ჰეროსი
ჰეროსი[1], ჰერ[2], ჰეროს[3] — „ქართლის ცხოვრების“ ავტორის — ლეონტი მროველის მიხედვით, ქართველ ხალხთა (ჰერების) ერთ-ერთი ეთნარქი, თარგამოსის ძე და ძმა ქართლოსისა, ჰერეთის ლეგენდარული დამაარსებელი.
ჰეროსის წილი
რედაქტირებაპირვანდელი წყაროს — „ქართლის ცხოვრების“ ლეგენდის მიხედვით, ჰეროსის წილი იყო ორი მდინარის — ალაზანსა და მტკვარს შორის მოქცეული ქვეყანა, რომელიც იმავე ლეგენდის მიხედვით ვრცელდებოდა ტყეტბამდე (გულგულა). ჰეროსს დაუარსებია ზემოთხსენებული მდინარეთა შესართავში თავისი საბრძანაბელი ქალაქი ჰერეთი (შემდგომში ხორანთად წოდებული).
„ხოლო ჰეროსს მისცა ქუეყანა მტკურისა ჩრდილოთ, მცირისა ალაზნისა შესართავითგან ვიდრე ტყეტბამდე, რომელსა აწ ჰქჳან გულგულა. და ამან ჰეროს აღაშენა პირველად ქალაქი შესაკრებელთა შორის ორთავე ალაზანთასა. და უწოდა სახელი თჳსი ჰერეთი. და მის გამოჰქჳან ჰერეთსა ჰერეთი. და აწ მას ადგილსა ჰქჳან ხორანთა.“
| |
(ლეონტი მროველი, „ქართლის ცხოვრება“)
|
აღნიშნულ ჩანაწერში ლეონტი მროველს ჰეროსის ქართლოსთან (შემდგომ კი კახოსსა და კუხოსთან) გასამიჯნ მონაკვეთად მხოლოდ ტყეტბა მოჰყავს და უშუალოდ არ კონკრეტდება იმ სასაზღვრო ზოლზე, რომლელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაკვეთებს: საზღვარი მტკვრიდან მის მარცხენა სანაპიროზე, საზღვარი ივრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე და საზღვარი ალაზნის მარჯვენა (ტყეტბა) და მარცხენა სანაპიროებზე.
ყურადღების ღირსია ის ფაქტიც, რომ მოგვიანებით საქართველოს აღწერისას ზოგადად „საზღვრებზე“ საუბრობს, როგორც ვახუშტი, ისე თეიმურაზ ბატონიშვილი, თუმცა მათ მიერ საზღვრის ახსნისას რიგ შემთხვევებში მოყვანილია ზოგ შემთხვევაში ეთნარქებს შორის საზღვრები და ზოგში კი პოლიტიკური ერთეულების — კახეთ-კუხეთ, კახეთ-ჰერეთ, კუხეთ-ჰერეთ და ქართლ-კახეთს შორის არსებული საზღვრები. ხაზგასასმელია, რომ უკანასკნელთა პოლიტიკურ ერთეულთა საზღვრები პირდაპირ კავშირში ყოველთვის ვერ იქნება ეთნარქებს შორის არსებული საზღვრებისა. ქვემოთ მოყვანილია ის საზღვრები, რომლებიც დაფიქსირებულია ლეონტი მროველის, ვახუშტისა და თეიმურაზ ბატონიშვილების, ასევე მეცნიერთა (თ. პაპუაშვილი[4], დ. მუსხელიშვილი, მ. ლორთქიფანიძე და ივ. ჯავახიშვილი) მიერ აღიარებულია, როგორც საზღვრები ეთნარქებს შორის.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით:
თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით:
„ჰერსს ანუ ჰეროსს განუჩინა ადგილნი: აღმოსავლით კავკასია, დასავლით მდინარე მტკვარი, სამხრით საზღვრადმდე მოვაკოჲსა და ჩრდილოდ ტყე-ტბადმდე. ამან უწინარეს ყოველთა ძმათა თჳსთა აღაშენა ქალაქი და ციხე, სადაცა იყრებიან ორნი მდინარენი ივერი დიდი (ესე იგი ალაზანი) და ივერა (ანუ იორა) მცირე, ესე იგი იორი. ამა ორთა მდინარეთა შესაყარსა საშუალ და უწოდა ხორნა-ბუჯი ანუ ხორანთა(ხორა სახელედებოდა მეუღლესა ამისსა).“
| |
(თ. ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, გვ. 30)
|
საზღვარი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე (კუხოს-ჰეროსის საზღვარი)
რედაქტირებამტკვრის მარცხენა სანაპიროზე ქართლის ცხოვრებაში ლეონტი მროველი სხვაგან ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბოსტანქალაქი, რომელიც ქართლოსის დედამ ააშენა შემდგომში გახდა კუხოსის სამფლობელოს დედაქალაქი.
„მოკუდა ქართლოს და დაფლეს იგი თავსა ზედა ქართლისასა, რომელსა აწ ეწოდების არმაზი. და შემდგომად ამისსა ცოლმან მისმან აღაშენა დედა-ციხე. და მანვე აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქჳან რუსთავი, და განყვნა ცოლმან ქართლოსისმან ხუთნი-ვე იგი გმირნი, შვილნი მისნი...
...ხოლო კუხოსს მისცა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქჳან რუსთავი, მისცა არაგვითგან ვიდრე ჰერეთამდე, თავადმდე მთასა კახეთისასა და მტკუარს შუა.“ |
აღნიშნულ ვითარებას ასევე ავითარებს ვახუშტი ბატონიშვილი და იძახის რომ ნაგებს ზევით (მტკვრის მიმართულებით) კუხოსის წილია, ხოლო ქვევით კი ჰეროსის. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ნაგების ქვევით მდებარეობს ყარაიას სახელით წოდებული ველი, რომელსაც ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება ბოსტანქალაქიდან წამოსული არხი — რუ, რომელსაც თავისი აუზი გააჩნია.
„არამედ ესე ადგილნი ნაგებს ზეით არს ძუელად კუხეთისა, რომელი მისცა დედამან კუხოსს. ხოლო ნაგებს ქუეითი ჰერეთისა არს, და აწ უწოდებენ ყარაიას, და გარეჯის მთას მასვე ძუელს სახელს.“
|
დავით მუსხელიშვილის აზრით „თუ კარგად ჩავუკვირდებით, სინამდვილეში არავითარი წინააღმდეგობა არ უნდა იყოს. საქმე ისაა, რომ ვახუშტს ამ შემთხვევაში ორი სხვადასხვა დროის შესაფერისი ცნობა აქვს გამოყენებული: კუხეთის საზღვრისას აკი პირდაპირ აღნიშნავს, რომ იგი აწინდელ ყარაიასაც მოიცავდაო, ხოლო ზემოთ კი ამბობდა ყარაია და გარეჯის მთა ჰერეთისააო, ეს ორი, თითქოს ურთიერთ გამომრიცხველი, ცნობა ისე უნდა გავიგოთ, რომ გარკვეულ პერიოდში, უფრო ძველად, ნაგებს ქვეით მხარე — ყარაია და გერეჯის მთა ჰერეთს ეკუთვნოდა, უფრო გვიან კი ყარაია კუხეთს შეუერთდა, რუსთავ-ნაგების „ქვეყნის“ ერთ ნაწილად იქცა, ხოლო გარეჯის მთა — მის აღმოსავლეთ საზღვრად“[5].
საზღვარი ივრის მარჯვენა სანაპიროზე (კახოს/კუხოს-ჰეროსის საზღვარი)
რედაქტირებასაზღვრის აღნიშნული პერიმეტრი „ქართლის ცხოვრების“ ლეგენდის თანახმად წარმოადგენდა კახოსის წილს, რომელიც შემდგომ თავის ძმას კუხოსს დაუთმო ჟალეთის მშენებლობაში დახმარების სანაცვლოდ. შემდგომში „დათმობილ“ მიწებს ერწო ეწოდა. აღნიშნული საზღვარი წარმოადგენს ერწოს ივრის მარჯვენა სანაპიროს და იწყებოდა უჯარმის ციხიდან.
