სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მდივანი (მრავალმნიშვნელოვანი).

სიმონ (სვიმონ) მდივანი (სხვა სახელი სოსიკო მდივანი) (დ. 20 ოქტომბერი, 1876, ხონი — გ. 13 დეკემბერი, 1937, სოშო) — ქართველი პოლიტიკოსი, დიპლომატი, საქართველოს ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი და თავმჯდომარის მოადგილე, ბოლშევიკ და საქართველოს სსრ-ის ერთ-ერთი ლიდერის ბუდუ მდივანის ძმა.

სიმონ მდივანი
დაბადების თარიღი 20 ოქტომბერი, 1876(1876-10-20)
დაბადების ადგილი ხონი
გარდაცვალების თარიღი 13 დეკემბერი, 1937(1937-12-13)[1] (61 წლის)
გარდაცვალების ადგილი Sochaux
შვილ(ებ)ი Nelly Vodé

ბიოგრაფია

რედაქტირება

სიმონ (სვიმონ) გურგენის ძე მდივანი დაიბადა 1876 წლის 20 ოქტომბერს, ხონში, ადგილობრივი ინტელიგენტების ოჯახში. პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ გადაინაცვლა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. უმაღლესი განათლება მიიღო ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდში ცარიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა არალეგალური ჯგუფის წევრი იყო. სწავლის დამთავრებიდან პირველ ხანებში ოდესაში დარჩა და ქალაქის თვითმმართველობაში მსახურობდა, როგორც ქიმიკოსი.

1905 წლის რევოლუციის დროს სვიმონ მდივანი ოდესიდან სამშობლოში დაბრუნდა, სოციალისტ–ფედერალისტური პარტიის რიგებში ჩადგა და რევოლუციურ პროცესებში ჩაება. მონაწილეობდა უცხოეთიდან ფარულად იარაღის მიღებასა მებრძოლთა რაზმების შექმნაში. 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ სვიმონ მდივანი ბათუმში დასახლდა, სადაც აირჩიეს „საურთიერთობო ნდობის საზოგადოების“ ქართული ბანკის დირექტორად. განაგრძო საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობაც – რედაქტორობდა ადგილობრივ ყოველდღიურ გაზეთს, იყო ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ხმოსანი, სოციალისტ–ფედერალისტური პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი და ბათუმის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე.

1917 წელს მან თავი დაანება ბათუმში კერძო სამსახურს და თბილისში დაბრუნდა. ამავე წლის ნოემბერში იგი აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სვიმონ მდივანი დაინიშნა პირველ ელჩად სომხეთის დემოკრატიულ რესპბლიკაში. 1919 წლის 12 მარტს, დამფუძნებელი კრების სხდომაზე იგი სოციალისტ–ფედერალისტების კვოტით თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. ხელმძღვანელობდა დამფუძნებელი კრების საგარეო საქმეთა კომისიას. 1921 წლის დასაწყისში მთავრობამ იგი წარგზავნა ელჩად თურქეთში. მას ქემალ ათათურქის მთავრობისთვის უნდა მიეტანა საქართველოსგან ცნობის ფირმანი. ანკარაში მასთან ერთად საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობაში იყვნენ: გენერალი ალ. ერისთავი – სამხედრო მრჩეველი; არისტო ჭუმბაძე – საქმეთა მწარმოებელი; მელიტონ (ოსმან–ბეი) ქარცივაძე; ზია ბეი აბაშიძე – ატაშე; ოფიცრები საგანგებო დავალებებისთვის – ემხვარი და ლეიტენენტი დიმიტრი შალიკაშვილი. სვიმონ მდივანი მთელი ცხოვრება ამაყობდა, რომ იგი პირველი იყო ელჩებს შორის, ვინც ახალ თურქეთს თავისუფლება მიულოცა და საქართველოს მიერ მისი ცნობა ახარა.

მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა, 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის თავდასხმის შედეგად საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა და სვიმონ მდივანი იძულებული გახდა ანკარიდან ჯერ სტამბულს. სვიმონ მდივანი ოკუპირებული სამშობლოს ინტერესებს იცავდა გენუის 1922 წლის კონფერენციაზე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციაში მის გარდა იყვნენ: აკაკი ჩხენკელი (თავმჯდომარე), ირაკლი წერეთელი, გრიგოლ ვეშაპელი და ზურაბ ავალიშვილი. 1924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[2]

ემიგრაციის წლებში სვიმონ მდივანი თურქეთისა და საფრანგეთის გარდა, როგორც დიპლომატი მოღვაწეობდა პოლონეთშიც. სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იგი საქართველოს ეროვნული ინტერესების ერთგული და შეუპოვარი დამცველი იყო. მან მონაწილეობა მიიღო „კავკასიის კონფედერაციის პაქტის“ შედგენაში და ეწეოდა მის პოპულარიზაციას. იგი იდგა „პრომეთეისტული“ მოძრაობის სათავეებთან, იყო კავკასიის ერთიანობის აპოლოგეტი და იმ დროს მოქმედი თითქმის ყველა ანტიბოლშევიკური გაერთიანების წევრი (ვარშავის „პრომეთეს კლუბი“, „კავკასიის კონფედერაციის საბჭო“, „ხუთთა მეგობრობის კომიტეტი“). ასეთი დატვირთვის მიუხედავად სვიმონ მდივანი სამსონ ფირცხალავასთან ერთად უცხოეთში სოციალისტ–ფედერალისტური პარტიის ლიდერად ითვლებოდა.

სიცოცხლის ბოლო დღეებში სვიმონ მდივანი დიდი ენერგიით ემზადებოდა სორბონის უნივერსიტეტში რუსთაველისადმი მიძღვნილი დღეების გამართვისთვის, მაგრამ ვეღარ მოესწრო. გარდაიცვალა 1937 წლის 13 დეკემბერს, საფრანგეთში, ქალაქ სოშოში. დაკრძალეს ლევილში. ნეკროლოგები გამოქვეყნადა ქართულ ემიგრანტულ პრესასა და პოლონურ გაზეთებში. მას დარჩა მეუღლე – ნელი (ელენე) ნაკაშიძე და შვილები: ირინე, ელისაბედი, ელენე და ნინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჭუმბურიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 267-268.
  • ხვადაგიანი, ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016. — გვ. 302-303, ISBN 978-9941-0-9318-0.
  • დაუშვილი, დ. კალანდაძე, გ. კალანდაძე, გ. კობახიძე, რ. ჯაფარიძე, გ ტარტარაშვილი. თ. მდივანი სვიმონ / ქართველები უცხოეთში : წ. 1. თბილისი, 2012 წელი, გვ. 136-137.
  • შარაძე, გ., „უცხოეთის ცის ქვეშ“, ტ. II, თბილისი: „მერანი“, 1993.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება