ანდრეზი
ანდრეზი, ხევსურულ ზეპირსიტყვიერებაში — სამაგალითოდ შემონახული ამბავი ლაშქრობა-მესისხლეობის, გმირობისა და ლაჩრობის, თემის ან ბჭეების გადაწყვეტილებისა და სხვა შემთხვევათა შესახებ, ერთგვარი მორალურ-იურიდიული შეგონება. ამავე მნიშვნელობით იხმარებოდა ხევსურეთში „ანდაზა“, სვანეთში — „ჰარაკი“.
თაობიდან თაობაზე ანდრეზი გადადიოდა ზეპირი მოთხრობის ან ლექსის სახით. მენდრეზეს საგანგებოდ იწვევდნენ მის სათქმელად, რადგან ანალოგიური შემთხვევის განხილვისას ანდრეზი აუცილებელ საბუთად და სახელმძღვანელო ნიმუშად მიაჩნდათ. ხშირად მას პრეცედენტის ძალა ჰქონდა; მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჩვეულებითი სამართლის შექმნაში და მის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენა. ბჭეების გადაწყვეტილების განსამტკიცებლად და ანდრეზის დასამახსოვრებლად მესისხლეთა შემრიგებლებისაგან სპეციალურ პირებს ნიშნავდნენ, რომელთაც „ანდრეზის შესანახი“ გასამრჯელო ეძლეოდათ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ფუტკარაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 447.
- კიკნაძე ზ., ანდრეზები (აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიურ-მითოლოგიური გადმოცემები), ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2009
- კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 26, ISBN 978-99940-27-10-1.