აზნაური — ფეოდალური საზოგადოების გაბატონებული კლასის წარმომადგენელი. ტერმინი უცხოური წარმოშობისაა და ქართულად გაფორმებულ სიტყვად არის მიჩნეული. ზოგიერთი მკვლევარი — სპარსულ „ზანას“ (გვაროვნობათა კავშირი, ერი) უკავშირებს, ზოგი — სპარსულ „აზნას“ (წარჩინებული).

ეტიმოლოგია

რედაქტირება

თავდაპირველად „აზნაური“ „თავისუფალს“ ნიშნავდა, უძველეს ქართულ ნათარგმნ ლიტერატურაში (ძველი და ახალი აღთქმის წიგნები) ამ მნიშვნელობით არის ნახმარი. ქართლის ცხოვრების მიხედვით ფარნავაზმა აზნაურები უწოდა იმ თავისუფალ ბერძენ (რომაელ) მხედრებს რომლებიც აზოსთან ბრძოლის დროს მისი მხარე დაიჭირეს.

 
„ხოლო იგი ჰრომნი ათასნი მჴედარნი, რომელნი აზონისგან მოერთნეს ფარნავაზს, რომელი ზემოთ ვაჴსენეთ, იგინი განყვნა ჴევთა და ქუეყანათა შინა, იპყრნა იგინი კეთილად, რამეთუ ბრძოლასა მას აზონისსა მჴნედ იყვნეს. და უწოდა მათ სახელად აზნაურნი.“

„აზნაურთა“, „დიდ-დიდ აზნაურთა“ და „უაზნოთა“ არსებობა ქართლში უკვე V საუკუნის II ნახევრის ორიგინალურ ძეგლში „შუშანიკის მარტვილობაშია“ დადასტურებული. იმდროინდელ საქართველოში არსებობდა წოდებრივი ჯგუფები, კერძოდ, მემკვიდრეობითი პრივილეგიებოთ აღჭურვილი მემამულეთა წოდება. სახელწოდება „აზნაური“ მომდევნო პერიოდში ყველა წარჩინებულზე გავრცელდა და სწორედ ამ წოდებას აღნიშნავდა. ასე რომ ქართული „აზნაური“ დაახლოებით იმასვე აღნიშნავდა, რასაც დასავლეთ ევროპაში ნობილიტეტი (წარჩინებული). აზნაურთა წოდების შინაგანი აღნაგობა სულ უფრო რთულდებოდა. რაც შეეხება „ტახტის აზნაურს“, მას შეესაბამებოდა დასავლეთ ევროპული ტიტული „Count“ (რუსული „Граф“). „სათავადო აზნაურის“ (ისევე როგორც „ცალმოგვი აზნაურის“) შესატყვისი დასავლეთ ევროპული ტიტული კი იყო „Chevalier“.

კლასიფიკაცია

რედაქტირება

IX საუკუნიდან მოყოლებული და შემდეგ, ფეოდალური მონარქიის ხანაში, X-XIII საუკუნეებში ეს სტრუქტურა ასე წარმოგვიდგა: ყველაზე მაღალ წრეს შეადგენდნენ „დიდებულნი აზნაურნი“ ან მარტივად „დიდებულნი“ - მსხვილი ფეოდალური არისტოკრატია. დიდებულად იწოდებოდა ისეთი აზნაური, რომელიც დიდი მამულისა და მრავალრიცხოვან ყმათა მფლობელი იყო და ამიტომ ესა თუ ის დიდი თანამდებობაც ეჭირა. ასეთ აზნაურს საკუთარი ციხეც ჰქონდა. ამდენად „დიდებული აზნაური“ და „ციხოვანი“ ანუ „ციხის უფალი აზნაური“ მეტ-ნაკლებად ერთი და იგივე იყო. იყვნენ აგრეთვე „უციხო აზნაურნი“ - საშუალო და წვრილი აზნაურობა. რადგან აზნაურული პრივილეგიები მემკვიდრეობითი ხასიათისა იყო, ამიტომ ამ წოდების დიდი უმრავლესობა „მემამულე“, „ნათესავით“ (ე.ი. მემკვიდრეობითი) აზნაურებისაგან შედგებოდა. შედარებით იშვიათად შეიძლებოდა „გააზნაურებაც“, განსაკუთრებით მეფის სამსახურში დაწინაურების გზით. ამგვარად ჩნდებოდა „მსახურეულ აზნაურთა“ ჯგუფი („ტაძრეულნი აზნაურნიც“ ალბათ იგივენი იყვნენ), რომელიც „დიდგვაროვანთა“ „მსახურეული სახლებისაგან“ განსხვავებით ახლად იძენდა წოდებრივ პრივილეგიებს. ამ წრეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა აბსოლუტიზმისადმი მიდრეკილების მქონე მეფეების ცენტრალისტური პოლიტიკისათვის. მემკვიდრეობითი მსხვილი მემამულე არისტოკრატიისა და საშუალო და წვრილი აზნაურობის შინაკლასობრივი ანტაგონიზმი განსაკუთრებით მწვავდებოდა მაშინ, როცა დიდგვაროვან ფეოდალებს ეს „უგვარო“ და ახლად აღზევებული გააზნაურებული მდაბიონი უპირისპირდებოდნენ.

