ადარნასე ბაგრატიონი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადარნასე.

ადარნასე ბაგრატიონიტაო-კლარჯეთის მთავრის აშოტ I დიდის მამა.[1]

ადარნასე „ქართლის ცხოვრების (ჯუანშერი, „მატიანე. ქართლისა“) ცნობით, არ ეკუთვნოდა ქართლის ერისმთავართა სახლს. ის იყო ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომადგენელი, რომელიც მურვან ყრუს ლაშქრობის დროს დაემკვიდრა კლარჯეთს და ქართლის ერისმთავარ არჩილს მისი სახელმწიფოს „მკვიდრობა” სთხოვა. არჩილმა შეიწყნარა თხოვნა და მისცა საგამგებლოდ შულავერი და არტაანი (VIII საუკუნის II ნახევარში). არჩილის ვაჟმა ჯუანშერმა ცოლად შეირთო ადარნასეს ქალი ლატავრი. ჯუანშერის დროს ადარნასეს გამგებლობაში მოექცა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს: კლარჯეთის, შავშეთის, აჭარის, ნიგალის, არტაანის და ტაოს მნიშვნელოვანი ნაწილი.[2] გარდაიცვალა კლარჯეთში.[1] ადარნასეს გარდაცვალების შემდეგ მისი ვაჟი აშოტი ქართლის გამგებელი გახდა.[2]

ადარნასეს წარმომავლობაზე სხვა აზრისა არიან „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და სუმბატ დავითის ძე. აღნიშნული წყაროები ადარნასეს ქართლის ერისმთავართა სახლის წარმომადგენლად მიიჩნევენ, ნერსე ერისმთავრის შვილად. მეცნიერთა გარკვეული ნაწილი ამ ცნობას უჭერს მხარს, რადგან ადარნასე დოკუმენტურად დადასტურებულია „აბო თბილელის წამებაში“, სადაც იგი კურაპალატის ტიტულს ატარებს, ისევე როგორც აშოტი. იოანე საბანისძის ცნობით, ადარნასეს შემდეგ ერისმთავარი გახდა ჯერ ადარნასეს უფროსი ვაჟი ნერსე, შემდეგ მისი დისწული სტეფანოზ გურგენის ძე. „მოქცევაჲ“ – კი ადარნასეს შვილებად ასახელებს აშოტის გარდა სტეფანოზს და გურგენს.[2] ჯუანშერის მიხედვით, ადარნასე იყო სომხეთის ერისთავის ადარნასე ბრმის ძმისწული (იხ. ციტატა ქვემოთ).

ვიკიციტატა
„მაშინ მოვიდა მისა მთავარი ერთი, რომელი იყო ნათესავისაგან დავით წინასწარმეტყუელისა, სახელით ადარნასე, ძმის-წული ადარნასე ბრმისა, რომლისა მამა მისი მზახებულ იყო ბაგრატონიანთად-ვე, და ბერძენთა მიერ დადგინებულ იყო ერის-თავად არეთა სომხითისათა, და ტყვეობასა მას ყრუისასა შთასრულ იყო იგი შვილთა თანა გუარამ კურაპალატისთა კლარჯეთს, და მუნ დარჩომილ იყო. ითხოვა არჩილისგან და რქუა: „უკეთუ ინებო და მყო მე ვითარცა მკჳდრი შენი, მომეც ქუეყანა“. და მისცა შულავერი და არტანი.“
(ჯუანშერი[3])
  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 85.
  2. 2.0 2.1 2.2 საქართველოს მეფეები / რედ. მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი, თბ.: „ნეკერი“, 2007. — გვ. 57–58, ISBN 99929-58-36-2 Invalid ISBN.
  3. ჯუანშერი — ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა