აზო (აზოჲ), აზონი, ლეგენდარული პირი — იხსენიება ძველ ქართულ ისტორიულ წყაროებში. "მოქცევაი ქართლისაის" თანახმად, აზო არიან-ქართლის მეფის შვილი იყო. მას თავისი მამის ქვეყნიდან, ქართველების პირვანდელი სამშობლოდან, წამოუყვანია 18 სახლი (გვარი) და დაუსახლებია მცხეთაში და მის მიდამოებში. ასე წარმოქმნილა ქართლის სამეფო, რომლის პირველი მეფე თვითონ აზო/ აზონი გამხდარა. ლეონტი მროველის "ცხოვრება ქართველთა მეფეთას" მიხედვით, აზონი ბერძენია, ქართველთა მტერი. ალექსანდრე მაკედონელს მმართველად დაუყენებია მცხეთაში. ქართველები ფარნავაზ მცხეთელისა და ეგრისის ერისთავ ქუჯის წინამძღოლობით ასჯანყებიან აზონს. სამშობლო ბერძენთა უღლისაგან გაუთავისუფლებიათ, დაუარსებიათ ქართლის სამეფო და პირველ მეფედ ფარნავაზი დაუსვამთ.[10]

აზო (აზოჲ), აზონი
მითრიდატე (მიჰრდატ), მითრანე[1]
ივერიის მთავარი[2][3]
მმართ. წლები: ძვ. წ. 330–272[4]
ძვ. წ. 326–302[5]
ძვ. წ. 322–302[6]
მემკვიდრე: ფარნავაზ I
გარდ. ადგილი: ქაჯთა ქალაქი ჰურიარტაანთან
მამა: არიან-ქართლის მეფე,[7] იარედოსი[8]/ იარედი[9]
ალექსანდრეს იმპერიის რუკა და მისი მარშრუტი.

ისტორიარედაქტირება

 
აქემენიდების იმპერიის ქრონოლოგია მნიშვნელოვანი მოვლენებისა და ტერიტორიული ევოლუციის ჩათვლით.

ელინისტურ ხანაში აღმოსავლეთ მცირე აზიის არაერთ სამეფო-სამთავროს (პონტოს, სომხეთის, კაბადოკიის) მმართველ დინასტიას თავისი თავი აქემენიდური ხანის ირანის მმართველი დინასტიიდან გამოჰყავდა. ამისდაკვალად იბერიაშიც, ჩანს, გავრცელებული ყოფილა ვერსია იბერთა მმართველი სამეფო სახლის წარმომავლობის შესახებ აქემენიდთა დინასტიის უკანასკნელი მეფის დარიოს III-ის (ძვ. წ. IV ს. დასასრული; მეფე, რომელიც ეძებდა ალექსანდრე მაკედონელს) სატრაპ მითრიდატესაგან, რომელიც თითქოს ალექსანდრე მაკედონელს დაუნიშნავს მმართველად კავკასიაში მოსახლე იბერებისათვის. ამის შესახებ გადმოცემა დაცული აქვს ძველ სომეხ ისტორიკოსს მოსე ხორენელს, რომელიც, ამასთანავე, აღნიშნულ მითრიდატეში პონტოს სამეფოს დამაარსებელ მითრიდატეს (337–302) გულისხმობს[11]. ლეგენდარული ცნობა ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართლის მმართველად თავისი სარდლის დანიშვნის შესახებ დაცულია აგრეთვე ძველ ქართულ წყაროებში. “მოქცევაჲ ქართლისაჲს” საისტორიო ქრონიკაში ნათქვამია, რომ, როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა ქართლი დაიპყრო (ცნობა ლეგენდარულია; სინამდვილეში ალექსანდრე მაკედონელს ქართლი არ დაულაშქრავს), მან აქ მმართველად დატოვა “არიან-ქართლის მეფის ძე აზო”. ეს აზო წავიდა თავის სამშობლო არიან-ქართლში და იქიდან მოიყვანა მრავალი “სახლი” (ე. ი. გვარი) თანამემამულეთა, აგრეთვე კერპები გაცი და გა[12]. ამავე ქრონიკაში ნათქვამია, რომ ჩვენ, ქართველნი, მემკვიდრენი ვართო ამ არიან-ქართლიდან გადმოსახლებულებისა[13]. ძველი ქართლის კერპების აღწერისას, რომლებიც არმაზის მთაზე იდგნენ, ქართლის გამაქრისტიანებელი ნინო გაცისა და გას კერპებზე ამბობს: “რომელნი – იგი ღმრთად ჰქონდეს მამათა თქუენთა არიან ქართლით[14]”. მეფე მირიანი მიმართავს რა იმავე ნინოს, გაცსა და გას უწოდებს: “ძუელნი ღმერთნი მამათა ჩუენთანი”[15]. მაშასადამე, ქართლის მოსახლეობა თავის უშუალო წინაპრებად (“მამებად”) განიხილავდა სწორედ აზოს მიერ არიან-ქართლიდან მოყვანილ ხალხს. ამრიგად, “მოქცევაჲ ქართლისაჲს” მიხედვით, არა მარტო ქართველთა (უფრო ზუსტად: ქართლელთა) მმართველნი, არამედ საერთოდ ქართველნი (ქართები) გადმოსახლებულან არიან-ქართლიდან ალექსანდრე მაკედონელის დროს. ბევრი მკვლევარი დაინტერესებულა საკითხით, თუ რა შეიძლება იგულისხმებოდეს “არიან-ქართლში”. არსებობს მისი ახსნის მრავალი ცდა, მაგრამ ეს საკითხი ჯერჯერობით გადაჭრილი მაინც არ არის.[16][17]

 
ალექსანდრე დიდის იმპერია, ძვ. წ. 323.

მოსე ხორენელის თხზულებაში ჩვენ გვაქვს გამოძახილი გადმოცემისა ქართველების ერთი ნაწილის გადმოსახლების შესახებ შიდა ქართლში[18] ამ შემთხვევაშიაც მოსე ხორენელის ტექსტი უდგება „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მატიანის ტიპს.

მაგრამ ამის გვერდით მოსე ხორენელის თხზულებაში ჩვენ გვაქვს ორი დაცილება იმ ცნობებიდან, რომელსაც შეიცავს „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ჩვენს დრომდე მოღწეული რედაქცია:

  1. მოსე ხორენელის უფრო არქაული ხასიათის ცნობების მიხედვით ქართველთა ეს გადმოსახლება მომხდარა არა ალექსანდრე მაკედონელის დროს (– როგორც ამას გადმოგვცემს „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ჩვენ დრომდე მოღწეული რედაქცია), არამედ უფრო ადრე, ნაბუქოდონოსორის დროს.
  2. მოსე ხორენელის ცნობით სახელი მმართველისა, რომელიც დაადგინა ალექსანდრე მაკედონელმა იბერიაში, იყო არა აზოჲ (როგორც ამას გადმოგვცემს „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ჩვენ დრომდე მოღწეული რედაქცია), არამედ მიჰრდატ.[19]

ეს დაცილება გვიჩვენებს რომ მოსე ხორენელის პირველწყარო თუმცა იმავე ტიპის ძეგლი ყოფილა, რომელსაც წარმოადგენს „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მატიანე, მაგრამ განსხვავებულ რედაქციას წარმოადგენდა.

აქ საჭიროა აღვნიშნოთ ამასთან შემდეგიც: რომ უძველეს ქართულ ისტორიოგრაფიაში ორი გადმოცემა არსებულა ქართველთა გადმოსახლების შესახებ, და რომ ერთი გადმოცემა ამ გადმოსახლებას მიაკუთვნებდა ნაბუქოდონოსორის ხანას, ხოლო მეორე გადმოცემა – ალექსანდრე მაკედონელის ხანას, ამის შესახებ დაცულია უწყება ჩვენ დრომდე მოღწეულ ქართულ წყაროებშიაც.

ასე, არსენი მეტაფრასტის თხზულებაში ( – როგორც ჩანს, აბიათარის მატიანიდან არის დამოკიდებული) – აღნიშნულია, რომ უფრო ადრე, ვიდრე აზოვე გადმოიყვანდა არიან-ქართლიდან ქართულ მოსახლეობას, ქართლში დაესახლნენო „ნათესავნი ქალდეველთაგანნი“. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მატიანეშიაც აღნიშნულია ანალოგიური ცნობა, რომ ქართლს დაეშენნენო „ნათესავნი მბრძოლნი — ქალდეველთაგან გამოსხმულნი ჰონნი“ (sic). მართალია, არსენ მეტაფრასტის ტექსტის ჩვენებით და „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მატიანის არსებული რედაქციის ჩვენებით – ეს ვითომც მომხდარა იმავე ალექსანდრე მაკედონელის ეპოქაში ( – თუმცაღა აზოჲს გადმოსახლების უწინარეს); მაგრამ ლეონტი მროველს დაცული აქვს ამავე გადმოცემის მეორე ვერსია ( – სხვაგვარი ინტერპრეტაციით) და იგი ამ ამბავს ნაბუქოდონოსორის ხანას მიაკუთვნებს.[20]

ასევე განსხვავებული ტრადიცია არსებულა იბერიის მმართველის შესახებ, რომელიც, გადმოცემით, დადგენილ იქნა ალექსანდრე მაკედონელის დროს. ამის შესახებ აქ განხილულ ძეგლებში სამი განსხვავებული გადმოცემაა წარმოდგენილი: ერთი – „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მატიანისა და არსენ მეტაფრასტისა ( – ამასვე უდგებოდა, ჩანს, აბიათარის მატიანეც); მეორე – ლეონტი მროველისა; მესამე –მოსე ხორენელის პირველწყაროსი. თვითონ სახელიც ამ მმართველისა სხვადასხვა სახით დაუცავს ტრადიციას:აზოჲ (=აზოვე || *აზუე, აზოვენ || *აზუენ, აზოელ, აზონ) და მიჰრდატ.[21]

აზოს წარმომავლობარედაქტირება

აზოს წარმომავლობასთან დაკავშირებით საერთო აზრი არ არსებობს ქართულ საისტორიო წყაროებში.

