დრანდის ტაძარი
დრანდის ტაძარი — VI-VII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველო, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მდებარეობს გულრიფშის მუნიციპალიტეტის სოფელ დრანდაში, მდინარე კოდორის მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებულ პლატოზე. ვახუშტი ბატონიშვილი მის შესახებ წერს:
დრანდის ტაძარი | |
დრანდის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 42°52′27″ ჩ. გ. 41°09′44″ ა. გ. / 42.87417° ჩ. გ. 41.16222° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | აფხაზეთი |
მუნიციპალიტეტი | გულრიფშის რაიონი |
ადგილმდებარეობა | დრანდა |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | საკათედრო ტაძარი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | ქართული, ბიზანტიური |
ხუროთმოძღვრული სტილი | ჯვარ-გუმბათოვანი |
თარიღდება | შუა VI საუკუნე |
დეტალები
| |
გუმბათი | ერთი |
„არს ეკლესია დრანდას, მთაში, გუმბათიანი, შუენიერი, დიდშენი. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი კოდორსა და ანაკოფიის შორისისა ადგილთა.“
|
ტაძარი ჯვარგუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. ზოგიერთი ელემენტით უახლოვდება მცხეთის ჯვრის ტიპს. გეგმაში ჯვრის მკლავები სამივე მხრიდან სწორკუთხედი ფორმისაა. კუთხის სათავსოები გეგმით წრიულია. სათავსოებში შესასვლელები სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავიდანაა. გარედან ჯვარი ჩაწერილია სწორკუთხედში აღმოსავლეთის მხარეს გამოწეული ნახევარწრიული აფსიდებით. გუმბათის ყელის საძირკველსა და ყრუ გუმბათს შორის სივრცე ამოვსებული იყო 30-მდე მთელი ამფორით, მათი ქრონოლოგიური ჩარჩო IV-VII საუკუნეებს შორის თავსდება. ტაძრის აგების თარიღი ამფორათა ანალიზისა და მცხეთის ჯვრის თარიღის გათვალისწინებით VI-VII საუკუნებით განისაზღვრება. იგი სამშენებლო ტექნიკით, გეგმარებითა და პროპორციებით ბიზანტიური ხუროთმოძღვრების ნიმუშებს ენათესავება, მაგრამ მის აღმშენებელს ზოგი რამ ქართული ხუროთმოძღვრებიდანაც აუღია, კერძოდ, მცხეთის ჯვრის ტაძრის მსგავსად, აქაც აღმოსავლეთ ფასადზე სამი წახნაგოვანი შვერილი აფსიდი პატარა თაღებითაა გადაბმული.
დათარიღება
რედაქტირებადრანდის ტაძარი რამდენჯერმე არის გადაკეთებული, რამაც მისი შესწავლა გააძნელა. XIX საუკუნეში ცნობილი არ იყო დრანდის ტაძრის აგების დრო და მას რუსი მკვლევარები მიახლოებით VIII–X (პავლინოვი), XI (ტოლსტოი, კონდაკოვი) საუკუნეებით ათარიღებდნენ. გ. ჩუბინაშვილმა ტაძრის ხუროთმოძღვრული ანალიზის შედეგად იგი მიიჩნია მცხეთის ჯვრის (VI ს.) ვარიაციად, მასთან დაკავშირებულ, მაგრამ შესამჩნევად დამოუკიდებელ ნაგებობად, რომელშიც ქართულთან ბიზანტიური ხასიათის მხატვრული ელემენტებია შერწყმული. ეს შეხედულება გაიზიარა ლ. რჩეულიშვილმა. ე. ნოიბაუერმა ის IX საუკუნის ძეგლად მიიჩნია. ხელოვნებათმცოდნე რუსუდან მეფისაშვილი ძეგლს VIII საუკუნის მიწურულით, „აფხაზთა“ სამეფოს ჩამოყალიბების პერიოდით ათარიღებს. მისი მოსაზრებით, ტაძარი აგებულია მოწვეული ხელოსნის მიერ. რაც შეეხება ძეგლის ხუროთმოძღვარს, ის ადგილობრივია, რადგან თუ ძეგლში ერთი მხრივ აშკარაა ბიზანტიური საფუძველი, მეორე მხრივ ჩანს, რომ ხუროთმოძღვარი სისხლხორცეულად არის ჩართული იმ შემოქმედებით პროცესებში, რომელიც გარდამავალი პერიოდის (VIII–IX სს.) საქართველოს ძეგლებს ახასიათებს. მ. ხოტელაშვილისა და ა. იაკობსონის აზრით, ტაძრის დათარიღებისათვის მნიშვნელოვანია მისი თანმხლები მასალა – კერამიკა, რომელიც V–VI საუკუნეებით თარიღდება. აქედან გამომდინარე, მ. ხოტელაშვილი და ა. იაკობსონი ტაძარს VI საუკუნით ათარიღებენ. მ. ხოტელაშვილი თვლის, რომ ტაძარი ბიზანტიელების მიერაა აგებული; ა. იაკობსონის აზრით, დრანდის ტაძრის არქიტექტურა ჰგავს შესაბამისი პერიოდის ბიზანტიური ძეგლების არქიტექტურას. ი. ბერძენიშვილმა ტაძრის აგების თარიღად VI–VII საუკუნეების მიჯნა მიიჩნია. უკანასკნელ ხანს ტაძრის აგების თარიღად VI–VII საუკუნეები სახელდება.
ისტორია
რედაქტირებატაძრის აგების შესახებ წყაროების ცნობები არ გვაქვს, არც ზეპირი გადმოცემებია შემორჩენილი. დრანდის ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისა იყო. X-XVII საუკუნეებში წარმოადგენდა საეპისკოპოსო ცენტრს. დრანდის საეპისკოპოსოს დაარსება, უკავშირდება „აფხაზთა“ სამეფოში მიმდინარე საეკლესიო რეფორმას და X საუკუნის მეორე ნახევრით უნდა დათარიღდეს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ცნობილი პირველი დრანდელი ეპისკოპოსის მოღვაწეობა XI საუკუნის პირველი მესამედით თარიღდება. დრანდის ეპარქიის მღვდელმთავარი ცნობილია დრანდელის სახელით. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, დრანდელის სამწყსოს შეადგენდა ტერიტორია მდინარე კოდორსა და ანაკოფიის მდინარეს (ამჟ. მდ. ფსირცხა) შორის.
ტაძრის ინტერიერი შელესილი და მოხატული იყო. მხატვრობა XIII–XIV საუკუნეებით თარიღდება. როგორც ჩანს, ამ დროს ტაძარი კაპიტალურად შეაკეთეს. 1630 წელს ივნისში ტაძარი მოინახულა იტალიელმა მისიონერმა, დომინიკანელთა ორდენის ბერმა ჯოვანი ჯულიანო და ლუკამ. 29 ივნისს (ახ. სტ. 12 ივლისი), პეტრეპავლობის დღესასწაულზე, დრანდის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში იგი საზეიმო წირვას დაესწრო. 1637 წლის 18 მაისს ტაძარი და მისი შემოგარენი ოსმალების საზღვაო დესანტმა დაარბია. 1639 წელს ოდიშის სამთავროში ჩამოვიდნენ რუსეთის მეფის მიხეილ რომანოვის (1613–1645 წწ.) დესპანები დიაკი ფ. ელჩინი და მღვდელი პ. ზახარიევი. 1640 წლის თებერვალში მათ მოინახულეს დრანდის ტაძარი. რუსი დესპანების ცნობით, დრანდის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში მათ უნახავთ მაცხოვრის, ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლის და სხვა ხატები, ლუსკუმაში ჩადებული ჯვარი, რომელშიც ჩატანებული ყოფილა წმინდა ბარბარეს წმიდა ნაწილები, მეორე ჯვარი ვერცხლისა, მოოქროვილი, რომელშიც ასევე ჩატანებული ყოფილა წმიდა ნაწილები. დესპანების კითხვაზე, თუ როდის, ვის მიერ და საიდან იქნა ჩამოსვენებული ეს წმინდა ნაწილები, მღვდელმსახურებმა უპასუხეს, რომ მატიანე ოსმალების მიერ ტაძრის აოხრებისას დაიწვა, ზეპირად კი არ ახსოვდათ. პავლე ალეპოელის ცნობით, რომელიც XVII საუკუნის 60–იან წლებში მამასთან, ანტიოქიის პატრიარქ მაკარიოსთან ერთად იმყოფებოდა ოდიშში, დრანდის ტაძარში დაცული იყო ხატებში ჩასვენებული წმ. ბარბარეს და სხვა წმინდანთა წმინდა ნაწილები.
