სალარო (სამართალი)
სალარო (სამართლის ისტორია), „ლართ საუნჯე“ (საბა) — განძსაცავი ძველ საქართველოში. გაერთიანებულ სამეფოს ხანაში სახელმწიფოს სალარო ერთგვარი ხელუხლებელი ხაზინა იყო. იქ, საჭურჭლისაგან განსხვავებით, „შეკრული“ იდო ისეთი განძეულობა, „ოქროს ჭურჭელი, ანუ ვერცხლისა“, რომელიც „საჴმარებლად სანიადაგოდ“ არ იყო განკუთვნილი. არსებობდა მოძრავი სალაროც, რომელიც თან მიჰქონდათ მეფის მოგზაურობის დროს. სალაროს გამგეს მოლარეთუხუცესი ეწოდებოდა. მისი მომხმარე და მშველელი მოხელეები იყვნენ სალაროს მოლარეები. სალარო თავისი მოხელეებითურთ მსახურთუხეცესს ექვამდებარებოდა. გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში სხვადასხვაგვარი სანიადაგო სახმარიც (მაგ., სახარჯავი ფული, ტანსაცმელი და სამკაულები და ნადირობის მოწყობილობაც) ინახებოდა. მეფის სალაროს ერთ-ერთ მთავარ მოხელედ სალაროს ნაზირი ითვლებოდა. არსებობდა აგრეთვე სალაროს მუშრიბი და თავილდარი ანუ ნივთების შემნახავ-გამცემი მოხელე. სალაროში იდო ვახტანგ VI-ის სამართლებრივი წიგნის ოფიციალური ეგზემპლარი, რომელსაც საქმის განხილვისას იყენებდნენ (ვახტანგ VI-ის სამართალი, მ. 205). ბაგრატ კურაპალატის სამართლის მიხედვით (მ. 152), „დიდი სალაროს“ გამტეხი „თვალთა დაწვით“ ისჯებოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ფუტკარაძე ი., ქსე, ტ. 8, გვ. 687, თბ., 1984