ბოსტან-ქალაქი, შემდგომში წოდებული როგორც რუსთავი მდებარეობდა ხელოვნურ არხზე — რუზე, რომელიც რუსთავიდან ჯანდარის წყალსაცავამდე იყო გადაჭიმული. თუ დავაკვირდებით ვახუშტი ბატონიშვილის მიერ კუხეთის მიწებს, ვნახავთ რომ კუხეთი გადაჭიმული იყო მტკვარ-არაგვის მარცხენა სანაპიროზე ბოსტანქალაქიდან ჟინვალამდე და მისი იურისდიქცია არ ვრცელდებოდა ივრის სანაპიროზე. კუხეთის ჩამოთვლილი რაიონები, რომელიც ვახუშტის თავის გეოგრაფიაში ჩამოთვლილი (ძველ კუხეთს აწ უწოდებენ თიანეთს, საგურამოს, ანუ თეძმის ჴევს... კვალად გარდანი, მარტყოფი, ლილო, დიდუბე, სამგორი, ჩადივარი, ომანისხევი, ყარაღაჯი და ნაგები და ყარაია) აქვს, საზღვარი შესაძლებელია წყალგამყოფ ზოლზე გაივლოს იალნოს მთამდე, იქიდან კი უჯარმის ციხემდე.
დავით მუსხელიშვილის აზრით, „თუ ჩვენ ყარაიას ველს თავდაპირველად ჰერეთის კუთვნილებად ჩავთვლით, უნდა დავასკვნათ, რომ ქართლ-ჰერეთის საზღვრის ეს მონაკვეთი (ხუნანსა და რუსთავს შორის) მტკვარზე უნდა დებულიყო. დანარჩენი მონაკვეთი, რუსთავიდან სამების ხევამდე ჩვენთვის ძნელად დასადგენია. მას უნდა გაევლო სამგორსა და ჩადივრის გორებსა და გარეჯის მთას შუა“[6].
საგულისხმოა რომ ვახუშტის არხით წოდებული რუ, მასში ჩამავალი ხევებით ქმნის თავისებურ აუზს, ასევე ჩადივარის სახელით ცნობილი რაიონი, რომელიც წარმოადგენდა ივრის ზეგანიდან მტკვარში ჩამავალ ხევებს, რომელსაც მტკვრის ზემო დინებაში მოჰყვებოდა მასში ჩამავალი მდინარე ლოჭინი ივრის ზეგანისაგან თავისი წყალგამყოფი ზოლით. ეს უკანასკნელი კი ჩამოდიოდა საგურამოს ქედის იალნოს მთიდან.
დავით მუსხელიშვილი კახეთის მთაზე საუბრისას ყურადღებით ეკიდება სიტყვებს „დასავლეთით მთა კახეთისა, რომელსა განკვეთს, ერწო-თიანეთს იორის მდინარე“ და დასძენს, რომ იალნოს მთა თავდაპირველად მოიაზრებოდა კახეთის მთაზე. იალნოს მთიდან უჯარმის ციხიდან მოყოლებული ჩრდილოეთით, შემდგომი ხანის ერწოა, რომელსაც კახოსი დაუთმობს თავის ძმას კუხოსს, სამხრეთით კი — ივრის შენაკადი-ხევები უნდა იყოს ჰეროსს წილი.
საზღვარი ივრის მარცხენა სანაპიროზე (კახოს/კუხოს-ჰეროსის საზღვარი)
რედაქტირებააღნიშნული პერიმეტრი „ქართლის ცხოვრების“ ლეგენდის თანახმად წარმოადგენდა კახოსის წილს, რომელიც შემდგომ თავის ძმას კუხოსს დაუთმო ჟალეთის მშენებლობაში დახმარების სანაცვლოდ. შემდგომში „დათმობილ“ მიწებს ერწო ეწოდა. აღნიშნული საზღვარი წარმოადგენს ერწოს ივრის მარცხენა სანაპიროს და იწყებოდა ბოჭორმის ციხიდან.
დავით მუსხელიშვილი არ დეტალიზირდება საზღვრის აღნიშნულ მონაკვეთზე და ვახუშტისეულ საზღვარს სამების ხევზე თვლის მისაღებად. თუმცა ვახუშტის მიერ ნახსენები სამების ხევი როგორც საზღვარი წარმოადგენს არა კუხოსი-ჰეროსის ან თუნდაც კუხეთ-ჰერეთს შორის საზღვარს, არამედ კახეთსა და ჰერეთს შორის გამყოფ ზოლს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ლეონტი მროველისაგან განსხვავებით, რომელიც ჰერეთის შემაკავებელ პუნქტს დედაციხე წარმოადგენდა, ვახუშტიმ გამოიყვანა ბოჭორმის საკმაოდ ქვემოდ არსებული სამების ხევი.
„... ესევე (სამების) ჴევი არს საზღვარი ჱრეთისა და კახეთისა.“
| |
(ვ. ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, (გ. ჯანაშვილის რედაქცია) ტფ., 1904, გვ. 135)
|
სავარაუდოდ სამების ხევი გავლებულია თურდოს ხევის გაგრძელებაზე, რომელიც გულგულაზე გადიოდა, რადგანაც შემდგომი ხანის არც გარეკახეთი და არც შიგნიკახეთი სამება-თურდოს მონაკვეთს სასაზღვრო ზოლად არ იყენებდა.
თ. პაპუაშვილის აზრით სამების ხევის მარცხენა ნაპირზე იქ სადაც კაწარეთის სამების საკათედრო ტაძარია, ადრე სახლობდნენ ჰერული მოდგმის ტომები — სუჯები, ხოლო კაწარელი მღვდელთმთავრის ეპარქია მოიცავდა სუჯების ქვეყანას, რომელიც ჩრდილოეთით ვრცელდებოდა ვიდრე ერწომდე (ბოჭორმამდე ანუ დედაციხემდე)[7].
„სამებას ზის ეპისკოპოსი, მწყემსი ამას ზეითის ქვეყნისა ერწომდე.“
| |
(ვახუშტი ბატონიშვილი)
|
საზღვარი ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე (კახოს-ჰეროსის საზღვარი)
რედაქტირებაჰერეთის ტერიტორიის აღსანიშნად ლეონტი მროველი იფარგლება მხოლოდ ორი გეოგრაფიული წერტილით. ესენია: ქალაქი ჰერეთი და ტყეტბა. ლეონტი არ აკონკრეტებს და შესაბამისად მიაჩნია, რომ ტყეტბა, იგივე დღევანდელი გულგულა სრულებით საკმარისია ჰერეთისთვის კახეთ-ჰერეთის საზღვრის გასავლებად. გულგულა კი მდებარეობს მდინარე თურდოს სამხრეთით, რითაც უკვე აღნიშნული მდინარე ხდება როგორც საზღვრის ერთმნიშვნელოვანი მონაკვეთი.
თენგიზ პაპუაშვილი გულგულასთან დაკავშირებით გამოთქვამს ეჭვს მის ამჟამინდელ ლოკალიზაციასთან დაკავშირებით.
საზღვარი ალაზნის მარცხენა სანაპიროზე (კახოს-ჰეროსის საზღვარი)
რედაქტირებავახუშტი ბატონიშვილმა გულგულადან კავკასიონამდე კახეთ-ჰერეთ (და არა კუხოს-ჰეროსის წილებს შორის) საზღვრის გასავლებად შემოგვთავაზა მდინარე სტორი:
„... ამ შტორის ჴევისა და თურდოს ჴევის ჩრდილოთი ქვეყანა არს კახეთი, ამათ სამჴრითი — ჱრეთი.“
| |
(ვ. ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, (გ. ჯანაშვილის რედაქცია) ტფ., 1904, გვ. 165)
|
დავით მუსხელიშვილმა ვახუშტის აღნიშნული საზღარი უფრო განავრცო, და საზღვარი გაატარა არა მდინარე სტორის ძარღვზე არამედ მის წყალგამყოფ ქედზე. „სხვაგვარადაა საქმე ჩვენთვის საინტერესო სასაზღვრო ხაზის ჩრდილო მონაკვეთის მიმართ. ვახუშტის აქ კახეთ-ჰერეთის საზღვრად შტორის ხევი მიაჩნია. ვახუშტი სხვაგანაც ამბობს: „ამ შტორის-ჴევისა... ჩრდილოეთი ქვეყანა არს კახეთი, ამათ სამჴრეთი — ჰერეთი“. აქ კი ვახუშტი ცდება (ან უკეთ, ალბათ კახეთ ჰერეთის მოგვიანო პერიოდს განსაზღვრავს). ვახუშტი რომ ცდება ეს ცხადია იქიდან, რომ მდ. შტორის დასავლეთით (ვახუშტით ჩრდილოეთით) მდებარე „ბახტრიონსა და ლალის ყურს შუა არს ველი ალონად წოდებული“, რომელზეც მდებარეობს სოფელი ალვანი. ეს ტოპონიმი (ალონი=ალვანი) მიუთითებს ალვანთა ტომის არსებობაზე ამ ტერიტორიაზე გარკვეულ დროს. აქედან კი გამომდინარეობს, რომ იგი უნდა გამოირიცხოს თავდაპირველი კახეთის, ალვანთაგან ეთნიკურად განსხვავებული მოსახლეობის ტერიტორიის, ფარგლებიდან... ამიტომ, ბუნებრივია, თუ ვიფიქრებთ, რომ გულგულას შემდეგ (თურდოს შესართავის შემდეგ) საზღვარი 90°-ით იცვლის დასავლეთისაკენ მიმართულებას და ახლა უკვე ალაზნის გასწვრივ. ამგვარი მდგომარეობა უნდა უნდა ვიგულისხმოთ ბახტრიონამდე. საიდანაც იწყება ალონის ველი და სადაც ალაზანი მკვეთრად უხვევს ჩრდილოეთისაკენ“[8].
დავით მუსხელიშვილი საზღვრის აღნიშნულ მონაკვეთზე კიდევ ერთხელ ჩერდება და წერს, „ჩვენთვის აქ საინტერესოა, რომ ალაზნის ზემო წელი (ბახტრიონამდე), სადაც მდებარეობენ მარილისი და პანკისი, კახეთსა აქვს მიკუთვნებული; შემდეგ — რომ შტორის ხევი მაინცდამაინც ჰერეთს ეკუთვნის, საფიქრებელია, რომ კახეთ-ჰერეთის სასაზღვრო ხაზი აქ ზედ მდინარეზე კი არ გადიოდა, არამედ წყალგამყოფ ქედზე და კერძოდ იმაზე, რომელიც შტორი მდინარეს ალაზნისაგან ყოფს — ესაა ნაქერალას ქედი, რომელიც დიდგვერდის მთას გამოსდის და სამხრეთისკენ ეშვება ეს ქედი ბოლოში (სამხრეთით) ორ შტოდ იყოფა, რომელთაგან ერთი, მოკლე, წარმოადგენს მდინარე მაჭარეულის და მდინარე სტორის (ქვედა წელში) წყალგამყოფს, ხოლო მეორე, მდინარე მაჭარეულისა და ალაზნის ზემო წელის (მონაკვეთი დაწყებული დუი-სოფლიდან ჩრდილოეთით, ვიდრე ბახტრიონამდე სამხრეთით) წყალგამყოფს. ამ ორ შტოს შუაშია მოქცეული სწორედ ზემოდხსენებული ალონის ველი, რადგან ეს უკანასკნელი, როგორც ზემოთ ვთქვით, აგრეთვე გამოსარიცხია თავდაპირველი კახეთის ტერიტორიიდან, ამიტომ ეგებ არ შევცდეთ თუ, კახეთ-ჰერეთის საზღვარს მაჭარეულ-ალაზნის წყალგამყოფზე დავდებთ, რომელიც ბახტრიონთან ალაზნის მარცხენა ნაპირს აღწევს“[9].
-
ხორანთა მტკვარ-ალაზანს შორის (1735)
-
ხორანთა იორ-ალაზანს შორის (1745)
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 93.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ლეონტი მროველი, „ქართლის ცხოვრება“
- ↑
„თარგამოს ჰყუანდა რუანი შჳლნი: ჰაი, ქართლ, ბარად, მოვაკ, ლეკ, ჰერ, კავკას და ეგრ.“(„ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა“ - თ. ჟორდანია 1893 წ.)
- ↑
- ↑ პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970
- ↑ მუსხელიშვილი დ., „ციხე-ქალაქი უჯარმა“, 1966, გვ. 12
- ↑ მუსხელიშვილი დ., „ციხე-ქალაქი უჯარმა“, 1966, გვ. 12
- ↑ პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970, გვ. 46
- ↑ მუსხელიშვილი დ., „ციხე-ქალაქი უჯარმა“, 1966, გვ. 13
- ↑ მუსხელიშვილი დ., „ციხე-ქალაქი უჯარმა“, 1966, გვ. 15