გულრიფში
გულრიფში (აფხ. Гәылрыԥшь; 1975 წლამდე ქვემო გულრიფში) — დაბა დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავი ზღვის პირას, სამურზაყანოს დაბლობზე, სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალზე, ზღვის დონიდან 20 მ, სოხუმიდან 13 კმ, თბილისიდან 431 კმ. 2007 წლის აღწერის მონაცემებით გულრიფშის მოსახლეობა 8014 ადამიანს შეადგენდა.
დაბა | |
---|---|
გულრიფში Гәылрыԥшь | |
გულრიფშის სანაპირო | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°55′50″ ჩ. გ. 41°05′50″ ა. გ. / 42.93056° ჩ. გ. 41.09722° ა. გ. |
ამჟამინდელი სტატუსი | 1975 |
ცენტრის სიმაღლე | 20 მ |
კლიმატის ტიპი | სუბტროპიკული |
მოსახლეობა | 8014 კაცი (2007) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | +995 442[1] |
საფოსტო ინდექსი | 7000[2] |
საავტომობილო კოდი | ABH |
ოფიციალური საიტი | gulripsh.com |
გულრიფში ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა — ზღვის ნოტიო სუბტროპიკული. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 14,5 °C, იანვრის საშუალო ტემპერატურა 6,2 °C, ივლისის 22,9 °C; აბსოლუტურ მინიმალური –12 °C, აბსოლუტურ მაქსიმალური 41 °C. ზღვის ბრიზები რამდენადმე ანელებს ზაფხულის სიცხეს. ნალექები 1410 მმ წელიწადში. ფარდობითი ტენიანობა 72%. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 სთ წელიწადში.
წყაროებში იხსენიება XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან.[3] დაბის სტატუსი მიენიჭა 1975 წელს. დაბაში არის ადმინისტრაციული, განათლების, კულტურის და ჯანდაცვის (სანატორიუმები, პანსიონატები) ობიექტები. სამკურნალო საშუალება — კლიმატოთერაპია. სამედიცინო ჩვენება: ფილტვების ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმა. სეზონი — მთელი წელი. 1991 წელს გულრიფშში იყო სახლთსაშენი კომბინატი, საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმო, საბავშვო ბაღები, საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო და სამუსიკო სკოლები, სუბტროპიკული კულტურების სოხუმის საცდელი სადგური, საქართველოს მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აფხაზეთის მცენარეთა დაცვის საცდელი სადგური და სხვა.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ეტიმოლოგია
რედაქტირებაგულრიფში აფხაზური წარმოშობის სიტყვაა და მომდინარეობს სახელიდან "გულიების საცხოვრისი, გულიების წყალი". როგორც ჩანს, ამ ადილას გულიების ქართულ გვარს უცხოვრია.[3]