ვლადიმერ ემუხვარი
ვლადიმერ (ლადი) კონსტანტინეს (პახვას) ძე ემუხვარი (დ. 23 თებერვალი, 1886, სოფ. ოქუმი, ახლანდ. გალის მუნიციპალიტეტი, — გ. 1961, აბონდანი, საფრანგეთი) — პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, აფხაზი თავადების — ემუხვარების საგვარეულოს წარმომადგენელი.
დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1916). იმავე პერიოდში შევიდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. ერთხანს მუშაობდა ტფილისის სასამართლო პალატის ვექილის თანაშემწედ, 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ კი აქტიურად ჩაერთო აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1917 წლის მარტში ის გახდა სოხუმის ოლქის საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტის, იმავე წლის ნოემბერში — აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრი. მხარს უჭერდა აფხაზეთის დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას. 1918 წლის მიწურულს ემუხვარმა დატოვა სოციალ-დემოკრატები და საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა.
1920 წელს ემუხვარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბერლინში მიავლინა სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების ძალადობრივი დამყარების გამო ევროპიდან აღარ დაბრუნებულა. 1924 წელს პრაღაში გადავიდა და იქ, უკრაინულ თავისუფალ უნივერსიტეტში სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე შევიდა. 1927 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი. იმავე წელს საფრანგეთში გადასახლდა. განიცდიდა ფინანსურ სიძნელეებს. 1930-იან წლებში აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას ეწეოდა ქართულ და კავკასიურ ემიგრანტულ გამოცემებში, მხარს უჭერდა კავკასიის ხალხთა კონფედერაციის იდეას. მეორე მსოფლიო ომის წლებში გერმანელებთან თარჯიმნად მუშაობდა. გარდაიცვალა აბონდანის მოხუცთა სახლში 1961 წელს. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარშანია ნ., აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში: ვლადიმერ ემუხვარი, თბ., 2020. — გვ. 108-127.