ზია-ბეგ აბაშიძე, ზია ჰუსეინის ძე სანჯაკბეგიშვილი, (დ. 17 მარტი, 1875 — გ. 1932) — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ქართველ მუსლიმთა წარმომადგენელი.

ბათუმის სანჯაყ-ბეგების შთამომავალი. სწავლობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლაში ბათუმში. 1900-1908 წლებში იყო ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ხმოსანი. 1904-1905 წლებში გ. ვოლსკისთან და ს. მდივანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა სოციალისტ-ფედერალისტების ბათუმის ორგანიზაციას. იყო სახელმწიფო სათათბიროს საგუბერნიო ამომრჩეველი, სათათბიროს წევრი. თავის სოფელ ურექში ხშირად იწვევდა ახალგაზრდა ქართველ მუსლიმთა კრებებს. 1905 წელს, ჩაქვში მისი თავმჯდომარეობით შედგა ქართველ მუსლიმთა დიდი კრება, რომელსაც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 1908 წელს ზია აბაშიძეს თავის ძმებთან ერთად ხუთი წლით არხანგელსკის გუბერნიაში გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ მან მოახერხა გაქცევა ოსმალეთში, სადაც პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობდა. დევნის გამო ერთხანს გერმანიასა და საფრანგეთში ცხოვრობდა. 1914 წელს სტამბოლში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის მუშაობაში. აქტიურად მონაწილეობდა ოსმალეთში გადახვეწილი აჭარლებისაგან ქართული ლეგიონის (1400 კაცი) შედგენაში. 1917 წლის რევოლუციამდე აბაშიძე საზღვარგარეთ იმყოფებოდა და იქიდან აქვეყნებდა წერილებს გაზეთ „ნიშადურში“. 1918 წელს თბილისში ჩამოვიდა და აქტიური მონაწილეობა მიიღო სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის შედგენაში, რომლის მიზანი იყო ბათუმის ოლქის საქართველოსთან შეერთება. ამავე მიზნით ყადირ შარვაშიძესთან ერთად ბერლინში, ვენასა და ბულგარეთში იმყოფებოდა. 1918-1921 წლებში, სხვადასხვა დროს, იყო ბათუმის ქალაქის თავის მოადგილე, კომიტეტის მთავარი რწმუნებული და ბათუმის ლტოლვილთა კომიტეტის თავმჯდომარე. 1921 წელს გასაბჭოების შემდეგ დააპატიმრეს და ხუთი წლით როსტოვში გადაასახლეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.38.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება