დემოთის ციხე — ისტორიული ციხესიმაგრე სამცხეში, სოფელ ქვაბისხევთან (ბორჯომის მუნიციპალიტეტი), ფერსათის მთის ძირას, ციცაბო კლდეზე.

დემოთის ციხე
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სტატუსი დანგრეული
დემოთის ციხე — საქართველო
დემოთის ციხე

ლეონტი მროველი დემოთის ციხეს იხსენიებს წუნდელებისა და ოძრჴეველთა დაპირისპირების დროს. ისტორიკოსი აღწერს რა არმაზელისა და აზორკის მეფობას და მათ დაპირისპირებას სუმბატ ბივრიტიანთან, ამბობს:

ვიკიციტატა
„მაშინ სუმბატ გამარჯუებული შემოვიდა ქართლად, და მოაოხრა ქართლი, რომელ პოვა ციხეთა და ქალაქთა გარე; ხოლო ციხექალაქთა არა ჰბრძოდა, რამეთუ არა მზა იყო მსწრაფლ გამოსვლისაგან. არამედ აღაშენა ციხე ქუეყანასა ოძრჴევისასა, რომელსა ეწოდების სამცხე, ადგილსა, რომელსა ჰქჳან დემოთი, მოკიდებულად მთასა ღადოსსა. და დაუტევნა მას შინა ლაშქარნი შემწედ წუნდელთადა მაბრძოლად ოძრჴეველთა და წარვიდა.“

როგორც წყაროდან ვგებულობთ, აღნიშნული ციხის მაშენებელი ყოფილა სუმბატ ბივრიტიანი. ამის შემდეგ ლეონტი მროველი მოგვითხრობს რა I საუკუნის 70-80-იან წლების იბერებისა და სომხების დაძაბული ურთიერთობისა და შემდეგ მათი დაზავების ამბავს, იქვე დასძენს, რომ სომხებს იბერებისათვის ქალაქ წუნდასთან, ჯავახეთთან და არტაანთან ერთად დემოთის ციხეც გადაუციათ. ქართველი მემატიანე ჟამთააღმწერელიც იხსენიებს დემოთის ციხეს. იგი აღწერს რა ილხანთა ტახტის მემკვიდრის თეგუდარის სარდლების მიერ მონღოლთა მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე თავდასხმებს, ამბობს:

ვიკიციტატა
„და ამათსა შესაყარსა დემოთისასა, და მიერ არბევდეს ჯავახეთსა, ვიდრე ფარავნამდე.“

აღნიშნული წყაროდან კარგად ჩანს დემოთის ციხის სტრატეგიული მნიშვნელობა, რადგან ილხანთა ტახტის მემკვიდრე თეგუდარი და მისი ლაშქარი დასავლეთ საქართველოდან სამცხესა და ჯავახეთში ლომის მთით, დემოთით და ქვაბისხევით გადმოდიოდა.

ისტორია რედაქტირება

წყაროებში დამოწმებულ ციხეთაგან ერთ-ერთი ყველაზე უძველესია საქართველოს ტერიტორიაზე. დემოთი ქართულ წყაროებში იხსენიება ზოგიერთ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით.

ვახუშტი ბატონიშვილი ეხება მის ლოკალიზაციას და აღწერს:

 
„ამ ჴევის (ქვაბისხევი) დასავლით, მკვრის კიდეზედ, არს ციხე კლდესა ზედა შენი, მაგარი (ვგონებთ ამას დემოთისციხედ, რომელი აღაშენა სუმბატ ბივრიტიანმან, და განავსნა სპითა შემწედ წუნისათჳს და შურად ოძრახოსა და ლომსიასათჳს, და რათა ვერღარა ვიდოდნენ სპანი ქართლისანი მას ზედა, ვინაითგან ჯავახეთი ეპყრა მსავე).“

„გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (1595 წ.) შეტანილია სოფელი დემოთი. დემოთის ზუსტი მდებარეობა არც ქართულ და არც თურქულ წყაროებში მითითებული არააა. 1948 წელს ციხის ნანგრევები აღმოაჩინა ნ. ბერძენიშვილმა. დემოთის ციხე მდებარეობს იმერეთისაკენ მიმავალ გზაზე (ქვაბისხევი – დემოთი – ლომისმთამარელისივახანი). „ქართლის ცხოვრების“ ერთ ეპიზოდში დემოთის ციხე იხსენიება ამ გზის ერთ–ერთ პუნქტად. ქართული წყაროების მიხედვით იგი XVI საუკუნეშიც ფუნქციონირებს, შემდგომ კი აღარ იხსენიება.

ამჟამად შემორჩენილია ციხის ნანგრევი, რომელსაც წარსულში სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა და სამცხიდან იმერეთში მიმავალ გზას დარაჯობდა. ქვაბისხევისა და ახლო მდებარე სოფლების ახლანდელი მოსახლეები დემოთს „ზემოთს“ უწოდებენ (ალბათ, ციხის მაღლივი მდებარეობის გამო).

XVI საუკუნეში დემოთის ციხე ერთ-ერთი ადგილობრივი ფეოდალური სახლის ავალიშვილების მფლობელობაშია. დაახლოებით 1588 წელს ოსმალთა მხარეზე გადასულმა ელია დიასამიძემ ავალიშვილებს წაართვა აღნიშნული ციხე და დამპყრობლებს გადასცა. წყაროში ვკითხულობთ: "დიასამიძემან ელიამ დემოთიას ციხეს საავალიშვილოს საღალატოდ შეუყენა. უღალატეს, ციხე წაართჱს და ბევრი საქონელი და სალარო დაუჭირეს". 1785 წელს საქართველოში შემოჭრილი ხუნძანის ბატონი ომარ-ხანი სამცხიდან ვახანში სწორედ დემოთის გზით უნდა გადასულიყო, რომლის შემდეგაც მან აიღო ვახანის ციხე და აბაშიძის ცოლ-შვილი ტყვედ წაასხა. დღესდღეობით დემოთის ციხემ ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია, იგი თითქმის საძირკვლის სახითაა მოღწეული, ციხეს კედლებზე გადავლილი აქვს მიწა და ქვა-ღორღი, რაც კიდევ უფრო აძნელებს მისი თავდაპირველი სახით წარმოდგენას.

ლიტერატურა რედაქტირება

  • აბაშიძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 379.
  • აბულაძე ვ., ბორჯომის ხეობის წარსული და აწმყო, თბ., 1983
  • ბერძენიშვილი დ., "ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი", თბ., 1985
  • ბერძენიშვილიდ., სამცხის ისტორიული გეოგრაფიიდან (ლომსიანთა), მესხეთი, ისტორია და თანამედროვეობა, ახალციხე 2000
  • გელაშვილი ბ., თორის ხეობის თავდაცვითი ნაგებობების ისტორიისათვის, გულანი, ახალციხე 2011
  • გელაშვილი ბ., ბორჯომის ხეობა XI-XIII საუკუნეებში, თბ., 2013
  • ზაქარაია პ., თბილისი. ბორჯომი. ვარძია, თბ., 1977
  • ზედგინიძე გ., სამხრეთ საქართველოს ზოგიერთი პუნქტის ადგილმდებარეობის დაზუსტებისათვის, "მაცნე", ისტორიის სერია, ტ. III, 1972
  • თაყაიშვილი ექ., სამი ისტორიული ხრონიკა (ქართლის მოქცევის, სუმბატისა ბაგრატიონების შესახებ და მესხური დავითნისა) ტფ., 1890
  • მელითაური კ., შოშიაშვილი ნ., ხანთაძე შ. და ჯამბურია გ. ვარძია, გზამკვლევი, თბ., 1955
  • სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები XV-XVI სს, ტექსტს პუბლიკაცია, გამოკვლევები და საძიებელი დაურთო ქრ. შარაშიძემ, თბ., 1961
  • ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II, თბ., 1959
  • ქართლის ცხოვრება, ტომი IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973
  • ქართლის ცხოვრება, ტექსტები გამოსაც. მოამზადეს: მიხეილ ქავთარია და სხვ.; ბიბლიოგრ. შემდგ. ვალერი სილოგავა; საძ. შემდგ. ნესტან ბაგაური; მხატვ. შოთა ნიორაძე; ილ. ბუბა კუდავა, თბილისი გამომცემლობა "მერიდიანი" "არტანუჯი", 2008
  • შუბითიძე ვ., ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები, თბ., 2012 15.