დავით II (იმერეთის მეფე)
დავით II (დ. 1755 — გ. 11 იანვარი, 1795) — იმერეთის მეფე 1784-1789 წლებში, გიორგი VII-ს ძე, სოლომონ I-ს ბიძაშვილი.
დავით II | |
---|---|
![]() | |
იმერეთის მეფე | |
კორონაცია: | ძვ. სტ. 26 აპრილი (ახ. სტ. 9 მაისი) |
მმართ. დასაწყისი: | 1784 |
მმართ. დასასრული: | 1789 |
წინამორბედი: | სოლომონ I |
მემკვიდრე: | სოლომონ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1755 |
გარდ. თარიღი: | 11 იანვარი, 1795 |
გარდ. ადგილი: | ახალციხის საფაშო |
მეუღლე: | ანა მამუკას ასული ორბელიანი (ანა-მათე) |
დინასტია: | იმერეთის ბაგრატიონები |
მამა: | გიორგი VII |
ბიოგრაფიარედაქტირება
გამეფება და მმართველობის პირველი წელირედაქტირება
დავითი გამეფებისას 29 წლისა იყო. სოლომონ I–ის მიერ ტახტზე მემკვიდრედ გამოცხადებულ დავით არჩილის ძეს (მომავალი სოლომონ II) ამ დროისათვის 12 წელი შესრულებოდა და პაპის – ერეკლე II–ის კარზე იზრდებოდა. ამით ისარგებლა დავით გიორგის ძემ და პაპუნა და ზურაბ წერეთლების, ბერი წულუკიძის, კაცია II დადიანისა და გიორგი V გურიელის ხელშეწყობით გამეფდა.
დავითმა 1784 წლის თავი მეფედ გამოაცხადა და 26 აპრილს (ახ. სტ. 9 მაისი) დადო ფიცი, რომლის ძალითაც სოლომონ I–ის პოლიტიკის გაგრძელებას კისრულობდა. მის მომხრედ გამოდიოდა რუსეთიც, რომელსაც მეფემ იმავე წელს ქვეშევრდომობა სთხოვა. რუსეთის მთავრობა მაშინვე ჩაერია იმერეთის საქმეებში და 1784 წლის მაისში დავით გიორგის ძე და ერეკლე II მოარიგა: იმერეთის მეფე იძულებული გახდა, დავით არჩილის ძე თავის მემკვიდრედ გამოეცხადებინა, მისთვის საუფლისწულო მიეცა და სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ ტახტიც დაეთმო. დავით გიორგის ძე ცდილობდა, დიდ ფეოდალთა გავლენისაგან გათავისუფლებულიყო და თავისი ერთგულნი (ელიზბარ ერისთავი და სხვები) დააწინაურა. ამით პაპუნა წერეთელი, ბერი წულუკიძე და სხვა დიდი თავადები მტრად გადაიკიდა.
ოსმალეთის პრეტენზიები და რუსეთის როლირედაქტირება
იმერეთის რუსეთთან დაახლოებამ ოსმალეთი დააფრთხო და მან იმერეთის მეფედ ქაიხოსრო ლევანის ძე აბაშიძე გამოაცხადა. იმავე დროს, სტამბოლიდან ტახტის მეორე მაძიებელი, რაჭის ერისთავის ვაჟი, გიორგი („ქიორ–ბეიდ“ – ცალთვალად წოდებული) გამოემართა. ოსმალეთი აშკარად ამზადებდა დასავლეთ საქართველოში შემოჭრას. ამ რთულ ვითარებაში მეფემ გაბედულად იმოქმედა: შემოირიგა ზურაბ და პაპუნა წერეთლები და წულუკიძეს მორჩილება გამოაცხადებინა. 1785 წლის მიწურულს, რუსეთის აქტიური ჩარევის შედეგად, თურქეთი იძულებული გახდა უარი ეთქვა იმერეთში თავისი კანდიდატის გამეფებაზე. თუმცა, თურქთა მარბიელი რაზმების თარეში არ წყდებოდა. 1785 წელს მეფემ რაჭის ერისთავის ძე – გიორგი შემოირიგა და ახლად აღდგენილი რაჭის საერისთავო ჩააბარა; 1786 წელს კი წულუკიძის, წერეთლისა და დავით არჩილის ძის იმერეთში შემოსული ჯარი დაამარცხა. ეს ჯარი მეფის მოწინააღმდეგეებს ახალციხის ფაშა სულეიმანმა დაახმარა.