არიან-ქართლის მეფე ძვ. წ. IV-III სს. მიჯნაზე. მის დროს ბერძნები ცდილობდნენ ინდოეთისაკენ მიმავალი ტრანსკავკასიური სამდინარო მარშრუტის ამოქმედებას. თრაკია-მაკედონიის მეფე ლისიმაქე მხარს უჭერს კოლხეთის სანაპირო ზოლის ბერძნულ პოლისებს კოლხი სკეპტუხების (მთავრების) წინააღმდეგ ბრძოლაში. და ამით ხელთ იგდებს მარშრუტის დასაწყისს. შემდეგ ლისიმაქე დაეხმარება აზოსაც, რომლის სამფლობელოც ზღვაზე გადიოდა (კლარჯეთი), და მას მცხეთაში და მთელ ქართლზე გააბატონებს. ამრიგად, მტკვრის ხეობის დიდი ნაწილი უკვე მაკედონიის მეფის ხელშია. ფარნავაზი და მცხეთელი სეფეწულები სირიის მაკედონელ მეფეს, სელევკს უკავშირდებიან. მასაც სურდა აღნიშნული მარშრუტის ხელში ჩაგდება – ეს ხომ, ფაქტობრივად, უდრიდა მონოპოლიას ევროპისთვის სანელებლების მიწოდებაზე.

ფარნავაზი გაიმარჯვებს. აზო ბრძოლაში დაიღუპება. მისი ჩამომავალი ბაგადატი (ბაგრატი), სავარაუდოა, რომ ბაგრატიონთა ფეოდალური დინასტიის ფუძემდებელია.

აზოს შესახებ მოგვითხრობს ქართული წერილობით ძეგლები – „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და „ქართლის ცხოვრება“. ამ უკანასკნელი მიხედვით, აზო მაკედონელია და ალექსანდრეს სარდალი.

ქართლის საგარეო პოლიტიკური მდგომარეობარედაქტირება

 
ადრექართული სახელმწიფო იბერია (ძვ. წ. 600–ა. წ. 500).

კავკასიაში და მათ შორის ქართლში, ქართული წყაროების თანახმად, რომელსაც არცერთი უცხო წყარო არ ეწინააღმდეგება, არ იყვნენ მეფეები. ქართლს ისევე როგორც სხვა კუთხეებს მართავდნენ მამასახლისები. მამასახლისობა ეს იყო შთამომავლობითი უფლება რეგიონის მართვაზე. ქართლის შემთხვევაში მას მართავდა მცხეთის მამასახლისი. მცხეთელი მამასახლისებიდან დღესდღეობით ცნობილია მხოლოდ ორი: მცხეთოსი ვინც დააფუძნა მცხეთის მამასახლისობა და უკანასკნელი — სამარა (ფარნავაზ მეფის ბიძა), რომელიც მოიკლა ალექსანდრე მაკედონელის ლაშქართან უთანასწორო ბრძოლაში.

იქედან გამომდინარე რომ მამასახლისობის დროს ქვეყანაში არ არსებობდა სახელმწიფოებრივი ხედვა, ის ხშირად ხდებოდა მეზობელი იმპერიების რიგითი კოლონია. მამასახლისობის დროს არ არსებობდა ადმინისტრაციული დაყოფა, არ არსებობდა საერისთავოები და ყველა ემორჩილებოდა მხოლოდ ერთ ადამიანს. თავად სახელწოდება იბერიაც ჩნდება ქართლში მხოლოდ სამეფო დინასტიის ჩამოყალიბების შემდეგ. ქართლში არ არსებობდა ტერმინი სახელმწიფო ენა, არ არსებობდა სახელმწიფო რელიგია და ხალხი მისდევდა მრავალღმერთიანობას. შესაბამისად სპონტანურად განვითარებულ ქვეყანას ადვილად იმორჩილებდნენ ისეთი ქვეყნები, რომლებსაც სახელმწიფოებრივი ხედვა გააჩნდათ.

ხაზარეთი, სპარსეთი და სხვა იმპერიები დაინტერესებულნი იყვნენ კავკასიით, რადგანაც არსებობდა დამცავი კედელი კავკასიონის მაღალი ქედის სახით. აღნიშნულ დამცავ ზღუდეს დიდ ყურადღებას აქცევდა სპარსეთი, რომელიც პერიოდულად აშენებდა მასზე ქვითკირის კედელს. ძველი სპარსეთისათვის არსებობდა სამი ასეთი ჩრდილოეთი კედელი: ერთი აფხაზეთში, მეორე ალბანეთში და მესამე გურგანში. ისეთ ვიწრო ხეობებში კი როგორიცაა დარიალის ხეობა ეწყობოდა ჩამკეტი ციხე, რათა ჩრდილოკავკასიიდან უცხოტომებისათვის შემოჭრა შეეზღუდათ.

ალექსანდრე მაკედონელის პერიოდში, როდესაც მან დაიპყრო სპარსეთი, ქართლი შედიოდა სპარსეთის გავლენის ქვეშ, სადაც ქართველებს ევალებოდათ დაეცვათ სპარსეთის იმპერიის ჩრდილოეთი საზღვარი.

ალექსანდრე მაკედონელის კავკასიაში შემოჭრასთან დაკავშირებით არსებობს, მხოლოდ ქართული წყაროები, რომელზეც არაფერს სწერენ უცხოური წყაროები (გამონაკლისია რამდენიმე ისტორიკოსი). ცხადია, რომ სპარსეთის დაპყრობით შესაძლებელი ხდება იმ რეგიონის ხელში ჩაგდება, რომლითაც სამომავლოდ უნდა გაკონტროლებულიყო ჩრდილოეთი მხარე, კედელი, რომელიც უკონტროლოდ ყოფნის შემთხვევაში იმპერიისათვის მუდმივი შემოტევის წყაროს წარმოადგენდა. გარდა ამისა, ქართლი და მასთან ერთად მცხეთის მამასახლისი არ წარმოადგენდა ანგარიშგასაწევ ძალას.

ხოლო ოდესაც გამოჩნდა ალექსანდრე ბერძენი მაკედონელი და დაიპყრა დასავლეთი, შემდგომად დაიპყრა ეგვიპტე და შემოვიდა აღმოსავლეთს, ჰსძლო სპარსთა და მეფესა მათსა[25]. მერმე მოვიდა ქართლს დასაბამით 3623, ქართულსა 490, და იხილა ნათესავი ესე უუბოროტეს ყოველთა წარმართთა. ხოლო ამან ალექსანდრემ მოსწყვიდნა ყოველი ნათესავნი შერეულნი, თვინიერ ქართლოსიანთა და ურიათა, და დაიპყრა საქართველო და დაუტევა ლაშქარნი ასი ათასნი[26], და მათ ზედა მთავარი აზონ ძე იარედისა მაკედონელი; არამედ მოსპო ჭამაცა მკვდართა და სჯულად დაუდვა დამბადებლისა ერთისა ღვთისა თაყვანისცემა და მზისა და მთოვარისა და ვარსკვლავთა პატივი და თვით წარვიდა.[27][23]

შუა საუკუნეების ტრადიციარედაქტირება

მოქცევაჲ ქართლისაჲრედაქტირება

"მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს "ქრონიკის" თანახმად, ქართლის პირველი მეფე. მემატიანე მოგვითხრობს, რომ როდესაც ალექსანდრემ დაიპყრო ქართლი, მას თან ჰყოლია აზო, "არიან-ქართლის" მეფის ძე და მისთვის მიუბოძებია მცხეთა საჯდომად, ხოლო საზღვრად დაუდგენია აღმოსავლეთით ჰერეთი, დასავლეთით – ეგრის წყალი, სამხრეთით – სომხითი და ჩრდილოეთით – ცროლის მთა ("მთაჲ ცროლისაჲ"). ამის შემდეგ აზო წასულა არიან-ქართლში მამამისთან, საიდანაც წამოუყვანია თავისი რვა და მამა-მძუძის ათი სახლი (გვარი) და დამჯდარა "ძუელ მცხეთას". მას თან ასევე წამოუღია გაცის და გას კერპები. "მოქცევაჲ ქართლისაჲ" აღნიშნავს, რომ "ესე იყო პირველი მეფეჱ მცხეთას შინა აზოჲ ძჱ არიან-ქართველთა მეფისაჲ".[28] აზოს შემდგომ ქართლის მეორე მეფედ იხსენიება ფარნავაზი.

ცხოვრება ქართუელთა მეფეთარედაქტირება

"ცხოვრება ქართუელთა მეფეთა" ("ქართლის ცხოვრება") იგივე პიროვნებას უწოდებს აზონს და მას მეფედ არ მიიჩნევს. ამ ტექსტის მიხედვით, აზონი ალექსანდრე მაკედონელმა დატოვა ქართლის პატრიკად, ერისთავად. წყაროს სიტყვებით, აზონი ყოფილა "ძე იარედოსისი, ნათესავი მისი ქუეყანით მაკედონით".[29] ალექსანდრეს ასევე მისთვის დაუტოვებია ასი ათასი (რაც აშკარად გადამეტებული რიცხვია) "ფროტათოსელი" ჯარისკაცი "ქუეყანით ჰრომით, რომელსა ჰქჳან ფროტათოს" და უბრძანებია, რათა პატივი ეცათ მზისთვის, მთვარისთვის და ხუთი ვარსკვლავისთვის და ემსახურათ ყოვლის დამბადებელი უხილავი ღმერთისთვის.[29]

ალექსანდრეს წასვლის შემდეგ აზონმა მცხეთას, ისევე, როგორც ქართლის ყველა ქალაქს, ზღუდე საფუძვლითურთ მოურღვია და დატოვა მხოლოდ ოთხი ციხე, სადაც თავისი მებრძოლები ჩაუყენებია. მასვე დაუპყრია ქართლის საზღვრები ჰერეთიდან და მდინარე ბერდუჯიდან სპერის ზღვამდე; დაიპყრო ასევე ეგრისიც და მოხარკედ აქცია ოსები, ლეკები და "ხაზარები".[30]

"ცხოვრება ქართუელთა მეფეთა"-ს თანახმად, სიკვდილის წინ ალექსანდრე დიდმა თავისი სამეფო გაუყო ოთხ კაცს, რომელთაგან ერთს, "ბიზინტიოსს მისცა საბერძნეთი და ქართლი, და უჩინა კერძო ჩრდილოსა. და მოუწერა წიგნი ანდერძი აზონ პატრიკსა, ერის–თავსა ქართლისასა, რათა მსახურებდეს იგი ბიზინტიოსს. და მან აღაშენა ქალაქი ბიზინტია, რომელსა აწ ჰქჳან კოსტანტინეპოლი".[31] ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ აზონმა დაივიწყა ალექსანდრესგან მიცემული რჯული და იწყო კერპთმსახურება, მას შეუქმნია ვერცხლის ორი კერპი – გაცი და გაიმი და "მონებდა იგი ბიზინტიოსს, მეფესა საბერძნეთისასა".[31]

წყაროს დახასიათებით, აზონი ყოფილა "კაცი ძნელი და მესისხლე" და თავისი სპისთვის უბრძანებია, რომ ყველა ქართველი, რომელსაც კი იარაღასხმულს ნახავდნენ, უნდა მოეკლათ. ასეთი შეჭირვებულნი იყვნენ ქართველები აზონისგან 24 წლის განმავლობაში (ძვ. წ. 326–302), სანამ ფარნავაზი, მცხეთის მამასახლისის, სამარას ძმისწული და მისი მოკავშირე, ეგრისელი ქუჯი (შემდგომში ეგრისის ერისთავი ფარნავაზის სამეფოში) კავკასიელ მთიელებთან ("ოვსნი და ლეკნი") ერთობლივად არ აუჯანყდნენ მას. აჯანყებულებს შეუერთდნენ აზონისგან გამდგარი ათასი რჩეული მხედარი "ჰრომი". აზონი იძულებული გახდა გაქცეულიყო კლარჯეთში და იქ გამაგრებულიყო გარედან ("საბერძნეთიდან") სამხედრო დახმარების მოლოდინში.

ამასობაში ფარნავაზმა დაიპყრო მთელი ქართლი, გარდა კლარჯეთისა და "ასურასტანის" მეფემ, "ანტიოქოსმა" (სელევკიდების დინასტიის მმართველთა საზოგადო სახელი) მეფედ აღიარა: "უწოდა შვილად თჳსად და წარმოსცა გჳრგჳნი. და უბრძანა ერის–თავთა სომხეთისათა, რათა შეეწეოდიან ფარნავაზს".[32] ფარნავაზის აჯანყების მეორე წელს, "საბერძნეთიდან" დახმარების მიღების შემდეგ, აზონმა შეკრიბა ჯარი და გამოემართა ფარნავაზთან საბრძოლველად. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა არტაანთან ("ნაქალაქევსა თანა არტანისასა, რომელსა ერქუა მაშინ ქაჯთა ქალაქი, რომელ არს ჰური"). სისხლისმღვრელ ბრძოლაში ფარნავაზმა "ბერძნები" დაამარცხა, ხოლო თვით აზო ამავე ბრძოლაში მოკლეს.

თანამედროვე ინტერპრეტაციარედაქტირება

სერგი გორგაძეს ვარაუდით:

აზო იყო „პირველი მეფე მცხეთას შინა“. მან იმეფა დაახლოებით 330 წლიდან 272 წლამდე ქრ. წინ და ამ ხნის განმავლობაში მოასწრო მესხეთ-ქართლ-კახეთის შეერთება, კოლხიდისა და ალბანიის ზოგიერთი პროვინციებით.[33]

კირილ თუმანოვს თავის ნაშრომში[34] აზო არა ჰყავს მეფეთა რიგში შეყვანილი და იბერიის მეფეთა ნუმერაციას ფარნავაზიდან იწყებს.

აზოს სიკვდილირედაქტირება

მცხეთის მამასახლისისა და ფარნავაზის მამის მოკვლის შემდეგ 3 წლის ჩვილი ფარნავაზი დედამ საფრთხეს აარიდა და 17 წლის განმავლობაში ზრდიდა ჩუმად სპარსეთში. უკვე 20 წლისა ბრუნდება მცხეთაში და უახლოვდება აზოს მისი ვინაობის გაუმხელად.

ფარნავაზის მიერ აზოს მოკვლა შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ ალექსანდრეს მაკედონელის სიკვდილისა (ძვ. წ. 323) და მისი იმპერიის დაცემის (ძვ. წ. 321) შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფარნავაზი აღმოჩნდებოდა მსოფლიოში უძლიერესი იმპერიის პირისპირ. როგორც ქართული მატიანე იუწყება:

ხოლო იხილა რა აზონ, რომელ არა შეეწევის მას სელევკოსს, არამედ შეეწევის ფარნავაზს, ამისთვის წარვიდა აზო საბერძნეთად და წარმოიყვანა მუნით მხედრობა ფრიადი და მომართა ფარნავაზს.

რადგანაც აზოს დახმარებას წყვეტდა სელევკე I ნიკატორი, ეს ნიშნავს რომ დამდგარი იყო სელევკიდების დინასტიის პერიოდი, ხოლო სელევკე გარდაიცვალა ძვ. წ. 281 წელს.

