ნატურალიზმი
ნატურალიზმი — XIX საუკუნის ბოლოს მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, რომელიც ცდილობს კლოდ ბერნარის მიერ ბიოლოგიაში შემოტანილი ექსპერიმენტული მეცნიერების მეთოდები მიუსადაგოს ხელოვნებას.
ნატურალიზმი ლიტერატურაში
რედაქტირებარეალიზმისგან განსხვავებით, რომელიც გაფანტული მეცნიერება იყო, ნატურალიზმს თავისი დოქტრინა და სკოლა აქვს. ნატურალისტური სკოლის სათავეში არის ფრანგი მწერალი, ემილ ზოლა, რომელიც თავის ექსპერიმენტულ რომანში აყალიბებს ახალ დოქტრინას და აცხადებს: „მწერლის სამუშაო მდგომარეობს იმაში, რომ აიღოს ბუნებიდან ფაქტები და გარემოებებისა თუ წრეების ცვალებადობის მიხედვით შეისწავლო მათი მექანიზმი“. ნატურალისტთა აზრით რომანი უნდა გახდეს მეცნიერული და უნდა აიგოს რეალობის მკაცრ და მეთოდურ შესწავლაზე. მთავარი არაა შთაგონება, რომანისტმა უნდა გააანალიზოს გრძნობები, ისევე როგორც ექიმი შეისწავლის სხეულს. ნატურალისტებს პოზიტივისტური სურვილი ამოქმედებთ: მოეპყრონ საზოგადოებრივ მოვლენებსა და ფაქტებს ისე, როგორც საცდელ საგნებს. მწერალმა უნდა აჩვენოს ფაქტების მექანიზმი ხასიათებზე, გრძნობებზე, მოვლენებზე ისეთივე ოპერაციების ჩატარებით, როგორც ამას აკეთებს სხეულზე ქიმიკოსი ან ფიზიკოსი. რომანისტი ამგვარი ექსპერიმენტების ერთგვარ ოქმს ადგენს და თავს იკავებს განსჯისგან. მწერლის მიზანია პერსონაჟი მოათავსოს სხვადასხვა გარემოში, პირობებში, და გაარკვიოს თუ რა შედეგი მოჰყვება ამა თუ იმ პირობებში ამა თუ იმ გრძნობას. ამ გაგებით, რომანისტი ქრება და ადგილს უთმობს მეცნიერს. რომანი კი ხდება სოციოლოგიური, ჰიგიენური თუ სხვა მეცნიერული კვლევების ლაბორატორია.
ნატურალიზმი ყველაზე რადიკალური ფორმით წარმოდგენილია გერმანულ ლიტერატურაში. სადაც ძმები ჰეინრიხების, იულიუს ჰარტისა და გერჰარტ ჰაუპტმანის ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდა მწერლები გამოდიან ლიბერალური რეალიზმის წინააღმდეგ და ქმნიან საკუთარი წერის მანერას სახელწოდებით „Sekundenstil“,სადაც საგნებსა და თხრობას შორის დისტანცია უკუგდებულია და თხრობის დრო ამბის მიმდინარეობის დროს ემთხვევა.
ნატურალიზმიდან აღმოცენდა ასევე იტალიური ვერიზმი (vérisme), სადაც მთავარ როლს დეტერმინიზმი თამაშობს, რომელიც სიცილიელი გლეხების ხასიათებშია წარმოდგენილი.
ნატურალიზმი ძალიან მალე უკუგდებულ იქნა თავად ამ სკოლის ბევრი წარმომადგენლის მიერ. 1887 წელს მოპასანი თავისი რომანის, პიერი და ჟანი, წინასიტყვაობაში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ლიტერატურაში ობიექტურობა შეუძლებელია. იმავე წელს გაზეთ ფიგაროში ქვეყნდება ხუთის მანიფესტი, რომელშიც პროტესტია გამოთქმული ზოლას ექსტრემიზმის წინააღმდეგ.
ნატურალისტი მწერლები
რედაქტირება- ემილ ზოლა
- გი დე მოპასანი
- ალფონს დოდე
- ძმები გონკურები
- კამილ ლემონიე
- ჯოვანი ვერგა
- გერჰარტ ჰაუპტმანი
- იულიუს ჰარტი
ნატურალიზმი მხატვრობაში
რედაქტირებამხატვრობაში ეს მიმდინარეობა უპირატესობას ანიჭებს პეიზაჟს, რომლის ფონზეც ხშირ შემთხვევაში გამოსახულნი არიან გლეხები. ნატურალისტების მთავარი თემებია ინდუსტრიალიზაციის წინააღმდეგ ამბოხი, გლეხთა ცხოვრებისა და პირობების წარმოჩენა, სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლა.
ნატურალისტი მხატვრები
რედაქტირება- უილიამ ბლის ბეიკერი
- კორო
- თეოდორ რუსო
- ჟან ფრანსუა მილე
- შარლ ფრანსუა დობინი