გაცი და გაიმი
გაცი და გა — ქართული წარმართული პანთეონის ღმერთები.
ისტორია
რედაქტირებაგაცის და გას კერპები, „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს თანახმად, არიან-ქართლიდან მცხეთაში მოუტანია აზოს, არიან-ქართლის მეფის ძეს, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართლის მეფედ იქნა დასმული ძვ. წ. IV საუკუნეში.[1] სწორედ ამიტომ მატიანეში მათ „კერპნი სამეფონი“[2] და „ძუელნი ღმერთნი მამათა ჩუენთანი“ ეწოდებათ.[3]
„ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“-ს მიხედვით, ამ ღმერთებს ეწოდებათ „გაცი და გაიმი“ და მათი კერპები აზონს (იგივე აზო) მცხეთაში შეუქმნია, ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდგომ.[4]
წმ. ნინოს „ცხოვრების“ ყველა ვერსია ადასტურებს, რომ გაცის და გას (გაიმის) კერპები მცხეთაში, ახ. წ. IV საუკუნეში, ქართლის ქრისტიანობაზე მოქცევამდე მდგარან.
გაცის და გაიმის კერპები ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განადგურდა. ხელნაწერ ტექსტებში გაცი და გაიმი “ყველაზე იდუმალის გამგეებად” მოიხსენიება.[5]
სახელწოდებათა ვარიანტები
რედაქტირება„მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს სამ, შატბერდულ, ჭელიშურ და სინურ რედაქციებში და „მეფეთა ცხოვრების“ სხვადასხვა ხელნაწერებში დასტურდება ამ კერპთა სახელების ვარიანტთა მრავალფეროვნება:
- შატბერდული: ა) გაცი; ბ) გა
- ჭელიშური: ა) გაცი/გაიც; ბ) გაცა/გაცაჲ
- სინური: ა) გაცი; ბ) გა/გაცა
- „მეფეთა ცხოვრება“: ა) გაცი/გაც; ბ) გაიმ/გიმ/გაიამ/გაიმაა[6]
აღწერილობა და რიტუალური მხარე
რედაქტირება„მოქცევაჲ ქართლისაჲ“-დან ვიგებთ, რომ გაცის და გას კერპები მდგარან არმაზის მთაზე, ფარნავაზის მიერ აღმართული არმაზის კერპის მარჯვნივ და მარცხნივ – მარჯვნივ გაცი, ხოლო მარცხნივ – გა. ამასთან გაცის კერპი ოქროსგან ყოფილა დამზადებული, გასი კი – ვერცხლისგან.[7] რაც შეეხება გაცისა და გას კულტის რიტუალურ მხარეს, ამავე წყაროს თანახმად, მათ ჩვილ სეფეწულებს სწირავდნენ: „შეიწირვოდა მათა ერთი სეფეწული ცეცხლითა დაწუვად და მტუერი გარდაბნევად თავსა კერპისასა“.[8]
სამეცნიერო მოსაზრებანი
რედაქტირებაგასული საუკუნის დასაწყისში ნიკო მარმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოში გაცის და გას კულტს რეალურად არ უარსებია და მათი სახელები ქართულ მწერლობაში მწიგნობრული გზით დამკვიდრებულა. როგორც იგი ფიქრობდა, ღვთაება გას ქართველები შეიძლებოდა გასცნობოდნენ რომელიღაც ქრისტიანულ სირიულ ტექსტში. [9]
ბოლო დრომდე პოპულარობით სარგებლობდა გრიგოლ გიორგაძის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ არმაზი, გაცი და გა წარმოადგენდნენ ხეთურ–ხურიტული პანთეონიდან მომდინარე ღვთაებრივ ტრიადას.[10]
ბოლო დროს, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა უარყო როგორც ნ. მარის, ასევე გ. გიორგაძის აღნიშნული მოსაზრებები.[11] მისი აზრით, მიუხედავად სამი კერპის (არმაზი, გაცი, გა) ერთ მთაზე გვერდიგვერდ დგომისა, ისინი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ღმერთების კლასიკური ტრიადა. სამი კერპის ერთად დგომა ან გამოსახვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ღვთაებრივი ტრიადისადმი მათ კუთვნილებას. გაცი და გა წყვილი ღვთაებაა. დღემდე ცნობილ ყველა წარმართულ რელიგიაში ღვთაებათა წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა საპირისპირო სქესისანი იყვნენ. ნ. ნიკოლოზიშვილი მიიჩნევს, რომ გაცი მამრობითი სქესის ღვთაება უნდა ყოფილიყო, ხოლო გა მდედრობითისა. ამასთან, სახელი გა უნდა მომდინარეობდეს ძველი ბერძნული მიწის ღვთაების გეა–ს სახელიდან (ბერძნული: Γαία; დიალექტური ფორმები: Γῆ–გე და Γᾶ–გა); მამრობითი სქესის ღვთაების სახელი გაცი უნდა მომდინარეობდეს ასევე ბერძნული სიტყვიდან γήτης/γηίτης – გეტეს/გეიტეს, დიალექტური γάτης – გატეს, რაც „მიწათმოქმედ კაცს“, „მიწის მხვნელ კაცს“ ნიშნავს. მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ხალხის მითოლოგიაში (გამონაკლისია მხოლოდ ეგვიპტური ჰელიოპოლური მითი), მდედრული საწყისი პერსონიფიცირდება მიწის ღვთაებაში, ხოლო მამრული – ცის ღვთაებაში, რომელიც წვიმის, მეხისა თუ მეტეორიტის მეშვეობით ანაყოფიერებს მიწას. საბოლოოდ, ნ. ნიკოლოზიშვილი მიდის დასკვნამდე, რომ გაცი–გას კულტი უნდა ყოფილიყო ელინისტური კიბელე–ატისის მსგავსი, მომაკვდავი და აღორძინებადი ღვთაების კულტი, რომელიც აზომ, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავარმა შემოიტანა ქართლში.[12]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 320
- ↑ შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 338
- ↑ შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 340
- ↑ ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 20
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 24, თბ., 1978 წელი.
- ↑ ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, ქართლი ელინიზმისა და ქრისტიანობის სათავეებთან „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს და „ქართველ მეფეთა ცხოვრების მიხედვით“, დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 2006, გვ. 79
- ↑ შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 335
- ↑ შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 337
- ↑ Марр Н., Боги языческой Грузии по древне-грузинским источникам, СПБ., 1901, ст. 19, 21
- ↑ გიორგაძე გ., ათასი ღვთაების ქვეყანა, თბ., 1988
- ↑ ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, ქართლი ელინიზმისა და ქრისტიანობსი სათავეებთან „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს და „ქართველ მეფეთა ცხოვრების მიხედვით“, დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 2006, გვ. 78–81
- ↑ ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, ქართლი ელინიზმისა და ქრისტიანობსი სათავეებთან „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს და „ქართველ მეფეთა ცხოვრების მიხედვით“, დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 2006, გვ. 85–93