კათოლიკოსი

(გადამისამართდა გვერდიდან კათოლიკოს-პატრიარქი)

კათოლიკოსი (ბერძ. καθολικός, მომდინარეობს ბერძ. καθ' ὅλου (katholou, „საყოველთაო“) — ბერძ. κατά (kata, „ქვემოთ“) და ბერძ. ὅλος (holos, „მთელი“) „საყოველთაო, მსოფლიო“) — ქრისტიანული ავტოკეფალიური ეკლესიის მეთაური უმაღლესი ტიტული ბიზანტიის იმპერიის ფარგლებს გარეთ, აღმოსავლეთში დადგენილი 315 წელს. სიტყვა „კათოლიკე“ მომდინარეობს აღნიშნული სიტყვიდან.

პირველი ქრისტიანებისათვის სამყარო იყოფოდა რომის და სპარსეთის ნაწილად. შესაბამისად სპარსეთის ტერიტორიაზე არსებულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ საკუთარ თავს „აღმოსავლეთის ეკლესია“ დაარქვა, ხოლო მის სულიერ წინამძღვარს „აღმოსავლეთის კათოლიკოსი“, რომელიც მიღებულ იქნა 315 წელს სპარსეთის სირიულ ეკლესიაში, სელევკიის არქიეპისკოპოსის მიერ. V საკუნეში კათოლიკოსის ტიტული გადმოდის კავკასიაში (სომხეთი, საქართველო/იბერია/, ალბანეთი).

ბიზანტიურ-რომაული იერარქიული ტიტული — „პატრიარქი“ კი პირველად მიღებულ იქნა 451 წელს მსოფლიო საეკლესიო კრებაზე.

სირიულ-სომხურ-ქართული-ალბანური ეკლესიების (მართლმადიდებლური ეკლესია, აღმოსავლური ეკლესია, ძველი აღმოსავლური ეკლესია და აღმოსავლური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესია) გარდა ეს ტერმინი არსად გავრცელდა, ანუ „კათალიკოსი“ დარჩა სუფთად საქრისტიანოს უკიდურესი აღმოსავლური ნაწილის იერარქიულ ტერმინად. არის ინდოეთის კათალიკოსიც, მაგრამ ეს ასევე სირიული ეკლესიის იერარქია.

სირიის აღმოსავლეთის ეკლესია

რედაქტირება

პირველად კათალიკოსის ტიტული მიიღო სირიის აღმოსავლეთის სალევკიის ეპისკოპოსმა მარ ბარ აღაიმ (315—317)[1].

სომხეთის ეკლესია

რედაქტირება

საქართველოს ეკლესია

რედაქტირება

ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური კათოლიკოსად იწოდებოდა დაახლოებით 466-474-იდან. ქართლის პირველი კათოლიკოსი იყო პეტრე. XI საუკუნემდე ქართული ეკლესიის მეთაურს „ქართლის კათალიკოსს“ („მცხეთის კათალიკოსი“) უწოდებდნენ, XI საუკუნიდან „ქართლის კათოლიკოსი“ იხმარება „საქართველოს პატრიარქის“ თანაბარი მნიშვნელობით, 1010 წლიდან იხმარება გაერთიანებული სახით — „ქართლისა კათალიკოზი და ყოვლისა საქართველოისა პატრიარქი“.

დასავლეთ საქართველოში ცალკე საკათალიკოსოს ჩამოყალიბების შემდეგ მისი მეთაური იწოდებოდა „აფხაზეთის კათოლიკოსად“, XVI საუკუნიდან „აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქად“ . ცვლილებები ქართული ეკლესიის მეთაურის ტიტულში ასახავდა ქართული ეკლესიის პოლიტიკურ და სტრუქტურული განვითარების ეტაპებს. კათოლიკოსის თანამდებობა გაუქმდა მას შემდეგ (აღმოსავლეთ საქართველოში 1811, დასავლეთ საქართველოში 1814), რაც ქართული ეკლესია რუსულ ეკლესიას შეუერთდა საეგზარქოსოს სახით. კათოლიკოსის თანამდებობა აღდგენილ იქნა 1917 საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან ერთად.

2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: "უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი".

1917-1920 წლებში საქართველოს ეკლესიის მეთაურის წოდება იყო: „უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთის მთავარეპისკოპოსი“, ხოლო 1920 წლიდან 2010 წლის 21 დეკემბრამდე: „უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი“. კათედრა მცხეთაშია (სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი), რეზიდენცია — თბილისში.

ალბანეთის ეკლესია

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლომინაძე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), ტ. 1, თბ., 1966;
  • ლომინაძე ბ., ქსე, ტ. 5, გვ. 317-318, თბ., 1980