეტულმა მთავრობამ გააპროტესტა, საბჭოთა რუსეთმა 7 მაისის ხელშეკრულებაში შეიტანა დამატებითი მუხლი, რომლის მიხედვით ზაქათალის კუთვნილების საკითხი საარბიტრაჟო კომისიას უნდა გადაეწყვიტა. ასეთი კომისია არასდროს შექმნილა. ძალაში დარჩა რუსეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალთა მიერ 1920 წლის მაისში განხორციელებული ზაქათალის ოკუპაციის აქტი. ეს ტერიტორია აზერბაიჯანს შერჩა.
კონფლიქტი არაგვის ხეობაში
რედაქტირება1918 წლის ივნის-ივლისში მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები დაიწყო არაგვის ხეობაში. ბოლშევიკებმა და მათმა აგენტებმა შეძლეს დუშეთის დაკავება. აჯანყებულთა დასახმარებლად ვლადიკავკაზიდან წამოვიდა საშა გეგეჭკორი რუსთა რაზმის თანხლებით. რუსი სამხედროებისაგან საქართველოს გაწმენდა დაგვიანდა. სამაგიეროდ, დუშეთის პრორუსული და ანტიქართული აჯანყების ლიკვიდაცია მალე მოხერხდა. 1918 წლის 15 ივლისს ნოე ჟორდანიამ დეპეშა გაუგზავნა გენერალ კონიაშვილს, ჯუღელსა და დგებუაძეს: „ვულოცავ სახალხო გვარდიას, ფედერალისტთა პარტიზანულ რაზმს და რეგულარული ჯარის ნაწილებს კავკასიონის ქედის გადალახვასა და დემოკრატიის მტრებზე ბრწყინვალე გამარჯვებას. გადაეცით ჩვენს ერთგულ ყაზბეგელებს (მოხევეებს) და სხვა მთიელებს ჩვენი ძმური სალამი და მილოცვა“.
1918 წლის კონფერენცია და მისი შედეგები
რედაქტირება1918 წლის ნოემბერში გაიმართა ამიერკავკასიელთა საერთაშორისო კონფერენცია. მხარეებმა პირველი რიგის ამოცანად გამოაცხადეს: ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკების მიერ ურთიერთცნობა, ყველა სადავო საკითხის მშვიდობიანი მოლაპარაკება-შეთანხმებით გადაწყვეტა, სოლიდარული გამოსვლების მსოფლიო კონგრესებზე იმ მიზნით, რომ მიღწეული ყოფილიყო ამიერკავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფოების საერთაშორისო აღიარება, დე იურე ცნობა. ამ დადგენილებას დადებითი შედეგები თითქმის არ მოჰყოლია. ამიერკავკასიის სამი სახელმწიფოს ურთიერთობა ერთხანს კიდევ უფრო დაიძაბა. 1918 წლის ნოემბრამდე გერმანია სამხრეთ კავკასიაში მასტაბილიზებელ როლს ასრულებდა. პირველ მსოფლიო ომში გერმანიისა და მისი მოკავშირეების დამარცხების შემდეგ, ამ რეგიონში მდგომარეობა გაუარესდა. გამარჯვებული ანტანტის არმიებმა ყველგან შეცვალეს გერმანიისა და მისი მოკავშირეების ჯარები. გერმანიის მარცხი საქართველოს მეზობლებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მარცხადაც აღიქვეს, ივარაუდეს, რომ დადგა ხელსაყრელი მომენტი მისი ტერიტორიების მითვისებისა. სწორედ ამ მომენტში დაიწყო სომხეთმა გამოუცხადებელი ომი საქართველოს წინააღმდეგ. ამის შემდეგ დენიკინის რეჟიმმა (თეთრმა რუსებმა) საქართველოს წინააღმდეგ მტრული მოქმედება გააძლიერა.
სომხეთ-საქართველოს ომი
რედაქტირება1918 წლის 30 ოქტომბერს ომში დამარცხებულმა ოსმალეთმა (გერმანიის მოკავშირემ) ხელი მოაწერა ინგლის-საფრანგეთთან მუდროსის ზავს (კაპიტულაციას) და დატოვა ამიერკავკასიის ტერიტორია. როგორც კი თურქთა საჯარისო ერთეული საქართველოს კუთვნილი ლორეს რაიონიდან გავიდა, ამ ტერიტორიაზე მყისვე შეიჭრა სომხეთის ჯარი. საქართველოს მთავრობამ, ბუნებრივია, საპასუხო ოპერაცია დაგეგმა საზღვრის აღსადგენად. ერთხანს მისი მთავრობა თითქოს სამხედრო კონფლიქტის გამწვავებაში უპასუხისმგებლო ავანტიურისტებს ადანაშაულებდა და ტერიტორიული დავის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზას ეძებდა.
სომხეთის მთავრობამ მშვიდობიანი წინადადება უპასუხოდ დატოვა. აგრესია გააგრძელა. 1918 წლის 17 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა: „დეპუტატებო! მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. იმ დროს, როცა მსოფლიო ომის ხანძარი ჩაქრა, სომხეთის მთავრობა თავს ესხმის საქართველოს რესპუბლიკას“. ჟორდანიამ მშვიდობის დასამყარებლად ჯარის გაგზავნა მოითხოვა, რადგანაც სომხები უარს ამბობდნენ მოლაპარაკებებზე.
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის პოზიციას, კონფლიქტის ზონაში ჯარის გაგზავნა მოითხოვა. საომარი ოპერაციები გაფართოვდა. ქართველთა ლაშქარმა შეაჩერა სომეხთა შემოტევა. 20 დეკემბერს კი კონტრშეტევაზე გადავიდა და აგრესიულად განწყობილი მეზობლისაგან დაკავებული ტერიტორიების დიდი ნაწილი გაათავისუფლა. სომხეთის მთავრობას ამ კრიტიკულ მომენტში დახმარების ხელი დიდმა ბრიტანეთმა შეაშველა. მან იკისრა არბიტრის როლი და კიდევაც დააზავა მხარეები. შეიქმნა ნეიტრალური ზონა და მოხდა საქართველოსა და სომხეთის ჯარების დაშორიშორება.
საქართველოს ურთიერთობები იმპერიალისტური რუსეთის აღდგენისათვის მებრძოლებთან
რედაქტირებამსოფლიო ომში გამარჯვებული ანტანტის ქვეყნები მთელი ძალით ეხმარებოდნენ ალექსანდრე კოლჩაკის თეთრ არმიას და შემდეგ ანტონ დენიკინის რეჟიმს წითელი მთავრობის დამხობისა და ბურჟუაზიული რუსეთის აღდგენისათვის ბრძოლაში. ანტანტის სახელმწიფოთა დახმარებით დენიკინმა შეადგინა და შეაიარაღა ე. წ. „მოხალისეთა არმია“, რომელშიც 200 ათასამდე ჯარისკაცი და ოფიცერი ირიცხებოდა. როდესაც საქართველოში ინგლისის სამხედრო მისია შემოვიდა, მან მყისვე მჭიდრო კავშირი დაამყარა დენიკინის რეჟიმთან, რომელსაც თითქმის მთელი ჩრდილოეთი კავკასია ექვემდებარებოდა. საქართველოს იმდროინდელი მესვეურები ვარაუდობდნენ, რომ შესაძლო იყო ინგლისელებს დენიკინის არმიის ნაწილები საქართველოში შემოეყვანა. ჯერ კიდევ დიდი ბრიტანეთის ჯარების შემოსვლამდე, საქართველოს მთავრობამ წინადადება მისცა მოხალისეთა არმიის სარდალს და ყუბანის რადას მეთაურს, დაეწყოთ მოლაპარაკება საზღვრების დასადგენად.
1918 წლის 25 სექტემბერს გამართულ შეხვედრა-თათბირში მონაწილეობდნენ: დენიკინი, ალექსეევი, რომანოვსკი, ევგენი გეგეჭკორი, გიორგი მაზნიაშვილი. მოლაპარაკების დაწყების პირველ დღესვე მოპირდაპირე მხარემ სიტყვიერად ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ ბრალი დასდო მის მთავრობას რუსული ტერიტორიების მიტაცების მცდელობაში. რუსი გენერლები საქართველოს წარმომადგენლებს აქეთაც შემოედავნენ და არა მარტო სოჭის მაზრას, არამედ გაგრის რაიონსაც ითხოვდნენ. საქართველოს წარმომადგენლებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს, მაგრამ მხარეთა შეთანხმება ვერ მოხერხდა. მოგვიანებით სამხედრო არბიტრის როლი ბრიტანეთმა იკისრა და შესაძლებლად სცნო სოჭის მაზრაში დროებით ყოფნა. საქქართველოს მთავრობამ ინგლისელთა ასეთი პოზიცია უშიშროების საკმარის გარანტიად მიიჩნია და სოჭის გარნიზონის გაძლიერებაზე აღარ უფიქრია.
1918 წლის 16 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორმა დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისიას აცნობა, რომ დენიკინი ტუაფსეში ჯარებს აგროვებდა საქართველოს წინააღმდეგ გამოსალაშქრებლად. იგი იმედოვნებდა, რომ ინგლისელები ომის თავიდან აცილებას შეძლებდნენ. საქართველო მზად იყო დაეთმო სოჭის აზრა, თუ აქ დენიკინის ჯარი არ შევიდოდა. დიდმა ბრიტანეთმა ვერ შეძლო დენიკინის შეჩერება. საქართველოს ჯარის ბატალიონმა დატოვა სოჭი და იქ მყისვე მოხალისეთა არმია შევიდა. სოჭის დაკავების შემდეგ დენიკინმა საბრძოლო მოქმედებები გაგრის რაიონში გადაიტანა. საქართველოს ხელისუფლებამ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა — თავდაცვითი ომისთვის მზადება დაიწყო. საბოლოოდ, ინგლისის სამხედრო მისიის კატეგორიული მოთხოვნით, ხელშეკრულება გაფორმდა. შეიქმნა დემილიტარიზებული ზონა.
საქართველოს დამფუძნებელი კრების საქმიანობა (თებერვალი, 1919 — თებერვალი, 1921)
რედაქტირება1919 წლის თებერვალში ჩატარდა საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები. მასში, სხვადასხვა მიზეზების გამო მონაწილეობა ვერ მიიღო ბათუმის ოლქის, ბორჩალოს, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების, ხევსურეთისა და სვანეთის მოსახლეობამ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონიერად ცნო 550 477 ხმა. სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო 403 ათასი ხმა და დამფუძვნებელ კრებაში 109 დეპუტატი გაიყვანა. კრებაში აგრეთვე შევიდნენ ეროვნულ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები, სოციალისტ-რევოლუციონერები; 1919 წლის აგვისტოში ჩატარებულ დამატებეთი არჩევნების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ 3 დაშნაკი, საციალისტ-ფედერალისტი სოლომონ დადიანი და ნაციონალ-დემოკრატთა ლიდერი გრიგოლ ვეშაპელი. პირველი სხდომა 1919 წლის 1 მარტს ჩატარდა. 14 მარტს (მეორე სხდომა) მთავრობის თავმჯდომარედ კვლავ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1919 წლის 21 მარტს დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტის შეზღუდული შემადგენლობა: საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრი — ევგენი გეგეჭკორი, შინაგან საქმეთა, სამხედრო და განათლების მინისტრი — ნოე რამიშვილი, მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი — ნოე ხომერიკი, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი — კონსტანტინე კანდელაკი. 25 მარტს დამტკიცდა დამფუძვნებელი კრების რეგლამენტი.
ვერსალის საზავო კონფერენცია
რედაქტირებასაქართველოს მთავრობის წარმომადგენლებად ვერსალის საზავო კონფერენციაზე გამოცხადნენ კარლო ჩხეიძე, ირაკლი წერეთელი, ზურაბ ავალიშვილი. 1919 წლის 14 მარტს საქართველოს დელეგაციამ კონფერენციის წამყვან დიდი სახელმწიფოების მეთაურებს წარუდგინა ვრცელი მემორანდუმი, რომელშიც ლაპარაკი იყო ქართული სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ 117-წლიან ბრძოლაზე, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასა და საქართველოს რესპუბლიკის პირველი წარმატებების შესახებ. ამ სამართლებრივი დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს საზღვრებში უნდა შესულიყო თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები, ბათუმის, სოხუმისა და ზაქათალის ოლქები, ყარსის ოლქისა და ტრაპიზონის ვილაიეთის ნაწილი.
ქართველ დიპლომატთა საქმიანობა კარგა ხანს უშედეგოდ მიმდინარეობდა. ყოფილი ანტანტის ქვეყნები თავს იკავებდნენ საქართველოს დე იურე ცნობაზე. ისინი ხელს უწყობდნენ კოლჩაკისა და დენიკინის თეთრ არმიებს, რათა დაემხოთ კომუნისტური რეჟიმი და რუსეთში კაპიტალისტური წყობა აღედგინათ. ეს გენერლები არ აღიარებდნენ რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებს და შესაბამისად დასავლეთის ქვეყნებიც თავს იკავებდნენ ამ სახელმწიფოთა აღიარებისაგან.
1920 წლის კონფერენცია და მისი შედეგები
რედაქტირება1920 წლის თებერვალში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის დღის წესრიგში იდგა ოსმალეთისა და ამიერკავკასიის ტერიტორიული გამიჯვნის საკითხიც. ამ ფორუმზე ბათუმის მომავალი სომხეთისათვის ზღვაზე გასასვლელის მიცემის საკითხს დაუკავშირეს. მალე ამის შემდეგ ქალაქი ბათუმი გამოცხადდა პორტო-ფრანკოდ (საერთაშორისო ნავსადგურად), რასაც საქართველოს მთავრობამ საპროტესტო ნოტით უპასუხა. დამფუძვნებელმა კრებამ კი მიიღო დადგენილება ბათუმის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნების შესახებ. 1920 წლის მარტის ბოლოს საქართველოს ჯარი ბათუმის ოლქის ტერიტორიაზე შევიდა. ამას ინგლისის სამხედრო მისიის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა სცადა დაერწმუნებინა ინგლისელი სამხედროები, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია სამართლიანი იყო. ოდნავ მოგვიანებით კი ქართველი გენერლები — ილია ოდიშელიძე და ალექსანდრე ერისთავი არწმუნებდნენ ინგლისის ჯარის სარდლობას ბოლშევიკური საფრთხისაგან ბათუმის ერთობლივად დაცვის საჭიროებაში. საბოლოოდ, როდესაც წითელმა არმიამ დაამარცხა დენიკინის თეთრი არმია, ბრიტანეთი დამთმობი გახდა და საქართველოს ჯარის ბათუმში ყოფნა დაუშვა.
კონსტიტუციის დამტკიცება
რედაქტირება1919 წლის ბოლოსთვის უკვე მზად იყო კონსტიტუციის პროექტის ძირითადი მონახაზი, რომელსაც თან ჰქონდა დართული ვრცელი განმარტებითი ბარათი. 1920 წლის მაისში საქართველოს კონსტიტუციის პროექტი სტამბურად დაიბეჭდა და დამფუძვნებელი კრების წევრებს დაურიგდა. 6 თვეს გრძელდებოდა მისი განხილვა-ჩასწორება. ამ პროცესის დამამთავრებელი ეტაპის წინადღეს დამფუძვნებელ კრებას ვრცელი ანგარიშით წარუდგა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე პავლე საყვარელიძე. საბჭოური-კომუნისტური რუსეთის აშკარა აგრესიის დაწყების შემდეგ, საკანონმდებლო მუშაობა კიდევ უფრო დაჩქარდა. დამფუძვნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს კონსტიტუციის პროექტი დაამტკიცა და საქართველოს რესპუბლიკის ძირითად კანონად გამოაცხადა.
