გიორგი მაზნიაშვილი

ქართველი გენერალი

გიორგი მაზნიაშვილი (დ. 6 აპრილი, 1871, სოფელი სასირეთი, გორის მაზრა, რუსეთის იმპერია — გ. 9 სექტემბერი, 1937) — ქართველი მხედართმთავარი, გენერალი, საქართველოს ეროვნული გმირი.

გიორგი მაზნიაშვილი
დაბადების თარიღი 6 აპრილი, 1871
დაბადების ადგილი სოფელი სასირეთი, კასპის რაიონი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 9 სექტემბერი, 1937 (66 წლის)
გარდაცვალების ადგილი საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
წოდება პოლკოვნიკი (რუსეთის იმპერია)
გენერალი (საქართველო)
დივიზიის უფროსი (სსრკ)
ბრძოლები/ომები
ჯილდოები საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა 1871 წელს გორის მაზრის სოფელ სასირეთში. გიორგის მამა რუსეთიდან ჩამოსული ოფიცერი, ივანე მაზნევი იყო, რომელიც სასირეთში გლურჯიძეების ოჯახში ჩასიძდა.[1]

მოღვაწეობა რუსეთის იმპერიის არმიაში

რედაქტირება

კადეტთა კორპუსისა და შემდგომ, თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელის დასრულების შემდეგ ჩაირიცხა რუსეთის იმეპერიის არმიაში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში 1904–1905 წლებში, სადაც გამოირჩეოდა მხედრული მამაცობით. მამცობისთვის მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო (წ. სტანისლავის II, III და IV; წმ. ანას II და III ორდენები 1904-11 წლებში; „ოქროს იარაღი“ 1907 წ.).

პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში, კაპიტნის წოდებით ირიცხებოდა ციმბირის მე-2 მსროლელ პოლკში. პირველ მსოფლიო ომში მაზნიაშვილი იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე, სადაც გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლისას ორჯერ დაიჭრა (1914 წლის 27 სექტემბერს და 1915 წლის 22 იანვარს. საარტილერიო ჭურვის ნამსხვრევმა დაუმტვრია იდაყვის ძვალი, რის გამოც მარცხენა ხელის მოხრა უჭირდა), მათ შორის ვარშავასთან. მიღებული ჭრილობის შედეგად გიორგი აღმოჩნდა ლაზარეთში, სადაც მას ემსახურებოდნენ თვით ნიკოლოზ II-ის ქალიშვილები, რაც დიდ პატივად ითვლებოდა მაშინდელ რუსეთის იმპერიაში. აქვე ესტუმრა გიორგი მაზნიაშვილს იმპერატორი ნიკოლოზ II და პირადად გადასცა წმ. გიორგის ჯვარი ომში გამოჩენილი მხედრული მამაცობისათვის (1916 წლის 7 აგვისტოს, სოფელ ტობოლისთან (დას. უკრაინა) წარმატებული კონტრშეტევის ორგანიზების და მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ შეტევაზე პირადად გადასვლის გამო) და მიიწვია თავის სასახლეში. 1916 წლის 26 ნოემბერს მაზნიაშვილს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

მოღვაწეობა საქართველოში

რედაქტირება

თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული გიორგი მაზნიაშვილი დაინიშნა მეორე ქართული დივიზიის (შტაბი: თბილისი) ბრიგადის უფროსად და დაიწყო მსროლელი ბატალიონის ფორმირება 16-20 წლის მოხალისე ახალგაზრდებისგან. 1917 წლის ოქტომბერ–ნოემბერში, მისი გეგმით და უშუალო ჩართულობით მოხერხდა კავკასიის ფრონტიდან წამოსული გადეზერტირებული რუსეთის არმიის ეშელონების სისხლისღვრის გარეშე გაცილება თბილისიდან.

