ქაჩიბასძეები

ფეოდალური საგვარეულო შუა საუკუნეების საქართველოში, ბარათაშვილების წინაპრები.
(გადამისამართდა გვერდიდან ქაჩიბაიძეები)

ქაჩიბასძეები, ქაჩიბაძეები, ქაჩიბაიძეები — ფეოდალური საგვარეულო შუა საუკუნეების საქართველოში, ქვემო ქართლში, ბარათაშვილების წინაპრები.

ქაჩიბასძეთა ძირითადი წარმომადგენლები XV საუკუნის დოკუმენტებში ჩანან. მათი წინაპარი უნდა იყოს ფიტარეთის მონასტრის უთარიღო წარწერაში მოხსენიებული ქავთარ ქაჯიფაჲსძე, გიორგი მეფის (სავარაუდოდ, გიორგი V ბრწყინვალის) ამირეჯიბი, რომელსაც განუახლებია ეს ტაძარი, აუშენებია ღვთისმშობლის ეკლესია და შეუწირავს მისთვის „ხმლით მონაგები“ სოფელი ტანძია და თევდორეწმინდა. XV საუკუნის მოღვაწეთაგან ცნობილია მეფის სალაროს მოლარე ბარათა „დიდი“ ქაჩიბასძე (ჩანს 1425-1461), მისი მეუღლე თინათინი და შვილები — დავითი (ჩანს 1425-1479), ლაპა და გერმანოზი. დავითს, რომელიც ასევე მოლარის სახელოს ფლობდა, ჰყავდა მეუღლე შუენიერი და შვილები — ლაპა, ბარათა, სურამელი და ქავთარი. ქავთარ დავითს ძე ქაჩიბასძე და მისი ზოგიერთი სახლიკაცი XV საუკუნის მიწურულიდან უკვე ბარათაშვილებად იხსენიებიან.

ისტორიკოს სიმონ ჯანაშიას ვარაუდით ქაჩიბასძეები ჯიქეთის გავლენიანი საგვარეულოს, გეჩბების ერთ-ერთი შტოა, რომელიც აფხაზეთიდან ქართლში და XIII საუკუნისთვის ალგეთის ხეობაში დამკვიდრებულან. სხვა მოსაზრებით (კ. თუმანოვი, გ. ალასანია, ქ. ქუთათელაძე) ქაჩიბასძეები ბაღვაშ-ორბელთა შთამომავლები არიან — გ. ალასანიას აზრით, ქავთარ ივანეს ძის ხაზით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბარათაშილთა გენეალოგია // შრომები : ტ. 2 / სიმონ ჯანაშია. - თბილისი, 1952. - გვ. 464-481.
  • ბარათაშვილების წარმომავლობისათვის // ალასანია გიული, „ანალები“, 2002, №2, გვ. 10-15.
  • პირთა ანოტირებული ლექსიკონი : IV / რედ.: ელენე ცაგარეიშვილი. თბილისი : არტანუჯი , 2007, გვ. 360-361.
  • ქვემო ქართლი: პოლიტიკური ისტორიის საკითხები / ქეთევან ქუთათელაძე. თბილისი: მთაწმინდელი, 2001.
  • Toumanoff, Cyril, Manuel de généalogie et de chronologie pour l’histoire de la Caucasie chrétienne (Arménie, Géorgie, Albanie), Éd. Aquila, Rome, 1976, გვ. 359-360.