იური ჩიქოვანი
იური კონსტანტინეს ძე ჩიქოვანი (დ. 6 იანვარი, 1937, ლენინგრადი (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი), — გ. 12 ნოემბერი, 2018, თბილისი[1]) — ქართველი მოჭადრაკე, საჭადრაკო თეორეტიკოსი, გენეალოგი.
დაიბადა ექიმ კონსტანტინე ჩიქოვანის ოჯახში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური და გერმანული ენების სპეციალობით. წლების განმავლობაში ასწავლიდა ამავე ინსტიტუტში ინგლისური ენის კათედრაზე. იყო ჭადრაკში თბილისის ოთხგზის (1963, 1966, 1977, 1985) და საქართველოს 1976 წლის ჩემპიონი ვაჟთა შორის, საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1966), FIDE-ს ოსტატი (1994), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1979). მისი მოსწავლეები იყვნენ ქართველი მოჭადრაკეები: მაია ჩიბურდანიძე, ნინო გურიელი, ზურაბ აზმაიფარაშვილი.[2]
1984 წლიდან დაინტერესებული იყო გენეალოგიური კვლევებით. 1995 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მის მიერვე დაარსებული ქართული გენეალოგიური საზოგადოების თავმჯდომარე, 1999–2003 წლებში — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენეალოგიური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი. იყო საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულოს ვიცე-წინამძღოლი და მთავარი გენეალოგი, 2004 წლიდან — საერთაშორისო გენეალოგიური აკადემიის წევრი. ავტორია ქართული საგვარეულოების და გენეალოგიის შესახებ 9 წიგნისა და მრავალი სამეცნიერო სტატიისა.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გარდაიცვალა ქართული გენეალოგიური საზოგადოების თავმჯდომარე იური ჩიქოვანი. საქართველოს სამეფო კლუბი. 13 ნოემბერი, 2018 წ.
- ↑ თბილისის საჭადრაკო აკადემიამ ქართველი მწვრთნელის იური ჩიქოვანის 80 წლის იუბილე აღნიშნა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. 31 იანვარი, 2017 წ.
- ↑ Чиковани Юрий Константинович. www.nobility.pro