1918 წლის ბრესტის ზავის თანახმად, თურქებმა დაიკავეს ბათუმი და შეუტიეს გურიას. საფრთხე დაემუქრა ოზურგეთს. 1918 წლის 30 მარტს, გიორგი მაზნიაშვილი დაინიშნა „შემოვლითი კოლონის“ მეთაურად, რომელსაც უნდა დაეცვა ბათუმის ფორტები, მაგრამ ოსმალების სწრაფი წინსვლის გამო დაევალა ჩოლოქის ზღუდის მოწყობა და ოსმალების შეტევის შეჩერება. მოხალისეთა 180 კაციანი რაზმით მაზნიაშვილი ჩავიდა ნატანებში და გურული მოხალისეებით, ბათუმიდან გამოქცეული არმიის II და IV პოლკის ნარჩენებითა და ხაშურის მაზრის მოხალისეთა ბატალიონით დაიწყო 40 კილომეტრიანი ფრონტის გამაგრება. 5-6 აპრილს გამართულ ჩოლოქის ბრძოლაში ჯავშანმატარებლის თავგანწირული მოქმედების (მეთ. ვ. გოგუაძე) შედეგად ოსმალებმა მარჯვენა ფრთაზე დაკარგეს 600 მოკლული და 1.000 დაჭრილი, მიატოვეს ბრძოლის ველი და გაიქცნენ ქობულეთისკენ. მარცხენა ფრთაზე IV პოლკმა უბრძოლველად მიატოვა სანგრები და მტერმა დაიკავა ოზურგეთი. ფრონტის ხაზი დასტაბილურდა და გერმანელების გამოჩენის შემდეგ ოსმალებს აღარ უცდიათ შეტევა. 11 აპრილს სახალხო გვარდიის და მესაზღვრეთა ქვედანაყოფებმა შეუტიეს ოზურგეთს, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმების გამო იერიში შეჩერდა. მაზნიაშვილმა დაასრულა I ქვეითი პოლკის და ცხენოსანი ესკადრონის ფორმირება. ივნისის შუა რიცხვებში მისმა დივიზიამ უბრძოლველად დაიკავა ოზურგეთი.

 
გენერალი გიორგი მაზნიაშვილი შვილთან, ივანესთან ერთად.

1918 წლის 18 ივნისს გიორგი მაზნიაშვილი დაინიშნა აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და შავი ზღვის ჯარების უფროსად. სოხუმში გენერლის განკარგულებაში იყვნენ III პოლკის 350 ქვეითი, არტილერიის ერთი ბატარეა, სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონის ნაწილი, მესანგრეთა ასეული, 300 აფხაზი ცხენოსანი და ადგილობრივი მოხალისეები. 27 ივნისს დაჯგუფება შეტევაზე გადავიდა და დაიკავა ქალაქები გაგრა, სოჭი, ტუაფსე. პარალელურად მაზნიაშვილმა პირადად უმეთაურა იმ დანაყოფებს, რომლებმაც ტყვედ აიყვანეს კოდორთან გადმომსხდარი ოსმალეთის არმიის დესანტი.

1918 წლის სექტემბერში მაზნიაშვილი დაბრუნდა თბილისში. ფრონტზე მყოფ გენერალს შსს მინისტრმა ნოე რამიშვილმა ცილი დასწამა სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მითვისებაში და მოაწყო ჩხრეკა მის სახლში. მაზნიაშვილმა გადადგომა მოითხოვა, მაგრამ ნოე ჟორდანიამ არ დააკმაყოფილა თხოვნა და გამართლებული გენერალი ოქტომბერში თბილისის გენერალ-გუბერნატორად და II დივიზიის მეთაურად დანიშნეს. მაზნიაშვილმა მილიციის რეორგანიზაციაც განახორციელა, რამაც გააუმჯობესა კრიმინოგენული სიტუაცია ქალაქში.

1918 წლის 16 დეკემბერს, საქართველო-სომხეთის ომისას, მაზნიაშვილი დაინიშნა საქართველოში შემოჭრილი სომხეთის არმიის წინააღმდეგ მოქმედი შულავერ-სადახლოს მიმართულების სარდლად. 23 დეკემბერს მხოლოდ შტაბით და ცხენოსანი ესკდარონით (250 მებრძოლი) გენერალი ჩავიდა მდინარე ხრამზე, სადაც დახვდა ლორეს ხეობიდან გამოსული ჯავშანმატარებელი და ჯარისკაცების ერთი ასეული. რაზმმა გაბედული მანევრით აიძულა სომხები დაეტოვებინათ ხრამის ნაპირები, სადგური სარალი და დაახევინეს შულავერისკენ. 24-26 დეკემბრის განმავლობაში დაჯგუფება გაძლიერდა დამხმარე ჯარებით (თბილისის V და თელავის VI პოლკები, ოფიცერთა საგანგებო ბატალიონი, ქართული ლეგიონი, სახალხო გვარდიის და მოხალისეთა დანაყოფები), რომლებმაც ძლიერი შეტევით აიღეს ქალაქი შულავერი და 31 დეკემბერს გავიდნენ სადახლო-აირუმის სექტორში. მაზნიაშვილი პირადად მეთაურობდა დანაყოფებს და იმყოფებოდა წინა ხაზზე სანგრებში. რეზერვებით გაძლიერებულმა მაზნიაშვილმა დაგეგმა ლორეს მაზრის განთავისუფლების ოპერაცია და შესაბამისი მანევრიც დაწყებული იყო – რაც სომხეთის უკუქცეული არმიის ლორეს ხეობაში ჩაკეტვას ისახავდა მიზნად, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმებამ შეაჩერა ქართული არმიის შეტევა და ლორე ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა.