საბჭოთა რუსეთის მიერ ანექსია
რედაქტირება1921 წლის დამდეგს საქართველოს მოსახლეობა სრულიად არ აპირებდა საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებას. მუშები თავიდანვე პრივილეგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, გლეხობის უკმაყოფილება კი თითქმის მთლიანად მოხსნა აგრარულმა რეფორმამ. ამის გამო ქართველმა კომუნისტებმა ვერ შეძლეს საქართველოს მთავრობის საწინააღმდეგო აჯანყების პროვოცირება. საქართველოს მთავრობისა და არსებული საზოგადოებრივი წყობის წინააღმდეგ გამოვიდა მხოლოდ ლორეს რაიონის სომეხი მოსახლეობის ნაწილი. 1921 წლის 11–12 თებერვალს „აჯანყდა“ ორასიოდე კაცი. მალე ამ ორ ასეულს შეუერთდა სომხეთში მდგარი წითელი არმიის ათასეულები. საწყის ეტაპზე ეს კონფლიქტი შეფასდა, როგორც სომხეთ-საქართველოს ომი. როცა ანტიქართულ ოპერაციებში ჩაერთვნენ აზერბაიჯანიდან დაძრული მეთერთმეტე არმიის ჯარისკაცები, ქართული პრესა ალაპარაკდა აზერბაიჯან-საქართველოს ომის შესახებ. საქართველოს მოსახლეობამ და მსოფლიომ მხოლოდ ერთი კვირისშემდეგ გაიგეს, რომ გამოუცხადებელ ომს საბჭოთა-კომუნისტური რუსეთი აწარმოებდა.
1921 წლის 16 თებერვალს შეიქმნა საქართველოს რევოლუციური კომიტეტი ფილიპე მახარაძის, მამია ორახელაშვილის, ალექსი (საშა) გეგეჭკორის და სხვათა შემადგენლობით, რომელმაც ლენინს გაუგზავნა თხოვნა ქართველი ხალხისათვის სამხედრო-პოლიტიკური დახმარების შესახებ. საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ილია ოდიშელიძემ ცალკეული ნაწილების მეთაურად დანიშნა გენერლები მაზნიაშვილი, წერეთელი, ახმეტელი, გედევანიშვილი. ისინი მეტ-ნაკლებად წარმატებით იბრძოდნენ მტრის წინააღმდეგ. მეთერთმეტე წითელმა არმიამ შეძლო სადახლოს რაიონის დაკავება, წითელ ხიდსაც დაეუფლა. ფრონტის მარცხენა ფრთაზე მტერმა შედარებით ადვილად გაარღვია ქართველთა თავდაცვითი ხაზი, დაიკავა მთელი კახეთი და თბილისს მიუახლოვდა ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. რამაც ხელისუფლება და ხალხი შეაშფოთა.
14 თებერვალს საქართველოს დამფუძვნებელმა კრებამ თანამდებობიდან გადააყენა გენერალი ოდიშელიძე და ქართული ჯარის მთავარსარდლად გენერალი გიორგი კვინიტაძე დანიშნა. მან თითქმის მთელი ყურადღება დედაქალაქის დაცვაზე გადაიტანა. როცა მე-11 არმია თბილისს მიუახლოვდა, ფრონტის მარჯვენა ფრთას კოჯრის მიდამოებში გენერალი ანდრონიკაშვილი იცავდა, მის განკარგულებაში იყო რეგულარული არმიის 4 პოლკი, გვარდიის 4 ათასეული და იუნკერთა სკოლის რაზმი. ცენტრალურ უბანზე განლაგებულ ჯარს მეთაურობდა გენერალი მაზნიაშვილი, რომელსაც სოღანლუღის და მის მიმდებარე პოზიციების დასაცავად გამოუყვეს 3 პოლკი, სასაზღვრო ათასეული, მეტყვიამფრქვევეთა ასეული და ორი საარტილერიო დივიზიონი. მარჯვენა ფრთაზე იდგა გენერალი ჯიჯიხია ქვეითი ჯარის სამი ათასეულითა და ცხენოსანთა ესკადრონით.
თბილისის დამცველებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს გაცილებით მრავალრიცხოვან საბჭოთა რუსეთის ჯარს. 18–22 თებერვალს გამართულ ოპერაციებში მაზნიაშვილმა შეძლო მოწინააღმდეგის დიდად დაზარალება და უკუგდება. გენერალი ანდრონიკაშვილიც კარგად მანევრირებდა. იბრძოდნენ იუნკრები, გვარდიელები, ჯარისკაცები, რომლებიც ზოგჯერ ხელჩართულ ბრძოლაზე გადადიოდნენ. გენერალმა ჯიჯიხიამ დაკისრებული ამოცანა ვერ შეასრულა, საშუალება მისცა რუსთა ჯარს ავჭალა-მცხეთის მიმართულებით გაჭრილიყო და თბილისის დამცველი ქართული ჯარისთავის ზურგიდან შეექმნა საფრთხე.
საერთოდ, ერთკვირიან საბრძოლო ოპერაციებში უპირატესობა საქართველოს შეიარაღებულ ძალთა მხარეს იყო. მათ გაანადგურეს და დაატყვევეს მოწინააღმდეგის რამდენიმე ათასი ჯარისკაცი. რუსთა მოქმედ ჯარს ყველა ფრონტზე ახალი დივიზიები ემატებოდა, თბილისის დამცველი ქართული ჯარის რეზერვები კი იწურებოდა. თბილისის მისადგომებთან, კოჯორსა და ტაბახმელასთან წითელი არმიის ნაწილებთან შეტაკებაში დაიღუპა გვარდიელებთან ერთად იუნკრების დიდი ნაწილი. დაღუპულთა შორის იყო მოწყალების მედდა მარო მაყაშვილი, რომელიც დაკრძალეს დაღუპული მეომრების გვერდით დიდუბის ტაძრის ეზოში. მთავრობის თავმჯდომარის მიერ მოწვეული თავდაცვის საბჭოს სხდომაზე მთავარსარდალმა კვინიტაძემ განაცხადა: „თითქმის ალყაშემორტყმულ თბილისში, ბრძოლის გაგრძელებას ისა სჯობია, დედაქალაქიდან ჯარი უვნებლად გაიყვანოთ და უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გავმაგრდეთ“. სამხედრო სპეციალისტთა ერთმა ნაწილმა მიუღებლად ჩათვალა მთავარსარდლის წინადადება, თბილისისათვის ბრძოლის გაგრძელება მოითხოვა. ასეთივე განწყობა შეიმჩნეოდა ოფიცრების, ჯარისკაცების და თბილისის საზოგადოებრიობის დიდ ნაწილში. მაგრამ ნოე ჟორდანიამ და მინისტრების უმრავლესობამ დედაქალაქში ბრძოლის გაგრძელება, როგორც ჩანს, ამაო მსხვერპლის გაღებად მიიჩნია. მთავარსარდლის ბრძანებით 24 თებერვალს ქართულმა ჯარმა თბილისი დატოვა.
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმია თბილისში შევიდა. საქართველოს რეგულარულმა არმიამ და სახალხო გვარდიამ ვერ შეძლო მცხეთაში გამაგრება, უკან დახევა განაგრძეს. მეტ-ნაკლები მასშტაბებით ბრძოლები მოხდა გორის მიდამოებში (სადაც მე-11 არმია და დარიალის გზით შემოსული ჯარები გაერთიანდნენ), ლიხის ქედზე, ზემო იმერეთის ვიწრო ხეობებში. ქართულ ჯარს არც ქუთაისი დაუტოვებია უბრძოლველად. უთანასწორო ომი გრძელდებოდა.
ამის შემდეგ (18 მარტს) საბჭოთა და ქართული მხარეები შეთანხმდნენ და ერთიანი ძალებით განდევნეს აჭარაში შეჭრილი თურქთა არმია. 1921 წლის 16 მარტს საბჭოთა რუსეთმა თურქეთთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის ძალით თურქეთის ხელში გადადიოდა ბათუმის ოლქის დიდი ნაწილი — შავშეთი, იმერხევი, არტაანი და სხვა ტერიტორიები (საერთო ჯამში 12 ათასი კვადრატული კილომეტრი), რუსეთს რჩებოდა აჭარა ბათუმითურთ. იმავე 18 მარტს საქართველოს მთავრობამ საქართველო დატოვა და ემიგრაციაში წავიდა (იხ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- სურგულაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 383-389.
- ა. ბენდიანიშვილი, ა. დაუშვილი, მ. ნათმელაძე (2012). საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. IV — საქართველოს ისტორია XIX-XX საუკუნეებში. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-19-587-7.
- ჟორდანია, ნოე [პარიზი, 1953] (1990). ჩემი წარსული (მოგონებანი), პირველი გამოცემა, ქართული მემუარული ლიტერატურა, თბილისი: „სარანგი“.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სურგულაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 384.
- ↑ სურგულაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 389.
- ↑ სურგულაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 383.