გედეონ I
გედეონ I გენათელი (ლორთქიფანიძე; გ. 1682) — გელათის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით 1660-1682, დაახლოებით 1660-1664 იყო ნიკორწმინდის ეპისკოპოსიც. გედეონ I-მა შეძლო ოსმალთა ბატონობის შედეგად დაკნინებული გელათის საეპისკოპოსოს მეურნეობის ნაწილობრივ აღდგენა, გელათს შეუძინა თავისუფალი მიწები და იქ გლეხები დაასახლა, 1668 მდინარე ჭიშურაზე ააგო ხიდი. შეუდგა მეორე ხიდის აგებას მდინარე წყალწითელაზე, მაგრამ ვერ დაამთავრა.
1669 გედეონ I ბაგრატ IV-მ ელჩად გაგზავნა რუსეთში მეფე ალექსი მიხეილის ძესთან. მოსკოვში გედეონ I-ს, როგორც ბაგრატ IV-ის პოლიტიკის დამცველს, დაუპირისპირდა ტახტის მოცილე დარეჯან დედოფლის მომხრე ქართველი ბატონიშვილი ნიკოლოზი (შემდგომში ერეკლე I), რომელმაც შეძლო გედეონ I-ის პიროვნების კომპრომეტირება რუსეთის მეფის თვალში.
1672 წლის დეკემბერში გედეონ I კირილეს მონასტერში გადაასახლეს, საიდანაც 1676 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში დაბრუნდა. გედეონ I-ის მწიგნობრული მოღვაწეობიდან შემონახულია მხოლოდ ერთი ხელნაწერი სახარება-სამოციქულო, რომელიც მისი დაკვეთით გადაუწერიათ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 575-576.