1919 წლის 3 თებერვალს მაზნიაშვილი დაინიშნა ახალციხის და ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორად და მესხეთის საარმიო დაჯგუფების მეთაურად აჯანყებული მუსულმანური მოსახლეობის (მეთ. სერვერ ბეგი) და „ყარსის რესპუბლიკის“ ჯარების წინააღმდეგ სამოქმედოდ. 4-5 თებერვლის ბრძოლაში IV პოლკის დანაყოფებმა უწესრიგოდ დაიხიეს ახალციხისკენ და, როდესაც მაზნიაშვილი მათ შეკავებას ცდილობდა, ახალციხის შტაბი და გარნიზონი თვითნებურად მოიხსნა და აწყურისკენ წავიდა. 11 თებერვალს მოწინააღმდეგემ ახალციხე დაიკავა. 16 თებერვალს მაზნიაშვილი თბილისში გამოიწვიეს და მის ნაცვლად გიორგი კვინიტაძე დაინიშნა. 1919 წლის ზაფხულში, გენერალ მაზნიაშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, ახალციხის დატოვების ბრალდებით. იგი იძულებული გახდა დროებით დაეტოვნებინა სამხედრო სამსახური. საქმის წარმოება გაჭიანურდა და 1920 წლის 6 ოქტომბერს შედგა საბოლოო სხდომა, სადაც მაზნიაშვილი გაამართლეს ყველა პუნქტში.

1920 წლის 7 ოქტომბერს მაზნიაშვილი დაინიშნა თბილისის გარნიზონის მეთაურად. რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის გამო გენერალი აწყობდა პოზიციებს კოჯრიდან-ვაზიანამდე და 1921 წლის 10 თებერვლის ჩათვლით აცნობდა მათ არმიის ოფიცერთა შემადგენლობას.

რუსეთ–საქართველოს ომის მიმდინარეობისას,1921 წლის 15 თებერვალს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ მაზნიაშვილი დანიშნა თბილისის ფრონტის ცენტრალური უბნის მეთაურად, რომელიც გადაჭიმული იყო ორხევიდან თითქმის ტაბახმელამდე. 16 თებერვალს მაზნიაშვილის დაქვემდებარებაში იყო არმიის IX ბატალიონის ნაწილი, ტფილისის სადარაჯო ათასეული, სახალხო გვარდიის ორი ბატალიონი (გორი და ხაშური), არტილერიის 5 ბატარეა, ჯავშანმატარებელი და დაჯავშნულ ავტომობილთა რაზმი. 18-19 თებერვლის ფონიჭალის ბრძოლაში მაზნიაშვილის დაჯგუფებამ მოიგერია მტრის შეტევა, თავად გადავიდა კონტრშეტევაზე, გაანადგურა რუსების 58-ე ქვეითი ბრიგადა (დაიღუპა 540 და ტყვედ ჩავარდა 1000-ზე მეტი ბოლშევიკი). მტრის ზარალი იმდენად დიდი იყო, რომ ამ უბანზე რუსებს აღარ შემოუტევიათ, მხოლოდ 24 თებერვალს აიღეს ქედზე მდებარე ერთი სიმაღლე, მაგრამ კონტრშეტევის შემდეგ უკუიქცნენ. იმავე ღამით ქართულმა დანაყოფებმა დატოვეს თბილისი და 25 თებერვალს ცენტრალური ფრონტის ჯარები მცხეთასთან შეერივნენ უკანდახეულ ჯარებს.

