ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული

ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულივახტანგ ბატონიშვილის ბრძანებით შექმნილი საკოდიფიკაციო კომისიის მიერ 1705-1708 წლებში შედგენილი კანონთა კრებული; შეიცავს შესავალსა და შვიდ საკანონმდებლო ძეგლს:

მოსეს სამართლის ქართული ვერსია წარმოადგენს გამონაკრებს „მეორე სჯულიდან“ (5, 13-27) და შეიცავს 52 მუხლს. კანონთა ტექსტი აღებულია არა თანამიმდევრობით, არამედ გამოკრებითა და შემოკლებით.

კრებულის მეორე ნაწილი „სამართალი ბერძული“, რომელშიც გადმოცემულია მათე ბლასტარის ალფაბეტური სინტაგმისა და კონსტანტინე არმენოპულოსის „ექვსწიგნეულის“ შემოკლებული სამართლის დებულებები და ნორმები, აგრეთვე სხვა წყაროებიდან გამონაკრები.

კრებულის მესამე ნაწილს შეადგენს „სამართალი სომხური“, რომელიც 2 ნაწილისაგან შედგება: სირიულ-რომაული სამართლის ქართული ვერსია (მმ. 1-150) და მხითარ გოშის სამართლის წიგნის ქართული ვერსია. მხითარ გოშის სამართლის წიგნის (მმ. 151-431) სომხური ტექსტის ბევრი მუხლი ქართულში შემოკლებულია და გაერთიანებულია ან, პირიქით, დედნის ერთი მუხლი დაყოფილია რამდენიმე მუხლად, ქართულად თარგმნილი არ არის სამართლის წიგნის შესავლის I - VII და IX - XI თავები, აგრეთვე მთელი რიგი მუხლები. ამავე დროს ქართულ ვერსიაში არის ისეთი მუხლები და ჩანართები, რომლებიც სომხურ დედანში არ მოიპოვება. მხითარ გოშის სამართლის წიგნი შედგენილია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე.

კრებულის მეოთხე ნაწილია კათალიკოსთა სამართალი, რომელიც კ. კეკელიძის აზრით, შედგენილია 1543-1549 წლებში. საკანონმდებლო კრებაში მონაწილეობდნენ ქართლის კათოლიკოსი მალაქია, აფხაზეთის კათოლიკოსი ევდემონ და „ყოველნი ებისკოპოზნი აფხაზეთისანი“. კათოლიკოსთა სამართალი დასავლეთ საქართველოს საეკლესიო სჯულმდებლობას წარმოადგენს, მაგრამ იგი აღმოსავლეთ საქართველოშიც მოქმედებდა.

კრებულის მეხუთე ნაწილია სამართალი მეფის გიორგისა ანუ „ძეგლის დადება მეფეთ-მეფის გიორგის მიერ“, რომელიც შესავალსა და 46 მუხლს შეიცავს და შედგენილი უნდა იყოს 1335 წელს. იგი სისხლის სამართლის კანონმდებლობას - „სისხლის განაჩენს“ წარმოადგენს, სამოქალაქო სამართლის საკითხებს მხოლოდ ორიოდე მუხლი ეხება.

კრებულის მეექვსე ნაწილია სამართალი აღბუღასი („წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე“), რომელიც ბექა მანდატურთუხუცესისა და აღბუღა ათაბაგ-ამირსპასალარის სამართლის წიგნებს შეიცავს. ბექას სამართალი (მმ. 1-65) შედგენილია 1295-1304 წლებში, ხოლო აღბუღასი - 1381-1386 წლებში. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის ხელნაწერებში ბექა-აღბურას სამართალი ერთ საკანონმდებლო ძეგლად არის შეტანილი და 175 მუხლს შეიცავს (ბაგრატ კურაპალატის სამართალი). ბექა-აღბუღას სამართალმა დიდი გავლენა მოახდინა ვახტანგ ბატონიშვილის სამართლის წიგნზე.

კრებულის უკანასკნელ, მეშვიდე ნაწილს შეადგენს „სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა“, რომელიც შედგენილია 1705-1708 წლებში და შეიცავს შესავალსა და 270 მუხლს. ვახტანგის სამართლის წიგნის ძირითადი წყაროა ქართული ჩვეულებითი სამართალი. კანონთა შედგენისას გათვალისწინებულია კრებულში შესული უცხოური სამართლის წიგნებიც.

ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის უძველეს ნუსხად ითვლება ხელნაწერთა ინსტიტუტის S - 3683 ხელნაწერი, რომელიც თვით ვახტანგის მიერ არის რედაქტირებული. 1711 წლამდე უნდა იყოს გადაწერილი აგრეთვე კრებულის Q - 575 ნუსხაც. სხვა ნუსხები გვიანდელია. კრებული თარგმნილია რუსულ და ევროპულ ენებზე. კრებული ორჯერ გამოიცა რუსულად (Сборник законов грузинского царя Вахтанга VI, 1828 და 1887). 1914 ოლივერ უორდროპმა ინგლისურად თარგმნა გიორგი ბრწყინვალის ძეგლის დადება, ხოლო 1934-1939 წლებში სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ჟ. კარსტმა ფრანგულ ენაზე 5 წიგნად გამოაქვეყნა გიორგი ბრწყინვალის, ბექა-აღბუღასა და ვახტანგის სამართლის წიგნები, რომელთაც ვრცელი მუხლობრივი კომენტარი დაურთო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ., 1, ნაკვ. 1, ტფ., 1928;