დიდებული — აზნაურთა უმაღლესი ფენის წარმომადგენელი ფეოდალური ხანის საქართველოში.

„დიდება“ მეფის მიერ აზნაურისათვის დიდი სახელოსა (თანამდებობა) და მისი შესაფერისი ყმა-მამულის ბოძებას ერქვა. დიდებამინიჭებულ აზნაურს დიდებული აზნაური ეწოდებოდა. აზნაური იმთავითვე ცდილობდა სახელო და ყმა-მამული სამემკვიდრეოდ ექცია. XI–XII საუკუნეებში დიდებულთა ცნობილი საგვარეულოების (კალმახელი, ჯაყელი, სურამელი, არიშიანი, ვარდანისძე, კახაბერისძე და სხვა) წარმომადგენლები დიდმოხელეობას თაობიდან თაობამდე ფლობდნენ. მაგ., ქართლის ერისთავობა XII საუკუნის 70-იანი წლებიდან მთელი XIII საუკუნის მანძილზე სურამელების ხელში იყო; რაჭა-არგვეთ-თაკვერის ერისთავებად XI საუკუნის დასაწყისიდან XIII საუკუნის 80-იან წლებამდე კახაბერისძენი იყვნენ; სამცხის ერისთავთერისთავად და სპასალარად XI-XIII საუკუნეებში ჯაყელთა სახლის წევრები ჩანან. ზოგი ერისთავი ამავე დროს სამეფო კარის მოხელეც იყო. მაგ., სვანთა ერისთავი ვარდანისძე თამარის დროს მეჭურჭლეთუხუცესიც იყო. ბექას სამართლით, დიდებული აზნაურის სისხლი 40 ათ. თეთრად იყო შეფასებული, მაშინ, როდესაც ტაძრეული აზნაურის სისხლი 20 ათ. ღირდა, ხოლო აზნაურთა შორის ქვედა საფეხურზე მდგომი უციხო-უმონასტრო აზნაურისა — 12 ათ. თეთრი.

ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების მიზნით მონღოლები ხელს უწყობდნენ დიდებულების პარტიკულარულ მისწრაფებებს, მათი შემწეობით დიდებულებმა დაიმკვიდრეს სახელოები და ყმა-მამული. ერისთავი უკვე მთავრად იწოდებოდა. ზოგმა დიდებულმა მთავარმა მეფისაგან სრულ ან ნაწილობრივ დამოუკიდებლობასაც მიაღწია (ათაბაგი, გურიელი, დადიანი).

გვიანდელ საუკუნეებში დიდებულების წრიდან შეიქმნა თავადთა სოციალური წოდება. თავადთა შორის უპირატეს მდგომარეობაში მყოფთ „დიდებული თავადი“ ეწოდებოდა. XVII–XVIII საუკუნეებში ქართლის სამეფოში დიდებულ თავადად ითვლებოდა ექვსი გაუყრელი საგვარეულოს მეთაური, რომელიც დიდ ყმამამულსა და სამოხელეო თანამდებობას ფლობდა. ესენი იყვნენ: ქსნის ერისთავი, არაგვის ერისთავი, ციციშვილი, ამილახვარი, ორბელიშვილი და სომხითის მელიქის სახლის უფროსი. ვახტანგის სამართლით, დიდებული თავადის სისხლი 1536 წელს თუმნად იყო შეფასებული. ამავე სამართლის ვაჭართა უმაღლესი ფენის წარმომადგენელს დიდებული ვაჭარი ეწოდებოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი ნ., Очерк из истории развития феодальных отвошений в Грузии ( XIII-XVI вв.), მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ., 2, თბ., 1965;
  • ბერძენიშვილი მ., საქართველო XI-XII საუკუნეებში (სოციალურ-ეკონომიური ნარკვევი), თბ., 1970;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ., 2, ნაკვ., ტფ., 1928;