ამილახვართა ციხე-დარბაზები
ამილახვართა ციხე-დარბაზები — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში. მდებარეობს მდინარე ლეხურას შუა წელში. ძეგლი ნაგებობათა ანსამბლია. ანსამბლი შედგება სამი კომპლექსისაგან: მთავარი ციხე-დარბაზი (გალავანი კოშკებით, ეკლესია, კოშკი სამრეკლო, სასახლე), მეორე ციხე დარბაზი (გალავანი კოშკებით, სასახლის ნანგრევები) და ამირინდო ამილახვრის ციხე-დარბაზი. მთავარი ციხე-დარბაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით აბანოცაა. ნაგებობები თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით. ნაშენია ძირითადად რიყის ქვით, ინტერიერებში გამოყენებულია აგური და თლილი ქვაც.
ამილახვართა ციხე-დარბაზებს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ისტორია
რედაქტირებაამილახვართა ციხე-დარბაზებსა და მათთან დაკავშირებულ ისტორიულ მოვლენებს არაერთხელ იხსენიებენ XVIII საუკუნის ისტორიკოსები სეხნია ჩხეიძე, ვახუშტი ბაგრატიონი, პაპუნა ორბელიანი და სხვ. XVIII საუკუნეში ხელისუფლების გაძლიერებისა და ტერიტორიების შემატებასთან დაკავშირებით, ქართლის მსხვილ ფეოდალთა ამილახვართა რეზიდენციამ სხვილოდან ბარში, ქვემო ჭალაში გადმოინაცვლა. ამავე საუკუნეში აქ სასახლე და ციხე-სიმაგრე მდგარა. დასტურდება, რომ საუკუნის 40-იან წლებში გივი ამილახვარს ორი ციხე-დარბაზი ჰქონია ქვემო ჭალაში. ციხე-დარბაზებს დიდი როლი ენიჭებოდა ლეკებისა და ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლებში. 1728 წელს
„მოადგნენ ლეკნი ჭალას, მოჰკლეს ამილახორის რევაზის შვილი ერასტი და შემუსრეს ჭალა… ათასი ტყვე წაასხეს და წავიდნენ“
| |
(ვახუშტი ბაგრატიონი)
|
1742 წელს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა სპასალარმა გივი ამილახვარმა (1689-1754 წწ.) ზემო ქართლის ფეოდალთა აჯანყება მოამზადა სპარსელების წანააღმდეგ. ყიზილბაშთა ჯარი იმამყული-ხანის მეთაურობით ქვემო ჭალასთან დაბანაკდა. სხვილოს ციხეში გამაგრებული ქართველთა ჯარი გივი ამილახვრის სარდლობით შეებრძოლა მტერს და უკუაქცია იგი. იმავე წელს სპარსელთა გაერთიანებულმა ჯარმა ფატალი-ხანის და ქერიმ-ხანის მეთაურობით კვლავ გამოილაშქრა ამილახვრის წინააღმდეგ. ბრძოლა მოხდა სხვილოს ციხის ზემოთ, მთებში. კვლავ ქართველებმა გაიმარჯვეს. ყიზილბაშებმა მიატოვეს ბრძოლის ველი და გივი ამილახვრის ციხე-დარბაზებს შეესივნენ. ისინი ჯერ სამთავისისაკენ გაეშურნენ და ქვემო ჭალაში მცირერიცხოვანი გარნიზონი დატოვეს. ამით ისარგებლეს ქართველებმა და თავს დაესხნენ ქვემო ჭალაში გამაგრებულ ყიზილბაშებს. მტერი უბრძოლველად უკუიქცა. XVIII საუკუნის 40-იან წლებში, როდესაც კახეთის მეფე თეიმურაზ II გივი ამილახვრის წინააღმდეგ იბრძოდა, ქვემო ჭალის ორივე ციხე-სიმაგრე, ისე როგორც ამილახვრის სხვა ციხე-სიმაგრეები, იმდენად კარგად ყოფილა გამაგრებული, რომ შეტევის დაწყება მძიმე არტილერიის მოსვლამდე შეფერხებულა. გარეშე მტრების შემოსევებმა ქვემო ჭალის კომპლექსი ძლიერ დააზიანა. XVIII საკუნის 30-იან წლებში აშენებული ნაგებობებიდან მთავარი კომპლექსის ეკლესიის, სამრეკლოსა და აბანოს მეტი აქ აღარაფერი დარჩა. XIX საუკუნის დასაწყისში კომპლექსები ბევრჯერ გადაკეთდა.
