ორბელიანები
ორბელიანები (იგივე ორბელიშვილები, ყაფლანიშვილები, XIX საუკუნის პირველ ნახევარში ჯამბაკურ-ორბელიანებადაც იხსენიებოდნენ), ფეოდალური საგვარეულო XVII-XIX საუკუნეების საქართველოში. ქაჩიბაიძე-ბარათაშვილების ერთ-ერთი შტო. გვარის ფუძემდებელი იყო ორბელ ბარათაშვილი, რომელიც 1536 წელს გაეყარა თავის სახლიკაცს იოთამ ბარათაშვილს. ორბელს ერგო 59 სოფელი, 617 კომლი გლეხითურთ ლოქის მთის ნახევარი, ფიტარეთის და დმანისის ეკლესიების ნახევარი (ეს ეკლესიები შემდეგ მთლიანად ორბელიანების საკუთრება გახდა). 1610-იან წლებში ორბელიანების შთამომავლებს შორის ამტყდარი საადგილმამულო შუღლის ნიადაგზე ბარათა ორბელიანმა გაწყვიტა თავისი სახლიკაცები და მათ მამულებს დაეპატრონა. გადარჩა მხოლოდ ყაფლან ორბელიანი, რომელმაც თავი ირანს შეაფარა და 1625 წ. მარაბდის ბრძოლაში ქართველთა წინააღმდეგ იბრძოდა. ამ ბრძოლაში დაიღუპა ბარათა და მის მამულებს ყაფლანი დაეუფლა. ყაფლანს აუშენებია „მკვიდრი მამული... სოფელი სამოცდაერთი“, განუახლებია ფიტარეთის მონასტერი, აუგია ხულუტის ციხე და სხვ. მან 80-მდე სოფელი დაუტოვა თავის შთამომავლობას. ორბელიანთა სამფლობელო (საორბელო ან საყაფლანიშვილო) XVIII საუკუნეში მოიცავდა ხრამის და დმანისის ხეობათა დიდ ნაწილს, აგრეთვე ტაშირს. ორბელიანებს ჰყავდათ 100-მდე ვასალი აზნაური და 2000-მდე ყმა გლეხი, რომლებიც ცხოვრობდნენ 160-მდე სოფელში; სასახლეები და კარის ეკლესია ჰქონდათ სოფელ ტანძიას, ციხე-კოშკები - დმანისს, ქვეშსა და ხულუტს, მონასტრები - ფიტარეთსა და დმანისს. XVIII საუკუნის ბოლოს ქვემო ქართლის აოხრებასთან დაკავშირებით ორბელიანები გადმოსახლდნენ თბილისში.
ორბელიანები | |
---|---|
პერიოდი | XVII - XIX საუკუნეები |
ტიტული | თავადები, სახლთუხუცესები, ეშიკაღასბაშები, მდივანბეგები |
სამფლობელოები | ქვემო ქართლი, ტაშირი |
ორბელიანები იყვნენ მეწინავე სადროშოს სარდლები, ქართლის სახლთუხუცესები, ეშიკაღასბაშები, მდივანბეგები და სხვ.
ორბელიანთა გვარიდან იყვნენ ცნობილი ქართველი მოღვაწეები:
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯამბურია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 555.
- ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ნაწ., 3-4, თბ., 1938;