არიან-ქართლი
არიან-ქართლი — მომდინარეობს მოქცევაჲ ქართლისაჲში ნახსენები ფრაზიდან — "ძჱ არიან ქართველთა მეფისაჲ", რომელსაც მეცნიერთა ერთი ნაწილი კითხულობს, როგორც "ძჱ არიან-ქართველთა მეფისაჲ" ანუ არიან-ქართლის მეფეთა შთამომავალი. ანუ არიან-ქართლი მიჩნეულია ქართველი ხალხის თავდაპირველ სამშობლოდ. მეორენი აღნიშნულ ფრაზაში პიროვნების ტიტულს ხედავენ და მას კითხულობენ, როგორც "ძჱ არიან ქართველთა მეფისაჲ" ანუ არიან მეფის ძე.
„ესე იყო პირველი მეფეჱ მცხეთას შინა აზოჲ ძჱ არიან–ქართველთა მეფისაჲ“
|
არიან-ქართლი
რედაქტირება„მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით ალექსანდრე მაკედონელის მიერ მცხეთაში მმართველად დატოვებული აზო არიან-ქართლის მეფის შვილი იყო. აზო წასულა მამის ქვეყანაში – „არიან ქართლად“, – იქიდან წამოუყვანიათ 18 სახლი ანუ გვარი და მცხეთასა და მის მიდამოებში დაუსახლებია. ასე გამოჩენილა ქართული მოსახლეობა საქართველოს აწინდელ მიწა-წყალზე.
არიან, ქართლის მეფე
რედაქტირება„...არან ყოფილა ქართლის მეფე და არა "ტომით ბერძენი იარედოსისი" ქ-ცხ.-ბისა. ოთხასის წლის წინეთ ქრისტეს დაბადებისა ბერძნების მემატიანემ ქსენოფონტიმ თავის აღწერაში: "უკუქცევა ათი-ათასთა ბერძენთა" სრულად მოგვითხრა, რომ ქართველთა ტომნი, რომელნიც იმ დროს იპყრობდენ ტიგრ-ეფრატის სათაურიდამ ტრაპიზონამდე (ნაწილი კაპადოკიისა), განყოფილ იყვნენ მრავალ ნაწილებად და ნათესავებად, რომელნიც ერთმანეთს მტრობდნენ, და ბერძნებს აქეზებდნენ ერთი-მეორის საწინააღმდეგოდ. ეს გარემოება ბერძნებმა ჩინებულად გამოიყენეს და უვნებელად გავიდნენ ეფრატის ღელედგან შავ-ზღვამდი, ტრაპიზონს ახლო, სადაც სახლებულან მაკრონნი. ჩვენი ქონიკაც იმავ განცალკევებას გვიჩვენებს ქართველთ ტომებისას. სჩანს რომ მცხეთა ყოფილა ცალკე სამეფო ანუ სამამასახლისო. ქართლის მეფემ ანუ მამასახლისმან აზომ, ძემან არან ქართლის მამასახლისისამან, ბერძნების მხარე დაიჭირა, უშველა მათ მცხეთის აღებაში და ამის სანუფქოდ მაკედონელმა მეფემ, გარდააგდო რა მცხეთის მამასახლისი სამარა, აზოს მისცა მცხეთა და დაუმორჩილა მასვე ყველა წვრილ-წვრილ ტომნი ქართველთ ერისა...[1]“
|
ამ ჰიპოთეზის მიხედვით, ზემოთმოყვანილი ფრაზის, როგორც პირონების აღქმას, მივყევართ ქართლის ცხოვრებაში ნახსენები ფრაზებთან წინააღმდეგობაში, სადაც წერია "აზონ, ძე იარედოსისი".
პროლოგი
რედაქტირებაარიან-ქართლის პრობლემას სხვადასხვა დროის მრავალი მკვლევარი შეეხო, მაგრამ სათანადოდ გაშუქებული მაინც არ არის. აზრთა სხვადასვხაობას განსაკუთრებით სახელის – „არიანის“ რაობა იწვევს. ზოგი მკვლევარი მას აზოს მამის სახელად მიიჩნევს, ზოგი – ქვეყნისა და მის მცხოვრებთა სახელის მსაზღვრელად. საცილობელია არიან-ქართლის ლოკალოზაციის საკითხიც. მართალია, ყველა მკვლევარის აზრით, იგი კავკასიის სამხრეთით მდებარეობდა, მაგრამ კერძოდ სად, დადგენილი არ არის. ამ საკითხის შესახებ არსებულ მოსაზრებათა შორის განსაკუთრებით საგულისხმოა ორი აზრი: აკადემიკოს ს. ჯანაშია თვლის, რომ არიან-ქართლი „წარმოადგენს მოგონებას ჰარი ქვეყნის, როგორც ქართველთა უძველესი საცხოვრისის შესახებ. რეალურად აქ შესაძლებელია იგულისხმებოდეს როგორც მიტანი, ისე ურარტუც, ვანის ტბის მიდამოები, რადგანაც... ჰარი ქვეყანა შეიცავდა ერთსაც და მეორესაც“ (შრომები, ტ. 2, გვ. 70).
გ. მელიქიშვილის აზრით, არიან-ქართლი უნდა იყოს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი კუთხე, რომელიც ერთ დროს აქემენიდთა ირანის საბრძანებელში შედიოდა და რომელსაც უფრო ჩრდილოეთით მოსახლე ქართველები არიან-ქართლს ანუ ირანის ქართლს უწოდებდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- მელიქიშვილი გ., საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხებისათვის, თბ., 1965;
- ჯანაშია ს., უძველესი ეროვნული ცნობა ქართველთა პირველსაცხოვრისის შესახებ... შრომები, [ტ.] 2, თბ., 1952;
- Меликишвили Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959;
- გრიგოლია კ., ქსე, ტ. 1, გვ.565-566, თბ., 1975
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თ. ჟორდანია, "ქრონიკები და სხვ მასალა საქართველოს ისტორიისა" ტფილისი 1892