კვარას ციხე, კუარას ციხე — ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე საქართველოში, რაჭაში, მდინარე კრიხულის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. ზემო სხვავიდან 1,5 კმ დაშორებით (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი). ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში სამეფო სამფლობელო იყო. XVI საუკუნის 90-იან წლებში დაეუფლა ქართლის მეფე სიმონ I, XVIII საუკუნის დასაწყისში — იაშვილთა ფეოდალური საგვარეულო. 1769 წლიდან კვლავ სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. 1786 წელს კვარის ციხეს თავს აფარებდა იმერეთის მეფის დავით გიორგის ძის მოწინააღმდეგე ბატონიშვილი დავით არჩილის ძე (მეფობაში სოლომონ II). 1802 წელს კვარას ციხეში თავი მოჰკვეთეს ახალციხის ფაშას საბუდს. 1810, იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების დროს, კვარას ციხე გარკვეული წინააღმდეგობის შემდეგ დანებდა რუსეთის ჯარს. შემდეგ ხანებში კვარას ციხემ დაკარგა თავისი მნიშვნელობა. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს: "სხოვის სამხრეთით და კრიხის პირისპირ, აღმოსავლეთის კიდურს, მაღალს, კლდიანს გორასა ზედა არს ციხე კუარასი მტკიცე (აშიაზე – კვარას ციხე).

კვარის ციხე

კვარას ციხე ტიპური ციხე-დარბაზია, გარს უვლის 6-7 მ სიმაღლის გალავანი. საერთო ფართობი დაახლოებით 2000 მ². შესასვლელი მხოლოდ ერთი მხრიდან აქვს. გალავნის შიგნით შემორჩენილია ორსართულიანი მრგვალი საცხოვრებელი კოშკი, მცირე ზომის ეკლესია, აუზი და სხვა შენობათა ნანგრევები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ., ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973
  • ბერაძე თ., ქსე, ტ. 5, გვ. 489, თბ., 1980
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ. 1973.
  • გიორგი ბოჭორიძე, რაჭა–ლეჩხუმის ისტორიული სიძველეები, შემდგენელი ლევან ფრუიძე, თბ., 1994.
  • გ.გასვიანი, დასავლეთ საქ. პოლიტიკური ვითარება და რუსეთთან შეერთება. XVI-XIX სს., თბ., 1988.
  • იაგო ქვათაძე, სხვავა და სხვაველები,თბ., 2005.