დრანდა

სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

დრანდასოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ათარბეკოვკა, ზემო ფშაფი, ქვემო ფშაფი, შაუმიანოვკა).

სოფელი
დრანდა

დრანდის ტაძარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი გულრიფშის მუნიციპალიტეტი
თემი დრანდა
კოორდინატები 42°52′18″ ჩ. გ. 41°09′12″ ა. გ. / 42.87167° ჩ. გ. 41.15333° ა. გ. / 42.87167; 41.15333
ცენტრის სიმაღლე 40
მოსახლეობა 3205 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დრანდა — საქართველო
დრანდა
დრანდა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
დრანდა

მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე პატარა კოდორის ნაპირას, ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალსა და შავიზღვისპირა გზატკეცილზე, ზღვის დონიდან 40 მ-ზე. გულრიფშიდან დაშორებულია 9 კმ-ით, სოხუმიდან — 18 კმ-ით. სოფელში მდებარეობს შუა საუკუნეების დრანდის ტაძარი.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

სოფელი დატანილია არქანჯელო ლამბერტის რუკაზე (XVII ს.). VIII საუკუნეში აქ ააგეს ჯვარგუმბათოვანი ეკლესია — დრანდის ტაძარი, რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილიც იხსენიებს. ეკლესია რამდენჯერმეა დაზიანებული და გადაკეთებული (თავდაპირველი სახით აღდგენილია 1970-იან წლებში). 1835 წელს სოფელი დაიკავა რუსეთის ჯარმა გენერალ ახლესტიშჩევის მეთაურობით. 1883 წელს აქ მამათა მონასტერი დაარსდა და სოფლის ერთ ნაწილში ახალი დასახლება გაჩნდა, რომელსაც არხიერეისკოიე უწოდეს. 1989 წლის უკანასკნელი საბჭოთა აღწერით დრანდაში 2 673 მცხოვრები იყო, 2011 წელს სეპარატისტული რეჟიმის მიერ ჩატარებული აღწერით — 3 205მ, მ. შ. სომხები (51,0 %), აფხაზები (36,3 %), რუსები (7,1 %), ქართველები (3,7 %) და სხვ.

დრანდის ტაძარი

რედაქტირება

სოფელში მდებარეობს ხუროთმოძღვრების ძეგლი დრანდის ეკლესია. იგი VIII-IX საუკუნეების ძეგლია. ქართველი მეცნიერი გიორგი ჩუბინაშვილი დრანდას მცხეთის ჯვრის ერთ-ერთ ვარიაციად განიხილავდა, სადაც ქართულ მხატვრულ გაგებასთან ბიზანტიური ხასიათის ელემენტებია შერწყმული. სხვა შეხედულებით დრანდა ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე დიდის ბრძანებით, 551 წელს აიგო და თავიდან კონსტანტინოპოლის ეკლესიის, აბაზგიის ეპარქიის დაქვემდებარებაში იყო.

VIII საუკუნეში, დრანდა აფხაზეთის ანუ დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს ეპარქიის ცენტრად იქცა, რომელმაც აქ XVII საუკუნემდე იარსება. დრანდის ბოლო ეპისკოპოსი გაბრიელი აბაზებისა და აბსარების შემოსევების გამო იძულებული გახდა იერუსალიმში წასულიყო.

1637 წელს, ტაძარი მთლიანად გაძარცვეს და გადაწვეს თურქმა დამყრობლებმა. 1878 წელს, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ტაძარი ხელმეორედ დაიწვა და ფრესკები განადგურდა. 1880 წლიდან, რუსული კოლონიური მმართველობის პერიოდში, სხვა ტაძრებთან ერთად ხდება დრანდის „რუსიფიკაციაც“. დრანდას ჯერ კიდევ მაშინ დაადგეს რუსული ყაიდის ხახვისებრი გუმბათი.

1928 წელს კომუნისტებმა დრანდის ტაძარი გააუქმეს, ეკლესიის შენობის ნაწილი, სასჯელაღსრულების დაწესებულებად, ციხედ გადაკეთდა, რომელიც დღემდე მოქმედებს, ნაწილში კი გულრიფშის რაიონის რაიოკომი და სკოლა-ინტერნატი განთავსდა. XX საუკუნის 70-იან წლებში დრანდის ტაძრის რესტავრაცია განხორციელდა. 2006 წელს დრანდის ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

2011 წელს, კი აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ 40-მდე ტაძარი, მათ შორის დრანდაც, ე.წ „აფხაზურ ეკლესიას“ უვადო სარგებლობაში გადასცა. ტაძარი ოკუპაციის შემდეგ რუსულ ყაიდაზე, მთლიანად თეთრად გადაღებეს; ჩააყენეს ათამდე ვერცხლისფრად შეღებილი კარ-ფანჯარა, რის გამოც დახვრიტეს ეკლესიის კედლები; დაამონტაჟეს ვიდეოსათვალთვალო სისტემა; ტაძრის გარშემო მთლიანად მოხსნეს მიწის ფენა, ისე რომ არქეოლოგიური კვლევა არ მომხდარა. რეკონსტრუქციამ შეიწირა ტაძრის უნიკალური სანათლავი ემბაზი, რომელიც VII საუკუნით თარიღდებოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება