ილია ოდიშელიძე
ილია ოდიშელიძე (დ. 25 მარტი, 1865 — გ. 1925, სტამბოლი, თურქეთი) — ქართველი გენერალი, რუსეთ-იაპონიის ომისა და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი.
ილია ოდიშელიძე | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 25 მარტი, 1865 |
დაბადების ადგილი | რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 1925 |
გარდაცვალების ადგილი | სტამბოლი, თურქეთი |
კუთვნილება |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
წოდება |
გენერალი-ლეინტენანტი (რუსეთის იმპერია) არმიის გენერალი (სდრ) |
ბრძოლები/ომები | პირველი მსოფლიო ომი, რუსეთ-იაპონიის ომი და რუსეთ-საქართველოს ომი |
ჯილდოები | წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, ოქროს ხმალი მამაცობისათვის და წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასამხედრო კარიერა რუსეთის იმპერიაში
რედაქტირებადაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და 1885 წელს სწავლა მოსკოვში ალექსანდრეს სახელობის მე-3 სამხედრო სასწავლებელში განაგრძო. 1888 წელს 1-ლი ხარისხით დაამთავრა სასწავლებელი და პოდპორუჩიკის წოდებით 39-ე საარტილერიო ბრიგადაში გაიგზავნა. 1891 წლის 7 აგვისტოს პორუჩიკის წოდება მიენიჭა. 1891-1894 წლებში სწავლობდა გენერალური შტაბის ნიკოლოზის სახელობის აკადემიაში, რომელიც 1-ლი თანრიგით დაამთავრა და კავკასიის სამხედრო ოლქში იქნა გამწესებული. აკადემიაში სწავლისას ოდიშელიძის კურსელი იყო შემდეგ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი მაჰომედ სულკევიჩი. 1894 წლის 18 მაისს ოდიშელიძეს შტაბს-კაპიტნის წოდება მიენიჭა. 1895 წლის 4 აგვისტოს კავკასიის კაზაკთა მე-2 დივიზიის შტაბის უფროს ადიუტანტად დაინიშნა. 1896 წლის 24 მარტს კაპიტნის წოდება მიენიჭა. იმავე წლის 1 ნოემბერს კავკასიის მსროლელთა მე-2 ბატალიონში ასმეთაური გახდა.
ამის შემდეგ ილია ოდიშელიძე ბალტიისპირეთში გადაიყვანეს, სადაც 1897 წლის 23 სექტემბერს უსტ-დვინის სიმაგრის შტაბის სამწყობრო განყოფილების უფროსად დაინიშნა. 1900 წლის 28 სექტემბერს ოდიშელიზე იმავე სიმაგრის შტაბის უფროსად დაინიშნა. 6 დეკემბერს მას პოდპოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. 1902 წელს ოდიშელიძე შორეულ აღმოსავლეთში გადაიყვანეს. 31 ივლისს ის აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-6 ბრიგადის შტაბ-ოფიცრად დაინიშნა. ამავე წელს მიიღო თავის პირველი ჯილდო - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი. 1904 წლის 27 იანვარს რუსეთ-იაპონიის ომი დაიწყო. 24 თებერვალს ოდიშელიძე აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-6 დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. იმავე წლის 22 სექტემბერს ის აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-3 დივიზიის (მეთაური გენერალ-ლეიტენანტი კაშტალინსკი) შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გადაიყვანეს. სწორედ ამ თანამდებობაზე გაატარა მან მთელი ომი. დივიზია მანჯურიის I არმიის (სარდალი გენერალ-ადიუტანტი ლინევიჩი) შემადგენლობაში შედიოდა.
1904 წელს ოდიშელიძე მდინარე შახესთან გამართულ ბრძოლებში (22 სექტემბერი-5 ოქტომბერი) მონაწილეობდა. იმავე წლის ბოლოს, 6 დეკემბერს კი პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა წარჩინებისთვის. 1905 წელს პოლკოვნიკმა ოდიშელიძემ მონაწილეობა მიიღო ომის გადამწყვეტ ბრძოლაში მუკდენთან (19 თებერვალი-10 მარტი). იმავე წელს ილია ოდიშელიძე სამი ორდენით დაჯილდოვდა: წმინდა ანას III ხარისხის ხმლებითა და ბანტით, წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ხმლებითა და ბანტით, წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ხმლებით. 29 მარტს კი ოქროს იარაღი გადაეცა წარწერით „მამაცობისათვის“. 1906 წლის 11 მარტს ოდიშელიძე აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-3 პოლკის უფროსი გახდა. იმავე წელს გადაეცა წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ხმლებით. 1907 წლის 31 ივლისს ის აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-11 პოლკის მეთაურად დაინიშნა. 19 სექტემბერს კი წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
1909 წელს ილია ოდიშელიძე შუა აზიაში გდაიყვანეს და პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ის თურქესტანის სამხედრო ოლქში მსახუროდას. 30 ოქტომბერს თურქესტანის სამხედრო ოლქის სარდლის დავალებათა გენერლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. სწორედ ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს გაიცნო ილია ოდიშელიძემ შტაბს-კაპიტანი ბორის შაპოშნიკოვი. შაპოშნიკოვის დახასიათებით „შუა ხნის პოლკოვნიკი, რუსეთ-იაპონიის ომისთვის წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოებული ოდიშელიძე ჭკვიანი და გაბედული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა".
1910 წლის 16 ივლისს ოდიშელიძეს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა წარჩინებისთვის და ავტომატურად ოლქის სარდლის დავალებათა გენერლი გახდა. 1911 წლის 9 ნოემბერს ილია ოდიშელიძე სამარყანდის ოლქის სამხედრო გუბერნატორად ინიშნება. 1912 წლის 6 დეკემბერს გენერალ-მაიორი ოდიშელიძე წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1914 წლის 9 იანვარს ილია ოდიშელიძე თურქესტანის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი გახდა. ოდიშელიძის შუა აზიაში სამსახურის დროს ოლქის სარდალი კავალერიის გენერალი ალექსანდრე სამსონოვი იყო. მისი ამ პოსტზე ყოფნის დროს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი.
1914 წლის 11 ოქტომბერს მას გენერალ-ლეიტენატის წოდება მიენიჭა და პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე გაიგზავნა. 13 ოქტომბერს ის ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის (სარდალი გენერალი რუზსკი) მე-10 არმიის (სარდალი გენერალი სივერსი) შტაბის უფროსად დაინიშნა. 25 ოქტომბერს ოდიშელიძემ მიიღო წმინდა ანას I ხარისხის ორდენს ხმლებით. 23 დეკემბერს 1-ლი არმიის (სარდალი გენერალი ლიტვინოვი) შტაბის უფროსად გადაიყვანეს. ამ პოსტზე ოდიშელიძე 1917 წლის 16 იანვრამდე იყო. 1917 წლის 16 იანვრიდან 12 სექტემბრამდე ის XV საარმიო კორპუსის მეთაური იყო. ამის პარალელურად, 12-დან 24 აპრილამდე, ის 1-ლ არმიასაც ხელმძღვანელობდა. 1917 წლია 12 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე ოდიშელიძე დასავლეთის ფრონტზე (სარდალი გენერალი ბალუევი) მოქმედი მე-3 არმიის სარდალი იყო.
1917 წლის 2 ოქტომბერს ოდიშელიძე კავკასიის არმიის სარდლად დაინიშნა. ძალიან რთულ პერიოდში მოუწია ილია ოდიშელიძეს კავკასიის არმიის სარდლობა. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ნელ-ნელა რუსეთის იმპერიის არმიის დეზორგანიზაცია, დემორალიზაცია და დაშლა დაიწყო. ოქტომბრის რევოლუციის და ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ ეს პროცესები უკვე შეუქცევადი გახდა. ოდიშელიძე ცდილობდა კავკასიის არმიის დაშლა შეეჩერებინა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. კავკასიის ფრონტი იშლებოდა და ამას ვერაფერი შეაჩერებდა. ილია ოდიშელიძის მცდელობა, რომ ოსმალეთის არმიისათვის წინააღმდეგობა გაეწია და მისი წინსვლა შეეჩერებინა უშედეგო აღმოჩნდა. შექმნილ ვითარებაში მან ეროვნული შენაერთების შექნას შეუწყო ხელი. 1918 წლის ზამთარში კავკასიის არმიამ ფაქობრივად არსებობა შეწყვიტა. ამ დროისათვის ილია ოდიშელიძე ამიერკავკასიის კომისარიატის სამხედრო მინისტრის თანაშემწე იყო.
პირველი რესპუბლიკა
რედაქტირებასაქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გენერალი ოდიშელიძე რესპუბლიკის სამსახურში ჩადგა და სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის სამხედრო ცხოვრებაში. მისი პირველი პოსტი სამხედრო მინისტრის მოადგილეობა იყო. სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის 1918 წლის 24 ივნისის #17 ბრძანებით ილია ოდიშელიძე სამხედრო მინისტრის ამხანაგად დაინიშნა. ამ პოსტზე მას დიდხანს არ უმუშავია. იმავე წლის 16 აგვისტოს პირადი განცხადების საფუძველზე გენერალი ოდიშელიძე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ცოტა ხანში ის სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. იმავე წლის 25 სექტემბერს ინფანტერიის გენერალი ოდიშელიძე სამხედრო კომისიის თავმჯდომარედ დაიიშნა. სამხედრო კომისიას ყველა საჭირო წესდების გადასინჯვა, თარგმნა, გამოცემა, სამხედრო ფორმის ახალი პროექტის განხილვა და ჯარების სამსახურთან და მოწყობასთან დაკავშირებული სხვა საქმეების განხილვა ევალებოდა.
ოდიშელიძე იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გაგზავნილი საქართველოს დელეგაციის სამხედრო ექსპერტი. მან 1919 წლის 1 მაისს ივანე ჯავახიშვილთან ერთად წარადგინა დოკუმენტი, რომელშიც ისტორიული, ეთნოგრაფიული და სამხედრო-სტრატეგიული არგუმენტების გათვალისწინებით დადგენილი იყო საქართველოს ისტორიული საზღვრები. 1919 წლის 16 ივნისს სხვებთან ერთად მოაწერა ხელი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დადებულ სამხედრო ხელშეკრულებას.
1919 წლის 13 სექტემბერს ვერის დაღმართზე მას საზღვარგარეთის ქვეყნების სხვა პირებთან ერთად მოუწყვეს ტერორისტული თავდასხმა ოდიშელიძე დაიჭრა სახეში. 1920 წლის 6 იანვარს ნოე ჟორდანიამ დანიშნა ის სამხედრო მინისტრის მოადგილედ.[1]საქართველოს მთავრობისადმი წარდგენილ არაერთ მოხსენებაში სახავდა კონკრეტულ გეგმებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. 4 თებერვალს ილია ოდიშელიძემ წარადგინა მოხსენება საქართველოს საზღვრების დაცვის შესახებ. მასში გაანალიზებული იყო არსებული ვითარება, საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და ქვეყნის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებები. გენერლის აზრით მობილიზაციის შემთხვევაში საქართველოს შეიძლება ყოლოდა ქვეითთა 36 ბატალიონი, 3 ესკადრონი და ქონოდა 96 ქვემეხი და 216 ტყვიამფრქვევი. 1920 წლის 23 სექტემბერს, სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე შვებულებაში გავიდა და მინისტრის მოვალეობის შესრულება ოდიშელიძეს დაევალა. ოდიშელიძე მინისტრის მოვალეობას 10 ნოემბრამდე ასრულებდა. 1920 წლის 13 დეკემბერს ილია ოდიშელიძე საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა. ოდიშელიძემ და გენერალმა ზაქარიაძემ წერილობითი მოხსენება გადასცეს თავდაცვის საბჭოს 1921 წლის 15 იანვარს რესპუბლიკის თავდაცვითუნარიანობის გაუმჯობესების შესახებ.
1921 წლის 11-12 თებერვლის რამეს ლორეს ნეიტრალურ ზონაში განთავსებულ საქართველოს ჯარს თავს დაესხნენ საბჭოთა რუსეთისა და სომხეთის სსრ-ის შეიარაღებული ძალები. დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი. ომის პირველ ეტაპზე ოდიშელიძემ რამდენიმე მძიმე შეცდომა დაუშვა. შედეგად, 16 თებერვალს ოდიშელიძე გადაყენებულ იქნა და მისი ადგილი გენერალმა გიორგი კვინიტაძემ დაიკავა. ოდიშელიძე მთავრობის თავმჯდომარის სამხედრო მრჩევლად დაინიშნა. ოდიშელიძემ იყო ერთადერთი, ვინც ტფილისის ბრძოლის შემდეგ თბილისის დატოვების შესახებ მთავარსარდლის გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგა.
1921 წლის 17 მარტს ილია ოდიშელიძემ დატოვა სამშობლო. ცხოვრობდა სტამბოლში, სადაც წაიკითხა ორი ვრცელი მოხსენება საბჭოთა წლის ომის შესახებ. გარდაიცვალა იქვე.
სამხედრო ჯილდოები
რედაქტირება- წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი.
- წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ხმლებითა და ბანტით.
- წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი ხმლებითა და ბანტით.
- წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი ხმლებით.
- წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ხმლებით.
- წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი.
- წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი.
- წმინდა ანას I ხარისხის ორდენი ხმლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 306.
- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 82-85, ISBN 978-9941-0-7386-1.
- ბახტაძე მ., 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებების ისტორიიდან 2013 წ. „არტანუჯი“
- Гогитидзе М. Грузинский Генералитет. 2001 г. Киев.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ირემაძე ი., სილაქაძე დ., ჭანტურიძე ს., „ნოე ჟორდანია — 150“, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 80, ISBN 978-9941-13-712-9.