ამილახვრები

ქართული თავადური საგვარეულო (გვარადქცეული თანამდებობა).
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამილახვარი.

ამილახვრებითავადთა საგვარეულო ქართლის სამეფოში, მსხვილი სათავადოს, საამილახოროს მფლობელები. ახალდაბის ციხე, შიომღვიმის და სამთავისის მონასტრები მათ საგვარეულო მფლობელობაში შედიოდა. ჰქონდათ აგრეთვე საგვარეულო სასახლეები, ხელისუფლების ინსიგნიები და ოთხი საომარი დროშა, რომელთაგან ერთი — „ამილახვრიანთ საომარი დროშა“ დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში და, დაახლოებით, XV საუკუნით თარიღდება. ამილახვრები ფეოდალური ქართლის თვალსაჩინო პოლიტიკური, სამხედრო და კულტურის მოღვაწენი იყვნენ. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულიის მიხედვით, სათავადოს უფროსი, ამილახორი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი დიდებული თავადი იყო. მისი შვილები ამილახვრისშვილებად იწოდებოდნენ და, საგავრეულოს სხვა წევრებთან ერთად, მეორე და მესამე ხარისხის თავადებად ითვლებოდნენ. სათავადოს უფროსი, ჩვეულებრივ, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორი მოურავიც იყო[2]. სხვადასხვა დროს ამილახვრებს ეკავათ ეშიკაღასბაშის, ბოქაულთუხუცესის, ყორჩიბაშის, მოლარეთუხუცესისა და სხვა თანამდებობები[3][4].

ამილახვრები
გერბი
ქონგურისებრად გადაკვეთილი ფარის ზედა ოქროს ველზე მიქაელ მთავარანგელოზი ხმლით; ქვედა მეწამულ ველზე ოქროს საწმისი. მანტია და სათავადო გვირგვინი[1].
პერიოდი XV საუკუნიდან
დევიზი მეფისა მტერსა ლახვარი, ვამტკიცებ ამილახვარი
ტიტული თავადი
დამფუძვნებელი იოთამ ზედგენიძე
განშტოებები ემუხვარები, ხიდირბეგიშვილები, ზერეკიძეები, გურამიშვილები და ტუსიშვილები
ქვეშევრდომობა ქართლის სამეფო, ქართლ-კახეთის სამეფო
სამფლობელოები საამილახორო
სასახლეები ამილახვართა ციხე-დარბაზები
სამხედრო საქმიანობა პაპუნა ამილახვარი — XVII საუკუნის I მეოთხედის ქართლის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე;
იასე ამილახვარი — ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე;
ივანე ამილახვარი — რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი;
დიმიტრი ამილახვარი — საფრანგეთის არმიის ოფიცერი;
რელიგიური საქმიანობა ნიკოლოზ IX ამილახვარიკათოლიკოს-პატრიარქი

ამილახვრების გვარი სათავეს იღებს ზედგენიძეების ფეოდალური საგვარეულოდან.[5]. საგვარეულოს საფუძველი ჩაეყარა XV საუკუნეში. იოთამ ზედგენიძემ გადაარჩინა მეფე გიორგი VIII. მან გაიგო მეფის საწინააღმდეგო შეთქმულების შესახებ და თავად დაწვა მეფის ლოგინში. შეთქმულებს იოთამ ზედგენიძე მეფე ეგონათ და მოკლეს იგი. გიორგი VIII-მ დამნაშავენი დასაჯა, ხოლო იოთამის შთამომავლებს უბოძა ამილახორის თანამდებობა და გორის მოურავობა. ეს ისტორიული ფაქტი ამილახვრების ერთ-ერთ გერბში ცენტრალურ ალაგზეა განთავსებული. XV-XVI საუკუნეებში სათავადოს მფლობელნი ზევდგინიძე-ამილახვრებად იწოდებოდნენ, XVII საუკუნიდან კი ამილახვრებად[6].

 
გერბის შუა ნაწილში გამოსახულია, თუ როგორ მოკლეს შეთქმულებმა იოთამ ზედგენიძე.
 
„ოდეს არამ ზედგენიძემ განარისხა მეფის ალექსანდრეს ძე, გიორგი მეფე ბაგრატოანი, ორგულთა კაცთა სიკუდილისაგან და თვით ზედგენიძე მოკლულ იქნა ნაცვლად მეფისა, ამისა ჯილდოდ უბოძა შვილთა მისთა გვარად ამილახრობაი და უფროსსა ძესა მისსა მისსცა სპასეტობა, ქართლისა მოურაობა გორისა და ციხე გორისჯვარი და სხვა ადგილნი, რომელნიც იწოდებიან აწ საამილახვრო ადგილებად. ხოლო სასაფლაოდ უბოძა სამთავის ეკლესიისა შინა ადგილი წელსა ქრისტეს აქეთ 1465-სა და მუნდაგან იწოდებიან თავად ამილახვარად შთამომავლობანი მათნი... ხოლო სხვანი რომელნიც იყვნენ გვარნი ამათ ზედგინისძენი, რომელნიმე დაშთნენ აზნაურად ზედგინიძეებად და რომელნიც დაშთნენ მესხეთს, იგინი თუმცა ამილახვრად არ იხსენიებიან გვარით, გარნა არიან თავადნი იმერეთს მესხად წოდებულნი და აზნაურებად ეს სახელივე ახალციხესა შინა არიან ამილახვრის გვარისანი და ხიდირბეგისა შვილებნიცაა თავადნი ამილახვართანნი და რომელთაც მოვიხსენებ თავის ადგილს ვითარებასა მათსა[7].“

1463 წელს ჩიხორის ბრძოლაში საგვარეულო ორად გაიყო. ნაწილმა, რომლებიდანაც წარმოიშვა ამილახვრების გვარი, გიორგი VIII-ს დაუჭირა მხარი, ნაწილმა კი, ზედგენიძეებმა, ბაგრატ VI-ს. 1465 წელს გიორგი VIII ტყვედ ჩაუვარდა სამცხის ათაბაგს, ზედგენიძეები კი დარჩნენ ბაგრატ VI-ს მომხრეებად. 1477 წელს ქართლი დალაშქრა უზუნ-ჰასანმა, რომელმაც დაარბია ბაგრატ VI-ის მომხრე ფეოდალების მამულები, მათ შორის გორი, ხოლო ქართლი კონსტანტინე II-ს დაუტოვა. მისი მეფობის დროს ავთანდილ-თაყა ამილახვრების შვილებმა გორის მოურავობა და საამილახორო. გაყოფილ ამილახვრებსა და ზედგენიძეებს შორის გრძელდებოდა დავა. 1513 წლიდან თაყა ამილახვრის შთამომავლობა სამუდამოდ დამკვიდრდა ქართლში, მან დაასრულა ზედგენიძეებთან მამაპაპისეული დავა. XVI საუკუნეში გაძლიერებული იყო ბარძიმ ამილახვარი. მან ქალიშვილი თინათინი ცოლად შერთო კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს, ხოლო მეორე ქალიშვილი ანა ქართლის მეფე ბაგრატ VII-ს. ბარძიმ ამილახვარს საზღვრის დასადგენად დავა ჰქონდათ მუხრანბატონებთან. 1513 და 1539-1549 წლებში სპეციალური კომისიები იქნა მოწვეული ამ საკითხის გადასაწყვეტად. 1561 წელს ციხედიდის ბრძოლაში დაიღუპა 9 ძმა მილახვარი. ბარძიმ ამილახვარი ებრძოდა ქართლის მეფე სიმონ I-ს და მხარს უჭერდა მის მეტოქეს, კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს. 1573 წელს ელიზბარ ერითავთან ერთად თავს დაესხა სიმონ I-ის ცოლს. 1574 წელს ბარძიმ ამილახვარი დაეხმარა სიძეს, ალექსანდრე II-ს კახეთის ტახტის მოპოვებაში. 1577 წელს ის დაეხმარა მუსტაფა ლალა-ფაშას ქართლში ლაშქრობაში და ორი ციხე ააღებინა. 1578 წელს სიმონ I ტყვეობიდან გათავისუფლდა და ბარძიმ ამილახვარი დაიმორჩილა. XVI საუკუნის ბოლოს ამილახვართა საგვრეულო ძალიან გამრავლებული იყო.

1605 წლის ოქტომბერში პაპუნა ამილახვარი ქართლის მეფის გიორგი X-ის ბრძანებით დაეხმარა დედოფალ ქეთევანს ტახტის მიმტაცებელ კონსტანტინე I-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. პაპუნა ამილახვარი დაამდაბლა ბაგრატ VII-მ. 1614 წელს ამილახვრობა აბას I-მა უბოძა ანდუყაფარ ბარძიმის ძეს. პაპუნა ამილახვარმა მარტყოფის ბრძოლის დროს მხარი დაუჭირა აჯანყებულ ქართველებს და ანდუყაფარი დააპატიმრებინა. პაპუნა ამილახვარი ანდუყაფარმა მოაკვლევინა ქსნის ერისთავმა იესეს. ანდუყაფარ ამილახვარი თბილისს აფარებდა თავს სიმონ II-სთან, სადან 1626 წელს კლდეზე არ გადაიჩეხა.

მის შემდეგ ამილახვართა სახლის სათავეში თეიმურაზ I-მა ჩააყენა იოთამ ამილახვარი. მეფემ მას 1630 და 1631 წლებში დაუმტკიცა საფიცრის წიგნები. 1633 წლის 26 მარტს როსტომ-ხანმა გადააყენა იოთამი და მის ნაცვლად დანიშნა პაპუნა ამილახვრის შვილი ბეჟანი. 1638 წელს იოთამ ამილახვარი მონაწილეობდა როსტომ-ხანის საწინააღმდეგო შეთქმულებაში. როსტომმა დაამარცხა შეთქმულები, მილახვრობა კი უბოძა იოთამის უფროს შვილს, ანდუყაფარს. ანდუყაფარი გარდაიცვალა 1656 წელს. საამილახვროს უფროსი და გორის მოურავი გახდა გივი ამილახვარი. მისი ძმა ნიკოლოზი 1678 წლიდან იყო აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსი. 1688 წელს გივი ამილახვარმა აქტიური მონაწილეობა მიიღო გიორგი XI-ის აჯანყებაში. 1690-1691 წლებში ის ცდილობდა ქართლის აჯანყებას ერეკლე I-ის წინააღმდეგ და მხარს უჭერდა გიორგი XI-ს. აჯანყების დამარცხების შემდეგ დაკარგა ამილახვრობა და თავი შეაფარა რაჭას, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

XVIII სუაკუნიდან ამილახვრების საგვარეულო შედარებით დაკნინდა. 1700 წლიდან ამილახვარი გახდა იოთამი, მის შემდეგ კი ავთანდილ რევაზის ძე. 1703 წელს ლევან ბატონიშვილმა გადააყენა ავთანდილი და მის ნაცვლად დანიშნა მუსლიმი გივი ანდუყაფარის ძე. გივი გარდაიცვალა ნადირობის დროს 1704 წელს, მაშინ ლევან ბატონიშვილმა მის ნაცვლად ამილახვრობა უბოძა მის ძმას გიორგის. გიორგი ამილახვრის ძმა ვახტანგი ვახტანგ VI-მ დანიშნა სახლთუხუცესად. 1714 წელს ქართლის ხანად დანიშნულმა იესემ გადააყენა გიორგი და ამილახვრობა კვლავ ავთანდილს უბოძა. 1716 წელს ქართლის მმართველმა ბაქარმა ამილახვრობა ავთანდილის ნაცვლად კვლავ გიორგის მისცა. 1722 წელს ლეკებთან ბრძოლაში დაიღუპა სახლთუხუცესი ვახტანგ ამილახვარი, ხოლო 1723 წელს დაიღუპა გიორგი ამილახვარი. 1724 წელს ვახტანგ VI-მ რუსეთის იმპერიაში წერილით გაგზავნა ვახტანგ ავთანდილის ძე ამილახვარი, რომელიც რუსული ენის კარგი მცდონე იყო. რუსეთში გადახვეწილ ვახტანგ VI-ს თან ახლდნენ გიორგი და ევგენ ავთანდილის ძე ამილახვრები. ქართლში გავლენიან ფეოდალად დარჩა გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარი.

გვარის განშტოებები

რედაქტირება

ზედგინიძე-ამილახვართა სახლის განშტოებები იყო: ზერეკიძეები რაჭაში, გურამიშვილები და ტუსიშვილები კახეთში, ხიდირბეგიშვილები სამცხესა და შიდა ქართლში და ემუხვარები აფხაზეთში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აკოფაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 392.
  • ზაგაშვილი გ., ჩიბაძე მ. „ჰერალდიკის საფუძვლები“, თბ., 2006;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი მეოთხე, თბ., 1974.
  • ბერძენიშვილი ნ., ფეოდალური ურთიერთობებიდან XV საუკუნეში, მის წგნ.: საქართველოს ოსტორიის საკითხები, წგნ. 2, თბ., 1965;
  • ქიქოძე მ., ქართლის სათავადოების ისტორიიდან XV-XVIII სს. (საამილახორო), „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1963, ნაკვ. 35;
  • გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
  • კარბელაშვილი პ., „ამილახვართა საგვარეულოს ისტორიული გუჯრები“ // ძველი საქართველო / თაყაიშვილი ე., ტ. II, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1913. — გვ. 101-138.
  • ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართული მწერლობა, ტ. 8, თბ., 1990;
  • იოანე ბატონიშვილი, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა თბ., 1997 [1797] წ.
  1. ზაგაშვილი გ., ჩიბაძე მ. „ჰერალდიკის საფუძვლები“, თბ., 2006;
  2. გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
  3. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართული მწერლობა, ტ. 8, თბ., 1990
  4. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი მეოთხე, თბ., 1974.
  5. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართული მწერლობა, ტ. 8, თბ., 1990
  6. ქიქოძე მ., ქართლის სათავადოების ისტორიიდან XV-XVIII სს. (საამილახორო), „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1963, ნაკვ. 35
  7. იოანე ბატონიშვილი, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა (1799 წ.). თბ., 1997