სამეფო სამსახურში დაწინაურება მეფეთა „წყალობისა“ და „ბოძების“ გზით იწვევდა, პირველ ყოვლისა, მიწის, აგრეთვე ფეოდალური მფლობელობის სხვა ობიექტის იმ მატერიალური საფუძვლის ზრდას, რაზედაც დამყარებულია სოციალური-პოლიტიკური კეთილდღეობა და ბატონობა ფეოდალურ საზოგადოებაში. თავდაპირველად ამ „საბოძვრებს“ პირობითი სამფლობელოს, „საკარგავის“, ხასიათი ჰქონდა და მათი მფლობელნიც „მოსაკარგავე“ აზნაურებად იწოდებოდნენ. სოციალური რაობით ამ ფენას შეესაბამება XIV-XVII საუკუნეები რუსული „დვორიანსტვო“. მოსაკარგავე აზნაურები გამუდმებით ცდილობდნენ სამფლობელოს პირობითი ხასიათი შეეცვალათ და სამემკვიდრეოდ ექციათ. ჩვეულებრივ ეს ტენდენცია მიზანს აღწევდა: იმკვიდრებდნენ არა მარტო მიწებს, არამედ პირობითი მფლობელობის სხვა ობიექტებსაც, მაგ., სახელმწიფო თანამდებობებს. ასე ყალიბდებოდა ახალი მსხვილი მემამულე არისტოკრატია, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ძველი დიდგვარიანების პოზიციას იჭერდა.

აზნაურთა წოდების სხვადასხვა ფენის შინაარსობრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი იყო, ე. წ. პატრონყმობა, რომელსაც საფუძვლად აგრეთვე საადგილმამულო ურთიერთობა ედო. პატრონყმობის ურთიერთობა ქმნიდა აზნაურის დამოკიდებულებას არა მარტო მეფისაგან არამედ აზნაურისაგანაც. სათანადო ფაქტებს უკვე ადრინდელი ფეოდალურ ხანაშივე ვხვდებით. აზნაურთა წოდების განვითარების ისტორიაში განსაკუთრებით საინტერესოა თავადთა ინსტიტუტის საკითხი. ძველ ხანაში თავადები, როგორც ჩანს, მხოლოდ აზნაურთა საგვარეულოების თავკაცები იყვნენ, მაგრამ XIV-XV საუკუნეებში ისინი უკვე ჩამოყალიბდნენ ცალკე წოდებად, რომელიც ფეოდალურ იერარქიაში აზნაურებზე მაღლა მოექცა. თავადთა ხელში პოლიტიკური ძალაუფლების გადასვლის შემდეგ აზნაურთა წოდება შედარებით დაკნინდა და დამოუკიდებელი მნიშვნელობა დაკარგა.

XVI-XVII საუკუნეებიდან აზნაურობა თანდათან მოექცა მეტ-ნაკლებად მყარ დამოკიდებულებაში სამეფო სახლთან, ეკლესიასა და თავადებთან. ამ გზით აზნაურთა სამი ჯგუფი ჩამოყალიბდა. სამეფო აზნაურები (იგივე „ტახტის აზნაურები“) მეტი პრივილეგიებითა და გავლენით სარგებლობდნენ, ვიდრე საეკლესიო და სათავადო აზნაურები. დამოკიდებულების საფუძველი ყველა შემთხვევაში ერთი იყო - აზნაურს ბატონის მამული ეჭირა. აზნაურს ბატონისაგან წასვლის უფლება ჰქონდა იმ შემთხვევაში, თუ მას მიწასა და იქ დასახლებულ ყმებზე უარს იტყოდა. ბატონის უფლებები აზნაურის მიმართ დიდი იყო. ბატონს შეეძლო აზნაური მზითვადაც გაეცა. მეფეთა მიერ აზნაურის გაჩუქება ან მზითვად გატანება საეკლესიო და სათავადო აზნაურების გაჩენის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენდა. ამ დამოკიდებულების წარმოშობის მეორე უმნიშვნელოვანესი პირობა იყო აზნაურთა მცირემემამულიანობა ან უმამულობა, რა მათ აიძულებდა მსხვილ საეკლესიო თუ საერო მიწისმფლობელთა მფარველობისათვის მიემართათ. უმთავრესად მამულის სიდიდისა და ყმათა რიცხვის მიხედვით, ნაწილობრივ კი შთამომავლობის მიხედვითაც, აზნაურები სამ ხარისხად განიყოფებოდნენ, კერძოდ, სისხლის ფასის მხრივ ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი იცნობს დიდს (ანუ გადიდებულს), შუასა და ცალმოგვ აზნაურს. პირველის სისხლს აფასებს 192, მეორისას - 96, მესამისას - 4 50 თუმნად. აზნაურის საგვარეულოს გაყოფა მამულის დაქუცმაცებას მოასწავებდა და ამ იერარქიულ კიბეზე ჩამოქვეითების მიზეზი ხდებოდა.

რუსეთის მმართველობის დამყარების შემდეგ ქართველ აზნაურთა მდგომარეობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. მეფის ბიუროკრატიული მთავრობა ფორმალურად თითქოს იჩენდა მიდრეკილებას ქართველ თავადაზნაურობა განეხილა ისეთივე სოციალურ მოვლენად, როგორსაც ეს კლასი თვით რუსეთში წარმოადგენდა (ამას მოითხოვდა აგრეთვე 1783 წლის ტრაქტატის სათანადო მუხლი), მაგრამ არსებითად ეს საკითხი ძალთა რეალურ განლაგებასა და საერთო პოლიტიკურ მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული. ცარიზმს ახლად დაპყრობილ ქვეყანაში ეს კლასი თავის სოციალურ დასაყრდენად მიაჩნდა და ცდილობდა მის ისეთ ორგანიზებას, რომ ყველაზე საიმედო ელემენტები გამოეაშკარავებინა.

1803 მთავარმართებელ პ. ციციანოვის პროექტის თანახმად, ქართლ-კახეთში დაარსდა თავადაზნაურობის წარმომადგენლობითი ორგანოები - სამაზრო და საგუბერნიო დეპუტატთა საკრებულოები. სათანადო „წესებში“ რელიეფურად ჩანდა მოვლენის სოციალურ-ეკონომიკური ბუნება: საარჩევნო და წარმომადგენლობითი უფლება, ისე როგორც რუსეთში, საქართველოშიც არ მისცეს იმ აზნაურებს, „რომელთაც არ ჰქონდათ არავითარი საკუთრება და არავითარი შემოსავალი“. ცოტა გვიან დადგა საკითხი მსხვილ ფეოდალთაგან დამოკიდებულ აზნაურთა პირადი და სამამულო უფლებების შესახებ. საკითხი ეხებოდა საეკლესიო და სათავადო აზნაურებს. სამეფო აზნაურები მექანიკურად ჩაირიცხნენ სახაზინო უწყებაში. 1811 წელს მთავრობამ საეკლესიო აზნაურებიც მამულითა და ყმით სახაზინო უწყებაში გადარიცხა. ამასთან სახაზინო მიწებზე მათი გადასახლების განკარგულება გასცა.

ბევრად უფრო რთული იყო თავადთაგან დამოკიდებულ აზნაურთა საკითხი. მთავარმართებელ ნ. რტიშჩევის აზრით, სათავადო აზნაურები მდაბიოებად უნდა ჩათვლილიყვნენ და არ უნდა ესარგებლათ რუსეთის აზნაურთა პრივილეგიებით. 1816 რტიშჩევს უცდია კიდეც ამ შეხედულების განხორციელება. შემდეგ მთავრობამ კურსი შეცვალა. 1820 წელს მთავარმართებელ ა. ერმოლოვის წინადადებით, „საქართველოს უმაღლესი მთავრობის საზოგადო კრებამ“ განიხილა სათავადო აზნაურთა საკითხი და გამოიტანა დასკვნა - თავადთა ყმა აზნაურები სამეფო აზნაურთა ტოლნი არიანო. მწვავედ დადგა ამ აზნაურთა მამულების საკითხი. 1825 „საქართველოს უმაღლესი მთავრობის საზოგადო კრებამ“ ერმოლოს წარუდგინა მოსაზრებები ამის შესახებ, სახელდობრ:

  • ა) თავადებს უცილობელი უფლება უნდა ჰქონოდათ იმ მამულზე, რომლითაც აზნაური თავადის ყმობაში შევიდა მეფეთა წყალობის სიგელით, აგრეთვე თვით თავადის მიერ აზნაურისთვის ნაბოძებ და აზნაურის მიერ ომავე თავადის სხვა აზნაურისგან ნასყიდ ან მზითევში მიღებულ მამულებზე.
  • ბ) წასვლის შემთხვევაში აზნაური უტოვებდა თავადს ზემოხსენებული სახის მამულს მასზე მოსახლე გლეხებით;
  • გ) აზნაურთა უცილობელ საკუთრებად რჩებოდა თავადის ყმობაში ყოფნისას მეფის მიერ პირადად მისთვის ან მისი წინაპრებისათვის ნაწყალობევი და აგრეთვე თავისი ბატონისაგან ან უცხო მფლობელისაგან ნაყიდი მამული.

ცენტრალური მთავრობის შეხედულება ამ საკითხზე გამომჟღავნდა მაშინ, როცა სენატმა თავად ორბელიანებისა და მათი ყმის აზნაურ ყაითმაზაშცილის საქმის გარჩევისას გამოთქვა მოსაზრება, რომ ყაითმაზაშვილების დამოკიდებულება ორბელიანებისაგან „ფეოდალური დამოკიდებულების სახე“ იყო და არა „მიმაგრება“. უფრო ზოგადი სახე ამ შეხედულებამ მიიღო 1833, როდესაც ნიკოლოზ I-მა დაამტკიცა სახელმწიფო საბჭოს აზრი, რომ „ხსენებული აზნაურები თავადების დამოკიდებულებაში არ უნდა იმყოფებოდნენ და რომ ისინი უნდა მიჩნეულ იქნენ სამეფო აზნაურთა თანასწორად“. ამ კანონმა სათავადო აზნაურები ყმობისაგან გაათავისუფლა და ქართველ თავადებთან ერთად რუსეთის „დვორიანსტვოს“ გაუთანასწორა. საადგილმამულო მფლობელობის საკითხს იგივე დოკუმენტი შემდეგნაირად წყვეტდა: თავადებს მათთვის მეფის მიერ ნაწყალობევ აზნაურთა მამულზე უცილობელი უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭებოდათ, თუ წყალობის სიგელში სპეციალურად იქნებოდა აღნიშნული, რომ აზნაური ნაბოძებია მამულიანად.

სხვა შემთხვევაში მამული აზნაურს უნდა დარჩენოდა. ასევე აზნაურს უნდა მიკუთვნებოდა მეფის მიერ ნაბოძები ან თვითონ მის მიერ ნაზიდი მამული. უშვილობის შემთხვევაში ნამზითვი დარჩებოდა ქალის ნათესაობას. თავადის მიერ ნაჩუქარი მამული აზნაურს მხოლოდ თავადისავე სურვილით შეიძლებოდა მიეღო. თავადმა განთავისუფლებულ აზნაურს უნდა აუნაზღაუროს ბატონის მიწაზე ბატონისავე ნებართვით გაშენებული ბაღ-ვენახის და სხვადასხვა ნაგებობათა ღირებულება. თავადისაგან განთავისუფლებული აზნაური სახაზინო გლეხთა წოდებაში ჩაირიცხებოდა, სანამ აზნაურობას ფორმალურად დაამტკიცებდა. ამას გარდა, მას სახაზინო მიწაც მიეცემოდა, განსაკუთრებით ღარიბ აზნაურს ეს მიწა შემდეგაც არ ჩამოერთმეოდა. თავადებსა და მათგან განთავისუფლებულ აზნაურთა შორის საადგილმამულო დავის გასარჩევად 1836 დაარსდა ადგილობრივი „საშუამავლო“ სასამართლოები. მაგრამ რადგან ეს სასამართლოები მთლიანად ტავადთა გავლენაში მოექცნენ და აზნაურები განუწყვეტლივ ჩიოდნენ მათი უმოქმედობის შესახებ, მათ ნაცვლად 1846 ქ. გორში დაარსდა „განსაკუთრებული დროებითი კომისია“. ამგვარად, რუსეთის თვითმპყრობელობამ ეს მნიშვნელოვანი საკითხი თავისი ბუნების შესაფერად და საკმაოდ ოსტატურად გადაჭრა.

მთავრობის წვრილი აზნაურეობის გაძლიერებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს უპირისპირებდა უკმაყოფილებას, რომელსაც ძველი პოლიტიკური უფლებების დაკარგვის გამო სულ უფრო მეტად ამჟღავნებდა ქართველი მსხვილი მემამულე არისტოკრატია. შემთხვევითი არ არის, რომ მთავრობის სათანადო აქტი გამოქვეყნდა 1832 წლის შეთქმულების მომდევნო წელსვე. საყურადღებოა ისიც, რომ 1833 პეტერბურგის მმართველი წრეები ამ მხრივ მეტ რადიკალობას იჩენდნენ, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფალნი ოციანი წლების დამდეგს. „დიდგვაროვანთა“ მიმართ თვითმპყრობელობა მაინც ერიდებოდა უხეშ ზომებს, რადგან მისი მიზანი იყო ამ ჯგუფის ერთგვარი „დატუქსვა“ და არასრული გარიყვა. აზნაურთა განთავისუფლებით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურება თავადებს სახელმწიფო სამსახურით შეეძლოთ. მთავრობა მათ ამისათვის ფართო შესაძლებლობას უქმნიდა. მთავრობა კიდევ უფრო დიდ სიუხვეს იჩენდა გლეხობის ხარჯზე ორივე წოდების გულის მოსაგებად: XIX საუკუნის I ნახევარში თვითმპყრობელობამ საქართველოში ზედიზედ გამოსცა რამდენიმე განკარგულება, რომლებიც მიზნად ისახავდნენ გლეხობის სრულ დამონებას. გლეხებს აეკრძალათ სასამართლოში ბატონზე საჩივრის შეტანა და სასამართლოს საშუალებით თავისუფლების ძიება. ბატონებს კი, პირიქით, უფლება მიენიჭათ მკაცრად გასწორებოდნენ ურჩ ყმებს. ამ ღონისძიებებით ადგილობრივი გაბატონებული კლასების ყურადღება პოლიტიკური სფეროდან სოციალურ სფეროში იქნა გადატანილი. ერთგვარი შინაკლასობრივი ანტაგონიზმი თავადებსა და აზნაურებს შორის შემდეგშიც იჩენდა თავს.

აზნაურობის ეკონომიკური საფუძვლის - ბატონყმური მეურნეობის - რღვევამ ამ წოდების შეუჩერებელი დაცემა გამოიწვია. ბატონყმობის გაუქმებამ და კაპიტალისტურ ურთიერთობათა განვითარებამ აზნაურობა საბოლოოდ გააღატაკა. ოქტომბრის რევოლუციამ საბოლოოდ მოსპო აზნაურობა, როგორც მემამულეთა კლასის ნაწილი და პრივილეგიური წოდება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება