ემუხვარები
ქართული თავადური საგვარეულო აფხაზეთში, ამილახვრების ჩამომავლები.
ემუხვარები, ემხვარები (აფხ. Аимхаа, Эмхаа – აჲმხაა, ემხაა) — საგვარეულო აფხაზეთში, თავადები.
არსებობს გადმოცემა, რომ წარმოშობით უკავშირდებიან ქართლელ ამილახვრებს. თავდაპირველად ცხოვრობდნენ ჯირხვაში (ბზიფის აფხაზეთი), XVII საუკუნის ბოლოს კი დამკვირდნენ ოქუმისა და წარჩეს ხეობების ზემოწელში (შემდგომდროინდელი სამურზაყანო, ახლანდ. გალის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი). მიწებს ფლობდნენ აგრეთვე აბჟუაში და გაგრასთან. XIX-XX საუკუნეებში საგვარეულოს ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ:
- მელიტონ ემუხვარი — რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის მონაწილე, შემდეგ — სამურზაყანოს თავადაზნაურობის წინამძღოლი (მარშალი), 1916 წელს მეფისნაცვალთან აფხაზთა დელეგაციის წევრი მეფისნაცვალთან.
- მელიტონის ვაჟი ნიკოლოზ ემუხვარი — პირველი მსოფლიო ომის დროს კავკასიის მკვიდრთა ცხენოსანი („ველური“) დივიზიის აფხაზური ასეულის პორუჩიკი. ძიძიშვილთან ერთად მოკლეს ბოლშევიკებმა სოხუმის ნავსადგურში 1918 წელს (ეს ამბავი დაედო საფუძვლად ლეო ქიაჩელის მოთხრობას „ჰაკი აძბა“).
- პლატონ ემუხვარი (დ. 1870 — გ. 1922) — ოქუმის სკოლის პედაგოგი, რსდმპ-ის ბათუმის კომიტეტის წევრი, 1905 წლის დეკემბრის სამურზაყანოს რევოლუციური გამოსვლის (ე. წ. სამურზაყანოს რესპუბლიკა) ხელმძღვანელი.
- არზაყან და ვლადიმერ ემუხვარები — 1917-1921 წლების მოვლენების მონაწილეები აფხაზეთში.
- ღუდა (არსენ) ემხვარი — ცნობილი აბრაგი, ძმასთან და ბიძასთან ერთად 1922 წლიდან აქტიურად ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას. მოკლეს 1935 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ანჩაბაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 659.