ჯიქეთი, ასევე საძენი (აფხ. Саӡен, Саӡны) — წარსულში საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული კუთხე. ასევე მოიხსენიება, როგორც უკიდურესი აფხაზეთი. დღეს ნაწილობრივ შედის საქართველოს შემადგენლობაში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა), კერძოდ კი გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. ჯიქეთის დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციაშია და განაწილებულია ადიღესა და კრასნოდარის მხარეს შორის.

ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების მხარეები აფხაზეთში:
1. მთიანი აფხაზეთი (ძირითადი აფხაზეთი)
2. ზღვისპირა აფხაზეთი (ძვ. სამხრეთი ჰენიოხეთი)
3. შიდა ჰენიოხეთი (სანიგეთი)
4. ჯიქეთი (ძვ. ჩრდილო ჰენიოხეთი)
5. აბსილეთი (ძვ. კორახეთი)
6. მისიმიანეთი (ძვ. კოლაეთი)
7. აფხაზეთისა და ეგრისის სანაპირო მხარე „შუა სოფელი“
ჯიქეთი და აფხაზეთი

ლეონტი მროველის „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ეგროსის წილი, რომელიც მას თარგამოსისაგან ერგო გადაჭიმული იყო „ლიხის ქედიდან მდინარემდე მცირისა ხაზარეთისა, საცა წარსწვდების წვერი კავკასიისა“.

ანტიკურ ხანაში 134 წელს აღნიშნულ რეგიონს კოლხეთის შემადგენლობაში იხსენიებს რომაელი დიდმოხელე ფლავიუს არიანე, რომელიც რომის იმპერატორის დავალებით საინსპექციო მოგზაურობას ეწეოდა შავიზღვისპირეთში. არიანე ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში არსებულ ციხექალაქ — ძველ ლაზიკას. ფლავიუს არიანეს V საუკუნის ანონიმი კომენტატორი მას უკვე ნიკოფსიას უწოდებს, რომელიც დღევანდელი სოფელ ნოვომიხაილოვის ადგილას იდგა. აქ კლდოვან კონცხზე აღმართული იყო ქართული ხუროთმოძღვრების ციხესიმაგრე. ქართულ საისტორიო გადმოცემით ნიკოფსია იდგა შორის აფხაზეთისა და ჯიქეთისა.

VIII-X საუკუნეებში ნიკოფსიის მხარე შედიოდა დასავლურ-ქართული სახელმწიფოს აფხაზთა სამეფოს იურისდიქციაში.

ბაგრატ III-ის დროს XI საუკუნის დასაწყისში, როდესაც გაერთიანდა დასავლურ-ქართული და აღმოსავლურ-ქართული სამეფოები და შეიქმნა ერთიანი სამეფო მონარქია, ბაგრატმა დაიპყრა მთელი კავკასია ჯიქეთიდგან გურგენამდე.

ხშირად იყო ბიზანტიის ტერიტორია, მოხარკე ქვეყანა. XII საუკუნეში ჯიქეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა სამთავრო, რომელიც თამარის დროს საქართველოს შემადგენლობაში შევიდა.

1630-1649 წლებში საქართველოში იმყოფებოდა კათოლიკი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი, რომელსაც თავის ნაშრომში „წმინდა კოლხეთი“ (ლათ. Colchide Sacra) საქართველოსა მხარეთა საეპისკოპოსოების სიაში შეყვანილი ყავს ქართლის, კახეთის, სამცხის, კოლხეთის, იმერეთის, გურიის და აბასხების მხარეთა ეპარქიები. აბასხების მხარე კი მისი გადმოცემით ხუთ (ბიჭვინთის, ჯიქების [Zichi], ბლაელის [Blaele], ანაკოფიის [Anacopia] და ჯორიელის [Giorieli]) ეპარქიად იყო დაყოფილი[1].

2007 წელს, როდესაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა სოჭში ჩატარებულიყო, მაშინ დაიწყო ინფრასტრუქტურის მომზადება. სამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩნდა მრავალი არქეოლოგიური ძეგლი, წარმოდგენილი ციხესიმაგრეებისა და ეკლესიების ნაშთების სახით. სულ კრასნაია პოლიანას ტერიტორიაზე აღმოჩნდა 14 ციხესიმაგრის ნაშთი, ხოლო ადლერის მახლობლად დაბა ახშტერში აღმოჩნდა ეკლესიის ნანგრვები, რომლის შესწავლის შედეგად, რუსი სპეციალისტების მიერ დადგინდა ძეგლის ასაკი 11-13 საუკუნეებით, ხოლო ხუროთმოძღვრული სტილი მსგავსი იყო დრანდისა და ნოქალაქევის ეკლესიებისა[2].

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. არკანჯელო ლამბერტი, „წმინდა კოლხეთი“ (Colchide Sacra)/თარგმნა გიორგი ცქიტიშვილმა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა დავით მერკვილაძემ, თბილისი, 2020. — გვ. 59-67, ISBN 978-9941-487-66-8.
  2. Белецерковская В., Средневековые крепости в олимпийской осаде, журн. «Наука и Жизнь», №1, 2008, ст. 148-149