1784–1786 წლებში ქუჩუკ–კაინარჯის ზავის გამო რუსეთმა დასავლეთ საქართველოში თურქთა პრეტენზიებს აშკარა ძალა ვერ დაუპირისპირა. 1787 წლის ივნისში დავით II–ის რწმუნებებით აღჭურვილი ახალი ელჩი – ბესარიონ გაბაშვილი რუსეთს გაემგზავრა, მაგრამ პეტერბურგში მხოლოდ 1789 წელს ჩააღწია. 1787 წელს დავითმა საჯავახო გურიელს დაუმტკიცა.[1]
კონფლიქტი ოდიშის მთავართან და მეფობის დასასრულირედაქტირება
1788 წელს სამეგრელოში კაცია დადიანის ვაჟი – გრიგოლი გამთავრდა, რომელიც მეფის მოწინააღმდეგე თავადებს შეუერთდა. დადიანმა, პოლიტიკური მიზნით, დავით არჩილის ძე თავის დაზე, მარიამზე დააქორწინა. დავით II–მ გადაწყვიტა ესარგებლა გრიგოლის სიჭაბუკით და სამეგრელოს სამთავროს დამორჩილებისა და ლეჩხუმის ხელში ჩაგდების მიზნით, სამეგრელოზე ილაშქრა. ახალგაზრდა მთავარმა თავი ლეჩხუმს შეაფარა, სამეგრელოში კი, ამ დროს, მისი ძმა მანუჩარ II გაამთავრეს. ამ ფაქტმა ოდიშის ორ დაპირისპირებულ ბანაკად დაყოფა გამოიწვია: ერთნი მხარს უჭერდნენ მანუჩარ II-ს, ხოლო მეორენი – გრიგოლს. ამ უკანასკნელის მხარეს იყვნენ აგრეთვე ლეჩხუმის სარდალ-მოურავი ქაიხოსრო გელოვანი და სახლთუხუცესი გიორგი ჩიქოვანი. დადიანმა იმერთა მეფის დავითის საწინააღმდეგოდ, ერეკლე II-ს დახმარება სთხოვა და თან თავისთან მიიწვია ერეკლეს შვილიშვილი, მის კარზე მყოფი დავით არჩილის ძე. დავით არჩილის ძის გამეფება იმერეთის სამეფო კართან ერეკლეს კარგა ხნის წინ ჰქონდა შეთანხმებული, მაგრამ დავით გიორგის ძე ტახტის დათმობას არ აპირებდა. ერეკლე II–მ გამოიყენა დადიანის თხოვნა მასთან დავით არჩილის ძის გაგზავნისა და დახმარების შესახებ და დასავლეთ საქართველოში ილაშქრა. 1789 წლის 11 ივლისს, სოფ. მათხოჯთან ქართლისა და სამეგრელოს გაერთიანებულმა ჯარმა დაამარცხა დავით II, რომელიც ერთხანს იმერეთში ბრძოლას განაგრძობდა, მაგრამ ბოლოს ახალციხეში გაიქცა: ტახტზე კი დავით არჩილის ძე ავიდა, სოლომონ II–ს სახელით.
ბრძოლა ტახტის დასაბრუნებლად და გარდაცვალებარედაქტირება
1790 წელს დავით II ახალციხის ფაშას და ლევან აბაშიძის დახმარებით იმერეთში შეიჭრა და მოახერხა ტახტის ძალზე მცირე ხნით დაუფლება, თუმცა დავით არჩილის ძემ იმავე წელს დაიბრუნა ტახტი. 1791 წელს დავით II, ერეკლე II–ის შუამდგომლობით, იმერეთში დაბრუნდა და საუფლისწულო მამული მიიღო და ერთხანს იქ ცხოვრობდა. 1792 და 1794 წლებში, ლეკთა ჯარისა და მომხრე დიდებულთა დახმარებით, იგი კვლავ შეეცადა გამეფებას, მაგრამ დამარცხადა და ისევ ახალციხის საფაშოში გადაიხვეწა, სადაც 1795 წლის 11 იანვარს ყვავილით გარდაიცვალა. დაკრძალულია ჯრუჭის მონასტერში.
ლიტერატურარედაქტირება
- სოსელია ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 333.
- საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძისა და რ. მეტრეველის რედაქცია, თბ., ნეკერი, 2000
- რეხვიაშვილი, მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989. — გვ. 56-60.
- ქ. ჩხატარაიშვილი, დასავლეთ საქართველო XVIII ს–ის პირველ ნახევარში, სინ, ტ. IV, თბ., 1973
- შ. ბურჯანაძე, იმერეთის სამეფოს საშინაო პოლიტიკა 1789–1802 წლებში, თბ., 1962
- შ. ბურჯანაძე, იმერეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიისათვის 1784–1789 წლებში, ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე, ტ. II, თბ., 1960
- ალ. ხახანაშვილი, მეფე იმერეთისა სოლომონ II, ტფ., 1910
- მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, გენეალოგიური ტაბულის შემდგენლები მ. სურგულაძე, მ. ქავთარია, თბ., 1975
- David Marshall Lang, The Last Years of the Georgian Monarchy, 1658-1832. New York: Columbia University Press, 1957.
სქოლიორედაქტირება
წინამორბედი: სოლომონ I |
იმერეთის მეფე 1784 - 1789 |
შემდეგი: სოლომონ II |