სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი
სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი — ქართველ მაჰმადიანთა მიერ საქართველოსთან აჭარის შესაერთებლად შექმნილი ორგანიზაცია. 1918 წლის აპრილში ბათუმში თურქეთის საოკუპაციო ჯარის შესვლის შემდეგ პროგრესულად მოღვაწეებმა აჭარა დატოვეს. ისინი თბილისში ჩავიდნენ. ამ პერიოდში თბილისში დაარსდა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეს აირჩიეს მემედ აბაშიძე. წევრებად ჰაიდარ აბაშიძე (მოადგილე), სულეიმან დიასამიძე (მდივანი), ხასან თხილაიშვილი, ყადირ შერვაშიძე, ზია აბაშიძე, სულეიმან ბეჟანიძე, ქ. ნოღაიდელი, ი. ქათამაძე, ქემალ დიასამიძე, იუნუს წულუკიძე, გულოაღა კაიკაციშვილი, აბდულ მიქელაძე და სხვები.
სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის მიზანი იყო აჭარის შეერთება საქართველოსთან, აჭარის მოსახლეობაში ქართული ეროვნული შეგნების განმტკიცება, პანისლამისტებისა და სედაიმილეთელების წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა. კომიტეტის წინააღმდეგ გაერთიანდნენ ინგლისის საოკუპაციო ხელისუფლება, ოსმალოფილები (სედაიმილეთელები), მუსავატელები, დაშნაკები, დენიკინელები და სხვა რეაქციონერები. აჭარის ან მესხეთის მოსახლეობასთან დასაახლოებლად და მათში ახსნა-განმარტებითი მუშაობის გასაშლელად კომიტეტმა თავისი განყოფილებები შექმნა ოზურგეთსა და ახალციხეში; კომიტეტმა აჭარის მოსახლეობაში დიდი მუშაობა გასწია ოსმალთა საოკუპაციო ხელისუფლების, პანისლამისტურ-რეაქციული არსის, ინგლისის კოლონიური პოლიტიკისა და დენიკინელთა შავრაზმული მისწრაფებების წინააღმდეგ. ოსმალთა დამარცხების შემდეგ ცენტრი თბილისიდან ბათუმში გადაიტანეს. კომიტეტმა 1919 წელს დააარსა თავისი ორგანო — გაზეთი „სამუსლიმანო საქართველო“, რომელმაც ბევრი მოწოდება და პროკლამაცია გამოსცა. 1919 წლის 31 აგვისტოს სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელმა კომიტეტმა მოიწვია ბათუმის ოლქის წარმომადგენელთა ყრილობა, რომელმაც აირჩია სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისი (საბჭო) მემედ აბაშიძის თავმჯდომარეობით, ერთხმად დაადგინა საქართველოსთან აჭარის შეერთება ავტონომიის საფუძველზე და გაგზავნა თავისი დელეგაცია პარიზის საზავო კონფერენციაზე. კომიტეტი და მისი შემადგენლობა აჭარის შეერთებას საქართველოსთან დიდი მოწონებით შეხვდა, მაგრამ პირველი რესპუბლიკის მთავრობამ აჭარას ავტონომია არ მისცა. კომიტეტს ასევე დაპირისპირება ჰქონდა რესპუბლიკის რწმუნებულთან აჭარაში ბენია ჩხიკვიშვილთან.
სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელმა კომიტეტმა (შემდეგში მეჯლისი) 1921 წლის მაისამდე იარსება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 38.