მარაბდის ბრძოლა

მარაბდის ველი (2010 წ.)
თარიღი 1 ივლისი, 1625
მდებარეობა მარაბდა
შედეგი სპარსელების გამარჯვება
მხარეები
 ქართლის სამეფო

 კახეთის სამეფო

 სპარსეთის იმპერია
მეთაურები
თეიმურაზ I ისა-ხანი
ძალები
20 000 60 000
დანაკარგები
10 000 14 000
მარაბდის ბრძოლა ვიკისაწყობში

მარაბდის ბრძოლა — ქართლ-კახეთის ლაშქრის ბრძოლა ყიზილბაშ დაპყრობთა წინააღმდეგ 1625 წლის 1 ივლისს.

წინაპირობა

რედაქტირება

ქართლ-კახეთის აჯანყების (1625) ჩასაქრობად შაჰმა აბას I-მა მარტყოფის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ახალი დიდი ჯარი გაგზავნა საქართველოში თავისი სიძის ისახან ყორჩიბაშის სარდლობით.

ირანის ჯარში ძირითადი ნაწილის გარდა იყო ყორჩების ღოლამთა გვარდიული ნაწილები, მეთოფეთა რაზმები და არტილერია. ისა-ხანს დაუქვემდებარეს შირვანის მმართველის ყაზან-ხან ჩერქეზისა და ერევნის ბეგლარბეგის შაჰ-ბენდე-ხანის ლაშქარი. ლაშქარი გაიგზავნა ჩრდილოეთ და ცენტრალური ირანიდანაც. შაჰი აბას I სამხრეთ აზერბაიჯანიდან ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს. ირანელთა არმია 1625 წლის ივნისის ბოლოს საქართველოში შემოვიდა და მდინარე ალგეთის ხეობაში, მარაბდის ველზე, დაბანაკდა.

სამზადისი

რედაქტირება

თეიმურაზ I-მა და გიორგი სააკაძემ დიდი სამზადისი ჩაატარეს და 20-ათასიანი არმიით კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში დაბანაკდნენ. გიორგი სააკაძემ დახმარებისათვის ოსმალეთს მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. ქართველთა ბანაკში იმყოფებოდა სამცხიდან მოსული ათაბაგი მანუჩარ III 300 მებრძოლით. ირანელები აზერბაიჯანის ბეგლარბეგის შაჰ-ბენდე-ხანის ლაშქარს ელოდნენ და ბრძოლის დაწყებას არ ჩქარობდნენ. ქართველთა სარდლობაში კი აზრთა სხვადასხვაობა იყო. გიორგი სააკაძე მოითხოვდა დაეცადათ, სანამ მტერი თვითონ არ გადმოვიდოდა შეტევაზე, რადგან დიდი სიცხის გამო ქართველთა ჯარს, განსაკუთრებით ქვეითებს, მარაბდის დაბალ ველზე ბრძოლა გაუჭირდებოდა, თანაც კოჯორ-ტაბახმელის ვიწროხევებიან მიდამოებში მტერს მთელი გაშლისა და გამოყენების საშუალება არ ექნებოდა. სამხედრო თათბირმა სააკაძის გეგმა უარყო. გადაწყდა ბრძოლა მეორე დღეს, 1625 წლის 1 ივლისს, დაეწყოთ.

 
ცხრა ძმა ხერხეულიძის მემორიალი

მთავარსარდლობა თეიმურაზ I-მა იკისრა. ქართველთა ლაშქარმა ბრძოლა მისთვის უაღრესად ძნელ პირობებში დაიწყო. ამასთან გ. სააკაძე ბრძოლის საერთო ხელმძღვანელობას ჩამოაცილეს. როგორც ჩანს, ირანელთა სარდლობა მოელოდა ქართველთა შეტევას: ყიზილბაშებმა სანგრები ააგეს და ზარბაზნები შემოუწყვეს, ზარბაზნების უკან ოთხ რიგად მეთოფეები განალაგეს. მოწინავე ჯარს ამირგუნა-ხანი სარდლობდა, ცენტრს კი - თვით ისა-ხან ყორჩიბაში. ცენტრის მარცხნივ და მარჯვნივ მრავალრიცხოვანი რაზმები განალაგეს, ქართველთა ლაშქარი ღამით კოჯრის მაღლობებიდან მარაბდის ველისაკენ დაეშვა და განთიადისას მტრის ბანაკისაკენ გაემართა. წინ რჩეული ცხენოსანი რაზმი მიდიოდა. ყიზილბაშთა სანგრებიდან გაჩაღებულმა თოფებისა და ზარბაზანთა ცეცხლმა შეტევა რამდენადმე შეაფერხა, მაგრამ ქართველები არ შედრკნენ, დიდი სისწრაფით შეიჭრნენ მტრის ბანაკში და მეწინავე რაზმები გადათელეს. ამირგუნა-ხანი სასიკვდილოდ დაიჭრა. ქართველთა ლაშქარმა მეთოფეთა რაზმებს დაარტყა და მათი წყობა მოშალა, შემდეგ ცენტრს შეუტია და მტრის რიგებში დიდი არეულობა შეიტანა. თავზარდაცემული მტრის მარცხენა და მარჯვენა ფრთის ჯარები ცენტრს ვერ მიეშველნენ და გაიქცნენ.

ქართველთა გამარჯვება თითქმის გარდაუვალი იყო, მაგრამ ისა-ხანი ბრძოლის ველს არ თმობდა და უკანასკნელ ძალებს იკრებდა. ამ დროს ქართველთა ჯარის ერთმა ნაწილმა ბრძოლა მოგებულად ჩათვალა, ალაბობა დაიწყო და ბრძოლას თავი მიანება, ცხენოსანთა ერთი რაზმი კი ავთანდილ სააკაძისა და დავით ერისთავის მეთაურობით მტრის გაქცეულ ნაწილებს დაედევნა და ბრძოლის ველს გასცილდა. ამან ყიზილბაშთა მდგომარეობა ძალიან შეამსებუქა. მტრის რაზმები კვლავ მოგროვდნენ სარდლის ირგვლივ და ქართველთა ლაშქარს შეუტიეს. ამ დროს ყიზილბაშებს აზერბაიჯანის ბეგლარბეგის შაჰ-ბენდე-ხანის მეთაურობით ახალი ძალებიც მოუვიდათ. ქართველთა ჯარმა მტრის ახალი რაზმების დარტყმას ვეღარ გაუძლო და გატყდა.

ბრძოლის ველი პირველად ცხენოსანმა ჯარმა დატოვა და კოჯრის ვიწროებს მიაშურა. მიტოვებული ქვეითობა, რომელიც გლეხობისაგან შედგებოდა, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, მაგრამ იარაღს მაინც არ ყრიდა. გლეხები გუნდ-გუნდად იბრძოდნენ და უკანასკნელ კაცამდე შეაკვდნენ მტერს. ყიზილბაშებსაც დიდი ზიანი მოუვიდათ.

შედეგები

რედაქტირება

ქართველთა ჯარი დამარცხდა. ბრძოლის ველზე 10 ათასი ქართველი და 14 ათასი ყიზილბაში დაეცა. მარაბდის ბრძოლაში დაიღუპნენ ჯანდიერი, თეიმურაზ მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსები რუსთველი და ხარჭაშნელი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი და სხვები. განსაკუთრებით დაზარალდა გლეხობა.

მარაბდის ბრძოლაში ქართველთა დამარცხების მიზეზი იყო თავადთა პოლიტიკური სიბეცე-შეზღუდულობა, ფეოდალური ლაშქრის უდისციპლინობა, შეიარაღებაში ჩამორჩენილობა.

დამარცხების მიუხედავად, ქართველებმა მეორე დღეს კოჯრის მიდამოებში განაგრძეს ბრძოლა. 10 დღის შემდეგ მტერმა თბილისი და მისი მიდამოები დაიკავა, მაგრამ შაჰ-აბას I-მა თავის მიზანს - მთლიანად მოეთხარა ქართლ-კახეთი - მაინც ვერ მიაღწია. ქართველები პარტიზანულ ბრძოლებს განაგრძობდნენ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გ. ჯამბურია, ქსე, ტ. 6, გვ. 425-426, თბ., 1983