ბაგრატ კურაპალატის სამართალი
ბაგრატ კურაპალატის სამართალი — ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის ნუსხებში შეტანილი, ბექასა და აღბულას სამართლის წიგნს დართული კანონები. მისი შემდგენლის ვინაობა, შედგენის დრო და შედგენილობა საბოლოოდ გარკვეული არ არის.
ბექასა და აღბუღას სამართლის წიგნის დანართში 98-ე მუხლის მომდევნო - 99 -170 მუხლები შედის. დანართი ივანე ჯავახიშვილმა გამოავლინა და პირველმა გამოთქვა აზრი, რომ ნაწილი (99-103 მუხლები) ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნის ნაწყვეტია. სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს აგრეთვე მოსაზრება, რომლის თანახმად ბაგრატ კურაპალატს უნდა ეკუთვნოდეს დანართის 99-160 მუხლები (ი. დოლიძე).
ამ კანონის შემდგენელი ბაგრატი (დანართში იგი „კურაპალატად“ და „მეფეთ-მეფედ“ იწოდება), სხვადასხვა მკვლევრის აზრით, უნდა იყოს ბაგრატ I კურაპალატი, ან ბაგრატ III (975-1014; ივ. ჯავახიშვილი), ალექსანდრე I დიდის (1412-1442) ძმა ბაგრატი (ს. კაკაბაძე), ბაგრატ III ან ბაგრატ IV (1027-1072) (ი. სურგულაძე), ბაგრატ IV (ი. დოლიძე) ან ბაგრატ I (ა. კიკვიძე).
ბაგრატ კურაპალატის სამართალი საქართველოს გაერთიანების ხანის სჯულდებაა. მასში ასახულია განვითარებული ფეოდალური საზოგადოების ურთიერთობები, განმტკიცებულია სამღვდელოების პრივილეგიური მდგომარეობა. ძეგლი უმთავრესად სისხლის სამართლებრივი ნორმებს შეიცავს. დანაშაულთა სახეებიდან აღსანიშნავია მკვლელობა, სხეულის დაზიანება, შეურაც ხყოფა, ცილისწამება, გაძარცვა, ქურდობა. სასჯელთა სახეებიდან — სიკვდილით დასჯა, დასახიჩრება („თუალთა დაწუა“), დატუსაღება („ჴელთა შეპყრობა“), დამნაშავის გადაცემა დაზარალებულისათვის („ჴელთა მიცემა“), აგრეთვე ქონებრივი სასჯელი („სისხლი“ ან ჭრილობის საზღაური — გერში). დანართი კანონების ბევრი მუხლი სამართლწარმოებისა და სასამართლო წყობილების საკითხებს ეხება. მტკიცებულებატაგან აღსანიშნავია ფიცი.
ბაგრატ კურაპალატის სამართალმა გავლენა მოახდინა შემდგომი პერიოდის კანონმდებლობაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- დოლიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 132.