XVII საუკუნის 60–იანი წლებიდან ოდიშის სამთავროზე აფხაზთა შემოსევების ახალი ტალღა დაიწყო. ამ დროს დრანდის ტაძრიდან უსაფრთხო ადგილას გადაიტანეს საეკლესიო წიგნები, ხატები, ჯვრები და სხვა საეკლესიო ინვენტარი. ასე აღმოჩნდა საბა დრანდელის დაკვეთით დამზადებული იოანე მახარებლის ხატი (XI ს.) დრანდიდან სვანეთში; დრანდის ტაძრის მრავალი ხატი, ჯვარი, საეკლესიო წიგნი და ინვენტარი დაიფანტა. 1681 წელს აფხაზების მიერ ოდიშის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის, მდ. კელასურიდან მდ. ეგრისწყლამდე (ღალიძგა), დაპყრობის შემდეგ, დრანდის საეპისკოპოსო გაუქმდა, რადგან აფხაზთა მიერ მიტაცებულ ტერიტორიაზე ქრისტიანული ეკლესიის ფუნქციონირება შეუძლებელი გახდა. ამ დროიდან დრანდის ტაძარი დიდხანს იყო მიტოვებული.
1846 წელს რუსმა სიძველეთა მკვლევარმა ს. საბლინმა, და 1860 წელს ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ მოინახულეს ტაძარი. ტაძარი სავალალო დღეში იყო, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ იყო ფრესკები შემორჩენილი. ს. საბლინის ცნობით, შედარებით კარგად იყო შემორჩენილი გუმბათზე მაცხოვრის, დასავლეთის კარებთან – მიქაელ მთავარანგელოზის, ჩრდილოეთის კედელზე წმ. ნილოსის, სამხრეთის კედელზე ხარების (იკონოგრაფიულად იშვიათი გამოსახულება მუხლმოყრილი ღვთისმშობელისა) ფრესკული გამოსახულებები; დ. ბაქრაძემ გაარჩია მაცხოვრის, ფერისცვალების და რამდენიმე წმინდანის გამოსახულება.
1868 წლის 20 მაისს ტაძარი მოინახულა იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე), რომელიც იმავდროულად 1868-1886 წწ. აფხაზეთის ეპარქიის მმართველი იყო. მან კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების წინაშე ტაძრის აღდგენის საკითხი დააყენა, რაც დადებითად გადაწყდა. 1871 წელს დასრულდა ტაძრის აღდგენითი სამუშაოები და 21 სექტემბერს გაბრიელ ეპისკოპოსმა ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აკურთხა. აქ ღვთისმსახურებას ეწეოდნენ მღვდლები იოანე (გეგენავა), იოანე (კერესელიძე), რომლებიც ასევე მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდნენ ადგილობრივ აფხაზებში. რუსეთ-ოსმალეთის 1877–1878 წლების ომის დროს რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებულმა აფხაზებმა ტაძარი დაარბიეს. ხანძარმა გაანადგურა სახურავის ნაწილი, ფრესკები. 1880 წელს ათონის მთის ივირიის მონასტრის რუსმა ბერებმა მოდესტმა და ვარლაამმა რუსეთის მთავრობას დრანდის მონასტრის დაფუძნების ნებართვა სთხოვეს. 1881 წლის 9 მაისს სინოდმა ტაძარში მონასტრის დაარსების გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმპერატორმა 1883 წლის 9 მაისს დაამტკიცა. იმავე წელს ათონიდან ჩამოვიდნენ ბერები მოდესტი და ვარლაამი ათ ძმასთან ერთად და ტაძრის აღდგენას შეუდგნენ. ათონის მთის ივერთა მონასტრიდან მათ ჩამოასვენეს სასწაულთმოქმედი ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, ძელიცხოვლის ნაწილი, წმ. პანტელეიმონის, მარიამ მაგდალინელის და სხვათა წმინდა ნაწილები. აღდგენითი სამუშაოები 1886 წელს დასრულდა და 27 სექტემბერს გაბრიელ ეპისკოპოსმა ტაძარი აკურთხა. აქ დაარსდა რუსული მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარი იღუმენი ვარლაამი გახდა. რუსი ბერების მიერ ჩატარებული რესტავრაციის დროს ტაძარი მოაბათქაშეს, შეათეთრეს, კედლები და თაღები თავიანთი შეხედულებით დაანგრიეს, ქორედები დაამატეს, რითაც ტაძარმა თავდაპირველი სახე დაკარგა. ამ დროს ფრესკული მხატვრობის შემორჩენილი ნაშთები გაუჩინარდა. 1891 წლის 4 სექტემბრიდან მონასტრის წინამძღვრები სოხუმის ეპისკოპოსები იყვნენ. სოხუმის ეპისკოპოსის კირიონის (საძაგლიშვილი), რომელიც იმავდროულად დრანდის მონასტრის წინამძღვარიც იყო, ინიციატივით მოხდა ეკვდერის აღდგენა. 1906 წელს 3 ოქტომბერს მან აკურთხა დრანდის მონასტრის წმ. ნიკოლოზის ეკვდერი. ეპისკოპოსმა კირიონმა დრანდის მონასტრის წიგნსაცავში აღმოაჩინა ექვს წიგნად აკინძული ქართული ხელნაწერები, რომლებიც მონასტრის გარდაცვლილი მღვდელმონაზვნის კალისტრატეს (ჩიჩუა) საკუთრება ყოფილა. ამ ხელნაწერების სია თვით ეპისკოპოსმა კირიონმა შეადგინა:
- თვენი (27X21 სმ), დაშლილი, ტყავზე ნაწერი ნუსხურით;
- განგება (20X17 სმ)
- ეკლესიის კურთხევისა,
- ახლად შექმნილისა ბარძიმისა და ფეშხუმისა,
- კურთხევა, რომელ არს განახლება ძველი ნახმარისა ბარძიმ-ფეშხუმისა; წიგნი ქაღალდზედ მხედრული ხელით არის ნაწერი და ბოლოში შემდეგი წარწერა აქვს: „ესე წიგნი ხარების ეკლესიის დეკანოზის იოან ლარაძისა და შვილთა მისთა არის, ვინც მოიპაროს მასაც რისხავდეს დაუსაბამო მამა და მასაც ედების კეთრი კეზის (სქელი და მაგარი ხე), შიშთვილი იუდასი, ძრწოლა კაენისა, დანთქვა დათან და აბისონისა (ლევიანნი, X, 1,2). ამინ, ამინ, ამინ.“
- მარხვანი (20X16 სმ), მხედრულად ნაწერი ქაღალდზე. წიგნი დაშლილია და ერთ ფურცელზე შემდეგი წარწერა აქვს: „გევედრებით მამანო მოიხსენეთ შემომწირველნი გიორგი, დეკანოზი მეფის ირაკლისა და შვილნი მისნი იოსებ, პეტრე დეკანოზი, დავით და ძენი იოვანესი პროხორე, დავით, სოლომონ, გიორგი ძე იოსებისა, დიმიტრი, მხევალნი ხორეშანი, მართა, თამარ, ბარბარე, ქეთევან, მარიამ, ეკატერინე, ხორეშან.“
- ჟამნ-გულანი (20X16 სმ), დაშლილი, ქაღალდზე ნაწერი ნუსხურით;
- სჯულის კანონი (20X16 სმ), ახლად თარგმნილი მამის ჩვენის ექვთიმესაგან. ამ წიგნშივე არის კანონი შეცოდებულთანი იოანე მმარხველისა. წიგნი სქელ ქაღალდზეა ნაწერი და მეტად დაძველებულია;
- კითხვა-მიგება (25X20 სმ) და საუბარი ეფრემისა ანგელოზებთან.
წიგნი დაშლილია, თავი და ბოლო აკლია, ტყავზე ნაწერი ნუსხურით და ეკუთვნის X-XI საუკუნეების ეტრატი ძალიან ძველია, ალაგ-ალაგ დაკერებული და სიძველის ნიშანი ეტყობა. მღვდელმონაზონ კალისტრატეს (ჩიჩუა) ეკუთვნოდა აგრეთვე დრანდის მონასტრის ტრაპეზში დასვენებული წმინდა გიორგის ხატი წმიდა ნაწილებით (წმ. გიორგის, წმ. ნიკოლოზის, იოანე ნათლისმცემლის, წმ. ხარლამპის, წმ. მარინესი, ძელი ჭეშმარიტის ნაწილი და იოანე ნათლისმცემლის სისხლი). კირიონ ეპისკოპოსის მიერ აღწერილი ქართული ხელნაწერებისა და წმინდა გიორგის ხატის შემდგომი ბედი უცნობია.
დრანდის რუსულ მონასტერს დიდი სამონასტრო მეურნეობა ჰქონდა, რომელიც მის შემოგარენსა და წებელდაში იყო გაშლილი. 1886 წელს მის მფლობელობაში იყო 219 დესეტინა მიწა, რომლიდანაც 19 დესეტინა უშუალოდ მონასტრის გარშემო იყო, ხოლო 200 დესეტინა მისგან სამ ვერსის მანძილზე. 90–იანი წლების დასაწყისში მონასტერს გამოეყო კიდევ 50 დესეტინა მიწა წებელდაში, მეტოქები ჰქონდა სოხუმსა და ეკატერინოდარში (ამჟ. ქ. კრასნოდარი). 1889 წელს მონასტერთან გაიხსნა სასწავლებელი, სადაც ზოგად და სასულიერო განათლებას ღებულობდნენ, სწავლობდნენ ხელობას, მებაღეობას, მეფუტკრეობას; აქვე ფუნქციონირებდა ბიბლიოთეკა, სამედიცინო პუნქტი, სასტუმრო, საეპარქიო სტამბა.
XX ს. დასაწყისში ტაძარი ხელახლა გადააკეთეს. ტაძრის გადაკეთებისას გუმბათს დაადგეს ხის კონსტრუქციის რუსული ძეგლებისთვის დამახასიათებელი „ხახვის თავი“, გააფართოვეს სარკმლები, დასავლეთით გამართეს ხის პატრონიკენი, შიგნიდან და გარედან კირით შეათეთრეს და სხვ. ძეგლის შიგნით და გარეთ ნალესობით გამოყვანილმა დეკორმა შეცვალა მისი თავდაპირველი ხუროთმოძღვრული სახე. ტაძარს ჰქონდა სამრეკლო. ტაძრის დასავლეთ კედელთან იწყებოდა გვირაბი (სიგრძე 260–280 მ), რომელიც მდინარე კოდორამდე ჩადიოდა. ამ გვირაბში XIX საუკუნის მიწურულს აღმოაჩინეს მარმარილოს ფილა, რომელზეც ამოკვეთილი იყო მაცხოვრის რელიეფური გამოსახულება, და მეორე ფილა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გამოსახულებით (ფოტოები გამოქვეყნებული აქვს პ. უვაროვას). 1917 წელს მონასტრის ტერიტორიაზე განთავსებული იყო საავადმყოფო, სასტუმრო; აქვე იყო ხეხილის ბაღი და ვრცელი ზვარი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ათეიზმის ბატონობისა და ანტირელიგიური კამპანიის გაძლიერების დროს, 1924 წელს დრანდის მონასტერი დაიხურა. სამონასტრო შენობებში საპყრობილე გაიხსნა, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს, ნაწილში კი გულრიფშის რაიონის ადმინისტრაცია და სკოლა-ინტერნატი განათავსეს.
1978 წელს არქიტექტორ-რესტავრატორ ვ. ცინცაძის ხელმძღვანელობით დრანდის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. ამ დროს მოხდა ხუროთმოძღვრული ძეგლის გაწმენდა და გამოკვლევა–შესწავლა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა მისი თავდაპირველი სახის აღდგენა. ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა და მან თავდაპირველი სახე დაიბრუნა. 2002 წლიდან დრანდის ტაძარში ღვთისმსახურება აღესრულება. იმავე ხანებში ტაძარში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც მისი ინტერიერი და ექსტერიერი შეცვალა. ტაძარში მოეწყო სანათლავი, ფასადი შეათეთრეს, ტაძრის ეზოში ააგეს სატრაპეზო და სასტუმრო. 2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა[1].
ამჟამინდელი მდგომარეობა
რედაქტირებატაძარი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. რის გამოც მისი შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.
2011 წელს, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ათეულობით ტაძარი, მათ შორის დრანდის ეკლესიაც, ე.წ „აფხაზურ ეკლესიას“ უვადო სარგებლობაში გადასცა. ქართული კვალის წასაშლელად ტაძარი ოკუპაციის შემდეგ რუსულ ყაიდაზე, მთლიანად თეთრად გადაღებეს; ჩააყენეს ათამდე ვერცხლისფრად შეღებილი კარ-ფანჯარა, რის გამოც გახვრიტეს ეკლესიის კედლები, დაამონტაჟეს ვიდეოსათვალთვალო სისტემა; ტაძრის გარშემო მთლიანად მოხსნეს მიწის ფენა, ისე რომ არქეოლოგიური კვლევა არ განხორციელებულა. რეკონსტრუქციამ შეიწირა ტაძრის უნიკალური, VII საუკუნით დათარიღებული სანათლავი ემბაზი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაწყარო
რედაქტირება- ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წიგნ. ,,ქართლის ცხოვრება“, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ. IV, თბ., 1973;
- გაბრიელ გეგენავას, ფედოტ ელჩინისა და პავლე ზახარიევის ელჩობათა მასალები, 1636-1640 წლები, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, კომენტარები, ლექსიკონი, საძიებლები და კალენდარი დაურთო ჯ. გამახარიამ, თბ., 2014.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 492-493.
- ხორავა ბ. დრანდის საეპისკოპოსო, კრებ. მართლმადიდებლობა აფხაზეთში და ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საკითხები, თბ., 2005
- ბერძენიშვილი ი., აფხაზეთის სამეკლესიანი ბაზილიკები, კრებ. მართლმადიდებლობა აფხაზეთში და ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საკითხები, თბ., 2005;
- ბერძენიშვილი ი. ქრისტიანობის გავრცელების საკითხი აფხაზეთში არქეოლოგიური მასალების მიხედვით (IV –VIII სს.), ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაციის ავტორეფერატი, თბ., 2006
- გამახარია ჯ. აფხაზეთი და მართლმადიდებლობა (I ს. – 1921 წ.), თბ., 2005
- კალისტრატე, დრანდის მონასტერი, გაზ. ,,ივერია“, 1900, № 137
- ცინცაძე ვ. დრანდა, ,,ძეგლის მეგობარი“, 1979, № 50
- ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია, ტ. 1, თბ., 1936
- წმინდა მღვდელმოწამე კირიონი და აფხაზეთი. შემდგენელ-რედაქტორი ჯემალ გამახარია, თბ., 2005
- Агафодор (Преображенский), Успенско-Драндский общежительный монастырь в Абхазии. Историко-археологическое описание. Ставрополь, 1894
- Бакрадзе Д. Кавказ в древних памятниках христианства. Записки общества любителей кавказской археологии, кн. 1, Тифлис, 1875
- Боярский А. Драндский Успенский монастырь на Кавказе, Одесса, 1894
- И. Н. Абхазия и в ней Новоафонский Симоно-Кананитский монастырь, М. 1898
- Воронов Ю. Н. В мире архитектурных памятников Абхазии, М., 1978.
- Леквинадзе В. А. О постройках Юстиниана в Западной Грузии, Византийский временник, т. 34, М. 1973
- Меписашвили Р. Дранда (памятник архитектури VIII века), IV Международный симпозиум по грузинскому искусству, Тб., 1983
- Павлинов А. М. Дранда, МАК, вып. 3, 1893
- Рчеулишвили Л. Д. Некоторые аспекты грузинской архитектуры Черноморского побережья. Средневековое искусство. Русь. Грузия. М. 1978
- Саблин С. Древний генуезский храм, в укреплении Дранды, газ. Кавказ, 1846, №8
- Туманишвили Д. Средневековая церковная архитектура в Абхазии, в кн. Разыскания по истории Абхазии/ Грузия, Тб., 1999
- Уварова П. С. Христианские памятники, МАК, вып. 4, 1894
- Хорава Б. К. Драндское епископство, Вопросы гуманитарних наук, М., 2006, №4
- Хотелашвили М. К., Якобсон А. Л. Византийский храм в с. Дранда (Абхазия). Византийский временник, т. 45, М. 1984
- Хрушкова Л. Г. Раннехристианские памятники Восточного Причерноморья, М. 2002
- Чубинашвили Г. Н. Памятники типа Джвари, Тб., 1948
- Neubauer E. Abchazische Architektur im Spannungsfeld zwischen Georgien und Byzanz (6.bis11.Jh), Byzantinische Kunstexport. Halle, 1978.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2015-02-08.