კახაბერისძენი
კახაბერისძენი — დიდებულთა საგვარეულო დასავლეთ საქართველოში. ბაღვაშთა საგვარეულო განშტოება. კახაბერისძენი XI საუკუნიდან რაჭის ერისთავები იყვნენ. სხვავის ეკლესიის ჯვრის XI საუკუნის წარწერაში მოხსენიებულია რაჭის ერისთავი რატი და მისი ძე კახაბერი. მკვლევართა აზრით, იგივე კახაბერი, უკვე ბერად შემდგარი, კირილეს სახელით, იხსენიება თავის ძესთან, ერისთავერისთავ რატისთან ერთად ნიკორწმინდის ჯვარცმის ხატის XI საუკუნის წარწერაში. კახაბერისძენთ გააფართოვეს თავიანთი სამფლობელო მიწა-წყალი. თამარის მეფობის დასაწყისისათვის ისინი ფლობდნენ არა მხოლოდ რაჭას, არამედ თაკვერსაც (ლეჩხუმი) და რაჭისა და თაკვერის ერისთავებად იწოდებოდნენ. კახაბერისძენი მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ XII—XIII საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. XIII საუკუნის 60 წლებში მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ კახაბერისძენთა ბრძოლის გამო დავით VI ნარინმა გააუქმა რაჭის საერისთავო და სახასო მამულად აქცია. კახაბერისძენთა საგვარეულო, როგორც ჩანს, ამოწყდა. XIV საუკუნის მიწურულს, კვლავ აღდგენილ რაჭის საერისთავოს სხვა საგვარეულო ჩაუდგა სათავეში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური მოგზაურობა რაჭაში, თბ., 1963;
- სოსელია ო., რაჭის ერისთავთა სათავადო, კრ.: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, წგნ. 1, თბ., 1970;
- ანთელავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 446.