ეგროსი

ლეონტი მროველის მიხედვით, ქართველთა ერთ-ერთი ლეგენდარული ეთნარქი.

ეგროსი, ეგრ[1], ეგრო[2]ლეონტი მროველის მიხედვით, ქართველი ხალხთა ერთ-ერთი ეთნარქი, თარგამოსის ძე და ქართლოსის ძმა, ეგრისის ლეგენდარული დამაარსებელი.

თარგამოსი და მისი ძენი: ჰაოსი, ქართლოსი, ბარდოსი, მოვაკანოსი, ლეკოსი, ჰეროსი, კავკასოსი, ეგროსი. ქართული რეპროდუქცია. დაახ. 1700

ეგროსის წილი

რედაქტირება

ლეონტი მროველი წერს:

ხოლო ეგროსს მისცა ქუეყანა ზღჳს ყურისა, და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით მთა მცირე, რომელსა აწ ჰქჳან ლიხი; დასავლით ზღუა; [ჩრდილოთ] მდინარე მცირისა ხაზარეთისა[3], სადა წარსწუთების წუერი კავკასისა. ხოლო ამან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თჳსი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქჳან ბედია.

ლეონტი მროველის მიერ ეგროსის ტერიტორიებზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია მხოლოდ შემდეგი:

აი რას სწერს ივ. ჯავახიშვილი თავის თორმეტთომეულის მეორე ტომში ლიხის ქედზე:

 
„კავკასიის მთავარი უღელტეხილისაგან მრავალი შტოები გამოდის, რომელთაც თითოეულს თავისი საკუთარი სახელი ჰქონდა. თუ დასავლეთით დავიწყებთ, პირველი დიდი მთა, «რომელი გამოვალს ჰშტოდ კავკასიისაგან». არის «მთა მცირე, რომელსა… ჰქჳან ლიხია» ეს მთა იყო საეგროს “საზღვარი აღმოსავლით”. იგი ქართველთა მიწაწყალს ორს ნაწილად ჰყოფდა, იმიერ და ამიერ საქართველოდ: «მცირით მთითგან რომელ არს ლიხია» იწყებოდა “მარგუეთი”და დასავლეთისაკენ იყო გადაჭიმული, ლიხის მთის აღმოსავლეთით-კი ქართლი მდებარეობდა. ეს მთა თანამედროვე ტოპოგრაფიულს მწერლობაში ქართლ-იმერეთის მთად არის ცნობილი და როგორც ქართველი ისტორიკოსი ამბობს, არის “მთა მცირე”; მართლაც არც თუ ძალიან მაღალი, უფრო რომ დაბალი, ტყით შემოსილი ქედია, რომელიც შავი ზღვის და კასპიის ზღვის მდინარეებს ერთი-ერთმანეთისაგან ჰყოფს. ამ ლიხის მთას სულ სამხრეთ-დასავლეთისკენა აქვს მიმართულება არჯევანის მთამდე, რომელიც ვითარცა თრიალეთის მთების წვერი აღმოსავლეთით დასავლეთისაკენ მიმდინარე ლიხის მთას დასავლეთით უდგება და იმასთან ერთად ბორჯომის ვიწრო ხეობას ჰქმნის. ამ ადგილითგან მოყოლებული ლიხის მთების მიმართულება ერთბაშად იცვლება და პირს დასავლეთისაკენ იქცევს. ლიხის მთების ამ გაგრძელებას “ღადო” ერქვა. ლეონტი მროველი ამბობს, რომ ქართლოსის სამფლობელოს მესხეთში ჰქონდა «ჩრდილოთ საზღუარი ღადო, მთა მცირე, რომელი გამოვალს ჰშტოდ კავკასიისაგან და მოჰკიდავს წუერი ღადოსი დასასრულსა (მთისასა), რომელსა ჰქჳან ლიხია». ამ ნაწყვეტითგან მაინცა-და-მაინც ცხადად ჩანს, რომ ლიხის მთა და ღადო ერთმანეთის პირდაპირს გაგრძელებას შეადგენენ, ერთი უღელტეხილის ნაწილები არიან. ჩვენ ვიცით, მაშასადამე, სად იწყება ღადო, გამოსარკვევი დაგვრჩა, თუ სად თავდება იგი. ამის განსაზღვრა შეიძლება ლეონტი მროველისა და ჯუანშერის შემდეგი ცნობებისდა მიხედვით: პირველს მოხსენებული აქვს «ციხე ქუეყანასა ოძრჴევისასა, რომელსა ეწოდების სამცხე, ადგილსა რომელსა ჰქჳან დემოთი, მოკიდებულად მთასა ღადოსსა»-ო; მეორეს ნათქვამი აქვს, ვითომც ვახტანგ გორგასალს «უკუსცა კეისარმან საზღუარი ქართლისა ციხე თუხარისი და კლარჯეთი ზღვითგან ვიდრე არსიანთამდის და ჴევნი, რომელნი მისდგნენ ღადოთა»-ო. ამ უკანასკნელი წინადადებითგანა ჩანს, რომ ჴევნი, რომელნიც ღადოს მთას ზედ ადგებოდნენ, არსიანის მთის მახლობლად, მის აღმოსავლეთით იყვნენ. ხოლო ლეონტი მროველის ზემომოყვანილი სიტყვებიც ამტკიცებენ, რომ ღადოს მთა სამცხეში იყო, ოძრჴეს ქვეყანაში, ესე იგი ახლანდელი აბასთუმანის მახლობლად. ღადო მთის სახელი ეხლაც არის შენახული და თანამედროვე ტოპოგრაფიული აღწერილობისდა მიხედვით ღადოდ, ანუ სამცხის მთებად იწოდებიან მთები აწყურითგან მოყოლებული წყალწითელის მთამდე, რომელიც ოძრჴეს მახლობლად, აღმოსავლეთისაკენ მდებარეობს. წინათ კი, როგორც ჩანს, ღადოდ იწოდებოდა მთა ლიხითგან მოყოლებული ვგონებ არსიანამდის. სამცხის, ანუ ღადოს მთებს დასავლეთით “მოსდგმენ” აჭარის მთები, რომელნიც გურიასა და მესხეთს ერთიერთმანეთისგან ჰყოფენ. აჭარის მთები შავ ზღვას უწევენ. სამცხის მთისაგან, იქვე სადაც იწყება აჭარის მთები, შტოდ გადის “მთა არსიანი”, რომელსაც მიმართულება სამხრეთისაკენ აქვს. არსიანის მთები აჭარა-შავშეთ-კლარჯეთსა საზღვრავს დანარჩენ, აღმოსავლეთ (სამცხე, ჯავახეთი, არტაჰანი და სხვა) მესხეთისაგან. ამიტომაც არის, რომ ქართველს ისტორიკოსებს შეეძლოთ ეთქვათ: «კლარჯეთი ზღვითგან ვიდრე არსიანთამდის და ჴევნი, რომელნი მოსდგმენ ღადოთა»-ო, ანდა «გარდავლეს მთა იგი არსიან წოდებული და მივიდეს ჴევსა ყველისასა», ან კიდევ «ტასის კარითგან ვიდრე არსიანთამდის… რომელ არს სამცხეა»-ო.“
  • დასავლეთი საზღვარიშავი ზღვის ყურე.
  • სამხრეთი საზღვარი — ქართლის ცხოვრებაში ეგროსის წილის აღწერისას არაფერია ნახსენები სამხრეთ საზღვარზე, თუმცაღა აღნიშნული სასაზღვრო ზოლის დადგენა შესაძლებელია ქართლოსის წილის განსაზღვრისას. ქართლოსის წილი წარმოადგენდა ტერიტორიას, რომელიც გადაჭიმული იყო სპერის ზღვიდან ვიდრე ხუნანამდე, ასევე ლეონტი მროველი ვახუშტი ბატონიშვილთან ერთად აღნიშნავდა, რომ ქართლის სამხრეთ დასავლეთი საზღვარი გადიოდა კლარჯეთი-ტაოს შუა.
 
„და უჩინა ქართლოსს საზღვარი - აღმოსავლით ჰერეთი და მდინარე ბერდუჯისი; დასავლით ზღუა პონტოსი; სამხრით მთა, რომელი მიჰყვების ბერდუჯის მდინარის თავსა, და მთა, რომელი მიჰყვების დასავლით კერძო, რომლისა წყალი გარდმოდის ჩრდილოთ კერძოდა მიერთვის მტკუარსა, რომელ მიჰყვების მთა შორის კლარჯეთსა და ტაოს ვიდრე ზღუამდის; და ჩრდილოთ საზღვარი ღადო, მთა მცირე, რომელი გამოვლის შტოდ კავკასისაგან და მოჰკიდავს წუერი დასასრულსა ღადოსა, რომელსა აწ ჰქჳან ლიხი. და ამათსა ზღვართა საშუალ მისცა ყოველი ქართლოსს... ... და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თჳსისა ქართლი. და ვიდრე აღმართებამდე მუნ-ზედა კერპი არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი, და მის გამოეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა.“

ვახუშტი კი ამ რეგიონს ჭოროხამდე ავლებდა. შესაბამისად ზღვაზე გასასვლელი ლეონტი მროველის მიხედვით იყო ჭოროხსა და რიონს შორის არსებული ტერიტორია, რომელიც არ არის რიონის ბასეინის ნაწილი. აქედან გამომდინარე დღევანდელი გურია იყო ქართლისთვის ზღვაზე გასასვლელი რეგიონი და შესაბამისად გურია არ შედიოდა ეგროსის წილში. აქედან გამომდინარე სამხრეთი საზღვარი ეგროსის ტერიტორიისთვის იყო შემდეგი: ღადოს მთა ფერსათის მთამდე, საჯავახო-გურიას წყალგამყოფი ქედი და რიონი შავ ზღვამდე. ვახუშტი ბატონიშვილი გურიას ასე აგვიღწერს:

 
„ხოლო გურია არა წილი ეგროსისა არს, არამედ ქართლოსისა, გარნა ოდეს გამეფდა ლეონ აფხაზთა, მაშინ ამათ არღარა ინებეს მორჩილება ოძრახოს ერისთავისა, რომელნი იყვნენ ძენი სტეფანოზ ბაგრატიონისანი, ადარნასე და ძე მისი აშოტ ამათგან განდგნენ და მიერთმნენ ლეონს, ვითარცა სახელი აცხადებს: „გურიობით განდგომილნი“, და ენა მათი, რომელსა უბნობენ — მესხური და არა იმერთაებრ. არამედ მზღვრის ამ გურიას: აღმოსავლით მთა ფარსათი, სამცხე-გურიას შორისი და საჯავახოს შორისი; სამჴრით — ჭოროხის მდინარე და მთა მცირე ფარსათიდამ ჩამოსული დასავლით, აჭარა-გურიას შორისი, ჩრდილოთ — რიონი, გურია-ოდიშს შორისი, და დასავლით — შავი ზღვა[4].“
  • ჩრდილოეთი საზღვარიკავკასიონის ქედი მის დასასრულამდე სადაც კავკასიის წვერი წარსცვთება ხაზარეთის მცირე მდინარეს.

რაც შეეხება ხაზარეთის მცირე მდინარეს იგი პავლე ინგოროყვას რუკაზე დატანილია ნიკოფსიის ჩრდილოეთით 5-10 კმ-ში, რაც ორმაგად გვაძლევს საბაბს ვივარაუდოდ რომ საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე შემთხვევით არ არსებულა, არამედ მოხდა ეგრისის საზღვრების ისტორიული ტერიტორიების დაბრუნება.

აქედან გამომდინარე თარგამოსმა თავის ძეებს დაუწესა ბუნებრივი საზღვრები, როგორიცაა: ზღვა, მდინარე და მთის ქედი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1.  
    „თარგამოს ჰყუანდა რუანი შჳლნი: ჰაი, ქართლ, ბარად, მოვაკ, ლეკ, ჰერ, კავკას და ეგრ.“
    („ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა“ - თ. ჟორდანია 1893 წ.)
  2.  
    „ხოლო ძმანი ქართლოსისანი, ძენი ტარგამოსისნი იყვნეს: ჰაოს, ბარდო, მოვაკე, ლეკან, კავკასო, ჰეროს, ეგრო და ძენი ქართლოსისანი: კახო, მცხეთოს, კუხოს, გაჩიო და გარდაბან.“
    (თეიმუირაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, 1848 წ. გვ. 27)
  3. რუსულად თარგმნილი და გაშიფრული ქართლის ცხოვრების დეტალები
  4. ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტფილისი, 1904 წ., გვ. 317-324