მარტყოფის ბრძოლა

(გადამისამართდა გვერდიდან მარტყოფის ბრძოლა 1625)
მარტყოფის ბრძოლა
თარიღი 25 მარტი, 1625
მდებარეობა მარტყოფი
შედეგი ქართლ-კახეთის გამარჯვება
მხარეები
 ქართლის სამეფო

 კახეთის სამეფო

 სპარსეთის იმპერია
მეთაურები
გიორგი სააკაძე ყარჩიხა-ხანი 
ძალები
უცნობი დაახლ. 30 000
დანაკარგები
უცნობი დაახლ. 27 000

მარტყოფის ბრძოლა — 1625 წლის 25 მარტს ქართლ-კახეთის ლაშქრის ბრძოლა ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ; ქართლ-კახეთის აჯანყების (1625) ერთ-ერთი ეპიზოდი.

ყიზილბაშთა დიდი არმია ყორჩიხა-ხანის სარდლობით მარტყოფის ველზე იდგა და კახეთის მოსახლეობის დასარბევად ემზადებოდა. ქართლ-კახეთი გიორგი სააკაძისა და დავით ჯანდიერის მეთაურობით აჯანყებისათვის მზად იყო. ქართლ-კახეთის მესვეურთა გეგმით, აჯანყებულები დათქმულ დროზე მოულოდნელად უნდა შესეოდნენ ირანელთა ბანაკს. გ. სააკაძესა და მის მხლებლებს, რომელნიც ირანელთა ბანაკში იმყოფებოდნენ, მოულოდნელი დარტყმით ჯარის სარდლები უნდა დაეხოცათ. მტრის ბანაკში იყო აგრეთვე სააკაძის შვილი ავთანდილი, თავადიშვილები ელია დიასამიძე და პაატა ხერხეულიძე, გლეხი პაპუნა ვაშაყაშვილი.

25 მარტს, გარიჟრაჟზე, ხარება დღეს, ქართლ-კახეთის ლაშქარი მტრის ბანაკს მიუახლოვდა. ხმაურზე გუშაგებმა განგაში დასცეს. ირანის ჯარის სარდლობამ სასწრაფოდ თავი მოიყარა ყორჩიხა-ხანთან და გიორგი სააკაძე იხმეს. შეკრებისთანავე, გიორგი სააკაძემ ყორჩიხა-ხანი განგმირა, ხოლო სანამ ირანელთა სარდლობა გონს მოვიდოდა, სააკაძის მხლებლებმა მათ ბოლო მოუღეს. ამასობაში ქართველთა ჯარი, რომელსაც ზურაბ ერისთავი მეთაურობდა, ბანაკში შეიჭრა. ბრძოლა მთელი დღე გაგრძელდა და გვიან ღამით აჯანყებულთა გამარჯვებით დამთავრდა. მტრის ბანაკიდან, რომელშიც 30 ათასამდე ყიზილბაში იყო, მხოლოდ 3 ათასმა უშველა თავს გაქცევით. ქართლ-კახეთის მოსახლეობა ამჯერადაც გადარჩა ამოწყვეტასა და აყრა-აოხრებას. შაჰ-აბას I-ის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს გიორგი სააკაძის ვაჟს პაატას, რომელიც მძევლად იყო ირანში.

აბას I-მა დაიწყო სამზადისი საქართველოში დიდი დამსჯელი ექსპედიციის მოსაწყობად. გიორგი სააკაძე და თეიმურაზ I თავდაცვისათვის ემზადებოდნენ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გ. ჯამბურია, ქსე, ტ. 6, გვ. 462, თბ., 1983