ცროლი
ცროლი — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარეების ხევსურეთის არაგვისა და არღუნის სათავეებში. მოქცეულია კალოთანის უღელტეხილის აღმოსავლეთით, ხევსურეთში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3441 მ.[1]
ცროლი | |
---|---|
კოორდინატები: 42°35′31″ ჩ. გ. 45°01′18″ ა. გ. / 42.59194° ჩ. გ. 45.02167° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3441 მ |
ქედი | თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი |
საისტორიო ლიტერატურაში
რედაქტირება„მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ს „ქრონიკის“ თანახმად, როცა ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო ქართლი, მის მმართველად დანიშნულ აზოს საზღვრად დაუდგინა აღმოსავლეთით ჰერეთი, დასავლეთით – ეგრის წყალი, სამხრეთით – სომხითი, ხოლო ჩრდილოეთით – ცროლის მთა („მთაჲ ცროლისაჲ“).[2]
ფოკლკლორში
რედაქტირებაპოეზიაში
რედაქტირებასაისტორიო წყაროების პარალელურად ცროლის მთა ხევსურებისა და ქისტების საზღვრად განიხილებოდა, როგორც ამას ერთი ხალხური ლექსი ამტკიცებს:
შიბწვერო გადასავალო მოგლილო ჯიხვებისაო,
საზღვარო სისხლით მოსვრილო ჩვენო და ქისტებისაო....
ანდრეზებში
რედაქტირებაანდრეზებიდანაც ჩანს, რომ ხევსურთა წარმოდგენით ცროლის მთაზე გადიოდა „დედამიწის შუა სამანი“.[3]
ცროლის მთაზე, 3100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს „სანება ცროლის წვერისა“ (მფრინავი ანგელოზი), ნადირ-მონადირეთა და „მეკოპრეთა“ სალოცავი ხატი. ცროლის მთასთან არის დაკავშირებული აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არაერთი ხალხური გადმოცემა, „ანდრეზი“.[4]
ერთ-ერთი ასეთი ანდრეზის თანახმად, სანამ სანება ცროლს დაარსდებოდა, იგი მინდორში ყოფილა, ერთი სოფლის ახლოს. სანების (სამების) ჯვარი ახლაც სხვადასხვა ადგილას ილოცება, მაგრამ მისი მთავარი სამლოცველო და საარსო ადგილი სწორედ ცროლის მთაზე მდებარეობს. ამ ჯვარს მისი ყმები ასე მოიხსენიებდნენ:
„მფრინაო ანგელოზო, ბატონო სანებავ ცროლისწვერისაო.“
|
სანამ სანება მინდორში მდგარა, ბარის ხალხს ის თურმე ძალიან სწამდა, როდესაც ჯვარში მისვლა ეგულებოდათ, დღეობის მოახლოებასთან დაკავშირებით, ერთი თვე წმინდად ეჭირათ თავი: არ გაივლიდა უწმინდურ ადგილას, ქალს ახლოს არ გაეკარებოდა. თუ ასეთი რამ მაინც მოხდებოდა, მაშინ ჯვარში აღარ წავიდოდა. თუ მაინც მივიდოდა, მაშინ ძალიან ცუდად წაუვიდოდა საქმე. ჯერ, თურმე, თითო–ოროლა კაცს დაუწყია ჯვარში უწმინდურად სიარული, შემდეგ ასეთი ხალხი მომრავლებულა. ამის გამო ჯვარი გამწყრალა, ბარიდან აყრილა და მთაში წავიდა, სოფელს არც იქ გაეკარა და მაღალ მთაზე, ცროლზე დაარსდა, „ჴმელთ შუაჩი“.[5]
მხატვრულ ლიტერატურაში
რედაქტირება- ნახსენებია კ. გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენაში“ ზვიად სპასალარის მიერ ფხოვში ლაშქრობასთან დაკავშირებით.
- ნატო დავითაშვილის ფენტეზის ჟანრის რომანში „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ ცროლის მთას ერთ-ერთი საკვანძო ადგილი უკავია.
ლიტერატურა
რედაქტირება- კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 228-230, ISBN 978-99940-27-10-1.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ცროლი — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ↑ შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 320
- ↑ ხადუს სალოცავი - „დედამიწის შუა სამანი ცროლის მთაზე...“ : (ანდრეზული ცოდნა), მითი და ტრადიცია: იბერიის ცივილიზაცია, თბ., 2008, წიგნი III, კავკასია „სოლარულ წრეში“, გვ. 11-12
- ↑ მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის, ქართული მითოლოგია, წიგნი III, ავტორი ზ. კიკნაძე, თბ., 2004, გვ. 104–105
- ↑ ზურაბ კიკნაძე, ანდრეზები (აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიურ–მითოლოგიური გადმოცემები), ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 2009, გვ. 81–81