ქართლის მოქცევაში ფარნავაზის მიერ აზოს მოკვლის შესახებ არაფერი წერია:

ა. და ესე იყო პირველი მეფჱ მცხეთას შინა აზოჲ, ძჱ არიან-ქართველთა მეფისაჲ, და მოკუდა.

კომენტარებირედაქტირება

  1. და მერმე გამოიღო სარკინე. თჳთ დაყარეს და მეოტ იქმნნეს. და თანა-ჰყვანდა ალექსანდრეს მეფესა აზოჲ, ძჱ არიან-ქართლისა მეფისაჲ, და მას მიუბოძა მცხეთაჲ საჯდომად და საზღვარი დაუდვა მას ჰერეთი, და ეგრის, და სომხითი და მთაჲ ცროლისა[ჲ] და წარვიდა.

    ხოლო ესე აზოჲ წარვიდა არ[ი]ან-ქართლად, მამისა თჳსისა და წარმოიყვანა რვაჲ სახლი და ათნი სახლნიმამა-მძუძეთანი, და დაჯდა ძუელ მცხეთას და თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთად - გაცი და გა.

  2. დაიპყრა ალექსანდრე ყოველი ქართლი და მოსრნა ყოველნი იგი ნათესავნი აღრეულნი, ქართლს მყოფნი, და უცხონი იგი ნათესავნი მოსრნა და დატყუევნა დედანი და ყრმანი უცებნი, ათხუთმეტისა წლისა უმცროჲსნი. და დაუტევნა ნათესავნი ქართლოსიანნი, და დაუტევა მათ ზედა პატრიკად, სახელით აზონ, ძე იარედოსისი, ნათესავი მისი, ქუეყანით ჰრომით, რომელსა ჰქჳან ფროტათოს. ესე ფროტათოსელნი იყვნეს კაცნი ძლიერნი და მჴნენი და ეკირთებოდეს ქუეყანასა ჰრომისასა. და მოიყვანნა ქართლად, და მისცნა აზონს პატრიკსა. და დაუტევა აზონ ქართლს ერისთვად და მის თანა სპანი იგი მპყრობელად ქართლისა.

    და უბრძანა ალექსანდრე აზონს, რაჲთა პატივ-სცემდენ მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა ხუთთა, და ჰმსახურებდენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისასა; რამეთუ მას ჟამსა არა იყო წინასწარმეტყუელი და მოძღუარი სჯულისა ჭეშმარიტისაჲ, რომელმანმცა ამხილა, არამედ თჳთ მოიგონა სჯული ესე ალექსანდრე მეფობასა შინა მისსა, ყოველსა ქუეყანასა სჯული ესე დაუდვა, და წარვიდა ალექსანდრე.

    ხოლო ამან აზონმან მოარღჳვნა ზღუდენი ქალაქსა მცხეთას საფუძველითურთ, და დაუტევნა ოთხნი იგი ციხენი, რომელნი მოსდგმიდეს პირსა ქართლისასა: თავადი ციხე, რომელ არს არმაზი, და ერთი ციხე დასასრულსა არმაზისისა და ციხე ერთი თავსა ზედა მცხეთისასა, მეოთხე ციხე დასავლით მცხეთაჲ, მტკუარსა ზედა. და ესენი მოიმტკიცნა და განავსნა იგინი ლაშქრითა. და ყოველთა ქართლისა ქალაქთა და მოარღჳვნა ზღუდენი და დაიპყრნა ყოველნი საზღვარნი ქართლისანი ჰერეთითგან და ბერდუჯითგან ვიდრე ზღუადმდე სპერისა. და დაიპყრა ქართლსა ზედა ეგრისიცა, და მოხარკე ყვნა ოვსნი, ლეკნი და ხაზარნი.

  3. ხოლო ესე აზონ იყო კაცი მოსისხლე და მოშურნე, და უკეთუ ვინ კეთილ-ჰასაკოვან გამოსჩნდის საქართველოსანი, მოაკვდინებდა და თვისთა ლაშქართაცა ეგრეთ უყოფდა. ამითი იყო ჭირი დიდი საქართველოსა შინა აზონის გამო. ხოლო ოდეს მოკვდა ალექსანდრე მაკედონელი და განიყვეს მთავართა მისთა ქვეყანანი ესე, დაუტევა აზონ სჯული ალექსანდრესი და ჰქმნა კერპნი დიდნი – გაცი ოქროსა და გაიმ ვერცხლისა და მსახურებდა მეფესა მცირისა აზიისასა. ამის აზონის დროს იწყეს ქართველთა შვილთა თვისთა კერპთა შეწირვად და არა აყენებდა აზონ, ვინათგან თვითცა ჰკლვიდა.
  4. კვალად ვახტანგ მეფე სწერს: „ალექსანდრემან დაუტევაო ქართველთა ზედა პატრიკად სახელით აზონ ძეჲ იარედისა, ნათესავი მისი ქვეყანით მაკედონიით და მისცაო ასი ათასი კაცი ქვეყანით რომით, რომელსა ჰქვიან ჶროტატოს, ესე ჶროტატოსელნი, იყვნესო კაცნი ძლიერნი, ეკირთებოდეს (ესე იგი ებრძოდეს) ქვეყანასა რომისასა, მოიყვანა ქართლად იგინი ალექსანდრემან და მისცნნა ჴელის-ქვეშედ აზონს პატრიკსა“.

ლიტერატურარედაქტირება

  • გ. მელიქიშვილი, ქართლი (იბერია) ძვ. წ. VI-IV სს. ქართლის სამეფოს წარმოქმნა. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1970.
  • თ. დუნდუა, კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, თბ., 1993.
  • მამულია გ., ბაგრატიონთა დინასტიის წარმოშობა და ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოქმნა, «მნათობი», 1971, № 2.

სქოლიორედაქტირება

  1. მანანა სანაძე «„ქართლის ცხოვრება“ და საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდი (ქართლოსიდან მირიანამდე)». საქართველოს ისტორია, ქართლის ცხოვრება, მოქცევაი ქართლისაი, ქართველი ხალხის გენეზისი, საქართველოს მეფეები. გვ. 207. გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“, ISBN 99928-28-33-1. თბილისი, 2001. დიასპორის ბიბლიოთეკა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  2. ვახუშტი „საქართველოს ისტორია“, გამოცემა დ. გ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ნაწილი პირველი ძველი საქართველოს საზოგადო ქარტიით. ტფილისი, 1885. გვ. 35.
  3. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია“ ქმნილი საქართველოს მეათცამეტის მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან. სტამბასა შინა სამეცნიერო აკადემიისასა. 1848 წელსა. გვ. 210.
  4. სერგი გორგაძის მიხედვით.
  5. ვახუშტის მიხედვით.
  6. Principaux Rois en Asie Mineure. IBÉRIE - COLCHIDE.
  7. 7.0 7.1 მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდისეული ვერსია. შატბერდის კრებულის 1979 წლის გამოცემიდან. გვ. 1.
  8. ლეონტი მროველი „ქართლის ცხოვრება“. გვ. 38.
  9. ვახუშტი „საქართველოს ისტორია“, გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ნაწილი პირველი ძველის საქართველოს საზოგადო ქარტიით. ტფილისი, 1885. გვ. 35.
  10. აზო. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  11. მოსე ხორენელი, სომხეთის ისტორია. წ. II, თავი 8, შდრ. წ. II, თ. 11, 14, 15, 16, 18 – იხ. 1913 წლის თბილისის გამოცემა, გვ. 114, 121, 127, 130 – 132.
  12. იხ. ექვთ. თაყაიშვილის გამოცემაში: Описание рукописей общества распространения грамотности среди грузинского населения, т II, вып.4. გვ. 709.
  13. ამაზე ლაპარაკია “მოქცევაჲ ქართლისაჲს” შატბერდისეულ ხელნაწერში იხ. აგრეთვე ამ ცნობების ვარიანტი, დაცული “წმინდა ნინოს ცხოვრების” არსენ ბერისეულ (XII ს.) რედაქციაში; იხ. ამ ძეგლის პ. კარბელაშვილისეული გამოცემა, თბ., 1902, გვ. 46 – 47.
  14. იხ.ილია აბულაძის გამოცემა: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წ. I, თბ., 1964, გვ. 120.
  15. იქვე, გვ.132.
  16. მოსე ჯანაშვილს “არიან-ქართლი” აგონებდა შუა აზიის “არიანას”, რომელსაც იხსენიებს ალექსანდრეს ლაშქრობათა ამბების მოთხრობისას ფსევდოკალისთენეს რომანი; იხ. მ. გ. ჯანაშვილი, საქართველოს ისტორია, ტ. I, თბ., 1906, გვ. 52 – 53, 57 – 62; ს. ჯანაშია შეეცადა ეს ტერმინი “ხურიტების” სახელწოდებისათვის დაეკავშირებინა, რომელსაც წინათ შეცდომით (“ხურის” ნაცვლად) “ხარის” სახით კითხულობდნენ; იხ. ს. ჯანაშია, უძველესი ეროვნული ცნობა ქართველთა პირველ საცხოვრისის შესახებ მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის სინათლეზე, ენიმკის მოამბე, V–VI, 1940, გვ. 671 და სხვ. ექვთ. თაყაიშვილმა ეს სახელი ამ ქართულ ძეგლში “ქვაბის საგანძურის” სახელით ცნობილი თხზულებიდან შესულად მიიჩნია (“საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე”, IX, 1948, №9-10). ჩვენ შევეცადეთ “არიან”–სახელი “სპარსულის” (“არიულის”) სახით გაგვეაზრებინა და ვთვლიდით, რომ აქ შეიძლება შემოინახა მოგონება სამხრეთქართულ (“სპარსულ-ქართულ”) რაიონებზე, რომლებიც აქემენიდური სპარსეთის მფლობელობაში იყვნენ მოქცეული. ამ რაიონების მოსახლეობას, ჩვენი აზრით, მართლაც აქტიური როლი უნდა შეესრულებინა აღმოსავლურქართული სახელმწიფოებრიობის წარმოქმნაში (Г. А Меликишвили, К истории древней Грузии, თბ., 1959, გვ. 276 შმდ.) შესაძლებელი ჩანს არიან-ქართლის ახსნის ზოგი სხვა ვარიანტიც – იხ. გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, გვ. 16.
  17. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ ო მ ი I, საქართველო უძველესი დროიდან ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე. ტომის რედაქტორი გიორგი მელიქიშვილი. გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო”. თბილისი, 1970. თავი მეხუთე: ქართველები, მათი წარმომავლობის საკითხი. გვ. 212 – 241.
  18. იხ. მოსე ხორენელი, წიგნი II, თავი 8, 11.
  19. იხ. იქვე.
  20. იხ. არსენი მეტაფრასტი, გვ. 46 (1902 წ.), მოქცევაჲ ქართლისაჲ, გვ. 708 (OP, II), ლეონტი მროველი, გვ. *126/12 (მარიამ-დედოფლისეული ქართლის ცხოვრება); მოსე ხორენელი, წიგნი II, თავი 8, 11.
  21. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე «მოქცევაჲ ქართლისაჲ» და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“: 6. მოსე ხორენელის ტექსტი b. გვ. 530, 531.
  22. ლეონტი მროველი „ქართლის ცხოვრება“. გვ. 37, 38.
  23. 23.0 23.1 ვახუშტი „საქართველოს ისტორია“, გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ნაწილი პირველი ძველის საქართველოს საზოგადო ქარტიით. ტფილისი, 1885. გვ. 35, 36.
  24. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“. გვ. 110.
  25. სპარსთა მეფე იყო მას ჟამსა დარიოს კოდომანი.
    დ. რექტ.
  26. ვიდრე ათასნი, ხოლო სხვასა ქართლის მცირესა მატიანესა შინა სწერს მეისტორიე ქართლისავე ბრძენი ორასისა მხედრისა დატევებასა ქართლად აზონითურთ, რომელიცა ესე უკვე უფროს ჭეშმარიტ არს ორასისა მხედრისა დატევება.
    დ. რექტ.
  27. შესაძლებელია თუ არა, რომ ალექსანდრე მაკედონელი თვით შემოსულიყო საქართველოში, ამაზე ნახე Hist. de la G., I, p. 35, n. 6, და აგრეთვე ჩემგან შეგროვებული ცნობები ჩემს საქართველოს ისტორიის გამოკვლევაში. აქ ესეც უნდა დავურთოთ, რომ არა თუ საქართველოს მემატიანენი ალექსანდრეს ყოფნას ჩვენს ქვეყანაში უეჭველ ჶაქტად იხსენიებენ,ზოგი-ერთნი ძველნი უცხო-ტომთ ცნობანიც არ არიან ამისნი წინააღმდეგნი; მაგალითებრ: მაკაბელთა პირველ წიგნში სწერია, რომ ალექსანდრემ შემდეგ სპარსეთის დაპყრობაისა „მოვლნო ვიდრე კიდემდე ქვეყანისა“ (თავი I, მუხლი 1–3). ამ ჶრაზასვე იმეორებს ქ.-ცხბა: „დაიპყრნა ყოველნი კიდენი ქვეყანისანი“ (ქ.-ცხ., 26); რომაელთ მწერალი ქრისტეს შემდეგი კვინტი კურცი (41–54 წ.) მოგვითხრობს, რომ ალექსანდრემ ჩვიდმეტის დღის განმავლობაში ჯარით გადიარა კავკასის მთა. იული სოლინი (IV საუკ. დამდეგს) გვიამბობს, ვითომც ალექსანდრეს დაემონავებინოს აზია, სომხეთი, იბერია, ალბანია... და ტავრის მთით გადაევლოს კავკასი. მარ აბას კატინა ამბობს, ვითომც დარიოსის სატრაპი მიტრიდატი ალექსანდრეს მოეყვანოს და დაედგინოს მთავრად ნაბუქოდონოსორის მიერ დატყვევებულთა იბერიელთა, რომელნიც შავი ზღვის პირად სახლობდნენ (Гана, Известия древних греческих и римских писателей о Кавказе. Тифлисъ, 1884, стр. 145, 179.—Langlois, Collect..., I, 49). თუ ამ გვარი სიცრუე ყოფილა გავრცელებული საქართველოს გარეშე, მაშ არ უნდა იყოს ჩვენთვის გასაკვირველი ისიც, რომ ქ.-ცხოვრებაშიაც შემოუტანიათ იგი, როგორათაც ისტორიული ჶაკტი.
  28. შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 320
  29. 29.0 29.1 ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 18
  30. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 19
  31. 31.0 31.1 ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 20
  32. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 23
  33. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. მოკლე სისტემატიური კურსი მოზრდილთათვის. ჟურნალ „ჯეჯილის“ გამოცემა. ტფილისი. 1910. II. საქართველოს ცხოვრება და თავგადასავალი მე-4–1-ელ საუკუნეში ქრ. წინ. გვ. 42.
  34. CYRIL TOUMANOFF, "CHRONOLOGY OF THE EARLY KINGS OF IBERIA", Traditio, Vol. 25 (1969), pp. 1-33
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აზო&oldid=3995743“-დან