1921 წლის 28 თებერვალს მაზნიაშვილი დაინიშნა III დივიზიის მეთაურად, მას დაევალა სოფელ ოსიაურთან ცენტრალური უბნის ფორმირება. ოსიაურის ბრძოლის დროს მაზნიაშვილის უბანზე არ მომხდარა მტრის შემოჭრა. მარცხენა ფლანგზე შექმნილი რთული სიტუაციის გამო ფრონტი მოიხსნა და სურამისკენ დაიხია.

1921 წლის 5 მარტს გენერალი დაინიშნა სენაკის მიმართულების მეთაურად. 10 მარტს, სენაკის მაზრაში, მდინარე ცივთან, გენერალმა მაზნიაშვილმა აფხაზეთიდან შემოჭრილი რუსული ძალების შეტევა მოიგერია, რითაც ქართულ ძალებს სამტრედიიდან გასვლა და საჯავახოს ხაზზე გამაგრების საშუალები მისცა. მაზნიაშვილის ხელქვეით აღმოჩდნენ გურული მოხალისეები და შეიარაღებული ძალების ის ნაწილები, რომლებმაც გადაწყვიტეს ბოლომდე ებრძოლათ. 15 მარტისთვის გურიაში 10.000-მდე ჯარისკაცმა მოიყარა თავი.

1921 წლის 11 მარტს თურქებმა ხელახლა დაიკავეს ბათუმი. გიორგი მაზნიაშვილმა გადაწყვიტა თავად ჩასულიყო ბათუმში და ენახა მთავრობის წევრები. მას თან ახლდა 50 კახელი მოხალისე და ჯავშანმატარებელი. კომუნისტებმა და იმ გენერლებმა რომლებმაც არ დატოვეს საქართველო, მაზნიაშვილს შესთავაზეს ბათუმის განთავისუფლების ოპერაციის ხელმძღვანელობა. გენერალმა სწრაფად მოაგვარა ყველა საორგანიზაციო საკითხი და, 18-21 მარტს, 3 დღის განუწყვეტელი ბრძოლის შემდეგ შეძლო ოსმალების განადგურება. ამ ბრძოლაში დაიღუპა 84 ქართველი ჯარისკაცი, ყველაზე მეტი, რაც მაზნიაშვილის მეთაურობის დროს დაღუპულა. ოსმალებმა დაკარგეს 150 -მდე ოფიცერი და ჯარისკაცი.

მოგვიანებით ცხოვრება და სიკვდილი

რედაქტირება

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, გენერალი მაზნიაშვილი ქართულ წითელ ჯარში მსახურობდა და დივიზიას მეთაურობდა. მალე დივიზია შტატების შემცირების გამო დაიშალა და მაზნიაშვილი დაინიშნა ქვეითი ჯარის ინსპექტორად. 1921 წლის 6 სექტემბერს იგი ორი წლით, თბილისში, მეტეხის ციხეში დააპატიმრეს კონტრრევოლუციონერობის ბრალდებით. 1923 წელს სამხედრო ცენტრის საქმესთან დაკავშირებით, თავდაპირველად, დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა სასჯელი საზღვარგარეთ გადასახლებით შეუცვალეს, რის შემდეგაც იგი, ორი წლის განმავლობაში, ირანსა და საფრანგეთში ცხოვრობდა. 1924 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებული მთავრობის მივლინებით ჩავიდა თურქეთში და ეხმარებოდა ემიგრირებულ ქართველ პატრიოტებს.

1925 წლის ბოლოს იმედგადაწურულმა გენერალმა თხოვნით მიმართა კომუნისტურ მთავრობას და დაბრუნდა სამშობლოში, სადაც ცხოვრება მშობლიურ სოფელ სასირეთში გააგრძელა. მან მონაწილეობა მიიღო სოფელში მდინარე მტკვარზე ბორანის გადებაში, სოფელში სასმელი წყლის გაყვანაში და სკოლის მშენებლობაში. 1937 წელს სტალინური რეპრესიების დროს დააპატიმრეს და თავის შუათანა ვაჟთან, ვანოსთან, ერთად დახვრიტეს. მისი საფლავი დღემდე უცნობია. რუსულ წყაროებში იგი ცნობილია სახელწოდებით გიორგი მაზნიევი.

2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.[2] თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ცნობილი ადამიანები მაზნიაშვილზე

რედაქტირება

გენერალი გიორგი კვინიტაძე მასზე წერდა:

 
„გენერალი მაზნიაშვილი მამაცი იყო. რამდენჯერმე ვნახე სროლების ქვეშ და შემიძლია დავამოწმო. მაშინაც მამაცურად იქცევა როცა სიტუაცია ძალიან რთულია. შეიძლება ითქვას რომ ზედმეტი სიმამაცისგან ზარალდება კიდეც. ის ხშირად რისკავს საკუთარი თავით, რამდენჯერმე შეიძლებოდა მისი დაკარგვა, რაც ძალიან დიდი დანაკლისი იქნებოდა ჩვენთვის.“

ბათუმის ბრძოლის მონაწილე მსახიობი აკაკი ვასაძე იხსენებდა:

 
„უფროსმა ლეიტენანტმა მაჭავარიანმა გვიბრძანა: სმენა! ოფიცრების თანხლებით გენერალი მაზნიაშვილი მოგვიახლოვდა, მოგვესალმა, გასცა განკარგულება, თავისუფლადო. სამარისეული სიჩუმე ჩამოვარდა … განუყრელი, ხორკლიანი ბზის ჯოხით მძიმედ დააბიჯებდა ტანმორჩილი ჭაღარა გენერალი, თავისი უბრალოებით დავით კლდიაშვილს უფრო მოგაგონებდა, ვიდრე ჩვენს სხვა ახოვან გენერლებს. რაღაც შინაგანი ნებისყოფა გამოსჭვიოდა ამ უბრალო ჭაღაროსნიდან. წყნარად დაიწყო „დღეს, დილის ათ საათზე, საქართველოს ბოლშევიკური პარტიის თხოვნით და ჩემდამი რწმუნებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქმედი არმიის სახელით, ულტიმატუმი წარუდგინეს ოსმალეთის ჯარის სარდლობას, რომ ხვალ, ათი საათისათვის, მათ მიერ უკანასკნელად დაკავებული ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფი, კახაბერის სამხედრო სიმაგრეები დატოვონ და გავიდნენ მთლიანად ბათუმის ოლქიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგებზე პასუხს აგებს ოსმალეთის ჯარის სარდლობა ამ თვითნებური ქმედებისათვის. იმედი მაქვს მხარს დამიჭერთ, მამულის შვილნო! თქვენი ვაჟკაცობა ისე არასდროს სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, როგორც ახლა!“ – „დედა შეერთოს ცოლად იმასა, ვინც ამ საქმეში უკან დაიხიოს“ საოცარი ხმით დაიბუხუნა ქარქაშაძემ. ამ ბიჭის ხმამ ყველა აგვიყოლია და ერთხმად დავიგრიალეთ: ვაშაა!!!“

შალვა მაღლაკელიძე ასე იხსენებდა გენერალთან შეხვედრას მეტეხის ციხეში:

 
„მოვიდა ცნობა, რომ სარდაფში ვიღაც კაცი წევს მიწაზე. მესამე დღეს ამოიყვანეს მაზნიაშვილი, ყოლიათ განსაკუთრებულ პირობებში, ჩვენ არ ვიცოდით, მოიყვანეს საწყალი, დაჭრილი, განადგურებული კაცი თავის მკლავზე წევს, ცარიელი ძვალი და ტყავია, ლაპარაკიც კი არ შეუძლია .. პატარა ტანის, შავგვრემანი, ნამდვილი ქართველი კაცი თავის ლაპარაკით, თუმცა რუსულს ურევდა. სამხედრო აკადემია არ დაუმთავრებია, მაგრამ როგორც ვაჟკაცი, როგორც ნამდვილი ჯარისკაცი – კლასიკური ჯარისკაცი იყო იმ გაგებით, ფიცის შემსრულებელი, და ნამდვილად ემსახურებოდა იმ რეჟიმს, რაც იმ დროში ღირსებად ითვლებოდა და ახლა ყველაფერი დახურდავებული და შეცვლილია. თურმე თვეობით აქ აგდია, კაცი ცოცხლად დაუსაფლავებიათ. მე პოლიტიკურებს ვეძებ აქ მოსაყვანად და თურმე აქ ლპება კაცი, მაზნიაშვილი, ამხელა დამსახურება რომ აქვს სამშობლოს წინაშე. მისი ასეთი ყოფა პეტროსიანცის დამსახურებაა. მაზნიაშვილი რომ მოსულიერდა, ჩვენთან საერთო საკანში წავიყვანე ტუსაღების შესარჩევად ჩემთან ერთად, რადგან სამხედროებს ის უფრო კარგად იცნობდა.“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება