საეკლესიო აზნაური
საეკლესიო აზნაური, ეკლესიის (საკათოლიკოსო და საეპარქიო საყდრები, დიდი მონასტრები) ვასალი ფეოდალი შუა საუკუნეების საქართველოში. XI საუკუნიდან, როდესაც ფეოდალური კლასი 2 წოდებად ჩამოყალიბდა (XI-XIII საუკუნეებში — დიდებულები და აზნაურები, XIV-XVIII საუკუნეებში — თავადები და აზნაურები), საეკლესიო აზნაურად ითვლებოდა მხოლოდ ფეოდალური კლასის ქვედა წოდების წარმომადგენელი.
საეკლესიო აზნაურებს შუა საუკუნის საქართველოში ეკლესიისშვილებსა და მონასტრისშვილებს უწოდებდნენ (ვარიანტები - საყდრისშვილები, მცხეთისშვილები, ვარძიისშვილები, ქვათახევისშვილები, რუისის საყდრისშვილები, გერგეტის საყდრისშვილები, აწყურის საყდრისშვილები და სხვა).
XIV-XVIII საუკუნეებში საქართველოში საეკლესიო აზნაურთა რაოდენობა უფრო მცირე იყო, ვიდრე სამეფო და სათავადო აზნაურებისა. ადრე კი ისინი უფრო მრავალრიცხოვანი ყოფილან. საეკლესიო აზნაურთა შემცირება გამოიწვია საგარეო მტრების თარეშის, შინაფეოდალური აშლილობისა და სამეურნეო ნგრევის შედეგად მრავალი ეპარქიისა და მონასტრის შესუსტებამ ან სრულიად მოშლამ. ყველაზე მეტი აზნაური ჰყავდა მცხეთის საკათოლიკოსო საყდარს - სვეტიცხოველს, ყველაზე ძლიერ საეკლესიო სენიორიას შუა საუკუნეების საქართველოში (XI-XV საუკუნეებში მას ჰქონდა დიდი რაოდენობის ყმა-მამული საქართველოს ყველა კუთხეში, ხოლო XVI-XVIII საუკუნეებში - ქართლ-კახეთში). ამ ყმა-მამულს განაგებდნენ საეკლესიო აზნაურები, რომლებსაც მეფისაგან და კათოლიკოსისაგან ბოძებული ჰქონდათ სხვადასხვა სამოხელო პატივი. მაგ., XVII-XVIII საუკუნეებში კათოლიკოსის სახლთუხუცესის ხელი მემკვიდრეობით ეპყრათ სვეტიცხოვლის აზნაურებს მაღალაშვილებს, ხოლო საკათოლიკოსო სარდლობა სვეტიცხოვლის აზნაურებს გედევანიშვილებს (მცხეთის სასარდლო ცალკე სადროშოს არ წარმოადგენდა, იგი მეფის სადროშოში შედიოდა), იყვნენ აგრეთვე ბოქაულთუხუცესები, მეჯინიბეთუხუცესები, ქადაგები, სუფრაჯები, მდივანმწიგნობრები, ნაზირები, სოფლების მოურავები, მეღალე-მებალახეები და სხვები.
1783 წლის ტრაქტატზე დართული სიის მიხედვით, იმდოინდელ ქართლში იყო სამეფო აზნაურის 82, სათავადო აზნაურის 188, ხოლო საეკლესიო აზნაურის მხოლოდ 17 სახლი. ეს სია, რა თქმა უნდა, ნაკლულია, მაგრამ მაინც იძლევა მიახლოებით წარმოდგენას საეკლესიო აზნაურების შეფარდებაზე სამეფო და სათავადო აზნაურებთან.
საეკლესიო აზნაურის უშუალო სენიორები (პატრონები, ბატონები) იყვნენ ამ საეკლესიო სენიორიის მეთაურები - კათოლიკოსი, ეპისკოპოსები ან მონასტრის წინამძღვრები. თავის მხრივ ეპისკოპოსებისა და წინამძღვრების უშუალო სენიორები იყვნენ მეფე, კათოლიკოსი ან თავადები (იმის მიხედვით, თუ სად შედიოდა ეს სასაყდრო თუ სამონასტრო სენიორია ტერიტორიულად: სამეფო დომენში, საკათალიკოსო მამულში თუ სათავადოში). ყველა საეკლესიო აზნაურის (მათ შორის საკათოლიკოსო აზნაურებისაც) უმაღლესი სენიორი კი მეფე იყო. თვით ეკლესიის უფლებებს საეკლესიო აზნაურებზე დიდად ზღუდავდა მეფე, ის რეალურად ახორციელებდა მათზე სენიორულ უფლებებს (ყმა-მამულისა და სამოხელეო პატივის ბოძება თუ ჩამორთმევა, გასამართლება-დასჯა და სხვა). განსაკუთრებით ითქმის ეს კახეთის საეკლესიო აზნაურებზე (ალავერდის, ღვთაებისა და სხვა საყრდები), სადაც ყველა ეპისკოპოსი მეფის უშუალო ვასალი იყო.
საეკლესიო აზნაურობა საქართველოში გაუქმდა რუსეთთან შეერთების შემდეგ. 1811 წელს მთავრობამ საეკლესიო აზნაურები მათი ყმა-მამულიანად სახაზინო უწყებაში ჩარიცხა. 1833 წლიდან ყველა აზნაური გაუთანაბრეს რუსეთის „დვორიანსტვოს“.
ლიტერატურა
რედაქტირება- აკოფაშვილი გ., სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან XV-XVIII საუკუნეების ქართლში (აზნაურის ფენა), თბ., 1965;
- მისივე, აზნაურთა ფენა XV-XVIII საუკუნეების კახეთში, «მაცნე», 1968, № 3;
- კლიმიაშვილი ა., საეკლესიო ლაშქრის საკითხისათვის ფეოდალურ საქართველოში, «ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე», 1961, ტ. 3;
- შოშიაშვილი ნ., ქსე, ტ. 8, გვ. 625, თბ., 1984