ხულუტის ციხე
ხულუტის ციხე — ციხე-დარბაზი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ხრამის ღრმა ხეობის ვიწრო ყელში. აგებულია XVIII საუკუნის I მესამედში ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილის მიერ.[1] შედგება 2 ნაწილისაგან; ორივეში ჩაყოლებულია თითო, გალავანში კი - 5 კოშკი. თითოეული მათგანი უპირველეს ყოვლისა საცხოვრებელი დანიშნულებისაა, შემდეგ კი - საბრძოლო. ჩრდილო-დასავლეთის კოშკი ფუნქციით კოშკისებრი სასახლეა, მის მთელ სიმაღლეზე შუაზე ჰყოფს კედელი, რომელშიც საფეხურებია მოწყობილი. ერთი მხარე 6 სართულიანია, მეორე - 7 სართულიანი. ბოლო სართულები გამიზნულია საბრძოლოდ, დანარჩენი - საცხოვრებლად. მთელი ციხე ნაგებია ადგილობრივი კლდის ქვით.
ხულუტის ციხე | |
---|---|
მდებარეობა | საქართველო |
სტატუსი | დანგრეული |
ისტორია | |
თარიღდება | XVIII საუკუნით |
კოშკი მდინარეს დაჰყურებს საკმაოდ მაღალი კლდიდან. მასში მოხვედრა შეიძლება აღმართზე მიმავალი გვირაბით. თვით გვირაბში რთული ერთსართულიანი საცხოვრებელი სადგომი ეტყობა გამანაწილებლის როლს ასრულებდა, რადგან აქედან შეიძლებოდა მოხვედრა ორ სხვა კოშკში, მდინარეზე ჩამავალ გვირაბში, საპირფარეშოსა და სხვაგან. ამ სადგომსა და კოშკს შორის მოთავსებულია მოზრდილი წყალსაცავი. მათ ზემოთ ბანი ყოფილა, კედლებში კი სათოფეებია ჩამწკრივებული.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 514.
- პ. ზაქარაია, საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბ., 1973.
- პ. ზაქარაია, ხულუტის ციხე-დარბაზი, საქართველის სახელმწიფო მუზეუმის მოამბე. XIX-B, თბ., 1972
- პ. ზაქარაია, ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე, თბ., 2002
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ "ჟღერს ქვის ჰარმონია", ტ. 15, გამ. "ციცინათელა", თბილისი 2007 წ., გვ. 307-
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2020-02-24.