დუტუ მეგრელი

ქართველი მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხოშტარია.

დუტუ მეგრელი (ნამდვილი სახელი — დიმიტრი თომას ძე ხოშტარია; დ. 26 ოქტომბერი, 1867, სუჯუნა, სენაკის მაზრა — გ. 13 მარტი, 1938, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას მეუღლე.

დუტუ მეგრელი
დაბადების თარიღი 26 ოქტომბერი, 1867(1867-10-26)
დაბადების ადგილი სუჯუნა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 13 მარტი, 1938(1938-03-13) (70 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია ვაკის სასაფლაო და დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და ოდესის უნივერსიტეტი
მეუღლე ანასტასია ერისთავი-ხოშტარია

ბიოგრაფია

რედაქტირება

დიმიტრი ხოშტარია დაიბადა სოფლის ღარიბი დიაკვნის თომა ხოშტარიას ოჯახში. იგი მალე გარდაიცვალა, ხოლო დედა, მარიამი, პატარა დიმიტრითურთ ძიძად შევიდა დავით აბაშიძის ოჯახში. ამის შემდეგ მან თავი შეაფარა ნიკო დადიანს. აქ მომავალ პოეტს შთაუნერგეს მშობლიური ენისა და მწერლობის სიყვარული.

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დიმიტრი ხოშტარია სახელმწიფო ხარჯზე სწავლას განაგრძო ნოვოროსიის უნივერსიტეტში იურიდიული განხრით. აქ იგი, სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად, მძიმე მატერიალურ პირობებში იმყოფებოდა. ოდესის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1893 წელს დიმიტრი ხოშტარია დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ აქ სამუშაო არ მისცეს და იძულებული გახდა ემსახურნა გადასახადთა ინსპექტორად და საგუბერნიო საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრად ყარსის ოლქსა და ერევნისა და განჯის გუბერნიებში.

აზერბაიჯანსა და სომხეთში იგი იცავს მთავრობის მოხელეებისგან მშრომელი მოსახლეობის ინტერესებს, განსაკურთრებით ღარიბ გლეხობას. ამ ნიადაგზე მას 1900-1902 წლებში სამსახურიდან დათხოვნითაც კი ემუქრებოდნენ.

1917 წლიდან დიმიტრი ხოშტარია სამუდამოდ გადმოდის თბილისში, სადაც მუშაობას იწყებს მეხუთე კლასის საგანგებო საქმეთა მოხელედ ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის სამმართველოში. შემდეგ მსახურობდა საქართველოს დამფუძნებელი კრების საქმეთა სამმართველოში და თბილისის ოლქის სასამარლთოს წევრად. ამ პეროდში დუტუ მეგრელის მრავალრიცხოვანი ოჯახი კვლავ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია. 1919 წელს მონაწილეობა მიიღო ქართულ კლბუბში გამართულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდამჭერ საღამოში. 1920 წლის 5 სექტემბერს ვასილ ბარნოვის მოღვწაწეობის 30 წლის იუბილეზე წაიკითხა მოხსენება. 1920 წლის 15 ივლისს გაიმართა საღამო სხვადასხვა ქართველი მწერლების, მათ შორის დუტუ მეგრელის მონაწილეობით.

საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის პერიოდში ხანდაზმულმა პოეტმა სამსახური დაიწყო საფინანსო კომისარიატში ჯერ განსაკუთრებული საგადასახადო საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ გადაყვანილ იქნა უფროს რევიზორ-ინსტრუქტორად.

დუტუ მეგრელი გარდაიცვალა თბილისში, 1938 წელს, 18 მარტს. დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე. 1968 წელს გადაასვენეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

შემოქმედება

რედაქტირება

დუტუ მეგრელმა ლექსების წერა ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს დაიწყო. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1888 წელს სალიტერატურო და სამხატვრო გაზეთ „თეატრში“; 1891 წელს ქუთაისის კრებულმა „ცდამ“ დუტუ მეგრელის ხელმოწერით დაბეჭდა „შვილი და დედა“ (ამბავი). მალე მწერალმა, ახალი ლექსებისა და მოთხრობების პარალელურად, გამოაქვეყნა პუბლიცისტური და თეორიულ-ლიტერატურული ხასიათის წერილები. შექმნა დრამატული პოემები და პიესები. 1892 წელს გამოქვეყნდა მწერლის პირველი წიგნი „სურათები ჩვენი ცხოვრებიდან“, ხოლო 1893 წელს — მისი ლექსების კრებული „ცრემლები“, რომლის სალიტერატურო კრიტიკამ და მკითხველმა საზოგადოებრიობამ გულთბილად მიიღო.

მისი პოპულარული ლექსი „მე პატარა ქართველი ვარ“ (1901) და მოთხრობა „ქინაქინა“ შესულია ი. გოგებაშვილის „დედაენაში“ და „ბუნების კარში“. 1919 წელს გამოიცა პოემა „პრომეთე“. 1919 წლის 26 მაისს გამოვიდა მისი ლექსი „გათავისუფლდა ამირან გმირი“, რომელიც ივანე გომართელს მიეძღვნა.

მწერალი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შემოქმედებასა და ხალხის სიახლოვეს, მათს სულიერ ერთობას. მნიშვნელოვანია დუტუ მეგრელის ლიტერატურული წერილები; მათ ავტორს სწორად ესმის ხელოვნების ბუნება და მისი დანიშნულება. ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში დუტუ მეგრელმა ერთ-ერთმა პირველმა გაილაშქრა დეკადენტიზმის წინააღმდეგ და იგი შეეცადა აეხსნა რეალისტური შემოქმედების ხასიათი. მწერალი აკრიტიკებს ფორმალიზმსა და ნატურალიზმს, როგორც ორ უკიდურესობას იმდროინდელ ხელოვნებაში, იცავს ჭეშმარიტი რეალიზმის პრინციპს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ე., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 268.
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 536ყუბანეიშვილი ს..
  • ბაბუნაშვილი, ზ. ნოზაძე, თ. „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 263, თბ., 1994
  • ვართაგავა ი., კრიტიკული წერილები, ტ. 1, თბილისი, 1958
  • ვართაგავა ი., „ქართველი მწერლების სილუეტები“, ტ. 1, თბილისი, 1956

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: