აიონ-ოროსი

(გადამისამართდა გვერდიდან ათონის მთა)

აიონ-ოროსი (ბერძნ. Hagiom Oros, ახალი ბერძნ. ajon Oros — წმინდა მთა), იგივე ათონინახევარკუნძული აღმოსავლეთ საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთი შვერილი. შეჭრილია ეგეოსის ზღვაში. სიგრძე 50 კმ, სიგანე 10 კმ. მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აღმართულია მთა ათონი (2033 მ). აიონ-ოროსი კრისტალური ფიქლებით აგებული ჰორსტია. შემოსილია მაქვისით, ფიჭვის, მუხისა და წიფლის ტყეებით. ნახევარკუნძულის ძველი სახელმწიფო იყო აქტე. ძვ. წ. 480 საბერძნეთის წინააღმდეგ გამოლაშქრებამდე ქსერქსეს აქტეს ყელზე გაუჭრია არხი, რომლის კვალი დღემდეა შემორჩენილი. VII—VIII საუკუნეებში აქ იწყება განდეგილების, შემდეგ მონაზონთა დამკვიდრება და სამონასტრო მშენებლობა.

აიონ-ოროსი
კოორდინატები: 40°09′26″ ჩ. გ. 24°19′35″ ა. გ. / 40.15722° ჩ. გ. 24.32639° ა. გ. / 40.15722; 24.32639
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ფართობი 335,63 კმ²
აკვატორია ეგეოსის ზღვა
მოსახლეობა 2262
ათონის მთის სამ განზომილებიანი ანალოგი

VIII საუკუნის ბოლოს, ქართველ მონაზვნებს აქ მცირე სავანე, „ათო“ დაუფუძნებიათ. შემდეგ არაბთა თავდასხმების შედეგად, აიონ-ოროსი რამდენიმეჯერ გაუკაცრიელებულა. პირველი დიდი მონასტერი — „დიდი ლავრა“ აქ 963 წელს ააგო ათანასე ათონელმა. ათანასე ათონელის წინამძღვრობის დროსვე დაარსდა მონასტერი ვატოპედი და ათონის ივერთა მონასტერი. ბერძნებისა და ქართველების გარდა, აქ მონასტრები ააშენეს სერბებმა (ხილანდარი), ბულგარელებმა (ზოგრაფუ), რუსებმა (როსიკონი) და სხვა; XV საუკუნეში აიონ-ოროსზე 30 მონასტერი და 30 ათასამდე მონაზონი იყო, 1961 წელს კი 20 მონასტერი და 12 სოფელი (2687 მცხ.).

ბიზანტიის იმპერიის დაცემის ხანაში, კერძოდ, თესალონიკეს დაცემის შემდეგ, (1430) აიონ-ოროსი ოსმალებმა დაიპყრეს და ყოველწლიური გადასახადის პირობით მონასტრეს მმართველობის და კულტის თავისუფლება მიანიჭეს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, აიონ-ოროსი საბერძნეთის შემადგენლობაში (თესალონიკეს ნომი) შევიდა. აიონ-ოროსის მონასტრებზე უმაღლესი იურისდიქციის უფლება კონსტანტინოპოლის პატრიარქის ხელთ არის, ხოლო მონასტრებს მართავს მათივე 20 წარმომადგენლისაგან შემდგარი საბჭო. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მორიგეობით არჩეულ საბჭოს 4 წევრს და კრების თავმჯდომარეს — პროტოსს, რომლის ადგილსამყოფელია კარიასი (X საუკუნიდან).

ათონის წმინდა მთა 20 მონასტრით, რუსეთი, XVII ს.

აიონ-ოროსის საკულტო არქიტექტურისათვის დამახასიათებელია გუმბათიანი სამაბსიდიანი ტაძრები, ჩვეულებრივ ორმაგი კარიბჭით. მონასტერთან არის სატრაპეზოები, საცხოვრებლები, სენაკები, ბიბლიოთეკა და სამეურნეო ნაგებობანი; ზოგიერთ მონასტერში ფრესკები, მოზაიკა, ხატები, ოქრომჭედლობისა და მინანქრის საუკეთესო ნიმუშებია (ყველაზე ადრინდელი XI საუკენეს განეკუთვნება). აიონ-ოროსის მონასტრების ძვირფასი საგანძურია 11 ათასამდე ხელნაწერი (ბერძნული, ქართული, სლავური), სიგელ-გუჯრები და სხვა დოკუმენტები. ეს მასალა საუკუნეთა მანძილზე ნადგურდებოდა მტერთა შემოსევის შედეგად. ბევრი ხელნაწერი დაიღუპა ოსმალეთის წინააღმდეგ ბერძენთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების დროს 1821—1829 წლებში. უკანასკნელ ხანს მიღებულია ზომები აიონ-ოროსის ყველა ხელნაწერის აღსანუსხავად და მათ ფოტოპირთა გადასაღებად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ალექსიძე ა., ქსე, ტ. 1, გვ. 235, თბ., 1975
  • Кондаков Н. П., Памятники христианского искусства на Афоне, СПб., 1902;
  • Натроев А., Иверский монастырь на Афоне, Тфл., 1909;
  • Успенский П., История Афона, ч. 1—3, К., 1977;
  • Bies J., Mont Athos, P., 1963;
  • Le millénaire du mont Sthos, 963—1963, Études et mélanges, t. 1—2, (Chevetogne), 1963—1964;
  • Sherrard Ph., Athos the mountain of silence, Osf., (Toronto), 1960
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 454
ინგლ.რუს.ფრ.
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: