გრიგოლ ლორთქიფანიძე
გრიგოლ ლორთქიფანიძე (დ. 30 სექტემბერი, 1881, ისრითი — გ. 2 სექტემბერი, 1937) — პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. 1918–1921 წლებში, სხვადასხვა დროს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში ეკავა სამხედრო და განათლების მინისტრისა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს მოლაპარაკებას აწარმოებდა რევკომთან. 20-იან წლებში რუსეთში გადაასახლეს. გრიგოლ ლორთქიფანიძე 1937 ჩეკას ჯურღმულებში გარდაიცვალა.
გრიგოლ ლორთქიფანიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 30 სექტემბერი, 1881 |
დაბადების ადგილი | ისრითი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 2 სექტემბერი, 1937 (55 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
განათლება | ოდესის უნივერსიტეტი |
შვილ(ებ)ი | დარეჯანი, თეიმურაზი, ნოდარი |
გრიგოლ ლორთქიფანიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებაგრიგოლ სპირიდონის ძე ლორთქიფანიძე დაიბადა 1881 წელს იმერეთში, ქუთაისის მაზრის სოფელ ისრითში. მამა, სპირიდონი და დედა, მართა თადეოზის ასული პაპავა აზნაურები იყვნენ. გრიგოლი ოჯახში მეექვსე შვილი იყო. ოთხწლიანი სკოლა დაამთავრა სოფელ ამაღლებაში. სწავლა გააგრძელა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. გიმნაზიიდან რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო გარიცხეს, მაგრამ იოსებ ოცხელმა აღადგინა.
1902 წელს გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, გრიგოლმა სწავლის გასაგრძელებლად აირჩია ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, სადაც ტრადიციულად ქართველი ახალგაზდრობის დიდი ჯგუფი იღებდა მონაწილეობას. ამ დროისათვის ოდესა რუსეთის სამხრეთის რევოლუციური მოძრაობის ცენტრს წარმოადგენდა. სტუდენტთა მოძრაობაში ნოვოროსიისკის უნივერსიტეტსაც თვალსაჩინო ადგილი ეკავა. გრიგოლი ამ მოძრაობის შუაგულში აღმოჩნდა. მან მჭიდრო კონტაქტები დაამყარა ოდესის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციასთან და მესვეურობდა სტუდენტთა სამზადისს რევოლუციური გამოსვლებისათვის, ორგანიზატორი იყო პოლიტიკური გაფიცვებისა. პარტიის გაყოფის შემდეგ, ქართველთა უმრავლესობის მსგავსად, მიემხრო მენშევიკებს. 1904 წელს სხვა მეამბოხე სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტიდან გარიცხეს და ციხეში ჩასვეს.
რევოლუცია
რედაქტირებალორთქიფანიძემ 3 წელი გაატარა პატიმრობასა და გადასახლებაში. 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტიც კი არ შეხებია მას. მხოლოდ შემდეგ, როცა რევოლუციური ვნებები დაცხრა და ცარიზმი გამარჯვებას ზეიმობდა, სასჯელმოხდილი ლორთქიფანიძე გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ ამიერიდან ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში აღარ ჩაებმებოდა. 1907 წელს კვლავ დაბრუნდა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში, მაგრამ ამჯერად სპეციალობა შეიცვალა — აირჩა ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი ფილოსოფიის განხრით. ჟანდარმერია-პოლიციისათვის მიცემული დაპირება არ შეასრულა, ისევ ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში. საფუძვლიანად სწავლობდა მარქსიზმს. ამ წლებში ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიის მენშევიკურ და ბოლშევიკურ მიმდინარეობათა დისკუსიებში, გამოდიოდა საჯარო ლექციებით გამათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიისა და თეორიის საკითხებზე, თანამშრომობდა პრესაში. ამ დროს მისი რედაქტორობით გამოიცა გაზეთი „ეკალი“, რომელიც რადიკალური მიმართულების გამო მალე აკრძალეს, შემდეგ ქუთაისში გაზეთ „სოციალ-დემოკრატიულ ფურცელს რედაქტორობდა.
გრიგოლ ლორთქიფანიძეს ამ დროს პროფესიონალი რევოლუციონერის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი და იგი პოლიციის გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ოდესის გუბერნიის პოლიციის უფროსის მოხსენებაში იმპერატორისადმი აღნიშნულია, რომ გრიგოლ ლორთქიფანიძე ყველაზე საშიში რევოლუციონერია ოდესის გუბერნიაში.
რევოლუციის აღმავლობა, რაც იმპერიაში 1911-1912 წლებში დაიწყო ახალ პერსპექტივებს უშლიდა გრიგოლსაც. 1911 წელს ერთ-ერთი რევოლუციური მარქსისტული ჯგუფის დარბევისას, ჟანდარმებმა იგი დააპატიმრეს. 1911-1912 წლები მეტეხის ციხეში გაატარა. გასამართლების შემდეგ სასჯელად ერგო გადასახლება რუსეთის ჩრდილოეთში. 1916 წელს მისცეს ვორონეჟის გუბერნიაში დასახლების უფლება. აქ იგი პედაგოგობას ეწეოდა და დაოჯახდა კიდეც. მეუღლე, დაბა ურუს კომერციული სასწავლებლის პედაგოგი ლუბოვ ტიმოთეს ასული ავრამენკო.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს გრიგოლი ისევ რუსეთშია და პედაგოგიურ საქმიანობას უთავსებს საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იგი, ისევე როგორც ზოგადად ქართული სოციალ-დემოკრატია, მტრულად შეხვდა 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკურ გადატრიალებას და მიიჩნია ჭეშმარიტი მარქსიზმის უხეშ დამახინჯებად. გრიგოლი სწორედ ამ პერიოდში რედაქტორობდა ბელგოროდის ოლქის ერობის სახალხო გაზეთს, რომელშიც ათავსებდა სტატიებს სხვადასხვა ფსევდონიმით. გრიგოლს სწამდა, რომ რუსეთის დემოკრატიის ინტერესებს დაიცავდა რუსეთის დამფუძნებელი კრება, რომლის დათხოვნა ბოლშევიკების მიერ მიიჩნია ბოლშევიკური დიქტატურის უხეშ გამოვლინებად. ამ გაზეთის 34-ე ნომერი პვლადიმერ ზავადიეს ფსევდონიმით დაბეჭდილია მისი სტატია „ცდები რუსეთზე", სადაც დაგმობილია ის მტკივნეული ექსპერიმენტები, რომელთაც რუსი ხალხის მიმართ ახორციელებდნენ ბოლშევიკები. ეს გაზეთი ბოლშევიკებმა მალე დახურეს. რეპრესიების მოლოდინში გრიგოლ ლორთქიფანიძე ბოლშევიკურ რუსეთს მალე გაეცალა და 1918 წლის დამდეგს ოჯახითურთ დაბრუნდა საქართველოში.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
რედაქტირებალორთქიფანიძე ამ დროს ხშირად მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ლექციებით გამოდიოდა მიმდინარე მომენტისა და პერსპექტივების შესახებ. საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას იგი მიიჩნევს კოლონიური უღლისაგან თავდახსნისათვის ქართველი ხალხის ასწლოვანი ბრძოლის დაგვირგვინებად, ამხელს რუსული ბოლშევიზმის ავანტიურიზმს, მისი იდეების შეუთავსებლობას ხალხთა ინტერესებთან. დავით კლდიაშვილი, რომელიც თელავში, კოტე მაყაშვილთან და დუტუ მეგრელთან ერთად დასწრებია გრიგოლის ლექციას, იგონებს:[1]
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში გრიგოლს იმთავითვე საპასუხისმგებლო თანამდებობა ეჭირა. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა დამოუკიდებელი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, აქტიურად მონაწილეობდა სახალხო გვარდიის ორგანიზაციასა და განმტკიცებაში, საჯარისო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაში. ამ მხრივ მისი მოღვაწეობა იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ 1920 წელს საქართველოს სამხერდო მინისტრად დანიშნეს. დამფუძნებელმა კრებამ მას, ამასთან ერთად, დააკისრა რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეობა. სხვადასხვა დროს, საქართველოს სამხედრო და განათლების მინისტრის თანამდებობები ეკავა.
1921 წლის მარტის შუაში, მას შემდეგ რაც, წითელი არმიამ საქართველო დაიკავა და მენშევიკური მთავრობა ბათუმიდან საზღვარგარეთ წასასვლელად ემზადებოდა, გრიგოლ ლორთქიფანიძე ბოლშევიკებთან მოსალაპარაკებლად თბილისში დარჩა, გენერალ შალვა მაღლაკელიძესთან და სამხედრო მინისტრ პარმენ ჭიჭინაძესთან ერთად. რევკომი ჟორდანიასგან კაპიტულციას მოითხოვდა, დამფუძნებელი კრება უარს აცხადებდა. მოლაპარაკებებში ლორთქიფანიძემ ძირითადი აქცენტი გააკეთა მიმდინარე ოსმალეთის მცოცავ ანექსიაზე, რომელიც თანდათან ზემოთ მოიწევდა და ბათუმის ოლქს იპყრობდა.
1921 წლის 18 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან გრიგოლ ლორთქიფანიძემ და რევკომის წარმომადგენელმა მამია ორახელაშვილმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმად ერთადერთ კანონიერ მთავრობად კვლავ, ვიდრე მას ქართველი ხალხი არ გადააყენებდა, რჩებოდა დემოკრატიული მთავრობა. საქართველომ არ ცნო ბოლშევიკური მთავრობა და არ მიიღო კაპიტულაცია.
საბჭოთა წყობა
რედაქტირებალორთქიფანიძე მთავრობას ემიგრაციაში არ გაჰყვა, ბათუმში დარჩა და გენერალ მაზნიაშვილთან ერთად ბათუმი და აჭარა სამშობლოს შეუნარჩუნა, ხოლო შემდეგ ცოლ-შვილთან ერთად საკუთარ სოფელ ისრითს მიაშურა და გლეხურ ცხოვრებას მიჰყო ხელი. მალევე გრიგოლ ლორთქიფანიძე ადგილობრივმა რევკომმა საეჭვო პიროვნებად მიიჩნია და დააპატიმრა. ქუთაისიდან მეტეხის ციხეში გადაიყვანეს, შემდეგ სუზდალის საპატიმროში. სუზდალში პატიმრობისას მან დაწერა ესსე „ფიქრები საქართველოზე", რომელიც მეტად მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შესახებ. 1925 წელს გრიგოლ ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ საქართველოში ცხოვრება აკრძალული ჰქონდა, ამიტომ კურსკში დასახლდა და პედაგოგიურ საქმიანობას მიჰყო ხელი.
1928 წელს ინდუსტრიალიზაციის წარმატებებით აღფრთოვანებულმა საქართველოს პარტიის ცეკამ, კონკრეტულად გრიგოლის რევოლუციამდელმა მეგობრებმა, მიხა კახიანმა და ლევან ღოღობერიძემ, ჩამოიყვანეს გრიგოლ ლორთქიფანიძე, იმ დაპირებით, რომ თუ გაიზიარებდა ბოლშევიკების პოლიტიკურ კურსს და ექნებოდა სურვილი, გაუკეთებდნენ რეაბილიტირებას და მოაწყობდნენ უნივერსიტეტში ლექტორად. გრიგოლს მოატარეს თითქმის მთელი საქართველო და სთხოვეს, გამოეთქვა თავისი შეხედულებანი სოციალიზმის მშენებლობის თაობაზე. გრიგოლ ლორთქიფანიძემ პირუთვნელად კარგიც აღნიშნა და მიუღებელზეც მიუთითა ცეკას. განსაკუთრებით მოითხოვა ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმება, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გზა. ბოლშევიკებმა და ყოფილმა მენშევიკმა საერთო ენა ვერ გამონახეს და გრიგოლი კვლავ დააბრუნეს გადასახლებაში.
1929 წელს, გრიგოლ ლორთქიფანიძემ კურსკიდან მისწერა წერილი იოსებ სტალინს ორმოცდაათი წლის იუბილეზე:
ამ წერილის შემდეგ ლორთქიფანიძე ექვსი თვით ჩასვეს ციხეში შემდეგ კი, უკვე საცხოვრებლად ქცეულ კურსკიდან სამი წლით გადაასახლეს ვორონეჟში.
1935 წელს სსრკ საბჭოების მეექვსე ყრილობაზე გადაწყდა „გამარჯვებული სოციალიზმის” კონსტიტუციის შემუშავება. იმავე წლის 24 მარტს გრიგოლ ლორთქიფანიძე საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, სტალინს და წევრებს: მოლოტოვს, ლიტვინოვსა და რადეკს უგზავნის 36 გვერდის მოცულობის წერილს კონსტიტუციაში ეროვნულ საკითხებზე თავისი მოსაზრებებით. გრიგოლთან ერთად წერილს ხელს აწერენ იმხანად ვორონეჟში გადასახლებული ალექსანდრე დგებუაძე და კონსტანტინე კანდელაკი. კომისიამ გრიგოლის მოსაზრებები არ გაითვალისწინა.
1936 წლის 21 დეკემბერს გრიგოლ ლორთქიფანიძეს მიესაჯა დამატებით 5 წელი გამასწორებელ ბანაკებში და გაიგზავნა ციმბირის უმძიმეს ბანაკში, კემეროვოს ოლქის გორნაია შორიას რკინიგზის მშენებლობაზე. 1937 წელს ქობულოვმა მოახსენა საქართველოს სსრ ცკ პირველ მდივან ლავრენტი ბერიას, რომ ემიგრაციაში ნოე ჟორდანიას უთქვამს გრიგოლ ლორთქიფანიძეზე, საქართველოში ყველაზე საიმედო ძალად მიმაჩნიაო. შემდეგ ბერიას მიერ შეთითხნილი ბრალდებით იგი საქართველოში ჩამოიყვანეს და ჩეკას საპყრობილეში გამოკეტეს, სადაც 1937 წლის 2 სექტემბერს, საკუთარ 56-ე დაბადების დღეზე, ბერიასა და ქობულოვთან დაკითხვის დროს გარდაიცვალა.
ხსოვნა
რედაქტირება1998 წლის 22 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნდა გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოება. გრიგოლ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩებია თბილისსა და ბათუმში. თბილისში, პავლე ინგოროყვას N22-ში, სადაც ცხოვრობდა ლორთქიფანიძე, განთავსებულია შესაბამისი საინფორმაციო დაფა.
ლიტერატურა
რედაქტირება- აკა მორჩილაძე, გრიგოლ ლორთქიფანიძე 1881-1937 / რედ: ვაჭარაძე ა., ჭანტურიძე ს., თბილისი: IDFI, 2021, ISBN 978-9941-8-3251-5 Invalid ISBN.
- ლორთქიფანიძე გ.;, ფიქრები საქართველოზე / რედ: სურგულაძე პ., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გმომცემლობა, 1995, ISBN 5-511-00536-3.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ დავით კლდიაშვილი. ოთხი დღე კახეთში, ვ. სიდამონიძის პუბლიკაცია, „განთიადი“, № 4, 1987, გვ. 184