რაჭის ერისთავები

ქართული თავადური საგვარეულო (გვარადქცეული თანამდებოა); ჩხეიძეთა განშტოება.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.


რაჭის ერისთავები[2] — ქართული ფეოდალური საგვარეულო (გვარადქცეული თანამდებობა), ჩხეიძეების განშტოება. ალექსანდრე III გარდაცვალების შემდეგ ხშირად იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას იმერეთის სამეფოს შინაომებში. როსტომ რაჭის ერისთავის დროს რაჭის საერისთავო ფაქტობრივად დამოუკიდებელ სამთავროს წარმოადგენდა. XVII საუკუნიდან რაჭის ერისთავებმა, რომლებიც ადრე იმერეთის მეფეს ვასალურად ემორჩილებოდნენ, ერთგვარ დამოუკიდებლობას მიაღწიეს. მათ მეფე კი აღარ ნიშნავდა ერისთავად, არამედ ეს თანამდებობა გადადიოდა მემკვიდრეობით მამიდან შვილზე უფროსობის მიხედვით. უფლებების ასეთმა გაზრდამ ხელი შეუწყო მეფისადმი რაჭის ერისთავების დაუმორჩილებლობას, რასაც ერთი მხრივ მეფეებთან, მეორე მხრივ, რაჭის თავადებთანაც გამუდმებული ქიშპი და შუღლი მოჰყვა. 1789 წელს სოლომონ II საბოლოოდ დაიმორჩილა ისინი და რაჭის საერისთავო საბოლოოდ გაუქმდა.

რაჭის ერისთავები
გერბი
იხ. ტექსტი [⇨]
პერიოდი 1488 წლიდან.
ტიტული თავადი, ერისთავი, ამილახორი
დამფუძვნებელი ივანე ჩხეტიძე (ჩხეიძე)
განშტოებები ბარის ერისთავები
წარმოშობის ადგილი შორაპანი
ქვეშევრდომობა იმერეთის სამეფო
სამფლობელოები რაჭის საერისთავო [1]

გერბის აღწერა

რედაქტირება

გერბზე თარაზულად განლაგებულია ორი ექვსქიმიანი ვარსკვლავი, დაწვენილი მოღუნული ხმალი, აგრეთვე დაწვენილი ნახევარმთვარე, დროშა, ხუთი ისრით მომართული მშვილდი და ჩაჩქანი; ფარს სათავადო გვირგვინით შემკული სათავადო მოსასხამი აკრავს გარსს.[3]

X–XIII საუკუნეებში რაჭის ერისთავები მეფის მოხელეებს წარმოადგენდნენ, მათ ევალებოდათ საერისთავოში სამეფო გადასახადების აკრეფა, ლაშქრის გამოყვანა და წინამძღოლობა. ამ პერიოდში რაჭის ერისთავთა მთავარი რეზიდენცია მინდა ციხე იყო. დიდი ციხე-დარბაზი იყო კვარის ციხეც. თანამდებობა თავდაპირველად ეკავათ ბაღვაშების განშტოებას — კახაბერისძეებს. მათგან პირველი იყო რატი I ბაღვაში (მისი შვილისგან მომდინარეობს იმ საგვარეულოს სახელი). ისინი მართავდნენ რაჭის საერისთავოს XI–XII საუკუნეებში. როდესაც კახაბერ (VI) კახაბერისძემ მეორეჯერ უღალატა დავით VI ნარინს იგი მკაცრად დაისაჯა: მეფემ ხელთ იგდო კახაბერისძე, თვალები დათხარა და ცალი ხელი და ფეხი მოჰკვეთა, ერისთავის ორი შვილი განდევნეს კონსტანტინოპოლში. გააუქმა საერისთავო და სახასო მამულად აქცია. ამით დასრულდა კახაბერისძეების მფლობელობა რაჭაში. XIV საუკუნის ბოლოს იმერეთის მეფეებმა რაჭის საერისთავო ისევ აღადგინეს. თავდაპირველად რაჭის ერისთავთა ტიტულს ჭარელიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები ატარებდნენ. შემდეგ შორაპნის  საერისთავოს რეორგანიზაციის შედეგად ჩხეიძეთა სათავადოს ჩამოყალიბებიდან მოკლე ხანში იმერეთის მეფე ალექსანდრე II (1484-1510) ჩხეიძეთა სათავადოს  წარმომადგენელი ივანე ჩხეიძე 1488 წელს დასვა რაჭის ერისთავად და უბოძა ამილახორის თანმდეობაბა,[4] რაც ამ გვარის რაჭაზე ძველი უფლების აღდგენად უნდა ჩაითვალოს. 1497 წელს მის ადგილს მისი ძმა კახაბერი იჭერს. ამიერიდან რაჭის ერისთავის ტიტული მემკვიდრეობით  გადადის  მამიდან  შვილზე  უფროსობის  მიხედვით. არგვეთელი სახლიკაცებისაგან ტერიტორიულად განცალკევებულ რაჭის ერისთავებს დროთა  ვითარებაში ძველი საგვარეულო სახელი ჩამოსცილდათ და თავიანთი თანამდებობის აღმნიშვნელი „ერისთავი“ გაუგვარდათ. რაჭის ერისთავის რეზიდენცია სოფ. წესში იყო, სასახლე, კარის ეკლესია და საძვალე – ბარაკონში (აიგო 1753 წელს ავთანდილ შულავრელის მიერ).[5] ერისთავ-ჩხეიძეების მიერ ჩაბარებული რაჭის საერსითავოს ტერიტორია შეკვეცილი იყო, ის რაჭის მხოლოდ რამდენიმე სოფელი შედიოდა და თანაც 1230 წლიდან თაკვერი მის შემადგენლობაში აღარ შედიოდა.[6] მიუხედავად ამისა, რაჭის ერისთავებმა თანდათან იწყეს ყმა-მამულის შემოკრება და XVIII საუკუნის ნახევრისთვის რაჭის თითქმის მთელ ტერიტორიას ფლობდნენ. გაფართოვდა ერისთავთა არა მარტო სამფლობელო, არამედ უფლებებიც, გაიზარდა მათი ძლიერება და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაც. რაჭის ერისთავები შოშიტა II (1661-1684),  პაპუნა II (1684-1696), შოშიტა III (1696-1732), გრიგოლ (1732-1743), ვახტანგ (1743-1750), როსტომ (1750-1769) დიდი გავლენით სარგებლობდნენ  ლიხთ-იმერეთში და ლიხთ-ამერეთშიც. მათ ანგარიშს უწევდნენ, იცნობდნენ და აფასებდნენ მეზობელ ქვეყნებშიც. ნიშანდობლივია, რომ 1651 წელს იმერთა მეფის, ალექსანდრე III მიერ რუსთა ხელმწიფის ერთგულების ფიცის წიგნზე ხელის მოწერისას გამართულ დარბაზობას პაპუნა I რაჭის ერისთავი არ დასწრებია. ამ წიგნზე მას იმერეთიდან რუსეთისაკენ მიმავალმა ელჩებმა რაჭაში, საკუთარ რეზიდენციაში მოაწერინეს ხელი მისთვის საგანგებოდ დატოვებულ პირველ ადგილზე, მეფე ალექსანდრე III საერო კარისკაცთაგან. რაჭის  ერისთავთა  განსაკუთრებულ მდგომარეობას გამოხატავდა მათი ტიტულატურაც, რომელიც XVIII საუკუნეში გაჩნდა: „ლიხთ იმერისა და ამერის მთავრად და მსაჯულად დადგინებული, მპყრობელი რაჭისა“. ან კიდევ „ლიხთ იმერთა სარდალი... მპყრობელი რაჭისა“. XVIII საუკუნიდან იმერეთის სამეფოში „პირველკაცობა“ რაჭის ერისთავებს (იგივე ერისთავ-ჩხეიძებს), აბაშიძეებსა და დადიანებს ეჭირათ, თუმცა მემატიანის ცნობით ამ პერიოდშიც ჩხეიძეების გვარი ერთ-ერთ „უწარჩინებულესად“ ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ XVIII საუკუნის 30-იან წლებში რაჭის ერისთავის გედეონ (გედევან) ეპისკოპოსს მეფე ალექსანდრე V უბოძა „საერისთო მამული“ იმერეთში და უწოდა „ბარის ერისთავი“, აქედან გაჩნდა იმერეთში გვარი "ერისთავი" გენით ჩხეიძეთა შთამომავალი. „ბარის ერისთავთა“ ინსტიტუტი რაჭის ერისთავთა დასაპირისპირებლად, მათ ზომაზე მეტი სიძლიერის დასათრგუნავად გაჩნდა. იმერეთის მეფემ ალექსანდრე V (1720-1752) კვლავ წამოსწია თავად ჩხეიძეთა საგვარეულო. მან 1740 წელს ბაანა ჩხეიძეს და მის შვილებს როსტომს, გიორგისა და დავითს უბოძა „მკვიდრად“ ქვითირის მოურავობასთან ერთად სვირის მოურავობაც.[7] XV საუკუნეში რაჭის საერისთავოს აზნაურები იყვნენ ჭარელიძეები, ბაქრაძეები, კოტრიძეები, ჯაფარიძეები, ლაშხიშვილები და გარაყანიძეები. მომდევნო ხანაში ჭარელიძეები, კოტრიძეები გადაშენდნენ. გარაყინიძეებმა და ლაშხიშვილებმა რაჭა დატოვეს. ჯაფარიძეებმა თავიანთი სათავადო ჩამოაყალიბეს. XVI–XVII საუკუნეებში შეიქმნა წულუკიძეების, იაშვილებისა და ყიფიანების სათავადოები. მათ აზნაურებს მოგვიანებით შეემატა: ბაქრაძეები, ბუბაშვილები, გამრეკელიძეები, გამყრელიძეები, გოცირიძეები, დარახველიძეები, დემეტრაძეები, იაშვილები, ლაჭყეპიები, ლომინაძეები, ლორთქიფანიძეები და საკანდელიძეები. მათი ყმა-გლეხები: არაბიძეები, არველაძეები, არჩვაძეები, ბოჭორიშვილები, ბრეგვაძეები, ბურძენაძეები, გაგნიძეები, გელაშვილები, გოგილაშვილები, გოგობერიშვილები, დაუშვილები, დემეტრაშვილები, კაშიები, კერესელიძეები, კობერიძეები, კრიხელები, კუხიანიძეები, ლილუაშვილები, ლობჟანიძეები, მაისაშვილები, მაკარიძეები, მერკვილაძეები, მეტრეველები, მჭედლიძეები, ნავროზაშვილები, პატარიძეები, რობაქიძეები, საბანიძეები, სვანიძეები, სირაძეები, ტოროშელიძეები, ფოჩხიძეები, ფხაკაძეები, ქრისტესიაშვილები, ხმიადაშვილები, ჩხობაძეები, ხურციძეები და სხვ. რაჭის ერისთავების ყმები სამეფო გადასახადებს არ იხდიდნენ. ეს გადასახადები XVII ს. 60-იანი წლებიდან ფაქტობრივად ერისთავებს ჰქონდათ მითვისებული.

პოლიტიკიური მოღვაწეობა და მმართველობის დასასრული

რედაქტირება

იმერეთის მეფის ალექსანდრე III გარდაცვალების შემდეგ, როდესაც სამეფოში ფეოდალური ანარქია სუფევდა, რაჭის ერისთავეები შინაომების აქტიური მონაწილეები და ხშირად ინიციატორებიც იყვნენ. მათ, სურდათ გაეფართოებინათ თავიანთი სათავადოები, თავი დაეღწიათ იმერეთის მეფის მოხელეობისაგან და საერისთავო დამოუკიდებელ სამთავროდ ექციათ. 1669 წელს ერისთავმა შოშიტა II მოკლა მეფის მოღალატე სახლთუხუცესი სეხნია ჩხეიძე და დაეხმარა ბაგრატ IV მეფის ტახტზე განმტკიცებაში. მაგრამ ამის შემდეგ შოშიტა II და რაჭის შემდგომი ერისთავები ებრძოდნენ მეფის ხელისუფლებას. 1678 შოშიტა დაეხმარა არჩილ II იმერეთის სამეფო ტახტის დაკავებაში. ბაგრატ IV-ს თურქები დაეხმარნენ და არჩილი ტახტიდან გადააყენეს. 1679 თურქები პირველად შეესივნენ რაჭას და სასტიკად ააოხრეს. რაჭის ერისთავებს არჩილის რუსეთში წასვლის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ ბრძოლა იმერეთის ხელისუფლებასთან. პაპუნა II-სთან ბრძოლაში იმერეთის მეფე ალექსანდრე IV-მ ორჯერ დაკარგა მეფის ტახტი და საბოლოოდ დამარცხდა კიდეც. თავდაპირველად რაჭის ერისთავები საერისთავოს თავადებს ეყრდნობოდნენ იმერეთის სამეფო ხელისუფლებასთან ბრძოლაში. მოკავშირეებმა უპირველეს ყოვლისა რაჭის საერისთავოში მეფის კუთვნილი ყმა-მამული მიითვისეს: იაშვილებმა — კვარის ციხე, წულუკიძეებმა — ხოტევისა. სამეფო ყმა-მამულის დიდი ნაწილი კი რაჭის ერისთავების ხელში გადავიდა. მათვე დაიმორჩილეს რაჭის აზნაურთა დიდი ნაწილი, ზოგიც საერისთავოს ტერიტორიიდან გააძევეს. შოშიტა III და მისმა მომხრეებმა სამჯერ ჩამოაგდეს გიორგი-მალაქია აბაშიძე, 1716 წელს იმერეთი სამად გაიყვეს, 1720 წელს კი გარდაიცვალა. ერისთავმა შოშიტა III კარგი ურთიერთობა დაამყარა ქართლის მეფეებთან, განსაკუთრებით ვახტანგ VI. როსტომ რაჭის ერისთავის დროს რაჭის საერისთავო ფაქტობრივად დამოუკიდებელ სამთავროს წარმოადგენდა. XVIII საუკუნის შუა წლებისთვის რაჭის ერისთავებს ეკუთვნოდათ 56 სოფელი, 1250 კომლი ყმა. იმერეთის მეფე სოლომონ I 1769 წლის II ნახევარში როსტომი ოჯახიანად შეიპყრო, ხოლო რაჭის საერისთავო გააუქმა. 1784 რაჭის საერისთავო იმერეთის მეფემ დავით გიორგის ძემ აღადგინა. მეფის გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა კაცია II დადიანმა. მეფემ ერისთავობა ერთ-ერთ თავის დისწულს ანტონს უბოძა. ამით უკმაყოფილო წულუკიძეებისა და წერეთლების გამოსვლა მარცხით დამთავრდა. 1785 იმერეთის მეფემ რაჭის ერისთავად ანტონის ნაცვლად მისი მამა, გიორგი როსტომის ძე, დასვა. ბერი წულუკიძე და პაპუნა წერეთელი ახალციხეში გაიქცნენ და 1786 იანვარში 500 ლეკისა და 1000 თურქისაგან შემდგარი ლაშქრით რაჭაში შეიჭრნენ. იმერეთის მეფემ ოდიშის ლაშქარი მოიშველია და რაჭაში ილაშქრა. გადამწყვეტ ბრძოლაში 1786 წლის 26 იანვარს სოფ. სხვავასთან დავით გიორგის ძემ გაიმარჯვა, 1787 წელს გიორგი რაჭის ერისთავი ბრძოლაში დაიღუპა და მის ადგილას დავით გიორგის ძემ კვლავ ანტონ გიორგის ძე დასვა. 1789 იმერეთში გამეფდა სოლომონ II, რომელმაც საბოლოოდ გააუქმა რაჭის საერისთავო. ყველაფერს წერტილი დაესვა 1810 წელს, როდესაც რუსების ხელით დატყვევებული სოლომონ II მათ გაექცა და ოსმალეთს შეაფარა თავი. ფაქტობრივად სამეფო გაუქმდა და იმერეთში რუსული წყობილება დამყარდა. იმპერიის ერთგულად ანტონ გიორგის ძე ერისთავს რუსებმა რაჭის მაზრაში რამდენიმე სოფელი აჩუქეს, თუმცა რაჭის საერისთავო აღარ არსებობდა და ანტონი ჩვეულებრივ თავადის უფლებებით სარგებლობდა[8]. რუსეთის იმპერიის უღელქვეშ მათ თავადობა დაუმტკიცდათ 1850 წ. 6 დეკემბერს. გვარი რუსიფიცირებული იყო (რუს. Эристовы-Рачинские [რაჭის ერისთავები]).[9]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერაძე თ., რაჭის საერისთავო // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 313–314.
  • Долгоруков П. В. Российская родословная книга. т. 3. — СПб. — стр. 108.
  • საქართველოს ისტორიის ატლასი : მეორე, შევსებული და გადამუშავებული გამოცემა, თბილისი: გამომცემლობა „არტანუჯი“, 2016. — გვ. 46, 49, 54, ISBN 978-9941-463-83-9.
  • ბერაძე თ., რაჭა ფეოდალურ ხანაში, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1975, ტ. 5;
  • მისივე, რაჭა, თბ., 1983;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
  • სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. 1, თბ., 1973;
  1. საქართველოს ისტორიის ატლასი : მეორე, შევსებული და გადამუშავებული გამოცემა, თბილისი: გამომცემლობა „არტანუჯი“, 2016. — გვ. 46, 49, 54 ISBN 978-9941-463-83-9.
  2. აღსანიშნავია, რომ ისინი თავის თავს ყოველთვის იხსენიებდნენ, როგორც ერისთავ-ჩხეიძეებად (ერისთავ-ჩხეტიძეები).
  3. თორნიკე ასათიანი, ქართული გერბთმცოდნეობა ანუ ჰერალდიკა, თბ., 2002 წ.
  4. სარგის კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ, ტ. ნაშრ. II, თბილისი, 1924. — გვ. 25.
  5. ანდღულაძე ნ., ქსე, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 200-201
  6. ბერაძე თ., რაჭის საერისთავო // ქსე, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 313-314
  7. ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა.., I, დას. ნაშრ. გვ.70-71.
  8. ოლღა სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან., თბილისი, 1973. — გვ. 25-28.
  9. Долгоруков П. В. Российская родословная книга. т. 3. — СПб. — стр. 108.