აღწერა
რედაქტირებაანსამბლის მთავარი ციხე-დარბაზი ოთხკუთხადაა შემოზღუდული მაღალი გალავნით (33,2 X 73,6). მისი ტერიტორია გაყოფილია ორ არათანაბარ მონაკვეთად. სამხრეთი, უფრო დიდი მხარე, განკუთვნილი ყოფილა მტრის შემოსევის შემთხვევაში მოსახლეობის გასახიზნავად.
ეკლესია ჯვარპატიოსანი დარბაზულია (13,6 X 7,5 მ). აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი ძალზე დაზიანებული წარწერის მიხედვით იგი გივი ამილახვრის დაკვეთით აუგია სახლთუხუცესს პაპუა ქარუმიძეს XVII საუკუნის 70-80 წლებში. ეკლესიაში შესასვლელი ამჟამად სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა (გაჭრილია XIX საუკუნეში). ნახევაწრიულ აფიდის ღერძზე სარკმელია, მის ორივე მხარეს — თითო სწორკუთხა ნიში. თითო სარკმელია ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში. დარბაზი გადახურულია ორ საბჯენ თაღზე დაყრდნობილი კამარით. თაღები, კამარა და კონქი შეისრული ფორმისაა. ეკლესიაში შემორჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები XVII საუკუნეს განეკუთვნება.
ეკლესიაზე დასავლეთით მიდგმული კოშკი ძირითადად ორფენიანია (6,1 X 7,8 მ). პირველად აქ მდგარა სამსართულიანი სამრეკლო, რომელიც საშიშროების გაზრდასთან დაკავშირებით, კოშკად გადაუკეთებიათ. ამის გამო კოშკის ქვედა ორი სართული სამრეკლოს ნაწილებს შეიცავს. დარჩენილი ნაწილების მიხედვით, სამრეკლო იმ ტიპს მიეკუთვნება, რომელიც გვხვდება XVII საუკუნის ბოლოს.
მეორე ციხე-დარბაზის კომპლექსი მდებარეობს ციტადელის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ნანგრევების კვალის მიხედვით იგი წაგრძელებული უსწორი ოთხკუთხედი ყოფილა (25,3 X 57,2 მ). შემორჩენილია გალავნის ჩრდილოეთ კედელზე მიდგმული ოთხკუთხა ნაგებობებისა (სავარაუდოდ სასახლისა და სხვა სათავსების) და ცილინდრული კოშკების საძირკვლის ნაშთები. ჩრდილო-დასავლეთ კუთხის კოშკის ნაშთი არ შემორჩენილა.
ამირინდო ამილახვრის ციხე-დარბაზის კომპლექსი მდებარეობს ციტადელის სამხრეთ-აღმოსავლეთით. თარიღდება XVIII საუკუნის შუა ხანით. ციხე-დარბაზის (27,3 X 37,8 მ) ოთხივე კუთხეში ცილინდრული კოშკები იდგა. ციხე-დარბაზს შემოვლებული ჰქონდა ნახევარწრიული ქონგურებიანი მაღალი გალავანი. ჭიშკარი გალავნის ჩრდილოეთ კედელში იყო. ამჟამად ეზოს სამხრეთ ნაწილში დგას ეკლესია, ხოლო მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია ნანგრევები.
ეკლესია დარბაზულია (11,3 X 8,1 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ჩრდილოეთ შესავლელის თავზე რვასტრიქონიანი მხედრული წარწერიდან ირკვევა, რომ ეკლესია აგებულია 1774 წელს ამირინდო ამილახვრისა და მისი მეუღლის ელენე ჩოლოყაშვილის დაკვეთით. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. თითო სარკმელია ეკლესიის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში.
ანდუყაფარ ამილახვრის აბანო მდებარეობს მთავარი ციხე-დარბაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ასიოდე მეტრზე, რუსთაველის ქუჩაზე. თარიღდება XVII საუკუნით. ამჟამად სანახევროდ მიწაშია ჩამჯდარი. ის აუგია ანდუყაფარ ამილახვარს, რომელსაც ცოლად ჰყავდა შაჰ აბასის შვილიშვილის ისახან ყორჩიბაშის ასული. აბანო აგებულია სპარსულ ყაიდაზე. მარაგდებოდა ჯანაურას წყაროს წყლით. აბანო უსწორო მრავალგვერდა ნაგებობაა (14,2 X 6,3 მ), ძირითადად ნაშენია აგურით, გამოყენებულია ქვაც. შესასვლელი დასავლეთიდანაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 202-206.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-07-04.