ხასან თხილაიშვილი

ხასან დედორეს ძე თხილაიშვილი (დ. 14 ივნისი, 1891 — გ. 1942) — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე აჭარაში.

აქტიურად იბრძოდა აჭარის საქართველოსთან შეერთებისა და იქიდან ოსმალო დამპყრობთა განდევნისათვის. ამ მიზნით მოსახლეობაში ეწეოდა ფართო საგანმანათლებლო მუშაობას. იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1918 წლის მაისში შევიდა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტში“; იმავე პერიოდში სათავეში ედგა ოსმალების მიერ ოკუპირებული ქობულეთის ტერიტორიაზე მოქმედ 75-კაციან პარტიზანულ „მფრინავ რაზმს“. 1918 წლის ივლისში თხილაიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ჩაშალა ოსმალთა ცდა რეფერენდუმის ჩატარებისა ქობულეთის მხარეში, რისთვისაც იგი დააპატიმრეს. 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იყო ჩაქვის თემის მილიციის კომისარი, ქობულეთის სამაზრო მილიციის უფროსი, ქობულეთის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარე, სამაზრო სასამართლოს და აჭარის ცაკ-ის წევრი. წერდა პატრიოტული შინაარსის ლექსებს, რომელთა ძირითადი თემაა სამხრეთ საქართველოს წარსული. დიდი მუშაობა გასწია ქობულეთის რაიონში ქართული სკოლების გახსნისთვის.

ლიტერატურა

რედაქტირება